ლურჯი ვერსია

სტარტაპ ეკოსისტემა - ქვეყნის საიმედო მომავალი?

30 მაისი 2023

ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში სასიამოვნო ტენდენცია შეინიშნება - უფროდაუფრო მეტი ადამიანი აჟღერებს ინიციატივას სტარტაპის წამოწყების სურვილის შესახებ. ამის უკან კი ჩვენი, როგორც ერის სურვილი იკვეთება, გაძლიერდეს და განვითარდეს რაც შეიძლება სწრაფად და ფართო მასშტაბზე.

პირადად მე შორს ვარ იმ აზრისგან რომ სტარტაპ ეკოსისტემაში დიდი მოლოდინებით თანხების ინვესტირებამ ქვეყნის მდგრადობის საკითხი თავიდან-ბოლომდე შეიძლება გადაჭრას, თუმცა, არის ერთი არც თუ ისე უმნიშვნელო სფერო, რომელსაც საფუძვლიანად წაახალისებს - ეკონომიკა.

ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას მრავალი სიკეთე შეიძლება მოჰყვეს, როგორიცაა ხელფასების ზრდა, ცხოვრების უკეთესი ხარისხი, მეტი სამუშაო ადგილი და ა.შ.

შევხედოთ ესტონეთის მაგალითს:

2020 წელს სტარტაპებში მოზიდულმა საერთო ინვესტიციამ $400 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც იმ დროინდელი მონაცემებით მათი მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტის) 7,5%-ს შეადგენს. 2022 წელს კი ესტონური სტარტაპ ეკოსისტემა მეტად კოლოსალურ ზრდას განიცდის, რაც შემოსული ინვესტიციების 3ჯერ ზრდით და $1.2 მილიარდ დოლარზე გატოლებით აღინიშნება.

ამ ყველაფრის უკან 20 წლის უკან გადადგმული სტრატეგიული ნაბიჯები დგას. საუბარი გვაქვს ქვეყანაზე, სადაც ყველა სამთავრობო მომსახურება სრულად გაციფრულებულია, ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობა კი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დონეზეა აღქმული.

დღეს ესტონეთში 1400-ზე მეტი სტარტაპი ფუნქციონირებს, სადაც 10 000-ზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული.

ეს მაგალითი საინტერესო იმითაა, რომ ტერიტორიულად ესტონეთი საქართველოზე 1,5-ჯერ, ხოლო მოსახლეობით 3-ჯერ პატარა ქვეყანაა.

კიდევ ერთ საინტერესო მაგალითად შეგვიძლია ისრაელი მოვიყვანოთ - ქვეყანა ბომბების ქვეშ, რომელმაც საკუთარ თავს “სტარტაპ ერი” დამსახურებულად უწოდა.


საუბარი გვაქვს ქვეყანაზე, რომელმაც მსოფლიოს უამრავი “უნიკორნი” აჩუქა, ისეთები, როგორებიცაა Waze-ი, Viber-ი, Mobileye-ი და ა.შ.

თუმცა, ამ შემოქმედების უკან საკმაოდ მკაფიო სლოგანი დგას: “მიმართე ინოვაციებს, ან შეწყვიტე არსებობა”. და ისრაელის შემთხვევაში სხვა არჩევანი მართლაც არ არსებობდა.

დამოუკიდებლობის დღიდან 70-იანი წლების ბოლომდე ისრაელი ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად დამოკიდებულია დასავლურ ქვეყნებსა და მათ ეკონომიკაზე. მკვეთრი ცვლილება მოხდა 1967 წლის ომის შემდეგ, როდესაც საფრანგეთმა პოლიტიკური მიზეზების გამო უარი განაცხადი ისრაელის იარაღით მომარაგებაზე. ამ ყველაფერს ემატება წლების განმავლობაში უმნიშვნელო ეკონომიკური ზრდა და მაღალი ინფლაცია, რამაც ქვეყნის სახელისუფლებო ელიტა ეკონომიკური რეფორმების გატარების აუცილებლობაზე დააფიქრა.

სწორედ ამ მოქმედებების შემდეგ ხდება ისრაელის, როგორც ქვეყნის, აზროვნების ცვლილება და მის “ინოვაციების ჰაბად” გარდაქმნაზე მუშაობის დაწყება. საუბარია ჯერ კიდევ იმ დროზე, როდესაც სტარტაპი, როგორც განსაზღვრება არავისთვისაა ცნობილი. თუმცა, ისრაელი რისკავს და მისი მშპ-ის მნიშვნელოვან ნაწილს ტექნოლოგიების განვითარებაში აინვესტირებს.

პირადად, ჩემთვის ეს მაგალითი განსაკუთრებით საინტერესოა იმ მხრივ, რომ მაშინდელი ებრაული ესტაბლიშმენტი აქცენტს აკეთებს პროფესიონალების შეკავებაზე და ყველანაირ დოვლათს უქმნის მათ ქვეყნისთვის სარგებლის მოსატანად. საუბარია ისეთი სფეროს წარმომადგენლებზე, როგორებიცაა ფიზიკა, ქიმია, მედიცინა, ინჟინერია და ა.შ.


საბოლოო ჯამში კი მივდივართ იქამდე, რომ ისრაელის წარმატების მოდელი ეფუძნება 3 ძირითად ფაქტორს:

ინოვაციების კულტურის შექმნა
მაღალგანვითარებული სამუშაო ძალის შეკავება
ხელისუფლების სრული მხარდაჭერა


ცოტა ფინანსურ საკითხებსაც რომ შევეხოთ, მხოლოდ 2022 წელს ისრაელში ბაზირებულმა სტარტაპებმა $15 მილიარდამდე ინვესტიცია მოიძიეს, თანადამფუძნებლების მხრიდან კომპანიიდან წარმატებულად გასვლის რიცხვმა კი 59-ს მიაღწია, საერთო ღირებულებით $6.2 მილიარდი. და თუ ისევ მთლიან შიდა პროდუქტს მივუბრუნდებით, დღესდღეობით ტექნოლოგიებსა და სტარტაპებზე მისი 15% მოდის, რაც ნებისმიერი ქვეყნის საზომით კოლოსალურ რიცხვს წარმოადგენს.

საქართველოსთვის ორივე მაგალითი საინტერესო უნდა იყოს: ისრაელი თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობით და გადაწყვეტილებებით, ესტონეთი კი თავისი შეუპოვრობითა და სწორი სტრატეგიული გათვლებით.


ზემოთ კი სპეციალურად არ აღვნიშნე ისეთი დეტალი, როგორიცაა ამ ქვეყნებში სტარტაპებისთვის შექმნილი მოქნილი და შეღავათიანი საგადასახადო სისტემა. ვფიქრობ, ორი აზრი არ არსებობს ეს ნებისმიერი წამოწყებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია, თუმცა, ქვეყნის მხრიდან სტარტაპ კულტურის პოპულარიზაციისა და ზრდისთვის გაცილებით მეტი ინტუიციური ნაბიჯია გადასადგამი.


საქართველო ამ მხრივ დღეს სწორ გზაზე დგას, კეთდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები “ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს”, “მედიალაბის” თუ სხვა ორგანიზაციების მხრიდან. არის თანადაფინანსების პროგრამაც, რომელიც საწყის ეტაპზე მყოფ სტარტაპებს საკუთარი იდეების რეალობად ქცევაში ეხმარება. ბაზარზე შემოსულია ერთ-ერთი წამყვანი სტარტაპ აქსელერატორი, 500-ი.

თუმცა, გლობალურ სკალაზე ადგილის დასამკვიდრებლად გაცილებით მეტია საჭირო. ისე როგორც თავის დროზე ესტონეთს, ჩვენც გვჭირდება მინიმუმ რამდენიმე ათეული აქსელერატორი, პროგრამა თუ დაფინანსებების გამცემი ორგანიზაცია (დღეს ასეთი ფაქტობრივად მხოლოდ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოა), რომლებმაც უნდა უზრუნველყონ როგორც სტარტაპების, ასევე ინვესტორების ცნობიერების ზრდა. საჭიროა მეტი გამოცდილების გაზიარება საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი თუ უცხოელი ანტრეპრენებისგან, მეტი საერთაშორისო კონფერენციის მასპინძლობა, რაც საქართველოს რეგიონში ტექნოლოგიურ ჰაბად აქცევს.


ამ მხრივ საინტერესო მაგალითია ჩვენი მეზობელი სომხეთი, რომელმაც სტარტაპ ეკოსისტემა სწორედ უცხოეთში მყოფი წარმატებული თანამემამულეების ეკოსისტემაში ჩართულობის ხარჯზე განავითარეს. სწორედ ასე, მათ უკვე ჰყავთ 1 უნიკორნი სტარტაპი და მინიმუმ კიდევ 2 რომელიც იგივე გზაზე დგას. შედარებისთვის, ჩვენ იმდენად საწყის ეტაპზე ვართ, რომ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში მსგავსი მოლოდინი ალბათ არ უნდა გვქონდეს.

შემაჯამებლად, ჩვენი ქვეყნის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ტექნოლოგიურ სფეროს განვითარებაზე აქცენტის გაკეთება შესაძლოა წინ სამი ნაბიჯის ერთდროულად გადადგმის ტოლფასი გახდეს. იმის გათვალისწინებით თუ რა სისწრაფით ვითარდება მსოფლიო და როგორ ტრანსფორმაციას განიცდის ის, ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს შესანიშნავია შანსია.

ეს ის დროა, როდესაც პატარა ოფისში მომუშავე გუნდები მარათონში ტექნოლოგიურ გიგანტებს ამარცხებენ. რატომ არ შეიძლება იგივე იყოს ქვეყნების შემთხვევაში, თუ ეს ისევ ტექნოლოგიურ სფეროს ეხება?

მოდი, ვცადოთ.

ლუკა ხათრიძე