ლურჯი ვერსია

წარმატების ფსიქოლოგია

17 ივნისი 2024

ალღო და გამჭრიახობა, საქმის ცოდნა და სტრატეგიული აზროვნება ის თვისებებია, კარგ მეწარმეს რომ უნდა ახასიათებდეს, თუმცა ვერც ერთი მათგანი წარმატების გარანტიად ვერ იქცევა. ბიზნესის გზა უამრავი სირთულით და მოულოდნელობით არის სავსე _ ეს საინტერესო, თუმცა დამღლელი მოგზაურობაა, რომელიც პირველ რიგში შეუპოვრობას და ფსიქოლოგიურ სიმტკიცეს მოითხოვს.


თუ კი არსებობს თვისება, რომელიც წარმატებული ადამიანების უმეტესობას აერთიანებს, ეს შეუპოვრობაა. ასეთი ადამიანები არასოდეს იხევენ უკან და ყოველ მარცხს მომავალი წარმატების ფუნდამენტად აქცევენ.


საზრიანობა და შრომისმოყვარეობა დიდებული რამაა, თუმცა რაც არ უნდა ჭკვიანი იყო და რაც არ უნდა მუყაითად შრომობდე, იქნება შემთხვევები, როცა საწადელს ვერ მიაღწევ და იმედგაცრუება შეგიპყრობს. ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი თავის რწმენა და სიმტკიცის გამოჩენაა.


ამ სტატიაში იმ ფსიქოლოგიურ თვისებებს განვიხილავთ, რომელიც სტარტაპის კეთებისას გამოგადგება.


პოკერის მოთამაშის ფსიქოლოგია


ერთი შეხედვით გაუგებარია, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ბიზნესს პოკერის თამაშთან. თუმცა საერთო ბევრია: პოკერში, ისევე როგორც ბიზნესში, დიდი მნიშვნელობა აქვს სტრატეგიულ აზროვნებას, ტაქტიკურ სიმარჯვეს, კონკურენტების ამოცნობის და სიტუაციის სწორად შეფასების უნარს. პროფესიონალი მოთამაშე გადაწყვეტილებას მხოლოდ საკუთარ კარტზე დაყრდნობით არ იღებს, იგი ყურადღებით აკვირდება ფსონებს, მოწინააღმდეგის თვალით უყურებს საკუთარ მოქმედებას და გადაწყვეტილების მიღებისას მრავალ ფსიქოლოგიურ ფაქტორს ითვალისწინებს. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად პოკერში, ისევე როგორც ბიზნესში, ბევრი რამ შემთხვევითობაზეა დამოკიდებული. აუცილებელია სხვადასხვა ალბათობისა და რისკების გათვლა. გამოცდილი მოთამაშეები არასოდეს იღებენ გადაწყვეტილებას მხოლოდ ინტუიციის საფუძველზე. ისინი ცდილობენ მუდმივად აკონტროლონ რისკისა და სავარაუდო მოგების შეფარდება და არასოდეს აღმოჩნდნენ წინასწარ წაგებულ თამაშში.


ნებისმიერმა პოკერის მოთამაშემ ზუსტად იცის საკუთარი შეცდომის ფასი _ ეს არის ფული რომელიც მან წააგო. თუმცა ჭკვიანი მოთამაშისთვის ნებისმიერი შეცდომა კარგი გაკვეთილია.


ემოციური ინტელექტი


ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარი, რომელიც მეწარმემ უნდა გამოიმუშაოს, ემოციური ინტელექტია.

მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები უკეთ განჭვრეტენ სხვების აზრებს და მოქმედების მოტივებს, ისინი მუდმივად აკონტროლებენ ემოციებს და საკუთარი ინტერესების მიხედვით მართავენ მათ. მეცნიერები ემოციურ ინტელექტს განმარტავენ, როგორც სოციალური ინტელექტის ფორმას, რომელიც გულისხმობს საკუთარი და სხვისი გრძნობების გააზრების უნარს და ამ ინფორმაციის გამოყენებას საკუთარი აზროვნებისა და მოქმედებების წარმართვაში.

მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები ნებისმიერ გარემოში სწრაფად აცნობიერებენ თითოეული ადამიანის უნიკალურ თვისებას და შესაბამისად არჩევენ მათთან ურთიერთობის ყველაზე ეფექტურ გზას. ეჭვგარეშეა, რომ ემოციურად მყარი პიროვნება უკეთ შეძლებს გადალახოს დაბრკოლებები და შეუფერხებლად განაგრძოს წარმატებისკენ სვლა.


რწმენისა და რეალობის ბალანსი

ბიზნესის ტურბულენტურ გარემოში სიმტკიცის და წონასწორობის შენარჩუნება აუცილებელი თვისებაა.


ერთ მხრივ საჭიროა რწმენა და ურყევი თავდაჯერება, რომელიც თქვენც და თქვენს გარემოცვასაც წინსვლაში დაგეხმარებათ. მეორე მხრივ კი, საჭიროა ფხიზელი თვალით უყურებდეთ რეალობას და ოცნებებმა არ გაგიტაცონ. წარმატება თქვენგან უსაზღვრო ცნობისმოყვარეობას და უშიშარ მოქმედებას მოითხოვს, მაგრამ მიწაზე მყარად უნდა იდგეთ და ნებისმიერი საფრთხე სათანადოდ უნდა შეაფასოთ.


მოთმინება, მოთმინება და მოთმინება


ბიზნესის ყოველი ეტაპი არაერთი დაბრკოლებით არის სავსე. სიძნელეებთან მუდმივი ჭიდილი ადამიანს ღლის და უიმედობას იწვევს. თუ თითოეული წარუმატებლობა დრამატულად აღიქვი, ენერგია მალე გამოგეცლება. მოთმინება ის უნარია, რომელიც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე შეჩერების უფლებას არ გაძლევს.


მოთმინება აყალიბებს გამძლეობას, ეს კი მიზანდასახული მეწარმის აუცილებელი თვისებაა. ასეთი ადამიანები შეცდომებს არასოდეს უშინდებიან, ნებისმიერი მათთვის სამწუხარო, თუმცა დროებითი გარემოებაა. გამარჯვებულებმა კარგად იციან, რომ ადვილი არაფერია და გამოცდილება დაბრკოლებების შედეგად ყალიბდება. მოთმინება საშუალებას გაძლევს მოვლენები პოზიტიურად აღიქვა, დაწყებული საქმე შუაში არ მიატოვო და სირთულეებს არ შეუშინდე. ეს არის მუდმივი ზრდის პროცესი - გონებრივი და მორალური განვითარება, რომელიც ბოლოს გამარჯვებად იქცევა.


მეწარმეობა მხოლოდ გამდიდრების საშუალება არ არის, ეს საკუთარი თავის გამოწრთობის და განვითარების შესაძლებლობაა. ყოველი ჩვენგანი მილიონერი ვერ გახდება, მაგრამ სიმტკიცე, გამძლეობა, მოთმინება და საკუთარი თავის რწმენა _ ის სიმდიდრეა, რომელიც ყოველ ჩვენგანს შეუძლია მოიპოვოს.

ანთისა მეძმარიაშვილი