ლურჯი ვერსია

თვითმარქვიას სინდრომი და 4 გზა მის დასაძლევად

13 სექტემბერი 2022

გიფიქრია, რომ არ იმსახურებ ასეთ მაღალ ხელფასს, ასეთ სამსახურს და საერთოდ, წარმოდგენა არ გაქვს, რატომ გენდობიან კოლეგები? – გილოცავ, შენ თვითმარქვიას სინდრომი გაქვს. მისალოცი ის არის, რომ სინამდვილეში, ყველაფერი კარგად გაქვს – ყველაფერს იმსახურებ და რახან აქ ხარ, დროა, შენში შემოპარული თვითმარქვიაც განკურნებული სინდრომების მოუსავლეთში გაისტუმრო.

თავიდან დავიწყოთ:


რა არის თვითმარქვიას სინდრომი?


თვითმარქვიას სინდრომი გაიძულებს მუდმივად ეჭვის თვალით უყურებდე საკუთარ შესაძლებლობებს და დარწმუნებული იყო საკუთარ არაკომპეტენტურობაში. ის გაიძულებს შეადარო საკუთარი თავი სხვების მიღწევებს და შეიქმნა ნარატივი, რომ დიდი მიღწევებისთვის დაბადებული არ ხარ.

თვითმარქვიას სინდრომმა შეიძლება საპირისპირო მიმართულებით იმუშაოს და უკეთ შესანიღბად ქედმაღლობას მიგაჩვიოს, ან არარეალური მიზნები გაგიჩინოს.

ტერმინი 1978 წელს, ფსიქოლოგებმა პაულინ რ. კლანსმა და სიუზან ა.იმესმა შემოიღეს. ისინი ცდილობდნენ აეხსნათ, თუ რატომ მიაწერდნენ რეალიზებული ქალები თავიანთ წარმატებას იღბალს და არა მიღწევებს.

„ახლა, ტერმინი გამოიყენება იმ უხერხული ფსიქოლოგიური მდგომარეობის აღსაწერად, როცა ადამიანი თავის წარმატებას, ან სტატუსს ვერ აღიარებს. ეს ხშირად საკუთარი თავისადმი ზედმეტად მომთხოვნი დამოკიდებულებითაა განპირობებული“, - განმარტავს ფსიქოლოგიის დოქტორი რენე კარი.

არა ერთი ფსიქოლოგი, მათ შორის ტერმინის ავტორი, თვლის, რომ ეს არ არის კლინიკური დიაგნოზი, ან ფსიქიკური დაავადება. ეს დროებითი მდგომარეობა.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ თვითმარქვიას სინდრომისთვის მიღწევების მასშტაბსა, თუ ხარისხს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მას შეუძლია გავლენა იქონიოს ნებისმიერზე, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად წარმატებულია ესა თუ ის ადამიანი.

International Journal of Behavioral Science-ის გამოკითხვის თანახმად, მსხვილ კომპანიებში ტექნიკური მიმართულებით დასაქმებულთა 58 პროცენტი ამ სინდრომით იტანჯება. თანაც, ისეთი დიდ კომპანიების წამყვან პროფესიონალებზეა საუბარი, როგორიცაა: Amazon, Microsoft და Google.


რა გავლენას ახდენს თვითმარქვიას სინდრომი კარიერასა და პირად ცხოვრებაზე?


სინდრომით შეპყრობილნი ხშირად ხვდებიან ჩაკეტილ წრეში __ „თვითმარქვიას ციკლში“:

„თვითმარქვიას სინდრომი ფსიქოლოგიურ გადაწვას იწვევს: საკუთარ თავზე დაწესებული მუდმივი კონტროლით, მუდმივი ეჭვით საკუთარ შესაძლებლობებში და წარუმატებლობის შიშით. ეს უარყოფით გავლენას ახდენს კარიერაზე, რადგან ასეთი ადამიანები მეტისმეტად ცდილობენ დაამტკიცონ საკუთარი შესაძლებლობები, რაც საბოლოოდ გადაწვით სრულდება. ასევე შეიძლება, ხელიდან გაუშვან ახალი შესაძლებლობები, რადგან არ გრძნობენ თავს ამის ღირსად, ან ჰგონიათ, რომ არაფერი გამოუვათ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კომპეტენტურები არიან.

თვითმარქვიას სინდრომი უარყოფითად აისახება ურთიერთობებზე“, - ამბობს ფსიქოლოგიის დოქტორი ოდრი ერვინი.


როგორ დავძლიოთ თვითმარქვიას სინდრომი?


ნუ განსჯი საკუთარ თავს თვითმარქვიას სინდრომის გამო. ძირითად, შემთხვევაში, ამის მიზეზი წარსულში გადატანილი ემოციური ტრავმაა. აწმყოში მიმდინარე მოვლენები არ შეაფასო წარსული გამოცდილებით. ფოკუსირდი ახლანდელზე და ნუ დაბრუნდები წარსულში ჩადენილ შეცდომებს.

