ლურჯი ვერსია

3 ფაქტი, რომელიც ნათლად ადასტურებს, რომ სწორი შესრულება ნებისმიერ იდეაზე ძვირად ფასობს

26 იანვარი 2021

იცნობ ჯოშ სტამლის? მას ხომ სამი გენიალური და გლობალურად აღიარებული სტარტაპის იდეა მოუვიდა! Wordpress, AngelList, iStockPhoto – სამივე მისი იდეა იყო! თუმცა, მის შესახებ ალბათ იმიტომ არ გსმენია, რომ ჯოშს არც ერთი მათგანი არ განუხორციელებია. მართალია, იდეები აღნიშნული პროექტების ავტორებზე ბევრად ადრე მოუვიდა და მათზე მუშაობაც კი დაიწყო, მაგრამ სულ ეს იყო. ამაზე წინ არ წასულა. იდეებიდან აღებული ჯამური მოგება: $0.

ახლა როგორ ფიქრობ, იმსახურებს თუ არა ჯოში შექებას რომელიმე პროექტის მოფიქრების გამო? ჰო, მეც ამ აზრზე ვარ.

მიუხედავად ამისა, მომავალი სტარტაპერების ნაწილი უმოქმედოდ ზის “მილიონ დოლარიანი იდეის” მოლოდინში, ნაწილი ცდილობს, ჯერ იდეა გაყიდოს და შემდეგ გეგმავს მის განხორციელებას, ნაწილი კი – ფარდის მიღმა იმალება თავის იდეასთან ერთად და სანამ იდეალურად არ შეფუთავს, არავის ენახება. თუ ჩვენს სტატიებს კითხულობ, კარგად გეცოდინება, რატომაა სამივე სტრატეგია ძირეულად მცდარი. იმისათვის, რომ კიდევ უფრო ნათლად დაგიმტკიცოთ, რამდენად აღემატება შესრულება იდეას, მოდი, რამდენიმე ფაქტი განვიხილოთ:


1. არსებობს საიტები, სადაც იდეები უფასოდ დევს

თუ ზემოთ აღწერილი სტარტაპერების პირველ ჯგუფში ვარდები და მათსავით შენც გენიალურ იდეას ელი, მაშინ შენთვის კარგი ამბავი გვაქვს! გაეცანი ამ, ამ, ან ამ სტატიებს, ხელი დაადე იმ იდეას, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონს და უკვე მოქმედებაზე გადასვლასაც შეძლებ! არ იფიქრო, რომ ამ იდეების ავტორები შენს გაცურებას ცდილობენ. მათ უბრალოდ იციან, რამდენად აღემატება მოქმედება იდეას. სწორედ ამიტომაც, ადგნენ და თავიანთი იდეების სხვებისთვის შეთავაზებით დაიწყეს ფულის კეთება – ესეც ხომ თავისუფლად შეიძლება იყოს ეფექტიანი წამოწყება? ბაზარზე არსებობს მოთხოვნა იდეებზე. ხოლო, როცა არსებობს მოთხოვნა, არსებობს წარმატებული მიწოდებაც.


2. Y Combinator-ი სტარტაპებს გუნდის მიხედვით არჩევს და არა – იდეის

მოწინავე სტარტაპ აქსელერატორში, Y Combinator-ში, ხშირად შეგხვდება საუბარი იმის თაობაზე, რომ ყველაზე წარმატებული პროექტები, რომლებიც კი დაუფინანსებიათ, მათთვის ერთი შეხედვით წარუმატებელი იდეები იყო. სწორედ ამ სტარტაპების სიაშია Airbnb. მაგრამ, მაშინ, რატომ აიყვანეს ეს კომპანიები? აქვე შეხვდებით კიდევ ერთ ხშირ ფრაზას, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: “მთავარი გუნდი და მათი შესაძლებლობებია. თუ ისინი საკმარისად მოტივირებულები არიან, ან პროექტს აამუშავებენ ან იდეას შეცვლიან.”

გუნდს ამხელა მნიშვნელობა იმიტომ ენიჭება, რომ სწორედ ისინი განსაზღვრავენ შესრულების ხარისხს. სწორედ ამიტომაა, რომ Y Combinator-ის ერთ-ერთი პარტნიორის, დალტონ კალდველის, ვირაჟზე (ე.წ. პივოტზე) მომზადებული პრეზენტაციის ნახევარი იმ სტარტაპების მიმოხილვას ეთმობა, რომლებიც აქსელერატორში ერთი იდეით მივიდნენ და რადიკალურად განსხვავებული პროექტით გამოვიდნენ.


3. ანგელოზ ინვესტორებს თუ არ ჩავთვლით, ფულის მოსაზიდად რეალური მომხმარებლები გჭირდება

სტატიის დასაწყისში მაგალითად მოვიყვანე სტარტაპერები, რომლებიც იდეას მოქმედებაზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ. მათ ნაწილს მიაჩნია, რომ ინვესტორების მოსაზიდად იდეა სრულებით საკმარისია. როგორც Y Combinator-ის მაგალითზე ვნახეთ, ეს შეხედულება ნაკლებად შეესაბამება სიმართლეს. ინვესტორს უნდა დაუმტკიცო, რომ შენს პროდუქტს მომხმარებელი ეყოლება და რომ შენ გაქვს იმის უნარი, ეს პროდუქტი სისრულეში მოიყვანო. ამის ყველაზე ნათელი მტკიცებულება კი, პირველადი მომხმარებლებია. კარგ ინვესტორს არ აინტერესებს, რამდენად ლამაზი და სრულია პროდუქტი. მას უბრალოდ პროდუქტზე მოთხოვნის მტკიცებულება სჭირდება. მოქმედების გარეშე კი, ამ მტკიცებულების მოძიება შეუძლებელია.


მხოლოდ იდეაზე კონცენტრირება არასწორ გზაზე დაგაყენებს

დიდ იდეაზე ფოკუსი სტარტაპერებს კულისებს მიღმა მუშაობისკენ უბიძგებს. ისინი წარმოიდგენენ სრულყოფილი პროდუქტის დემონსტრაციას, რომელიც უმალ ყველას ყურადღებას მიიპყრობს. როცა ფოკუსი იდეიდან შესრულებაზე გადადის, აქ უკვე წინა პლანზე პოტენციურ მომხმარებელთა ინტერესები გადმოდის, და არა პროდუქტის შენეული ვერსიის სრულყოფა. ასეთ მიდგომას იმ გზამდე მივყავართ, რომელიც ერიკ რისის წიგნშია წარმოდგენილი: მინიმალური პროდუქტის (MVP) გაშვება, მომხმარებლებთან ურთიერთობა და მათი შეფასებების გათვალისწინება, ტესტირება, ცვლილება და ასე მანამ, სანამ პროდუქტი ბაზრის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

კიდევ უფრო შორს წავალ და ერთი სტარტაპერის, სიმჩა ნოიმარკის, შენიშვნასაც გაგიზიარებთ:

“გამძლეობა [იდეაზე და შესრულებაზე] მნიშვნელოვანია. ეს უდიდესი ფაქტორია სტარტაპის წარმატებაში.”

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა