ლურჯი ვერსია

ვაიბ-კოდინგი: პროგრამირება კოდის წერის გარეშე

22 იანვარი 2026

ტექნოლოგიური სფეროს ლიდერები დიდი ენთუზიაზმით ამტკიცებენ, რომ ხელოვნური ინტელექტი სამუდამოდ შეცვლის ინდუსტრიებს, სამუშაო ადგილებსა და ჩვენს უნარ-ჩვევებს. ინდუსტრიების უმეტესობაში ეს ჯერ კიდევ მომავლის საქმეა, თუმცა პროგრამული უზრუნველყოფის სამყაროში ხელოვნურმა ინტელექტმა უკვე ბევრი რამ შეცვალა.

ჯერ კიდევ 2023 წელს, ხელოვნური ინტელექტის სფეროს ცნობილმა გურუმ, ანდრეი კარპატიმ, გაბედული განცხადება გააკეთა, მისი თქმით „პროგრამირების ყველაზე პოპულარულ ენად ინგლისური იქცა“. კარპატი გულისხმობდა, რომ დიდი ენობრივი მოდელების (LLM) განვითარებამ ისეთ რეალობამდე მიგვიყვანა, სადაც ადამიანს აღარ სჭირდება რთული პროგრამული ენების დასწავლა მანქანებთან კომუნიკაციისთვის. ნებისმიერს შეუძლია, კომპიუტერს სასაუბრო ინგლისურით აუხსნას სათქმელი და მანქანაც დავალებას ზუსტად შეასრულებს.

შარშან კარპატიმ დისკუსიის ახალი ტალღა გამოიწვია და საკუთარი ხედვა კიდევ უფრო თამამად დააფიქსირა. მან განაცხადა, რომ არსებობს პროგრამირების ახალი ფორმა, რომელსაც „ვაიბ-კოდინგი“ ჰქვია: „ამ დროს თქვენ სრულად ენდობით ინტუიციასა და საერთო განწყობას, ექსპონენციალურად მიიწევთ წინ და კოდის არსებობასაც კი ივიწყებთ. ამას დიდი ენობრივი მოდელების წინსვლას უნდა ვუმადლოდეთ“.

აღნიშნული პოსტის შემდეგ ვაიბ-კოდინგის მიმართ ინტერესმა მკვეთრად იმატა. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კოდირების რამდენიმე კომპანია (რომელთაგან ზოგიერთი წლებია არსებობს) ტექნოლოგიური ინდუსტრიის ახალ მანათობელ ვარსკვლავებად იქცა, მათი შემოსავლები კი კოლოსალურად გაიზარდა. მაგალითისთვის ისიც კმარა, რომ Google-მა Windsurf-ის გენერალური დირექტორი და 40 თანამშრომელი 2.4 მილიარდ დოლარად გადაიბირა.

Anthropic-ის მკვლევრის, ერიკ შლუნცის თქმით, ვაიბ-კოდინგი ისეთ გარემოს ქმნის, სადაც „ადამიანები ერთმანეთს საკუთარი წარმოსახვის უნარით შეეჯიბრებიან და არა ტექნიკური შესაძლებლობებით“. გაიხსენეთ 1970-იანი წლების Apple: სტივ ჯობსი დიდი იდეების გენერატორი იყო, სტივ ვოზნიაკი კი — ტექნიკური გენიოსი, რომელიც ჯობსის ჩანაფიქრს რეალურ პროდუქტად აქცევდა. ვაიბ-კოდინგის წყალობით მომავალში ყველას საკუთარი სტივ ვოზნიაკი ეყოლება. „თუკი რაიმეს წარმოდგენა შეგიძლიათ, მის შექმნასაც შეძლებთ“, — დასძენს შლუნცი.

ვაიბ-კოდინგის კიდევ ერთი მაგალითი ბილი ჰაუელია, რომელიც წარსულში Booz Allen-ის კონსულტანტი იყო. 2025 წლის დასაწყისში, როდესაც Upwork-ზე ახალ შეკვეთებს ეძებდა, ჰაუელი ერთი ავტოსახელოსნოს მფლობელის განცხადებას წააწყდა. მფლობელს სჭირდებოდა სისტემა, რომლითაც მექანიკოსების შემოსავლებსა და იმ ავტომობილების რაოდენობას გააკონტროლებდა, რომლებზეც ისინი მოცემულ მომენტში მუშაობდნენ. დამკვეთს სურდა, რომ სისტემა Airtable-ზე — ცხრილებისა და მონაცემთა ბაზების პოპულარულ პლატფორმაზე — აწყობილიყო. ჰაუელმა გამოთვალა, რომ სისტემის Airtable-ზე აწყობა, სახელოსნოს მფლობელს ყოველთვიურად დაახლოებით 500 დოლარი დაუჯდებოდა. ეს თანხა გაუმართლებელი ხარჯი იყო, ასეთი უბრალო მოთხოვნისთვის.

