ლურჯი ვერსია

სპრინტ მეთოდი: როგორ მოვაგვაროთ დიდი პრობლემები და გამოვცადოთ ახალი იდეები ხუთ დღეში

12 თებერვალი 2024

იდეის რეალობად ქცევა მარტივი საქმე არაა — ჭაპანწყვეტას მოითხოვს. სტარტაპერს სანუკვარი მიზნისკენ მიმავალ გზაზე უამრავი კითხვის ნიშანი ეჩეხება: საით მიმართოს საკუთარი ძალისხმევა? ივარგებს თუ არა იდეა? რამდენი შეხვედრა და აზრთა რამდენი გაცვლა-გამოცვლაა საჭირო პრობლემის გადასაჭრელად? იდეის განხორციელების პროცესში მრავალი კრიტიკული კითხვა გვიჩნდება, რაც უფრო ზუსტ და ეფექტურ პასუხებს მოვუძებნით ამ კითხვებს, მით უფრო წარმატებული იქნება ჩვენი წამოწყება.

ჯეიკ ნაპი წიგნში "სპრინტი: როგორ მოვაგვაროთ დიდი პრობლემები და გამოვცადოთ ახალი იდეები სულ რაღაც ხუთ დღეში" გვთავაზობს მეთოდს იმ რთული გამოწვევების მარტივად გადასაჭრელად, რომელთაც სტარტაპერი ყოველდღიურად აწყდება. ნაპი, Gmail-ის და Google Meet-ის ერთ-ერთი შემქმნელი და Google Ventures-ის ყოფილი დიზაინ პარტნიორი, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით აღგვიწერს იმ მარტივ პროცესს, რომელიც რთულ კითხვებზე პასუხის პოვნასა და იდეის დადასტურებაში დაგვეხმარება.

სპრინტ მეთოდი, რომელიც სულ რაღაც ხუთ დღეს მოიცავს, სტარტაპერებს შესაძლებლობას აძლევს, სწრაფად გადავიდნენ პრობლემის იდენტიფიცირებიდან პროტოტიპის შექმნაზე და ბოლოს ტესტირებაზე. გუგლი წლებია აქტიურად იყენებს აღნიშნულ მეთოდს სტარტაპების პოტენციალის შესაფასებლად. ჯეიკის და მისი კოლეგების გუგლის ვენჩურულ კომპანიაში მუშაობით მიღებული გამოცდილება სპრინტ მეთოდოლოგიას ქმედითი სტრატეგიებით ამდიდრებს და უზრდის სანდოობის ხარისხს, რაც მას, საბოლოო ჯამში, ერთ-ერთ საუკეთესო რესურსად აქცევს მეწარმეებისთვის, ბიზნეს ლიდერებისთვის და იმ ინდივიდებისთვის, ვისაც საკუთარი იდეების რეალობად ქცევა სურთ. წინამდებარე სტატია ამ სასარგებლო მეთოდის მოკლე შინაარსს წარმოადგენს.


მომზადება სპრინტისთვის

მოსამზადებელ ეტაპს არსებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან მომდევნო სამუშაოს სწორედ ამ ეტაპზე ეყრება საფუძველი. ამიტომ მოსამზადებელი ეტაპის თითოეული ნაბიჯი ზედმიწევნით უნდა შესრულდეს.

უპირველეს ყოვლისა გამოწვევა უნდა შევარჩიოთ. გამოწვევა უნდა იყოს მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც შემოქმედებით გადაწყვეტას მოითხოვს. ავტორების თანახმად არჩევანი მკაფიოდ და გასაგებად ჩამოყალიბებულ პრობლემაზე უნდა შევაჩეროთ, რომელიც გამოსავლის ტესტირების საშუალებას მოგვცემს.

მოსამზადებელი ეტაპის მეორე ნაბიჯი გუნდის დაკომპლექტებაა. გუნდი უნდა იყოს მრავალფეროვანი, განსხვავებული უნარებისა და ხედვების მქონე ადამიანებისგან შემდგარი. წევრების ოპტიმალური რაოდენობა არაუმეტეს შვიდია, რომელთაგან უნდა შეირჩეს ფასილიტატორი და გადაწყვეტილების მიმღები, ეს უკანასკნელი პასუხისმგებელია საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებაზე, ხოლო ფასილიტატორი წარუძღვება უშუალოდ სპრინტს. მნიშვნელოვანია გუნდში ის ადამიანები ჩავრთოთ, რომლებიც ყოველდღიურად იმუშავებენ პროექტზე.

მესამე ნაბიჯი მოიცავს შესაბამისი დროის განსაზღვრასა და სივრცის უზრუნველყოფას სპრინტის ჩასატარებლად. კალენდარზე ხუთი სამუშაო დღე უნდა მოინიშნოთ. ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე მოგიწევთ მუშაობა, ხოლო პარასკევს — დილის 9 საათიდან საღამოს 5 საათამდე. ამ მკაფიო განრიგს არაფრის დიდებით არ უნდა გადაუხვიოთ. გახსოვდეთ, დაგჭირდებათ შესაბამისი ინვენტარიც: თეთრი დაფა, მარკერები, წებოვანი ჩასანიშნი ფურცლები და სტიკერები.

დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია. სპრინტის მსვლელობისას დაუშვებელია ყურადღების მოდუნება, ამიტომ დაცული უნდა იქნას წესი, რომლის თანახმადაც, გუნდის წევრებს ელექტრონული მოწყობილობების _ ლეპტოპის, სმარტფონის, პლანშეტის _ გამოყენება ეკრძალებათ. სპრინტის ბოლო დღეს მოგიწევთ ხუთი ინტერვიუს ჩატარება ადამიანებთან , რომლებიც იქნებიან თქვენი მომხმარებლები ან სამიზნე ჯგუფის წევრები. ეს გარემოება თავიდანვე გაითვალისწინეთ.


ორშაბათი: მიზნების დასახვა

პირველი დღე საფუძველს უყრის მთელი კვირის გარჯას. ეს დღე მოიცავს რამდენიმე საკვანძო ეტაპს, რომელთაგან თითოეული აუცილებელია მომავალი აქტივობების კურსის განსაზღვრისა და, საბოლოო ჯამში, სპრინტის მიმართულების დასადგენად.

როცა სპრინტის პირველ სამუშაო დღეს ყველაფერი ბოლოდან უნდა დაიწყოთ. პირველ რიგში, თქვენ უნდა დაისახოთ გრძელვადიანი მიზანი, ამისთვის საჭიროა გუნდის სხვა წევრებთან ერთად დროის მანქანაში ჩასხდეთ და გადაინაცვლოთ სპრინტის დასასრულს: იფიქრეთ ოპტიმისტურად, თქვენ გქონდათ გამოწვევა, რომელიც აღმოიფხვრა, წარმატებული შედეგი მიღწეულია. ასე წინასწარ გეცოდინებათ, დაახლოებით სად უნდა იყოთ კვირის ბოლოს და რა კითხვებზე უნდა გქონდეთ პასუხი. ეს კრიტერიუმები კონკრეტული და ზუსტად გაზომვადი უნდა იყოს.

გრძელვადიანი მიზნის იდენტიფიცირების შემდეგ, შეგიძლიათ დაადგინოთ ძირითადი კითხვები, რომლებსაც მიზნის მისაღწევად პასუხი უნდა გაეცეს. კითხვები ჩამოწერეთ დაფაზე. ამავე დაფაზე დახაზეთ გამოწვევის რუკა _ საბოლოო მიზნამდე მისასვლელი გზა _ სადაც ისრებით და სიტყვებით კონკრეტული ნაბიჯები იქნება გამოხატული ისეთი ელემენტების გათვალისწინებით, როგორებიცაა, მომხმარებელი, სერვისი, ფასი და ა.შ.

დღის მეორე ნახევარში დაიწყეთ მეტი ინფორმაციის მოძიება, ამისთვის მოიწვიეთ ე.წ ექსპერტები და გაესაუბრეთ მათ. ექსპერტებად მოიაზრებიან ადამიანები, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას მოცემულ გამოწვევასთან დაკავშირებით. ისინი შეიძლება იყვნენ ინდუსტრიის პროფესიონალები ან შესაბამისი გამოცდილების მქონე პირები. ჰკითხეთ, რა შეცდომებია დაშვებული, მათი აზრით, რუკის შედგენისას. ეს სავარჯიშო საშუალებას მოგცემთ უკეთ გაიაზროთ პრობლემა, რაც დაგეხმაროთ გრძელვადიანი მიზნისა და რუკის დახვეწაში.

ოპტიმიზმის შემდეგ პესიმიზმის დროც დგება. წარმოიდგინეთ რეალობა, რომელშიც ყველაფერი უკუღმა წავიდა, თქვენმა შედგენილმა გეგმამ ფიასკო განიცადა. ჩამოწერეთ ყველა ის პრობლემა, რომელსაც გზად წააწყდებოდით, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ფოკუსირდეთ იმაზე, თუ სად იქნა დაშვებული შეცდომა, დასვით კითხვები ამ ფორმატში: როგორ შეგვიძლია ამ საკითხის მოგვარება? როგორ შეგვიძლია უფრო მეტი მომხმარებლის მოზიდვა? როგორ შეგვიძლია ამა თუ იმ სერვისის/პროდუქტის გაუმჯობესება?

