ლურჯი ვერსია

თაობა Z: AI ინოვაციის ახალი ტალღა

08 მაისი 2024

Gen Z არა მხოლოდ თვალს ადევნებს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ზრდას, არამედ მის განვითარებაში თავადაც აქტიურ როლს ასრულებს.


სან-ფრანცისკოში ბევრი ახალგაზრდა AI სტარტაპერი ცხოვრობს. ზოგიერთი მათგანისთვის ამ ტალღასთან შეერთება სამსახურის (ისეთი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების, როგორიცაა Google და Meta) ან კოლეჯის დატოვებას ნიშნავდა. მათი წარმატება მეტწილად დეივ ფონტენოტის მიერ დაფინანსებული 12-კვირიანი რეზიდენციის - Hacker Fellowship Zero დამსახურებაა; ეს არის AI აქსელერაციის პროგრამა, რომელიც მეწარმეებს (ძირითადად Gen Z-დან) საშუალებას აძლევდა მიეღოთ $250,000-ის ინვესტიცია 2.5%-ის სანაცვლოდ და ამასთან საცხოვრებლითაც უზრუნველყოფდა.


ნიუ-იორკში ძირითადად ,,ტექნიკურ სახლებს“ ვხვდებით, სადაც AI-ზე მომუშავე ჯგუფები თაობა Z-დან კონკრეტულ პროდუქტზე მუშაობის პერიოდში თანაცხოვრობენ. ეს პლატფორმა გარკვეულწილად წარმოადგენს ერთგვარ ტრამპლინს, რომლებიც საშუალო სკოლის მოსწავლეებს ეხმარება მათთვის საოცნებო საუკეთესო კოლეჯებში მოხვდნენ.


სტატიაში ვისაუბრებთ რამდენიმე მეწარმეზე თაობა Z-დან, რომლებიც AI-ზე ორიენტირებულ სტარტაპებზე მუშაობენ და გავიგებთ, თუ როგორ ცდილობენ ისინი წარმატების მიღწევას AI ეპოქაში.

შეცვალე სტაბილურობა ინოვაციით


26 წლის იდრის სანდუ იმერსიული ტექნოლოგიების კომპანია Spatial Labs-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია და სილიკონ ველზე 35 კაციან გუნდთან ერთად მუშაობს. საკუთარი ბიზნესის შექმნამდე ისეთ მსხვილ ტექნიკურ კომპანიებში მუშაობდა, როგორიცაა: Twitter-ი, Instagram-ი, Snap-ი, Meta და Google. ასევე მუშაობდა ქანიე ვესთის ფეხსაცმლის ბრენდ Yeezy-ში, ხოლო დიზაინისა და ტექნოლოგიის სფეროში კონსულტაციებს ბიონსეს და რიანას უწევდა. მაგრამ მას ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულის შექმნა სურდა და 2019 წელს საკუთარი კომპანია დააფუძნა. Spatial Labs ქმნის ისეთ ტექნოლოგიას, რომელიც AI და ფიზიკურ მატერიალებს ჭკვიანი სამომხმარებლო პროდუქტების შესაქმნელად იყენებს.


„ძალიან ადრე მომიწია კორპორაციულ სტრუქტურასთან შეხება; ცხადია არსებობდა რაღაცები, რაც მომწონდა, მაგრამ იყო ისეთი რაღაცებიც, რასაც ვგრძნობდი, რომ ნამდვილად არ იმუშავებდა ჩვენს თაობაზე…“


სანდუ Gen Z-ის მოუწოდებს შექმნან საკუთარი კომპანიები. „დიდი ტექნოლოგიური კომპანიების უმრავლესობა მილენიალებისა თუ ბეიბი ბუმერების მიერაა დაარსებული; რეალურად, ამ კომპანიებს თავიანთ პლატფორმებზე, მომხმარებლების მთელი თაობა ჰყავთ, რომლებიც მათზე დამოკიდებულები უფრო არიან, ვიდრე ახალი ტექნოლოგიების შექმნაზე ორიენტირებულები. პრობლემა კი ისაა, რომ ეს ქმნის ნოვატორთა დეფიციტს ჩვენს ასაკობრივ ჯგუფში, ამიტომ ჩვენ მომხმარებლები უფრო ვართ, ვიდრე შემოქმედები“- მას მიაჩნია, რომ ეს კონტექსტი კიდევ უფრო პრობლემური ხდება მაშინ, როდესაც ხედავს, რომ Gen Z-ი მემკვიდრეობით იღებს ისეთ ფართომასშტაბიან პრობლემებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და პოსტპანდემიური შერყეული ეკონომიკა. ,,მართალია Gen Z-ი პრიორიტეტს ანიჭებს მოხმარებას, ვიდრე შექმნას, მაგრამ ჩვენ ვწყვეტთ მსოფლიოს ისეთ უდიდეს პრობლემებს, რომლებიც პირდაპირ ჩვენ არც კი გამოგვიწვევია.“


