ლურჯი ვერსია

დაინახე იდეა, რომელიც მილიონებს მოგიტანს!

17 აგვისტო 2020

“შანსი მომზადებულ გონებას წყალობს.” - ლუი პასტერი

სტარტაპ იდეის გენერირების მეთოდებზე უამრავი გზამკვლევი არსებობს. ისინი ისეთი რჩევებით გამარაგებენ, როგორიცაა: “მიჰყევი საყვარელ საქმეს” და “დაიწყე პირადი პრობლემის მოგვარებიდან”. ეს გზამკვლევები ტოვებენ შთაბეჭდილებას, თითქოს იდეის მოფიქრების სწორხაზოვანი ფორმულა არსებობდეს. სინამდვილეში, ასეთი რამ არ არსებობს.

დროპბოქსის იდეა დრიუ ჰიუსტონს ავტობუსით მგზავრობისას მოუვიდა. გზაში აღმოაჩინა, რომ მახსოვრობის ბარათი, რომელშიც სამუშაო დოკუმენტები ჰქონდა, თურმე სახლში დარჩენია. ისიც ადგა და ეს დრო ისეთი სისტემის შექმნას დაუთმო, რომელიც ხალხს ფაილების ქსელში შენახვის შესაძლებლობას მისცემდა. ოთხი თვის შემდეგ მან დროპბოქსის იდეა Y კომბინატორს წარუდგინა.


მომზადება უპირველეს ყოვლისა

ამ მაგალითზე დაყრდნობით, ბევრი იტყოდა, რომ დროპბოქსი პირადი პრობლემიდან წარმოიშვა. სინამდვილეში, ეს წარმატებულ იდეამდე მიმავალი ხანგრძლივი გზის მცირე დეტალია, ერთგვარი გარდამტეხი მომენტი. თუ მხოლოდ ამაზე ვკონცენტრირდებით, შეუმჩნეველი დაგვრჩება თუნდაც ის ფაქტი, რომ დრიუ დეველოპერი იყო და კარგად ერკვეოდა ტექნოლოგიურ შესაძლებლობებში. შეუმჩნეველი დაგვრჩება ისიც, რომ ის იდეებს ისედაც ეძებდა; იმ დროისთვის დრიუს უკვე წამოწყებული ჰქონდა ერთი ნაკლებად წარმატებული სტარტაპი. მისი გონება მთლიანად იყო მომართული იმისკენ, რომ შეემჩნია სამყაროში არსებული სიცარიელე და ამ სიცარიელის ამოვსების უნარიც შესწევდა. რამდენ ადამიანს დავიწყებია მახსოვრობის ბარათი დრიუმდე? ის იყო ერთადერთი, ვინც დაინახა და გამოიყენა ეს შესაძლებლობა, რადგან ის მზად იყო ამისთვის.


ყველაზე წარმატებული სტარტაპ იდეები უეცრად იბადება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამისათვის მომზადება საჭირო არაა. სინამდვილეში, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხურია. სტატიაში, რომელიც სტარტაპ იდეების გენერირებას ეხება, პოლ გრაჰამი, Y კომბინატორის თანადამფუძნებელი, ამბობს:

“თუ დავაკვირდებით, როგორ მივიდნენ წარმატებული დამფუძნებლები კონკრეტულ იდეამდე, ეს, ძირითადად, მომზადებულ გონებაზე გარე სტიმულის მოქმედების შედეგი იყო.”

მაგრამ, მაინც როგორ უნდა მოვემზადოთ და, საერთოდაც, რისთვისაა მომზადება საჭირო?


ის, რაც არ ჩანს

“ანტრეპრენერი ყოველთვის ეძებს ცვლილებას, პასუხობს მას და იყენებს, როგორც შესაძლებლობას” - პიტერ დრიუკერი

კრეატიული აზროვნება ალბათ ყველაზე ახლოს დგას იდეის გენერირების პროცესთან. ზოგადად, კარგ იდეას ორი მახასიათებელი გააჩნია: ის უნდა იყოს ერთდროულად გამოყენებადიც და ინოვაციურიც (რაღაც კუთხით მაინც). ამისათვის კი აუცილებელია ჩარჩოებს გარეთ ვიაზროვნოთ. ტყუილად არ ამბობენ, რომ ანტრეპრენერობა ერთდროულად ხელოვნებაცაა და მეცნიერებაც.


სოციალურმა ფსიქოლოგმა, გრაჰამ ვალასმა, კრეატიული აზროვნების შესწავლისას ხუთი საფეხური გამოყო:

  1. მომზადება - როცა კონკრეტულ პრობლემაზე ბოლომდე ხარ ფოკუსირებული და ძირფესვიანად იკვლევ მას.

  2. ინკუბაცია - როცა პრობლემა შენს ქვეცნობიერში გადადის და გარეგნულად მასზე აღარ მუშაობ.

  3. წინათგრძნობა - როცა ნელ-ნელა გიჩნდება განცდა, რომ გამოსავალი უკვე ახლოსაა.

  4. აღმოჩენა - როცა კრეატიული იდეა შენი ქვეცნობიერიდან ცნობიერში გადმოდის. სხვა სიტყვებით, როცა გონება გინათდება და იდეა უკვე ხელში გიჭირავს.

  5. ვერიფიკაცია - როცა იწყებ იდეის განხილვას, შემოწმებას, ვალიდურობის დადასტურებას და, საბოლოოდ, აღსრულებას.

თავის დეტალურ გზამკვლევში ჯერონ პოლი, ჰარვარდის ბიზნეს სკოლადამთავრებული და წარმატებული ანტრეპრენერი, ყურადღებას ამახვილებს პირველი ორი საფეხურის მნიშვნელობაზე. როგორ მოვმართოთ ჩვენი გონება იმისაკენ, რომ ინოვაციური იდეები არ გამოგვეპაროს, ამაზე ცოტახანში ვისაუბრებთ. მანამდე კი, სტარტაპ სამყაროს ლიდერების იმ დაჟინებულ რჩევას გაგიზიარებთ, რომელზეც სტატიის დასაწყისში ნახსენები გზამკვლევები საკმარის ყურადღებას არ ამახვილებენ:


ნუ ეცდები იდეის გამოგონებას

“ზმნა, რომელიც სტარტაპ იდეებზე საუბრისას უნდა იხმარო, “შემჩნევაა” და არა “მოფიქრება”” - პოლ გრაჰამი

ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც დამწყები ანტრეპრენერები უშვებენ, ისაა, რომ ისინი იდეის მოგონებას ცდილობენ. სინამდვილეში, მთავარი კითხვა უნდა იყოს ‘რა პრობლემა არსებობს, რომელიც შემიძლია მოვაგვარო?’ და არა: ‘რა არ არსებობს, რაც შემიძლია შევქმნა?’ სტარტაპების უმეტესობა წარმატებას იმიტომ ვერ აღწევს, რომ ისინი ხშირად არარსებული პრობლემის წინააღმდეგ იბრძვიან.

პოლ გრაჰამი ამის თაობაზე საკმაოდ საინტერესოდ საუბრობს თავის სტატიაში:

“სტარტაპ იდეის პოვნა სიფრთხილესა და დახვეწილობას მოითხოვს და სწორედ ამიტომაა, რომ უმეტესობა სასტიკად მარცხდება ამაში. იდეის ჰაერიდან მოფიქრება არც თუ ისე კარგად მუშაობს. თუ ასე მოიქცევი, თავში ცუდი იდეები მოგივა, რომლებიც საშიშად კარგად ჟღერს. საუკეთესო მიდგომა უფრო არაპირდაპირია: თუ სწორი გამოცდილება გაქვს, სტარტაპ იდეა შენთვის, უბრალოდ, აშკარა იქნება. მაგრამ, ამ შემთხვევაშიც, არა მალევე.”

პოლი (და, როგორც აღმოჩნდა, მთელი Y კომბინატორი) იდეებს, “რომლებიც ბუნებრივად იზრდება დამფუძნებლის პირადი გამოცდილებიდან”, ორგანულ იდეებს უწოდებენ.

სწორედ ამიტომაა ინკუბაციის პერიოდი ასეთი მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომ სჭირდება დრო ორგანულ იდეამდე მისვლას. თუ შენს თავს ზედმეტ ძალას დაატან, ერთ დღესაც აღმოაჩენ, რომ არაფრის მომცემ პროდუქტზე მუშაობდი. ეს იქნება პროდუქტი, რომელიც, უბრალოდ, გინდოდა, რომ ღირებული ყოფილიყო და არა ის, რომელიც მართლა იყო.

ნამდვილი სტარტაპ იდეისკენ მიმავალი გზა საკმაოდ ხანგრძლივია, მაგრამ ამაზე ფიქრი კარგს არაფერს მოგიტანს. იმისათვის, რომ სამყაროში არსებული სიცარიელეები შენიშნო, უკეთ უნდა გაეცნო მას.


იცხოვრე მომავალში

თუ გინდა, რომ კონკრეტული სფეროს მწვავე პრობლემას წააწყდე, რომლის გადაწყვეტაც ჯერ არ არსებობს, ამ სფეროში სხვებზე უკეთ უნდა ერკვეოდე. უკეთესი იქნება, თუ მოცემული მიმართულება განვითარების სწრაფი ტემპით ხასიათდება. ეს ალბათ ყველაზე ღირებული რჩევაა, რომელსაც სტარტაპ სამყაროს წამყვანი მოთამაშეები მოგცემენ. როცა პოლ გრაჰამი სწრაფად მზარდ ინდუსტრიაში ყოფნის მნიშვნელობაზე საუბრობს, ის ამბობს:

“იცხოვრე მომავალში, შემდეგ კი ააშენე ის, რაც გვაკლია.”

დამატებით, ის იმასაც აღნიშნავს, რომ არაა აუცილებელი პირადად იყო ჩართული კონკრეტული პროდუქტისა თუ სერვისის განვითარებაში. ისიც საკმარისია, უბრალოდ მისი კარგი მომხმარებელი იყო.

ამ რჩევას პოლი მაგალითითაც ამყარებს:

მარკ ცუკერბერგს ფეისბუკის იდეა იმიტომ კი არ მოსვლია, რომ დეველოპერი იყო, არამედ იმიტომ, რომ კომპიუტერს დიდი დოზით მოიხმარდა. 16 წლის წინ უმეტესობას სიგიჟედ მოეჩვენებოდა ისეთი პლატფორმის შექმნა, სადაც ყველა შეძლებდა საკუთარ თავზე ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებას. თუმცა, მარკი იმდენად კარგად იცნობდა კომპიუტერის შესაძლებლობებსა და უპირატესობებს, რომ მისთვის ეს სავსებით ნორმალურად ჟღერდა.

როცა ჯერონ პოლმა იდეის გენერირების მიდგომების მიხედვით 100 ლიდერი (unicorn) სტარტაპი გააანალიზა, აღმოაჩინა, რომ მათმა 38%-მა კონკრეტულ მიმართულებაში დიდი გამოცდილებით ისარგებლა.

ასე რომ, თუ მოწინავე ტექნოლოგიაზე მუშაობ, კარგად გაიღრმავე მის შესახებ ცოდნა. ეძებე სიცარიელეები; იფიქრე იმაზე, რა გაამარტივებდა შენს სამუშაოს ან რა შეუქმნიდა მომხმარებელს დამატებით კომფორტს.

თუ სწრაფად განვითარებად პროდუქტს ან სერვისს იყენებ, გამოიყენე ის ბოლომდე. ყურადღება მიაქციე, რა დაბრკოლებებს აწყდები და რა შეზღუდვები აქვს მას. დატესტე და ითამაშე მისით, ნახე, რა მუშაობს და რა - არა.


გაეცანი ახალ სფეროს

კონცეფციური აღრევა ფართოდ გავრცელებული მეთოდია, რომელსაც ბევრ სხვადასხვა ინდუსტრიაში იყენებენ (მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის დახვეწისთვისაც). ამის ერთ-ერთი მაგალითია ბისოციაცია, რომელზეც კრეატიულობის ჭრილში ვისაუბრებთ.

ტერმინი შეიძლება უცხოდ ჟღერდეს, მაგრამ მისი განმარტება უცხო ნამდვილად არაა. ბისოციაცია გულისხმობს ორი ისეთი სფეროს შეერთებას, რომლებიც მანამდე ერთმანეთთან შეუთავსებლად ითვლებოდა. თუ ამ გადაკვეთის წერტილს მიაგნებ, ამ პატარა, მაგრამ აშკარა კავშირს, მაშინ რაღაც საინტერესოს წააწყდი.

სწორედ ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი გაეცნო იმ მიმართულებას, რომელიც შენს პროფესიასთან არანაირ პირდაპირ კავშირში არაა. ნელ-ნელა მათ შორის ისეთ კვეთებს აღმოაჩენ, რომლებიც აქამდე წარმოუდგენლად გეჩვენებოდა.


გაერთე

“თუ იდეების მოფიქრების მცდელობას ცუდ იდეებამდე მივყავართ, ისეთ რაღაცებზე მუშაობა, რაც ‘სათამაშოდ’ შეიძლება წარმოვიდგინოთ, კარგ იდეებამდე მიგვიყვანს.” - პოლ გრაჰამი

როგორც ვნახეთ, იდეის მოფიქრების ყველაზე ღირებული საფეხური ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, დამოუკიდებლად, მიმდინარეობს - მაშინ, როცა სამყაროსა და გარშემომყოფებს ეცნობი. მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გულხელდაკრეფილი უნდა ელოდო, როდის დაგარტყამს ‘აი ზუსტად ის’ იდეა. ამ პროცესს ისე შეხედე, როგორც თამაშს და არა - როგორც უზარმაზარ ნაბიჯს მილიონ დოლარიანი მომავლისკენ. დაიწყე ყველა იდეის ჩანიშვნა, როგორ უცნაურად და ალოგიკურადაც უნდა ჟღერდეს ისინი. ასეთი იდეები ყველას მოგვდის, მაგრამ ძალიან ცოტა თუ აქცევს მათ სათანადო ყურადღებას.

“თუ ამ სტატიიდან მხოლოდ ერთ რამეს დაიმახსოვრებ, მაშინ ეს დაიმახსოვრე: დაიწყე შენი სტარტაპ იდეების სტარტაპ ჟურნალში ჩაწერა... ეს ყველა სხვა მეთოდზე მეტად გაზრდის გენიალურ სტარტაპ იდეამდე მისვლის შანსს.” - ჯერონ პოლი.

მაგრამ, ნურც აქ გაჩერდები. ადექი და მაშინვე დაიწყე იმ იდეებზე მუშაობა, რომლებიც ყველაზე საინტერესოდ და სახალისოდ მოგეჩვენება - იქნება ეს პროგრამის დაწერა თუ ბიზნეს გეგმის. პირველ რიგში, ეს შენი უნარ-ჩვევების განვითარებაში დაგეხმარება, მეორე მხრივ კი, ვინ იცის, იქნებ ოქროს თევზსაც მიაგნო. პოლ გრაჰამი თავის გზამკვლევში აღნიშნავს, რომ როცა Y კომბინატორში ისეთ სტარტაპ იდეას ისმენენ, რომელსაც ინდუსტრიის მცოდნეები ‘სათამაშოდ’ შეაფასებდნენ, ამას კარგ ნიშნად იღებენ. თავისი არგუმენტის გასამყარებლად პოლი იმ დროს იხსენებს, როცა ეფლისა და მაიკროსოფტის მიკროკომპიუტერების მომხმარებლებს ‘ჰობისტებს’ უწოდებდნენ. დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ ეს საკმაოდ კარგი ჰობი ყოფილა. დღეს ჩვენთვის ლეპტოპის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, მაშინ კი ლეპტოპი იყო წარმოუდგენელი გამოგონება.


იფიქრე ფართოდ

ასეთი უცნაური და ფუტურისტული იდეები საკმაოდ მიმზიდველად ჟღერს, მაგრამ ჯერონ პოლი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სიახლის შემოტანა წარმატებული სტარტაპის ერთადერთი სტრატეგია სულაც არაა. მეტიც, ის აღნიშნავს, რომ ასეთი იდეები ყველაზე იშვიათია. დაკვირვების შედეგად აღოჩნდა, რომ მოწინავე სტარტაპების მხოლოდ 16% შეიქმნა ამ გზით (მაშინ, როცა გამოცდილებაზე დაყრდნობით წამყვანი სტარტაპ იდეების 30% გაჩნდა). ასე რომ, ნუ შეზღუდავ შენს წარმოსახვით უნარს მხოლოდ ისეთ გამოსავლებზე ფიქრით, რომლებიც აქამდე არ არსებულა.

იფიქრე ფართოდ. იფიქრე იმ პლატფორმებსა და სერვისებზე, რომლებიც ყველაზე მეტ სიამოვნებას განიჭებს. რა მახასიათებლების გამო იყენებ მათ? გაქვს თუ არა საჭირო უნარები იმისათვის, რომ მსგავსი რამ შეიმუშავო?

ბევრი გზა არსებობს სტარტაპ სამყაროში წარმატების მოსაპოვებლად. კონკურენტული უპირატესობა, არასაკმარისი პროდუქტი ბაზარზე, სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩენა და ვიწრო ნიშაზე კონცენტრირება ამ გზების რამდენიმე მაგალითია.

ასევე გაეცანი: 7 პრაქტიკული ხერხი შენზე ზედგამოჭრილი იდეების შესამჩნევად.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა