ლურჯი ვერსია

10 მიზეზი, თუ რატომ არის ეკონომიკური კრიზისი სტარტაპის შექმნისთვის საუკეთესო დრო 

12 ოქტომბერი 2021

იცი, რა მსგავსებაა ანტრეპრენერსა და ორაგულს შორის? თუ ბუნდოვანი წარმოდგენაც არ გაქვს, ალბათ არც ჩანჩქერიდან გადმოხტომის ბედნიერება გიგემია. თუ ისევ ვერაფერი გაიგე, ყველაფერი წინ გქონია, უბრალოდ მენდე და გამომყევი.

ამ სტატიაში, ჩემს შეკითხვაზე სრული პასუხის გაცემის გარდა, მოგიყვები, როგორ უწყობს ხელს ეკონომიკური კრიზისი სტარტაპის განვითარებას და რატომ შეიძლება გახდეს ეს პერიოდი საუკეთესო დრო ახალი საქმის დასაწყებად.

სტარტაპების ბუმი კოვიდ 19-ისა და რეცესიის პერიოდში

Early evidence-ის თანახმად, 2020 წლის ბოლოს, 9.1 მილიონი პატარა კომპანია დაიხურა და 9 მილიონმა ადამიანმა სამსახური დაკარგა. ამ ფონზე გასაოცარია, რომ ამერიკაში, COVID 19-ის პერიოდში, 2019 წელთან შედარებით სტარტაპების რიცხვი 24%-ით გაიზარდა. ახალი ბიზნესების რიცხვმა იმატა ჩილეში, თურქეთსა და გაერთიანებულ სამეფოშიც.

უცნობია, რა ელით ამ კომპანიებს, თუმცა ექსპერტები გვარწმუნებენ, რომ ეკონომიკური კრიზისი სტარტაპებს გარკვეულ უპირატესობებს სთავაზობს. ამის შესახებ, Y Combinator-ის თანადამფუძნებელმა, პოლ გრემმა, ჯერ კიდევ 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს გამოაქვეყნა ესსე სახელწოდებით, „რატომ უნდა დაიწყო სტარტაპი ცუდი ეკონომიკის პერიოდში“. მას პირველ მაგალითებად Microsoft-ი და Apple-ი მოჰყავს, რომლებიც 70-იან წლებში დაარსდა. ეს ეპოქა კი ერთ-ერთ ყველაზე რეცესიულ პერიოდად მიიჩნევა.

„Microsoft-ის პირველი პროდუქტი Altair-ის თარჯიმანი იყო. სამყაროს 1975 წელს ზუსტად ეს სჭირდებოდა, მაგრამ გეითსსა და ალენს რომ მოეცადათ, უკვე გვიანი იქნებოდა.

რასაკვირველია, იდეა, რომელიც ახლა გაქვს, არ იქნება უკანასკნელი. ყოველთვის გაგიჩნდება ახალი, მაგრამ თუ კონკრეტული იდეა გაქვს, რომლის განხორციელებაც ოდესმე გსურს, იმოქმედე ახლავე.“

ეს ლამაზი სიტყვებია, ფაქტი კი ისაა, რომ სამსახურის დატოვება და სტარტაპის დაარსება სარისკოა და თუ ამას ეკონომიკური კრიზისის დროს აკეთებ, კიდევ უფრო დიდ სიგიჟეს ემსგავსება. თუმცა, პოლი მაინც ჯიუტად გვიმტკიცებს, რომ „თუ ბირთვული ზამთარი გვიახლოვდება, შეიძლება უფრო უსაფრთხო იყოს გახდე ტარაკანი, ვიდრე სამსახური შეინარჩუნო.“

რა უპირატესობები აქვს სტარტაპის ახლა დაწყებას?

სინამდვილეში, პოლ გრემი ერთადერთი არაა, ვინც კრიზისს სტარტაპის დაარსებისთვის ხელსაყრელ პერიოდად მიიჩნევს. გასულ წელს, კორონავირუსის მძვინვარების ფონზე, ონლაინგამოცემა Forbes-მა გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „10 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაიწყოთ ბიზნესი ეკონომიკური ვარდნის პერიოდში“, რომელიც ნაწილობრივ თანხვედრაშია გრემის მოსაზრებებთან.

არგუმენტები ასეთია:


1. გადარჩენა გამარჯვებაა

ინვესტორები რაც უფრო მეტად არიან შეზღუდულნი ფინანსურად, მით მეტია შენი სტარტაპის წარმატების შანსი, თუ საკუთარი ფინანსები გაგაჩნია. ამ შემთხვევაში წინ ნელი, თუმცა მყარი ნაბიჯებით აღმასვლა გელის.

მეორე მხრივ, საეჭვო წამოწყება, რომელიც შესაძლოა, ძლიერ ეკონომიკურ გარემოში დაუფიქრებლად დაფინანსდეს, კრიზისის დროს ინვესტორთა ყურადღებას ვერ მიიპყრობს. ეს ნიშნავს იმას, რომ რესურსი მცირე რაოდენობის პროექტზე გადანაწილდება და თუ შენ მათ შორის ხარ, ჩათვალე, რომ უკვე გაიმარჯვე.


2. შეცდომებზე სწავლაც გამარჯვებაა

„შენ შეგიძლია ისწავლო ძალიან ცოტა გამარჯვებიდან და ყველაფერი – მარცხებიდან.“ – კრისტი მეთიუსონი, ბეისბოლის მოთამაშე.

გამარჯვება აკმაყოფილებს ჩვენს ეგოს, მაგრამ იშვიათად გვასწავლის. ანტრეპრენერები გაცილებით მეტს სწავლობენ წარუმატებლობებისგან. ეკონომიკური ქარიშხალი კი მოითხოვს, იყო უფრო კრეატიული და შორსმჭვრეტელი.

მე-20 საუკუნის მწერალმა ელბერტ ჰაბარდმა ერთხელ თქვა:

„წარუმატებელი არის ადამიანი, რომელმაც დაუშვა შეცდომები, მაგრამ არ აქვს ამ გამოცდილების გამოყენების უნარი.“

შეცდომის დაშვება კატასტროფა არაა. კატასტროფა მაშინ იწყება, როცა შეცდომებით არ სწავლობ.

გრემის თქმით, სტარტაპის წარმატების მთავარი პირობა სწორედ მისი დამფუძნებლის თვისებებია და არა – გარეშე ფაქტორები:

„მე არ ვამტკიცებ, რომ ეკონომიკური კრიზისი სტარტაპის შექმნის საუკეთესო დროა. სიმართლე უფრო მოსაწყენია: ეკონომიკის მდგომარეობას არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს.

თუ შესაბამისი ბუნების ადამიანი ხარ, გაიმარჯვებ. თუ არა – კარგი ეკონომიკა ვერ გიშველის. ასე რომ, თუ გსურს, გაზარდო შენი შანსები, იფიქრე სათანადო თანადამფუძნებლის პოვნაზე და არა – ეკონომიკაზე. თუ კომპანიის გადარჩენის საფრთხეები ისევ გაშინებს, ნუ ეძებ მას ახალ ამბებში. სარკეში ჩაიხედე.“


3. ომგამოვლილი გუნდი დიდი ისტორიით

”ერთადერთი, რაც მძიმე ხვედრს გადაგალახვინებთ, არის შრომა.” – ჰარი გოლდენი, ამერიკელი გამომცემელი.

გასაჭირი გუნდს აახლოებს. ეს ბიჰევიორისტებმა ელიოტ არონსონმა და ჯადსონ მილსმა 1959 წელს ჩატარებული კვლევებით დაამტკიცეს. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ რაც უფრო მეტ უბედურებას უძლებს ადამიანი, მით უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ის გამოცდილებას და მით უფრო მაღალია ლოიალურობა იმ გუნდის მიმართ, ვისთანაც გამოწვევებს იზიარებდა.

არონსონმა და მილსმა დაასკვნეს, რომ:

„… ადამიანები, რომლებიც განიცდიან დიდ უბედურებას ან ტკივილს რაღაცის მიღწევის დროს, უფრო მეტად აფასებენ მას, ვიდრე ისინი, ვინც იმავეს მინიმალური ძალისხმევით მიაღწიეს.”

ამრიგად, სტარტაპ გუნდს, რომელიც წარმატების მიღწევამდე სხვადასხვა სირთულის წინაშე დგას, სავარაუდოა, ჰყავდეს შეკრული გუნდი და ერთგული თანამშრომლები.


4. გასეირნება აღმამფრენი ტალანტების აუზში

„თუ ფიქრობთ, რომ პროფესიონალების დაქირავება ძვირია, სცადეთ მოყვარულთა დაქირავება“. – უცნობი ავტორი.

უმუშევრობის მომატებული მაჩვენებელი შენი პოტენციური თანამშრომლების საერთო რაოდენობისა და პროფესიონალების ზრდის შანსია, შემცირებული ხარჯებით. ეკონომიკური კრიზისის დროს, დასაქმებულები მზად არიან მიიღონ იმაზე დაბალი ანაზღაურება, ვიდრე ჩვეულებრივ. ასეთ დროს კი შესაძლოა, „ვარსკვლავი ანტრეპრენერი“ იპოვო, თუმცა ფრთხილად იყავით იმ ადამიანების აყვანისას, რომლებიც მსხვილი ორგანიზაციებიდან გაათავისუფლეს.


5. მასაზე მაღლა

„რატომ უნდა იარო საკუთარი დრამერის სისწრაფით, როცა შეგიძლია ნაბიჯი გამოტოვო?” დეივ მეი, პროფესიონალი ბეისბოლის მოთამაშე.

პოლ გრემის თქმით:

„ცუდი პირობების კიდევ ერთი უპირატესობა არის ნაკლები კონკურენცია. ტექნოლოგიური მატარებლები რეგულარულად ტოვებენ სადგურს და თუ ყველა სხვაგან მიდის, მთელი მანქანა შენ შეიძლება დაგრჩეს.“

ყველა ანტრეპრენერმა, რომელმაც გაუძლო კონკურენციას და უკვე ბაზარზეა, იცის, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა გახდეს შესამჩნევი. რაც უფრო დიდია კონკურენცია, მით უფრო რთულია ჟურნალისტების, ინვესტორებისა და საზოგადოების დაინტერესება. მცირე ბაზარზე კი სტარტაპებს წარმატებისთვის ნაკლები ბრძოლა სჭირდებათ.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური კრიზისის დროს კლიენტების საფულეებიდან ფულის ამოღება რთულდება, ბაზრის აქტივობის საერთო შემცირება განვითარებად სტარტაპებს უადვილებს გაუმკლავდნენ არეულობას და მოჰყვნენ თავიანთ ამბავს.


6. ღირებულებების და ბაზრის თანხვედრა

ზოგიერთი სტარტაპი ეკონომიკურად რთულ პერიოდს იდეალურად ერგება, თუმცა ეს იშვიათად ხდება. სხვა შემთხვევაში კი ანტრეპრენერებს კომპანიის ღირებულებების ბაზრისთვის მორგება უწევთ. ამ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება არაპრიორიტეტულ პროდუქტებს, რომელთა მისია ეკონომიკურ ქარიშხალთან გამკლავებაა და აწარმოებენ მხოლოდ იმისთვის, რომ მიღებული შემოსავლით კომპანიის შიდა ბრუნვა გაზარდონ, თუმცა ეს ახლის საწყისია და კიდევ ერთი გამოწვევა, რაც გავითარებს.


7. კლიენტთა დოლარების შესანიშნავი გემო

„ფული უხვად არის მათთვის, ვისაც ესმის ის მარტივი კანონები, რომლებიც მის შეძენას არეგულირებს.” – ჯორჯ კლასონი, ფინანსისტი, მწერალი.

ზოგჯერ სტარტაპის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა ძალიან დიდ კაპიტალს ფლობს. ეს სიჭარბე ხშირად, იმ ინვესტორების დამსახურებაა, რომლებიც იმედისმომცემ პროექტებში დიდ თანხებს დებენ. როგორც წესი, ზედმეტი კაპიტალის მქონე სტარტაპები იდეალური გზის პოვნაში იკარგებიან და იღუპებიან.

ამის შესახებ პოლ გრემი წერს:

„გაუშვი სტარტაპი, რაც შეიძლება იაფად. წლების განმავლობაში, დამფუძნებლებს ვეუბნებოდი, რომ წარმატების ყველაზე საიმედო გზა კორპორაციული სამყაროს ტარაკნებია. სტარტაპის სიკვდილის უშუალო მიზეზი ყოველთვის ფულია. ასე რომ, რაც უფრო იაფია კომპანიის ოპერირება, მით უფრო ძნელია მისი მოკვლა. საბედნიეროდ, სტარტაპის გაშვება ძალიან იაფი გახდა. რეცესია კიდევ უფრო გააიაფებს ამას.“

გამოცდილმა ანტრეპრენერებმა იციან, რომ კაპიტალის დაგროვების საუკეთესო წყარო მომხმარებელია და არა – ინვესტორი, რომლის მიმართაც შემდგომ ფინანსური პასუხისმგებლობა ეკისრებათ. რაც უფრო ადრეულ ეტაპზე გახვალთ ბაზარზე, მით უფრო მოკლე იქნება თქვენი გზა თვითმდგრადობისკენ.


8. ფენიქსის ეფექტი

„თუ წარმატების მიღწევა გსურს, გააორმაგე წარუმატებლობის მაჩვენებელი.” – ტომას ჯ. უოტსონი, IBM-დამფუძნებელი.