ერთ-ერთი მეწარმე თაობა Z-დან მეთიუ პარკჰერსტია, რომელსაც AI ტექნოლოგიების სამყაროში თავისი კვალის დატოვება სურს. მან 2016 წელს მიატოვა სკოლა და მანქანების გაყიდვა დაიწყო, რითაც ბიზნესს გემო გაუგო. 2022 წელს დააარსა კომპანია Antimeta-ი, ხელოვნური ინტელექტის მქონე პლატფორმა, რომელიც კომპანიებს Cloud-ის გამოყენებით ფულის დაზოგვაში ეხმარება. ამ ეტაპზე სტარტაპს უკვე 4,3 მილიონი დოლარი აქვს გამომუშავებული.


თუმცა, ყველას ნამდვილად არ სურს პირდაპირ AI რევოლუციის სათავეში ჩადგეს. ამისთვის კოკო ჩენმა უფრო ფრთხილი მიდგომა გამოიყენა. შეინარჩუნა პროდუქტის უფროსი მენეჯერის სამსახური Tinder-ში და AI პროდუქტების შექმნაზე თავისუფალ დროს მუშაობდა. ასე დაფუძნდა Dreammore - აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლების მიერ აღწერილ საკუთარ ოცნებებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს.


„მე მაინც მირჩევნია ამ ეტაპისთვის პროდუქტის მენეჯერი ვიყო. ჩვენ გვყავს მცირე გუნდი, რომლებიც ნახევარ განაკვეთზე მუშაობენ და თავს ,,ფრაქციულ მეწარმეებად“ მიიჩნევენ და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ მეტ აღიარებას არ მივიღებთ…“ ამბობს ჩენი და დასძენს ,,თუ ეს მილიარდი დოლარის ბიზნესია, მაშინ მე ეს არ მაინტერესებს“ - აშკარაა, რომ მისთვის აღნიშნული AI პროდუქტი უფრო პირადი ვნებაა, ვიდრე ბიზნესი.


როგორ შეუძლია Gen Z-ს ხელოვნური ინტელექტის სამყაროში ცვლილების გამოწვევა


დღეს აქტიურად დგას ეთიკური ხელოვნური ინტელექტის არსებობის საკითხი. კვლევების თანახმად, თაობა Z, ინტერნეტის მოხმარების ინტენსივობიდან გამომდინარე, წინა თაობებთან შედარებით, პერსონალური მონაცემებს უფრო თავისუფლად გასცემს, შესაბამისად AI-ზე მომუშავე სერვისებისადმი ნდობა უფრო მაღალი აქვს, რამაც AI მიმართულებით მათი ჩართულობის ზრდა გამოიწვია. თაობა Z წარმომადგენელი AI მეწარმეები მაღალი სამუშაო ეთიკით და ღირებულებებით გამოირჩევიან და აშკარაა, რომ ძალიან კარგად იციან ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობით გამოყენების მნიშვნელობა.


25 წლის ჩანშიაო შიეი AI-ით შექმნილი კოლეჯისა და კარიერული კონსულტაციის სტარტაპ Empowerly-ის თანადამფუძნებელია. პლატფორმა, რომელიც 2018 წელს გაჩნდა, შექმნილია იმისთვის, რომ სტუდენტებს ამერიკის შეერთებული შტატების განათლების სისტემის სირთულეების გარკვევაში დაეხმაროს. ეს არის ის სტიმული, რომელიც მას, როგორც ჩინეთიდან ემიგრანტს, არასდროს ჰქონია.


„მე ჩინეთში დავიბადე და აშშ-ს კოლეჯებისა და ზოგადად განათლების სისტემის შესახებ ბევრი რამ არ ვიცოდი… მე ვიყავი პირველი ჩემს ოჯახში, ვინც რეალურად კოლეჯში ისწავლა და ეს იყო გამოწვევა. ჩინეთში არსებობდა მხოლოდ ერთი გამოცდა. აქ კი საუბარი იყო ესეებზე, კლასგარეშე აქტივობებზე, SAT-ებზე, ACT-ებზე და ა.შ, რაშიც არ ვიყავი ისე გარკვეული, როგორც საჭირო იყო.“


შიეი Empowerly-ის შექმნისას ბევრს ფიქრობდა, თუ როგორ გამოეყენებინა AI მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ადამიანების მხარდაჭერის და მოტივაციის ამაღლების მიზნით. მან Facebook-სა და IBM-ში მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამოიყენა და შექმნა AI-ით მომუშავე ქულების სისტემა, რომელიც საშუალო სკოლის მოსწავლეებს ეხმარება გაიგონ, თუ რამდენად სავარაუდოა მათი მიღება სასურველ უნივერსიტეტებში. პლატფორმა 2020 წელს შეიქმნა და უკვე უზარმაზარი ზრდა აქვს - მოპოვებული აქვს 12 მილიონ დოლარზე მეტი დაფინანსება და ჰყავს ათასობით მომხმარებელი, რომელთა კონფიდენციალურობაც მაქსიმალურად დაცულია.


წინა თაობისგან მიღებული გაკვეთილები


24 წლის არი ვაიდია Kyber Knight Capital-ში, ორ სხვადასხვა თაობის წარმომადგენელ პარტნიორთან ერთად მუშაობს და ფაქტობრივად თაობა Z-ის ხმას წარმოადგენს. მისი მოვალეობაა უფროსი თაობის წარმომადგენლებს იმის გაგებაში დაეხმაროს, თუ რა შეუძლია Gen Z-ს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ახალი ტექნოლოგიების ათვისებას ეხება.


„მნიშვნელოვანია შედგეს ერთგვარი შეუღლება ახალგაზრდა თაობას, რომელსაც აქვს ცოდნა და უნარი შექმნას ახალი ტექნოლოგია, და უფროს თაობას შორის, რომელსაც აქვს ინდუსტრიაში მუშაობის დიდი გამოცდილება… ამით, საუკეთესო სტარტაპებს ექნებათ, როგორც ახალგაზრდების, შესაბამისად ახალი პერსპექტივების, ასევე ინდუსტრიის გამოცდილი ვეტერანების კომბინაცია.“


თუმცა, ეს ყველაფერი ყოველთვის ასეთი ადვილი არ არის, ასაკობრივი მიკერძოებულობის საკითხი კვლავ აქტიურად დგას. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ასაკის ადამიანთა ინტერგრაცია იშვიათად ხდება; Gen Z ძირითადად მაინც ამჯობინებს ხოლმე, რომ მხოლოდ თავისი ასაკის ადამიანებთან ითანამშრომლოს. თუნდაც იმის გამოც, რომ მათთვის ხელოვნური ინტელექტი უფრო მშობლიურია, შესაბამისად უპირატესობაც აქვთ. „ჩვენ უფრო ვენდობით ხელოვნურ ინტელექტს, ვიდრე ძველი თაობები,” - ამბობს ჩენი. „ჩემი მშობლები ამბობენ: „ოჰ, მე არ ვენდობი ChatGPT-ის” - ეს უბრალოდ არის ის, რასაც ისინი მიჩვეულები არ არიან. ჩვენ კი პირველი თაობა ვართ, რომელთაც ხელოვნური ინტელექტის ძალა საკუთარ თავზე გამოსცდა და ენდო.“


მაგრამ როცა საკითხი დაფინანსებას ეხება, ცხადია გარდაუვალი ხდება საქმეში ექსპერტის ჩართვა. „ინვესტორების უმეტესობა 40-დან 50 წლამდე ასაკისაა და მათ არ ესმით, თუ რატომ არის ჩემი პროდუქტი აქტუალური… სწორედ ამ დროს ვხვდები, რომ ძალიან მჭირდება ინდუსტრიის ექსპერტი, რომელიც დამეხმარება შევავსო ის უფსკრული, რომელიც თაობებს შორის არსებობს“ - აღნიშნავს ჩენი.


საბოლოოდ, მართალია დიდი გამოწვევაა შექმნა სრულიად ახალი ტექნოლოგია, სათავეში AI სტარტაპს ჩაუდგე და ამავდროულად კომპანიის სამუშაო კულტურა შეინარჩუნო, მაგრამ ფაქტია, რომ ახალგაზრდა პროფესიონალების თაობა აბსოლუტურად მზად არის ამ დიდი გამოწვევისთვის.



თარგმნა: ქეთევან სამხარაძემ