ლურჯი ვერსია

როგორ ვაქციოთ ჩვენი ჰობი სტარტაპად

10 ნოემბერი 2025

როცა სტარტაპის დაწყებაზე ვფიქრობთ, გონებაში ხშირად მხოლოდ ერთი გზა წარმოგვიდგება: ვტოვებთ სამსახურს და მთლიანად გადავეშვებით სამეწარმეო საქმიანობაში.


თითქოსდა, მეწარმედ გახდომა არის არჩევანი ყველაფერსა და არაფერს შორის. "თუ იყოს, იყოსო, თუ არადა — წყალმა რიყოსო", არა?


ყოველთვის არა.


ისევე, როგორც ბევრი რამ ცხოვრებაში, მეწარმეობისკენ მიმავალი გზაც ხშირად მიხვეულ-მოხვეული და მოულოდნელობებით აღსავსე აღმოჩნდება ხოლმე.


სტრატეგიისა და ორგანიზაციის სპეციალისტმა დაფნე დემეტრიმ კულინარიის ინდუსტრიის 63 მეწარმესთან გასაუბრების შედეგად საინტერესო მიგნებები გააკეთა. ეს მეწარმეები მართავენ ე.წ. "არაფორმალურ რესტორნებს" — საკვებ დაწესებულებებს, რომლებიც ძირითადად საკუთარ სახლებშია გახსნილი.


ამ სახელდახელო სამზარეულოებს სრულ განაკვეთზე ფუნქციონირება არ შეუძლიათ და თვეში სულ რამდენჯერმე იღებენ სტუმრებს.


სამაგიეროდ, ეს ეპიზოდურობა დამწყებ რესტორატორებს შესაძლებლობას აძლევს მუდმივი სამუშაოს პარალელურად დაკავდნენ საყვარელი საქმიანობით. დღისით იურისტად ან მენეჯერად იმუშაონ, ღამით კი კულინარიას მიუძღვნან თავი.


თუ არაფორმალური რესტორანი წარმატებას მიაღწევს, შეფ-მზარეული შესაძლოა გახდეს სხვა უფრო დიდი რესტორნის თანამშრომელი ან თავად გააფართოოს საკუთარი ბიზნესი, მაგრამ თუკი საქმე წარუმატებელი აღმოჩნდება, მაშინ რესტორატორი ბევრს არაფერს კარგავს ინვენტარებში ჩადებული ფულის გარდა. მოკლედ, არაფორმალური რესტორანი ხელსაყრელი ბიზნეს წამოწყებაა იმის გათვალისწინებით, რომ არც თუ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და თავსებადია ყოველდღიურ სამსახურთან.

არაფორმალური რესტორნები ჩვენი გასტრონომიული რეალობის უცნაური გამოძახილია, მაგრამ ნახევარ განაკვეთზე მეწარმეობა მხოლოდ ამით როდი შემოიფარგლება?


დღეს, ადამიანების სულ უფრო დიდი ნაწილი ცდილობს, პროფესიული საქმიანობის პარალელურად, საკუთარი ბიზნესიც წამოიწყოს. ამ პირობებში, სამუშაოსა და დასვენებას შორის საზღვრები უფრო და უფრო პირობითი ხდება.


ნახევარ განაკვეთზე მეწარმეობა განსაკუთრებით მიმზიდველია მათთვის, ვისაც სურს საკუთარი გატაცება მომგებიან ბიზნესად აქციოს.


ამ პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს ონლაინ პლატფორმების ბუმი. მაგალითად: Etsy ხელსაქმით გატაცებულ ადამიანებს გვთავაზობს ონლაინ საცალო ვაჭრობის პლატფორმას; YouTube და TikTok საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა ჰობის მეშვეობით მთელ მსოფლიოს მივაწვდინოთ ხმა.


იმის კეთება, რაც გვიყვარს, ახლა უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ოდესმე, და ეს, უდავოდ, ტექნოლოგიური წინსვლის დამსახურებაა.


ისევ მოყვარულ რესტორატორებს რომ დავუბრუნდეთ: მომხმარებლებისაგან დადებითი უკუკავშირის მიღებისთანავე, ამ ახალბედა მეწარმეების თვითშეფასება საგრძნობლად გაიზარდა. მსხვილ ბიზნესად ქცევის პერსპექტივა უფრო რეალისტური გახდა მათთვის.


მართალია, ზოგიერთი არაფორმალური რესტორნის შემთხვევაში ამ ტრანსფორმაციას დიდი დრო, მაგალითად, შვიდი წელი დასჭირდა; თუმცა, არასრულ განაკვეთზე მეწარმეობამ ამ პირებს საშუალება მისცა, ზედმეტი რისკის გარეშე შეექმნათ მდგრადი ბიზნესი.


რესტორატორები სრულ განაკვეთზე გადადიოდნენ მხოლოდ მაშინ, როცა თვლიდნენ, რომ შესაფერისი მომენტი იყო. დროთა განმავლობაში მათ საკუთარი სტილი და კონცეფცია ჩამოაყალიბეს და მოამზადეს ნიადაგი მომავალი საინვესტიციო შემოთავაზებებისთვის.


თუ კარგად დავუკვირდებით, ამ რესტორნებსა და დამწყებ სტარტაპებს შორის მრავალ საერთოს აღმოვაჩენთ:

არაფორმალური რესტორანი, რომელიც თვეში რამდენჯერმე იღებს სტუმრებს, ფაქტობრივად, მომხმარებელთა კმაყოფილების მუდმივი კვლევის ლაბორატორიაა. ყოველი წარმატებული ვახშამი ქმნის ლოიალურ მომხმარებელთა ბაზას — რასაც ნებისმიერი სტარტაპისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.


ეს რესტორნები თვითდაფინანსების (Bootstrapping) იდეალური მაგალითია.


ნებისმიერი წარმატებული სტარტაპი იმავე გზას გადის, რასაც ეს სახელდახელო რესტორნები: ვალიდაცია, მდგრადობის მიღწევა და შემდეგ მასშტაბირება.


ეს მაგალითი გვაჩვენებს, რომ მეწარმეობის გზაზე შემდგარნი ყოველთვის არ მოქმედებენ ტრადიციული მიდგომებით: არ ტოვებენ სამსახურს, წერენ ბიზნეს გეგმას, ქირაობენ თანამშრომლებს და დებენ ინვესტიციას. დამწყებ მეწარმეებს უნდა შევახსენოთ, რომ არ არსებობს ერთიანი მიდგომა სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად. რეალურად, ბიზნესის კეთების მრავალი განსხვავებული გზა არსებობს, ზოგიერთი უფრო არაგეგმაზომიერია. ხშირად ადამიანები ესწრაფვიან სრულიად სხვა რამეს, მაგალითად, უბრალოდ სიამოვნებას იღებენ იმის კეთებით, რაც მოსწონთ, თუმცა დროთა განმავლობაში ყალიბდებიან ნამდვილ მეწარმეებად.

არსენ სებისკვერაძე