ავტორების განმარტებით, პოზიტიურად დასმული კითხვები უფრო კარგად მუშაობს, ვიდრე ფურცელზე მხოლოდ მშრალად ჩამოწერილი პრობლემები. წებოვან ქაღალდზე გადატანილი კითხვები მოათავსეთ დაფაზე. კენჭი უყარეთ ყველაზე კრიტიკული და მნიშვნელოვანი კითხვების გამოვლენას შემდეგი გზით: თითოეულ გუნდის წევრს ორი სტიკერი დაურიგდეს, ხოლო გადაწყვეტილების მიმღებს ოთხი. სტიკერები გუნდის წევრების სურვილისამებრ მიეკრას დაფაზე განთავსებულ კითხვებს. ხმის მიცემის დასრულებისთანავე მხოლოდ სტიკერებიანი ფურცლები მიამაგრეთ რუკაზე იმ ელემენტებს, რომლებსაც ეს კითხვები მიემართება. ბოლოს, ფიქრისა და მსჯელობის ჟამი დგება, გუნდმა უნდა ამოიცნოს რუკაზე კონკრეტული მართვადი გამოწვევა, რომელიც სპრინტის განმავლობაში გადაიჭრება.


სამშაბათი: იდეების დახარისხება

სპრინტის მეორე დღე იწყება სამწუთიანი გამოსვლებით, რომელშიც წყვილებად დაყოფილი ჯგუფები წარმოადგენენ არსებული გამოწვევის გადაჭრის მათეულ გზას. ფასილიტატორს თითოეული იდეა დაფაზე გადააქვს.

შემდეგი ეტაპი ესკიზების შედგენაა. გუნდის წევრები დამოუკიდებლად ასრულებენ ამ სამუშაოს. თითოეულს ოთხი ფურცელი ურიგდება, პირველზე უნდა გამოსახონ იდეა, რომელიც ყველაზე უფრო სარწმუნოდ ეჩვენებათ. მეორე ფურცელზე _ მათ მიერ მოწონებული იდეის სხვა იდეებთან შერწყმით მიღებული უფრო დახვეწილი ვარიანტი. მესამე ფურცელი კი რვა უჯრად დაიყოფა, სადაც თითოეულ სექციაში იდეის უფრო კონკრეტული ესკიზი ჩაიხატება, ხოლო მეოთხე ფურცელი განკუთვნილია ამბის მოსაყოლად, როგორ წარმოუდგენიათ გუნდის წევრებს, რა მოხდება, როცა მათი იდეა მზის შუქს იხილავს. ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ესკიზის შესრულების ხარისხზე სპრინტის მონაწილეებმა არ უნდა იდარდონ, რადგან მთავარი იდეის გადმოცემაა და ნახატების ხარისხი.

ესკიზების მეთოდი საშუალებას აძლევს გუნდს თავიანთი ჩანაფიქრები ხელშესახებ, ვიზუალურ ფორმატში გამოსახონ. იდეების ვიზუალიზაცია ერთგვარი საკომუნიკაციო ინსტრუმენტია გუნდის წევრებს შორის. ამ დროს გუნდი გადადის პრობლემის განსაზღვრიდან გადაწყვეტის გენერირებაზე. საბოლოო ჯამში, სპრინტის მეორე დღე უზრუნველყოფს სტრუქტურირებულ მიდგომას იდეებისა და კონცეფციების განვითარებისთვის.


ოთხშაბათი: გადაწყვეტილების მიღება

სპრინტ მეთოდის ოთხშაბათი დღე იწყება განხილვით. წინა დღეს შექმნილი ესკიზები მიამაგრეთ ერთმანეთის გასწვრივ დაფაზე. გუნდის წევრებმა წებოვანი ქაღალდებით თითოეულ მათგანზე უნდა გააკეთონ აღნიშვნები. მიუთითონ იდეის უპირატესობა, ნაკლოვანება და კითხვები. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ, იწყება მსჯელობა ესკიზების დადებით და უარყოფით მხარეებზე. გახსოვდეთ, რომ დისკუსიის დასრულებამდე იდეის ავტორები უცნობები უნდა იყვნენ, რათა ხელი არ შეეშალოს ობიექტურ მსჯელობას.

მიმოხილვაც დასრულდება. გუნდში გადაწყვეტილების მიმღები ყოველგვარი კენჭისყრის გარეშე ერთპიროვნულად ამოარჩევს სამ იდეას. დღის ბოლოს ამ სამი იდეის შერწყმის შედეგად შეიქმნება ერთი შემაჯამებელი ესკიზი. ეს იქნება გუნდის მიერ გამოწვევის საპირწონედ შემუშავებული საბოლოო იდეა.

ეს დღე თანამშრომლობაზე აგებული პროცესის ნაყოფია, რომელიც საშუალებას აძლევს გუნდს კრიტიკისა და ჯანსაღი მსჯელობის საფუძველზე დახვეწოს კონცეფციები და დაადასტუროს იდეა.


ხუთშაბათი: პროტოტიპირება

დგება პროტოტიპირების დროც. ამისთვის გუნდს მხოლოდ ერთი დღე აქვს. პროტოტიპი არის საბოლოო პროდუქტის ან სერვისის გამარტივებული, ფასადური ვერსია. წარმოიდგინეთ, მშვენიერი სპორტული მანქანა ძრავის გარეშე. ამ დღის მიზანია შექმნათ თქვენი იდეის ისეთი ვერსია, რომლის შეფასებასაც მომხმარებელი თავისუფლად შეძლებს. პროტოტიპის შესაქმნელად ზოგჯერ PowerPoint-ის გამოყენებაც საკმარისია, მაგრამ თუ ხელშესახებ, მატერიალურ პროდუქტზე მუშაობთ, შეგიძლიათ უკვე არსებული პროდუქტის მოდიფიცირება მოახდინოთ ისე, რომ თქვენს პროდუქტს ჰგავდეს.

გაითვალისწინეთ, რომ ამ ეტაპზე აუცილებელია გუნდის დაყოფა მცირე ჯგუფებად, რომელთაგან თითოეული პასუხისმგებელია პროტოტიპის კონკრეტული ნაწილის შექმნაზე. ეს მიდგომა საშუალებას აძლევს გუნდს იმუშაოს უფრო ეფექტურად, გამოიყენოს გუნდის თითოეული წევრის მრავალფეროვანი უნარები და გამოცდილება. პროტოტიპის ცალკეული ნაწილების გაერთიანების შემდეგ, გუნდს შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა მეთოდი პროდუქტის შესამოწმებლად, ისეთი როგორიცაა მაგალითად, იმიტირებული სცენარები. ეს ეტაპი საშუალებას აძლევს გუნდს გამოავლინოს პრობლემები და დახვეწოს პროტოტიპი ტესტირების ფაზაში გადასვლამდე.


პარასკევი: იდეის გამოცდა

თუკი პროტოტიპი მზად გაქვთ, შეგიძლიათ თავისუფლად შეუდგეთ სპრინტის შემაჯამებელ დღეს და ინტერვიუები დაიწყოთ. როგორც უკვე ვთქვით, ხუთი ინტერვიუს ჩატარება მოგიწევთ. ალბათ გიჩნდებათ კითხვა, რატომ ხუთის და არა მეტის? მომხმარებელთა კვლევის ექსპერტის, იაკობ ნილსენის, მიხედვით ამ რაოდენობის ინტერვიუები სრულად საკმარისია პრობლემების 85%-ის გამოსავლენად, უფრო მეტი ადამიანის გამოკითხვა ხარჯებსაც უკავშირდება, ამიტომ ხუთი ოპტიმალური რაოდენობაა.

წარუდგინეთ მომხმარებელს თქვენი პროტოტიპი. შეაფასებინეთ, სთხოვეთ ხმამაღლა და თამამად ისაუბრონ პროდუქტზე. დაუსვით მარტივი და არაორაზროვანი კითხვები პროდუქტის ირგვლივ; რას ფიქრობენ, როგორ მოსწონთ და რის შეცვლას ისურვებდნენ.

ინტერვიუების დასრულების შემდეგ, გუნდი კვლავ ბრუნდება სამსჯელოდ, აფასებს უკუკავშირს და მომხმარებლების შეხედულებებს, განსაზღვრავს პროტოტიპის კორექტირების შესაძლებლობებს. ეს ეტაპი სპრინტის ყველაზე კრიტიკული საფეხურია, განსაზღვრავს მომდევნო ნაბიჯებს პროდუქტის დახვეწისა და მთლიანი პროექტის მიზნებისთვის.


საბოლოო ჯამში, სპრინტ მეთოდოლოგია გვთავაზობს შემჭიდროებულ ვადებში გაწერილ სისტემურ მიდგომას დიდი პრობლემების გადაჭრისა და იდეების დადასტურებისთვის.
გახსოვდეს, რაც უფრო დიდია გამოწვევა, მით უკეთესია სპრინტი.

არსენ სებისკვერაძე