ტიპური (მაგრამ მცდარი) გზა, რითაც სინდრომს ებრძვიან, არის ის, რომ უფრო მეტი ძალისხმევით ცდილობენ „დაამტკიცონ“ საკუთარი პროფესიონალიზმი. ეს აუარესებს ადამიანის მენტალურ მდგომარეობას და იწვევს გადაღლას, გამოფიტვას, გადაწვას.

ანტრეპრენერი ოლია ოსოკინა, რომელმაც ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტექნოლოგიური კომპანია დააარსა, აღიარებს რომ მთელი ცხოვრება თვითმარქვიას სინდრომს ებრძოდა. ის გვიზიარებს თავის გამოცდილებას და ასახელებს რამდენიმე მიზეზს, რომელთა გამოც ანტრეპრენერები ამ მახეში ხშირად ებმებიან:

„ინდუსტრიის ერთ-ერთი გავლენიანი კომერციული პლატფორმის, Kajabi-ის კვლევის თანახმად, მეწარმეთა 84 პროცენტი განიცდის თვითმარქვიას სინდრომს, განსაკუთრებით თუ ისინი ლიდერის პოზიციას იკავებენ. ამ გრძნობის გენერალური სპონსორი დანინგ-კრუგერის ეფექტია.

დანინგ-კრუგერის ეფექტი არის კოგნიტური დისონანსი, რომელიც საშუალოზე დაბალი ცოდნის მქონე ადამიანებს უქმნის ილუზიას, რომ ჭკვიანები და რეალიზებულები არიან. ასეთ ადამიანებს, თვითშეგნების არც ისე სახარბიელო მასშტაბის გამო, ნებისმიერი ტრივიალური აზრი, თუ კი ეს აზრი მათ თავში გაჩნდა, ფენომენალური მიგნება ჰგონიათ.

წარმატებული ბიზნესის მფლობელს კი ანალიტიკური უნარები და თვითშემეცნების მაღალი დონე არ აძლევს უფლებას შეეშვას შეცდომებზე ფიქრს. ამის ხარჯზე კი მათი მიღწევები ითრგუნება.


4 სტრატეგია თვითმარქვიას სინდრომის დასაძლევად


1. ისაუბრე საკუთარ წარმატებებზე.


ხშირად ისე გვეშინია „ტრაბახა“ არ გვიწოდონ, რომ ჩვენს მიღწევებს ვმალავთ. რეალურად კი, ნორმალურია საკუთარ წარმატებაზე საუბარი.
მათი უმეტესობა, ვისაც დღეს თვითმარქვიას სინდრომი აქვს, ბავშვობაში პოზიტიური ემოციური უკუკავშირის, შექებისა და თანადგომის დანაკლისს განიცდიდა. არაღიარება მშობლებისგან, თუ მასწავლებლებისგან აყალიბებს განცდას, რომ ნებისმიერი მიღწევა არასაკმარისია.
მსგავსი შიშების დასაძლევად არსებობს ასეთი ექსპერიმენტული ექსპოზიცია: წარმოიდგინე უარესი სცენარი, რაც შეიძლება მოჰყვეს თქვენი მიღწევების გასაჯაროებას. ამით სუსტდება შიშის ძალაუფლება. რაც მეტს იფიქრებ, მით უფრო რაციონალურად აღიქვამ მოვლენებს და საბოლოოდ შიშიც ქრება.


2. შეამჩნიე და შეიმჩნიე თითოეული მიღწევა


თვითმარქვიას სინდრონი გვიბიძგებს არ დავაფასოთ, ან უგულებელვყოთ ჩვენი მიღწევები. ვფიქრობთ, რომ „შეგვეძლო უკეთ გაგვეკეთებინა“ ან „ეს დიდი მიღწევა არ არის“, ვერ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენმა თანატოლებმა შეიძლება ვერასდროს მიაღწიონ იმას, რაც გვაქვს, თუმცა მაინც – ჩამოწერე, რა უნარების გაუმჯობესება გჭირდება, რაც მათ აქვთ, რა ცოდნა ან გამოცდილება აქვთ, რაც შენ არ გაქვს. ეს დაგეხმარება გააცნობიერო, რომ ყველა თუ არა, ზოგიერთი ეჭვი უსაფუძვლოა.
ჩამოწერე შენი მიღწევები, გულწრფელად და ისაუბრე მასზე ისე, როგორც საუკეთესო მეგობრის მიღწევებზე ისაუბრებდი. უთხარი ის სიტყვები შენს თავს, რასაც მასაც ეტყოდი.


3. გააზიარე ცოდნა


შესაძლოა, თავს მენტორის ამპლუაში არაკომფორტულად გრძნობ, მაგრამ შენი ცოდნის, გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება დაგეხმარება კავშირების დამყარებაში და საზოგადოებაში გარკვეული ავტორიტეტის შექმნაში. თქვენი „თვითმარქვია“ კი ნელ-ნელა აიკრავს გუდანაბადს.


4. აღნიშნე მცირე გამარჯვებებიც კი


დადგება დრო, როცა დიდ მიზნების ასრულებას აღნიშნავ, თუმცა პატარა გამარჯვებებით ტკბობაც მნიშვნელოვანია.
თანაც, ზოგჯერ, ამ წვრილმანი მიღწევის გაზიარება სხვებსაც ამოტივირებს.

მარიამ ელიაშვილი