იმაში დარწმუნებულმა, რომ უკეთესი და იაფი გამოსავლის შეთავაზება შეეძლო, ჰაუელმა ვაიბ-კოდინგის პლატფორმა Replit გამოიყენა და პროგრამის ისეთი დემო-ვერსია შექმნა, რომელიც ზუსტად პასუხობდა ავტოსახელოსნოს მფლობელის მოთხოვნებს. ჰაუელმა დამკვეთს აუხსნა, რომ მისი შეთავაზებული ვარიანტი Airtable-ზე ათჯერ უფრო იაფი ჯდებოდა და ასე გაყიდა თავისი პირველი პროგრამული პროდუქტი.

მიღებული შედეგით გახარებულმა ჰაუელმა YouTube-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც აპლიკაციის შექმნისა და გაყიდვის პროცესი დეტალურად აღწერა. ამ ვიდეოს Replit-ის აღმასრულებელი დირექტორი, ამჯად მასადი გამოეხმაურა და ის საკუთარ გვერდზე გადააზიარა. ამის შემდეგ ჰაუელის ინბოქსი მთელი მსოფლიოდან მოწერილი წერილებით აივსო — მას უამრავი ადამიანი სწერდა, ვინც ვაიბ-კოდინგით იყო დაინტერესებული და საკუთარი B2B პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვა სურდა.

ჰაუელის თქმით, ისეთი გიგანტური კომპანიები, როგორიცაა Salesforce და Microsoft, მომხმარებლებს უთვალავ ფუნქციას სთავაზობენ, თუმცა ბიზნესების უმეტესობას რეალურად მხოლოდ ორი-სამი მათგანი სჭირდება. ისინი, უბრალოდ, ტყუილად ყრიან ფულს მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით დაწესებულ გადასახადებში. მან დაინახა შესაძლებლობა, რომ შეექმნა კლიენტზე ზედმიწევნით მორგებული პროგრამები და დახმარებოდა მათ უფრო იაფად მიეღწიათ საკუთარი მიზნისთვის.

2025 წლის გაზაფხულზე, მას შემდეგ, რაც ექვსამდე აპლიკაცია გაყიდა, ჰაუელმა ორი პროგრამისტი და პროექტის მენეჯერი დაიქირავა და საკუთარი ფირმა — Stupid Simple Apps დააარსა.

ვაიბ-კოდინგის კიდევ ერთი გამორჩეული ფიგურაა საიმონ უილისონი (Simon Willison) — ნამდვილი „ტექნო-ენთუზიასტი“, რომელიც დიდი ენობრივი მოდელების გამოჩენის დღიდან შეისწავლის ამ ტექნოლოგიას და სხვადასხვა ექსპერიმენტებს ატარებს მასზე. საიმონი უკვე დიდი ხანია ხელოვნური ინტელექტის „კო-პილოტებთან“ (AI co-pilots) მუშაობს, მისი ვებგვერდი კი იმ მიგნებების ნამდვილი საბადოა, რაც მან ამ გზაზე დააგროვა.

უილსონის დეტალური გზამკვლევი იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს ის LLM-ებს კოდის წერაში დასახმარებლად, სავალდებულო საკითხავი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც ამ ტექნოლოგიის გამოყენებას საკუთარი შესაძლებლობების გასაფართოებლად ცდილობს.

თუ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ვაიბ-კოდინგმა უფრო მეტად დაგაინტერესათ, 30 იანვარს მედიალაბის სივრცეში გელოდებით. Widgera-ს თანადამფუძნებელი, დემეტრე მილდიანი, გვიჩნებს როგორ იქმნება აპლიკაცია კოდის გარეშე, მხოლოდ ჭკვიანურად მიწოდებული პრომპტების დახმარებით. ამ ვორკშოპზე თავად ჩაერთვებით აპლიკაციის შექმნის რეალურ პროცესში და ნახავთ სწორი პრომპტინგის, სტრუქტურისა და UI-ის მაგალითებს. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა, ადგილები შეზღუდული. ამიტომ თვალი ადევნეთ მედიალაბის გვერდს და დროულად დარეგისტრირდით ღონისძიებაზე.

სანდრო შანიძე