ლურჯი ვერსია

სილიკონ ველის ბანკის კოლაფსი: ყველასთვის გასაგებად

04 თებერვალი 2024

ავტორი: ანა ბერჯეს იანგი


ალბათ ხშირად გსმენიათ ფრაზა - “ამიხსენი ისე, როგორც 5 წლის ბავშვს”. ეს ნიშნავს, რომ კომპლექსური საკითხი ისე გაანალიზო და შეაჯამო, რომ 5 წლის ბავშვისთვისაც კი გასაგები იყოს.

ეს კვირებია აქტიურად ვაკვირდები სხვადასხვა ადამიანის ნააზრევს “სილიკონ ველის ბანკის” კოლაფსთან დაკავშირებით. ისინი აქტიურად საუბრობენ დაზღვეულ ანაბრებზე, ე.წ. სარისკო კაპიტალზე (venture capital), ამ ამბის ჯაჭვურ რეაქციაზე ეკონომიკასთან მიმართებაში… მაგრამ, საერთოდ რას შეიძლება მოასწავებდეს ეს ყველაფერი?

2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს საბანკო ინდუსტრიაში მუშაობა მომიწია (უფრო სწორად ვმუშაობდი ტექნოლოგიურ კომპანიაში, რომლის კლიენტებიც ბანკები იყვნენ). დღეს კი უშტატო კონტენტ მარკეტერი ვარ და ჩემი კლიენტების უმეტესობა ე.წ. სარისკო კაპიტალით გამაგრებული ტექნოლოგიური კომპანიები არიან. ასე, რომ თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ორივე კრიზისის დროს უფასო ადგილი შემხვდა წინა რიგებში.

ერთი რამ ცხადია: სტარტაპ დამფუძნებლებისთვისა და ბიზნესის მფლობელებისთვის ამ ამბის გარშემო ინფორმაციებზე წვდომა პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, რა ხდება სხვა ადამიანების შემთხვევაში? ეს ხომ მათაც შეიძლება შეეხოთ?


ამ სტატიაში მინდა მოგიყვეთ იმის შესახებ, თუ რა მოხდა რეალურად და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს მოვლენა ერთი ჩვეულებრივი ადამიანისთვის.


რა მოხდა 2008 წელს?


2008 წლის ფინანსურ კრიზისამდე, რამდენიმე წლის განმავლობაში, ზოგიერთი ბანკი სარისკო საქმით იყო დაკავებული. კერძოდ:

უძრავი ქონების ბაზარი ყვაოდა. ასე რომ, ბანკები გასცემდნენ უამრავ სესხს როგორც კომერციულ (ბიზნესი), ასევე სამომხმარებლო (იპოთეკა) უძრავ ქონებასთან დაკავშირებით.

მთავარ პრობლემას კი წარმოადგენდა მათი მხრიდან სტანდარტების შერბილება, რამაც თავისმხრივ ბევრ დაბალშემოსავლიან, ცუდი საკრედიტო წარსულის მქონე ადამიანს გაუხსნა გზა ახალი სესხის ასაღებად. ასეთი ხალხი კი თავის მხრივ, ნებისმიერი ბანკისთვის დიდ თავისტკივილს წარმოადგენს.


რისკები არსებობდა თავად მსესხებლის მხარესაც. ზოგიერთ სესხს ჰქონდა რეგულირებადი საპროცენტო განაკვეთი, რაც გულისხმობს პროცენტის შესაძლო ცვლილებას დროის გარკვეულ მონაკვეთში. როდესაც პროცენტი იცვლება, იცვლება თვიურად გადასახდელი თანხაც (შესაძლოა გაიზარდოს, ან შემცირდეს, მაგრამ, როგორც წესი, იზრდება ხოლმე).

კიდევ ერთ რისკ ფაქტორს წარმოადგენდა ბინების მზარდი ფასი. თუ რამდენიმე წლის წინ კონკრეტული ბინის ფასი შესაძლოა $275,000 ყოფილიყო, დღეს მისი ფასი უკვე $450,000-ის ფარგლებში მერყეობდა. ბანკები კი სესხს დღევანდელი ღირებულების გარშემო გასცემდნენ.

და ამ ამბებიდან მალევე აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი საბაზრო საპნის ბუშტი იყო, რომლის გასკდომაც მალე ბევრს დააზარალებდა.

საპროცენტო განაკვეთმა მალე სწრაფი ზრდა დაიწყო, არსებული უძრავი ქონების ფასი კი პირიქით, დაბლა იწევდა. შედეგად მივიღეთ ის, რომ სულ უფრო მეტ ადამიანს და ბიზნესის მფლობელს აღარ გააჩნდა საკმარისი კაპიტალი საკუთარი ყოველთვიური სესხის დასაფარად.

როცა მსესხებელს არ შეუძლია გადაიხადოს გადასახადი, ეს პრობლემაა თავად ბანკისთვისაც. მათი სისტემა ხომ ამ სესხებით მოგების მოტანაზეა აწყობილი. თუმცა, 2008 წლის დიდ რეცესიამდე, ბანკებმა ასეთი სარისკო სესხები არანორმალურად დიდი რაოდენობით გასცეს.

ფინანსური დეფიციტი უზარმაზარია. შესაბამისად, მათი უმრავლესობა მალევე გადაწყვეტს წამგებიანი სესხების გადასაფარად საქმეში ბიუჯეტიდან რეზერვების (რასაც ამერიკაში საავდრო ფონდს უწოდებენ) ჩართვას. თუმცა, პრობლემური გადამხდელების რიცხვი იმდენად მზარდია, რომ საქმეს ესეც ვერ უშველის.


როდის აღიარეს კრიზისი?


ეს რღვევა მალე ამერიკის მთავრობისთვისაც შემაწუხებელი ხდება. შესაბამისად სიტუაციის დასარეგულირებლად საქმეში ერთვება “დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაცია” (FDIC).


როგორია მათი როლი ამ გამოწვევის აღმოფხვრაში?

მათი წარმომადგენლები კარდაკარ დადიან ბანკებში და ერთი მეორეს მიყოლებით ხურავენ მათ. FDIC-ი ატყობინებს მათ მენეჯმენტს რომ ისინი აღარ არსებობენ და ერთ კვირაში მის სადავეებს მთლიანად იღებს ხელში. შემდეგ ორშაბათს კი ბანკი ხელახლა იხსნება, ამჯერად ახალი მენეჯმენტით, რომელსაც უკვე თავად FDIC-ი აკონტროლებს.

ჩვეულებრივ FDIC-ი გასაიდუმლოებული გზებით, წინასწარ ზრუნავს, რომ პრობლემური ბანკისთვის მყიდველი იპოვოს, რომელიც უმეტესს შემთხვევაში უფრო მსხვილი ბანკი აღმოჩნდება ხოლმე. ასეთი ორგანიზაციებისთვის მთავარ სარგებელს იაფად ნაშოვნი ბანკის აქტივები და მომხმარებელი წარმოადგენს.


რა არის დაზღვეული დეპოზიტი?


FDIC-ი 1933 წელს “დიდი დეპრესიის” საპასუხოდ შეიქმნა. ცნობისთვის, ამ მძიმე პერიოდში, დაახლოებით 4 000 ბანკი ოფიციალურად გაკოტრდა, დეპოზიტორები კი სრულიად უფულოდ დარჩნენ.

FDIC-ის სახით კი გამოჩნდა ერთგვარი სახელმწიფო ბერკეტი, რომლის წყალობითაც მეანაბრეები მეტად დაცულები უნდა ყოფილიყვნენ. დაწესდა გარკვეული ლიმიტი, სადამდეც მეანაბრეების თანხა ნებისმიერი კრიზისის დროს დაზღვეული იქნებოდა. ამ დაზღვევის საფასურს კი თავად ბანკები იხდიან. ისინი გზავნიან თანხას FDIC-ში, FDIC-ი კი ამ თანხას რეზერვში ინახავს.


რითი გამოირჩეოდა SVB-ი სხვა ბანკებისგან?

ნებისმიერი ბანკის ოპერირებისთვის მნიშვნელოვანი ამბავია, აირჩიოს რა ტიპის მომხმარებელს ემსახურება და რა სახის ღირებულებას სთავაზობს მას. ზოგიერთი ბანკის მთავარი კლიენტები ფერმერები და სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედი კომპანიები არიან. სხვები სამიზნე ჯგუფად მცირე ბიზნესებს ირჩევს. ზოგიც მომხმარებელს მანქანის სესხზე კარგ საპროცენტო განაკვეთს სთავაზობს. ეს არის ფასეულობა, რაც მათ სხვა ბანკებისგან გამოარჩევთ.

ბანკების უმეტესობა აქცენტს არა ერთ, არამედ რამდენიმე ტიპის მომხმარებელსა და შეთავაზებაზე აკეთებს. სწორედ ეს ქმნის ბალანსს, რომელიც მათ ფინანსურ მდგრადობას უზრუნველყოფს.

ამის დასტურად 2008 წლის დიდი რეცესიის ხსენებაც კმარა. ბანკები, რომლებსაც დიდი ოდენობით უძრავი ქონების სესხი ჰქონდათ გაცემული - ჩაიძირნენ, ისეთებს კი, რომლებმაც ჭკუა იხმარეს და ტრენდს არ აჰყვნენ, ამ მხრივ ნაკლები ზიანი მიადგათ.

სილიკონის ველის ბანკი (SVB), წლების განმავლობაში მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე ბანკად მიიჩნეოდა. ისინი ინვესტიციებს დებდნენ იქ, სადაც სხვები ამას ერიდებოდნენ, მაგალითად ტექნოლოგიურ და ჯანდაცვის სფეროში არსებულ სტარტაპებში.

გაკოტრებისას SVB სიდიდით მე-16 ბანკი იყო მთელი აშშ-ს მასშტაბით, და ფლობდა $200 მილიარდი დოლარის აქტივებს. ეს რიცხვი, რა თქმა უნდა, უზარმაზარია, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ Top 5-ში შემავალ ბანკებს აქტივების ოდენობა ტრილიონებში აქვთ. ეს მაშინ, როცა საშუალო სტატისტიკური რეგიონული ბანკის ქონება $10 მილიარდის ფარგლებში მერყეობს..


კიდევ ერთი განსაკუთრებული რამ, რაც SVB-ზე შეიძლება ვთქვათ:17 ოფისი ჰქონდათ, უმეტესად კალიფორნიისა და მასაჩუსეტსის შტატში. ისინი ასევე ოპერირებდნენ დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ჩინეთში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში.


რა ხდება ბოლო დროს საბანკო სფეროში?

2020 წელს დაწყებულმა პანდემიამ ადამიანების ყოფა რადიკალურად შეცვალა. ამ ცვლილებებმა კი ბანკირებს შორის დიდი შიში დათესა: მსესხებლების მხრიდან თავის ბანკროტად გამოცხადების, ანდაც ბიზნესს დაკეტვის რისკი გაიზარდა. ამავდროულად, ეს სიტუაცია მკვეთრად განსხვავდება 2008 წლის მოვლენებისგან, სადაც პრობლემური კლიენტები მხოლოდ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის სფეროში იყვნენ. პანდემიამ პირველივე თვეებიდან ზიანი არაერთ ინდუსტრიას მიაყენა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ამერიკის მთავრობის მხრიდან სხვადასხვა ეკონომიკური ბერკეტების გააქტიურების ხარჯზე, ეს შიში მხოლოდ შიშად დარჩა და ფინანსური ორგანიზაციები ამ დიდი წნეხის ქვეშ აღარ აღმოჩნდნენ.

მაგრამ ბანკებს სხვა პრობლემა შეექმნათ. საერთო ჯამში, მომხმარებლები გაცილებით ნაკლებს ხარჯავდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ საბანკო ანგარიშებზე მეტი ფული რჩებოდა. ეს მაშინ, როცა ბანკები გამოიმუშავებენ ფულს იმ პროცენტიდან, რომელსაც იღებენ სესხებზე და კარგავენ ფულს იმ პროცენტიდან, რომელიც უნდა გადაიხადონ სადეპოზიტო ანგარიშებზე (ამ ორს შორის განსხვავება არის წმინდა საპროცენტო მარჟა).
იმის გამო, რომ კლიენტები მეტ ფულს ინახავდნენ ბანკში, გაჩნდა ფულის გამომუშავების სხვა ალტერნატივების მოძებნის საჭიროება. საუკეთესო გზა კი მეტი სესხის წახალისება აღმოჩნდა, რასაც ბანკები თითქმის ნულოვანი საპროცენტო განაკვეთით აკეთებდნენ. თუმცა, პროცესებში მალევე შემოდის ინფლაციის ზრდის ფაქტორი, რასაც ფედერალური სარეზერვო სისტემა (ამერიკის ცენტრალური ბანკი) საპროცენტო განაკვეთის ზრდით პასუხობს.

ეს ამბავი მკითხველისთვის საინტერესო იმიტომ შეიძლება იყოს, რომ ინფლაციის და ტარიფის ზრდის შედეგები მხრებზე ისევ ბანკებს დააწვა. სწრაფად მზარდი განაკვეთის პირობებში აუცილებელი გახდა კონკრეტული პროცენტის დაფიქსირება (4.5%), რომლის იქეთ დარჩენილ პროცენტსაც ფედერალურ სარეზერვო სისტემაში ბანკები თავად ანაზღაურებენ.


და მაინც, რა შეემთხვა SVB-ის?


როგორც სხვა ბანკები უმეტესობას, SVB-ისაც იგივე პრობლემა შეექმნა - დიდი ოდენობით ქეში დეპოზიტებზე. მაგრამ მაშინ, როცა სხვა ბანკებმა მეტი აქცენტი გააკეთეს სესხების გაცემაზე, SVB-ის კიდევ ერთი მეტად ნიშური პრობლემა შეექმნა:

მის მომხმარებლები ფულს ვენჩორული კაპიტალისტებისგან იღებდნენ და სესხი არ სჭირდებოდათ.

სწორედ ამიტომ, SVB-იმ აიღო ფული და გადაწყვიტა ეყიდა სახაზინო ფასიანი ქაღალდები. დაბალი რისკის მქონე ინვესტიცია. ერთი შეხედვით გონივრული გადაწყვეტილება იყო.

გაითვალისწინეთ, ეს ხდება მანამ, სანამ ფედერალური სარეზერვო სისტემა, იგივე “ამერიკის ცენტრალური ბანკი”, საპროცენტო განაკვეთის ზრდას დააანონსებს. სწორედ ამის შემდეგ აღმოჩნდება, რომ სახაზინო ფასიანი ქაღალდების შეძენა კატასტროფულად წამგებიანი ნაბიჯი იყო. ამას თან დაერთო პოსტ-პანდემიური პერიოდიც, როცა ტექ კომპანიების ნაწილი აქტიურად ათავისუფლებდა სამუშაო კადრებს, რომ ფინანსური სტაბილურობა რაც შეიძლება მეტად შეინარჩუნებინა. მათი უმეტესობა ვერ ახერხებდა ახალი VC დაფინანსებების აღებას და ისინი იწყებენ საკუთარი ფულის განაღდებას უფრო სწრაფი ტემპით, რამაც SVB-ი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დააყენა.

მისი ანგარიშის მფლობელების მხრიდან ნაღდ ფულზე გაზრდილი მოთხოვნის და წამგებიანი ინვესტიციის გამო, SVB-მა გადაწყვიტა შეემცირებინა დანაკარგი და გაეყიდა ფასიანი ქაღალდები - $1.8 მილიარდის ზარალით. თუმცა ამ გადაწყვეტილებით პრობლემის მხოლოდ ნახევარი მოგვარდა და გადაწყვიტეს დამატებით მოეზიდათ $2 მილიარდის გარე ინვესტიცია.

ბანკებისთვის დეპოზიტების აღება და მათი სესხებად გარდაქმნა მიღებული პრაქტიკაა. ეს სისტემა საკმაოდ გამართულად მუშაობს, თუ ყველა მეანაბრე ერთდროულად არ მივა ბანკის კართან და საკუთარი ფულის განაღდებას არ მოითხოვს.

როდესაც SVB-იმ დააანონსა, რომ ისინი $2 მილიარდიანი ზარალის ასანაზღაურებლად კაპიტალის მოზიდვას აპირებდნენ, ზოგიერთი ინვესტორი დაეჭვდა, რომ ბანკს სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ინვესტორებმა მათ მიერ დაფინანსებულ ტექნოლოგიურ კომპანიებს ურჩიეს SVB-ის ანგარიშებიდან თანხები რაც შეიძლება მალე მოეხსნათ.

კაპიტალის ძებნის დაანონსებიდან ერთ დღეში, ხალხი SVB-ს მიაწყდა ანგარიშებიდან საკუთარი თანხის გამოსატანად. აგონიაში მყოფმა მესვეურებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და საჭირო კაპიტალის ნაცვლად ბანკის პოტენციური მყიდველის ძიება დაიწყეს.

საბოლოო ჯამში ამ გადაწყვეტილებამ ისედაც მძიმე სიტუაცია ბევრად უფრო დაამძიმა..

რამდენიმე საათში SVB-ში დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაცია შევიდა და მისი საბოლოო დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.


რა არის მთავარი განსხვავება 2008 წლის დიდ რეცესიასა და SVB-ის კოლაფსს შორის?


შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი სრულიად განსხვავებული შემთხვევაა. 2008 წლის ფინანსური კრიზისი მოხდა დიდი ოდენობით სესხების გაცემის გამო. SVB-ი კი დეპოზიტების ფასიან ქაღალდებად გადაქცევის გამო გაკოტრდა.

2008 წლის დიდი რეცესია იყო ბანკირების უაზრო რისკის შედეგი. თუმცა, SVB-ის შემთხვევა ამ მხრივ მკვეთრად განსხვავდება. მათი ერთადერთი რისკი იყო ის, რომ ისინი მეტად კონცენტრირებულები იყვნენ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაზე.

2008 წელს მოვლენები ვითარდებოდა თვეების განმავლობაში. ის არ მომხდარა ერთ ღამეში.

2008-10 წლებში წარუმატებელი ბანკების უმრავლესობისთვის FDIC-მა წინასწარ შეიმუშავა გარიგებები პოტენციური მყიდველისთვის ბანკის ხელში ჩაგდების მიზნით. SVB-ის შემთხვევაში კი ასეთი გეგმა ფიზიკურად ვერ იარსებებდა, რადგან ბანკის სრული კოლაფსი სულ რაღაც 48 საათში მოხდა.


რას ნიშნავს ეს ყველაფერი სტარტაპერებისთვის?

შესაძლოა, თქვენ არ ხართ დასაქმებული ტექნოლოგიურ კომპანიაში. შესაძლოა არ გაქვთ ინტერესი სარისკო კაპიტალის მიმართ. ანდაც ფიქრობთ, რომ მსგავს საკითხებში მეანაბრეების დაცვა - არასწორია.

მაგრამ არ შეიძლება უარვყოთ, რომ SVB-ის წარუმატებლობამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს სტარტაპ ეკონომიკაზე.

ამას გვიმოწმებს Y Combinator-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, გარი თენი, რომელმაც თავის ინტერვიუში განაცხადა:

„ვფიქრობ, SVB-ის კოლაფსის გამო სტარტაპების მთელი თაობა განადგურდება“

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ SVB-ის წარუმატებლობა ყველა ჩვენგანზე (აქ ვგულისხმობ ადამიანებს ვინც სტარტაპ სფეროში მოღვაწეობენ) აისახება - და გვქონდეს საკუთრივ ინტერესი ამ ზიანის შესამცირებლად.

მთარგმნელი: ლუკა ხათრიძე