სტარტაპი, რომელიც ეკონომიკურ ბირთვულ ზამთარს გადაურჩება, სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ, მყარად იქნება.

ასე მოხდა კომპანია Computer Motion-ის შემთხვევაში. ის სამედიცინო მოწყობილობების ბაზარზე ეკონომიკური ვარდნის შუა პერიოდში გამოჩნდა. პროდუქციის გაყიდვის ნაცვლად, მათ იჯარით გაცემა დაიწყეს. შემდეგ იჯარა მიჰყიდეს საფინანსო კომპანიას, რომელმაც Computer Motion-ის გადასახადების დასაფარად ნაღდი ფული გამოიმუშავა, ხოლო საავადმყოფოებს შესაძლებლობა მისცეს რობოტები განვადებით შეეძინათ.

კომპანია რომ უბრალოდ სიტუაციის გამოსწორებას დალოდებოდა, კლინიკებში რობოტების პატენტების შეტანის შანსს დაკარგავდა. სინამდვილეში, კი ისინი, სწორედ ამ ხრიკით „აიძულეს“ შეეძინათ დაახლოებით, 150 მილიონ დოლარის პროდუქცია.


9. ათასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი

სტარტაპ სამყაროში, ასჯერ გაზომვა საკმარისი არაა. ეკონომიკური კრიზისი ცხოვრების ტემპს ანელებს. ეს კი დროა უკეთ დაფიქრებისა და მომზადებისთვის. გააზრებულად დაწყება აგარიდებს ისეთ შეცდომებს, როგორიცაა ფართის არასწორ ლოკაციაზე დაქირავება, ერთდროულად რამდენიმე ბაზრის დევნა, არაეფექტიანი მარკეტინგი და ა.შ.


10. გარიგებების სიუხვე

”გარიგება, რომელიც იწვევს ორმხრივ კმაყოფილებას, არის ერთადერთი, რომლის გამეორებაც ღირს.” – უცნობი ავტორი.

მეწარმის ორი ყველაზე ღირებული რესურსი არის მისი დრო და ფული. მძიმე ეკონომიკურ ფონზე, კომპანიები იძულებულნი არიან პროდუქციის ფასები შეამცირონ და დათანხმდნენ ბარტერებსაც კი. ასეთ დროს, გარიგების დადებამდე სიფრთხილე უნდა გამოიჩინო და მხოლოდ ისეთი შეთავაზება მიიღო, რომელიც შეამცირებს შენს ხარჯებს და დაგაზოგვინებს ფინანსებს.

თუ შენი სტარტაპი მნიშვნელოვან მარკეტინგულ დანახარჯებს მოითხოვს, ჩავარდნილი ეკონომიკა, შესაძლოა, შენს სასარგებლოდ გამოიყენო, რადგან, როგორც წესი, ამ დროს სარეკლამო სივრცეში დიდ ფასდაკლებებს აკეთებენ.


შეჯამება

ორაგული თავისი ცხოვრების უმეტეს ნაწილს დინების მიმართულებით ცურვაში ატარებს, თუმცა, როცა რეპროდუქციულ ასაკს მიაღწევს, დიდ თავგადასავლებს იწყებს – ხტება ჩანჩქერიდან და იპყრობს ყველაზე მიუღწეველ ადგილებს. მას შემდეგ, რაც მისი ბიოლოგიური საათი სიგნალს მისცემს, საერთოდ აღარ ინტერესდება გარემო პირობებით.

ასეთი უნდა იყოს ანტრეპრენერის აზროვნებაც. თუ დაელოდები, როდის ჩადგება აზვირთებული ზღვა, როდის დასტაბილურდება ეკონომიკა, შენი სტარტაპის საათიც მწყობრიდან გამოვა. ესეც პასუხი პირველ შეკითხვაზე.

სტარტაპ ენაზე ეკონომიკური ვარდნა ითარგმნება, როგორც დრო წარმატებისა. ნუ დაელოდები ტალღების შეწყვეტას, უბრალოდ აჰყევი მათ, გადახტი ჩანჩქერიდან და ისიამოვნე.

ავტორის შენიშვნა: სილიკონ ველის ჟურნალისტის, ბრედ სტოუნის თქმით, „სიტყვაში „ტარაკანი“ გრემი გულისხმობს სტარტაპებს, რომლებსაც შეუძლიათ გაუმკლავდნენ ნებისმიერ გამოწვევას“.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

მარიამ ელიაშვილი

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა