ლურჯი ვერსია

6 ხერხი პროკრასტინაციის დასამარცხებლად

13 ნოემბერი 2020

სანამ ამ სტატიის დასაწერად დავჯდებოდი, ხუთჯერ შევამოწმე მეილი, დავლიე ორი ჭიქა ყავა, წიგნების თაროზე ‘შემთხვევით’ წავაწყდი და დიდი ინტერესით ვფურცლე ილუსტრაციების წიგნი, სამ გვერდიანი სტატიაც კი წავიკითხე ჯეფ ბეზოსის აზროვნების პრინციპებზე. ბოლოს, როგორც იქნა, ვორდის ფაილი გავხსენი. მერე ავდექი და კიდევ ერთი ჭიქა ყავა მოვიმზადე. ამ ყველაფერში იმდენი დრო დავკარგე, რამდენიც სტატიის შავი ვერსიის დასაწერად სრულებით საკმარისი იქნებოდა. სამწუხაროდ, ჩვენი ტვინი არც თუ ისე ხშირად ითვალისწინებს ელემენტარულ ლოგიკას.

ჩემი დღევანდელი რეჟიმი შეგვიძლია უბრალო სიზარმაცეს დავაბრალოთ, მაგრამ ეს არაზუსტი გამარტივება იქნებოდა. სინამდვილეში, საქმე მნიშვნელოვანი სამუშაოების ბოლოსთვის მოტოვების მავნე ჩვევასთან გვაქვს, რასაც პროკრასტინაცია ეწოდება.


რა არის პროკრასტინაცია?

როგორც აღვნიშნე, პროკრასტინაცია მნიშვნელოვანი საქმეების ბოლოსთვის მოტოვების ჩვევაა და ის ადამიანთა 95%-ს ახასიათებს – ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად. პროკრასტინაცია სიზარმაცისგან იმით განსხვავდება, რომ ის აქტიური პროცესია და არა – პასიური. პროკრასტინაციისას ჩვენ ვირჩევთ სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანი ან, სულაც, გამოგონილი სამუშაოს შესრულებას, რათა რეალურ დავალებას (მაგალითად, სტატიის წერას) თავი ავარიდოთ.

ამ მავნე ჩვევის დასამარცხებლად, პირველ რიგში, მისი ამოცნობა და აღიარება უნდა შეძლო. გავრცელებული ნიშნებია:

დღის უმნიშვნელო დავალებებზე დახარჯვა.

მეილებისა და სოციალური ქსელების ანგარიშების ხშირი შემოწმება შუა მუშაობისას, ან მის დაწყებამდე.

ხშირი და ხანგრძლივი შესვენებები სამუშაო პროცესისას.

სწორი ხასიათის ან შესაფერისი მომენტის ლოდინი, რომელიც, საიდუმლოს გაგიმხელთ და, არასდროს მოვა.

ნაცნობი სიტუაციებია, არა? ფაქტობრივად, შენს ყველაზე ძვირფას რესურსს, დროს, სულ ტყუილად ფლანგავ. ამას გარდა, სამუშაოს უმიზეზო გადადება და დედლაინის წინა დღეს მუშაობა იწვევს დანაშაულის განცდას, რაც უარყოფითად მოქმედებს როგორც შენს მოტივაციასა და ხასიათზე, ისე განვითარების შანსებზეც.


რა იწვევს პროკრასტინაციას?

თუ ასეთი მავნე და არაეფექტიანია პროკრასტინაცია, რატომ ვაკეთებთ ამას ასე ხშირად და, თან, თითქმის ყველა? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ინდივიდუალურია და კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული. რაც უფრო კარგად გესმის შენი პირადი მიზეზები, მით უფრო ეფექტიანად შეძლებ პრობლემასთან გამკლავებას. ასე რომ, სანამ იმ რჩევებზე გადავიდოდეთ, რომლებიც პროკრასტინაციის დამარცხებაში დაგეხმარება, ჯერ ძირითად მიზეზებს გადავხედოთ. ყურადღებით წაიკითხე თითოეული მათგანი და საკუთარ თავს ჰკითხე, რამდენად შეესაბამება ის შენს სიტუაციას.

სამუშაო მოსაბეზრებელი ან არასასიამოვნოა.

თუმცა, მაშინაც კი, როცა საქმე საყვარელ დავალებებს ეხება, სამუშაოს გადადებისგან თავის შეკავება მაინც რთულია ხოლმე. ხშირად, მიზეზი ცუდი შედეგის შიშია, რაც უმნიშვნელო, მაგრამ მარტივ ამოცანებს უფრო მიმზიდველს ხდის.

გაგიკვირდება და, ზოგს ისევე ეშინია წარმატების, როგორც სხვებს – წარუმატებლობის. მათ აშინებთ ის ფაქტი, რომ წარმატების მიღწევას ისეთი შედეგები არ მოყვება, როგორიც წარმოუდგენიათ. მაგალითად, კარგი სტატიის დაწერას და ცოტა ნახვების მიღებას ურჩევნიათ, საშუალო სტატია დაწერონ ბოლო წუთას და არასასიამოვნო შედეგები ამას დააბრალონ.

პროკრასტინაციისგან არც პერფექციონისტები არიან დაცული. ხშირად, როცა კონკრეტული ამოცანისთვის საჭირო უნარებში დარწმუნებული არ არიან, ურჩევნიათ საერთოდ არ გააკეთონ, ვიდრე რაღაც ბოლომდე იდეალურად არ გამოუვიდეთ.

მაგრამ, პროკრასტინაციის ყველაზე ხშირი მიზეზი მაინც სამუშაო დღის ცუდი ორგანიზებაა. ამ დროს არ იცი, რითი დაიწყო მუშაობა და თითოეული ნაბიჯი გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს. ზედმეტი გაურკვევლობა და ქაოსი სტრესსა და მუშაობის სურვილის დაკარგვას იწვევს. თუ დღის ორგანიზება შენთვის პრობლემას წარმოადგენს, წაიკითხე ჩვენი 7 რჩევა სამუშაო დღის სასიამოვნოდ გამარტივებისთვის.


როგორ გავუმკლავდეთ სამუშაოს გადადების ცდუნებას?

დაფიქრდი, რამდენ დროს ფლანგავ ყოველდღიურად იმის არგაკეთებისთვის, რისი გაკეთებაც, ბოლოს, მაინც მოგიწევს. ყველაზე ცუდი პროკრასტინაციაში ის არის, რომ ამ დროს სხვა, ასევე მნიშვნელოვან, დავალებებში კი არა, სრულიად უაზრო რაღაცებში ფლანგავ.

ამ მავნე ჩვევის დასამარცხებლად ყველაზე ეფექტიანი მეთოდი კონცენტრაციის უნარის განვითარებაა. რა თქმა უნდა, მანამდე დღის განრიგის სწორად შედგენაც უნდა ისწავლო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ როცა საქმისთვის განსაზღვრული დრო და ვადა გაქვს, უნდა შეძლო, დაჯდე და იმ დროში და ვადაში მართლა იმ რაღაცაზე იმუშავო. მარტივად ჟღერს, მაგრამ ყველამ ვიცით, რამდენად რთულია ამის განხორციელება. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს დღევანდელი ზოგადი ფონი. ინტერნეტთან დაკავშირებამ და სოციალური ქსელების განვითარებამ ადამიანების კონცენტრაციის უნარი საგრძნობლად გააუარესა. საქმეზე კონცენტრაციის პირველი რჩევაც სწორედ ამ პრობლემას ეხება:


1. გამოერთე სოციალურ ქსელებს

დროის ყველაზე ვერაგი ქურდი სოციალური ქსელებია. სქროლვა და მეგობრებთან მიმოწერა ისე იპყრობს შენი დღის უდიდეს ნაწილს, რომ ვერც ხვდები. ამიტომ, დაუწესე საკუთარ თავს სამუშაო დღის ვადა და ამ პერიოდის განმავლობაში გამოდი ყველა სოციალურ პლატფორმიდან, გამოურთე მობილურს ხმა და ფოკუსირდი იმაზე, რაც მნიშვნელოვანია.

თუ შენთვისაც ისევე რთულია სოციალური ქსელებისგან თავის დაღწევა და მაინც წაგიცდება ხოლმე ხელი, არსებობს აპლიკაციები, რომლებიც სპეციალურად ასეთი ადამიანებისთვისაა შექმნილი. მაგალითად, cold turkey. პლატფორმა შესაძლებლობას გაძლევს სურვილისამებრ დაბლოკო კონკრეტული საიტები.


2. გამოიწვიე მეგობარი

თქმაც არ უნდა, როცა ადამიანები ერთად მუშაობენ, მათი მოტივაცია მატულობს. ისევე, როგორც შედეგების ვიზუალიზაციისა და შექების მიღების შემდეგ. სამწუხაროდ, სამუშაოს უმეტესი ნაწილის შესრულება მარტო გვიწევს და არც ყველა პატარა ნაბიჯზე გვაქებს ვინმე. თუმცა, აუცილებელი არაა, რომ ასე იყოს.

შეუთანხმდი მეგობარს, რომელიც შენსავით იტანჯება პროკრასტინაციით და ყოველი დღის დათქმულ დროს ერთმანეთს მისწერეთ, როგორ შეასრულეთ დავალებები და რას აპირებთ ხვალ. ერთმანეთის მოტივირება ძალიან კარგი გზაა ამ პრობლემის მოსაგვარებლად.


3. დაყავი დიდი დავალება მარტივ ამოცანებად

ერთთვიანი, ან თუნდაც ერთკვირიანი, პროექტი საშიშად და კომპლექსურად ჟღერს. მაგრამ, როცა მას პატარა ამოცანებად დავყოფთ, ყველაფერი ბევრად მარტივად გამოიყურება. მაგალითად, კვირის ბოლოს დასრულებულ, ლინკებით აღჭურვილ, სტილისტურად და სტრუქტურულად გამართულ და კარგად დასათაურებულ სტატიაზე ფიქრის მაგივრად, ახლა ჩემი ყურადღება შავი ვერსიის შექმნაზეა მომართული. დღეს არც სათაურს აქვს მნიშვნელობა, არც სტრუქტურას და არც წინანადების გამართულობას. ეს ხვალინდელი დღის სანერვიულოა და ამაზე ფიქრი შეფერხების მეტს არაფერს მომიტანს.


4. კონცენტრირდი პირად მიზეზებზე

ხშირად, დავალებების გაკეთება იმიტომ გვეზარება, რომ ისინი არ შთაგვაგონებენ. იპოვე პირადი მიზეზი, რის გამოც ეს მოსაბეზრებელი დავალება უნდა შეასრულო. მაგალითად, ამ სტატიას იმიტომ ვწერ, რომ მინდა, საჭირო ცოდნა გავავრცელო და ხალხს პროკრასტინაციის დამარცხებაში დავეხმარო. კიდევ უფრო იმიტომ ვწერ, რომ მინდა, კარგი მწერალი გავხდე და ჩემს მიერ დაწერილი ყოველი სიტყვა ამ მიზანთან მაახლოვებს. იპოვე შენი მიზეზი გასამრჯელოს მიღებასა და აღიარების მოპოვების მიღმა და ჩაეჭიდე მას, როცა მუშაობის მაგივრად თავს ფეისბუკის სქროლვაში გამოიჭერ.


5. დააწესე მინი ჯილდოები

კარგი, ყოველთვის შეიძლება არ გაგახსნედეს ან არ დაგამშვიდოს გრძელვადიანმა მიზნებმა და პირადმა მიზეზებმა. ამიტომაა მინი ჯილდოები ასეთი კარგი!

დაასაჩუქრე საკუთარი თავი დავალების განსაზღვრულ ვადებში შესრულებისას. ეს შეიძლება იყოს მეგობრებთან ერთად გარეთ გასვლა, საყვარელი სერიალის ყურება, ჩიფსები და შოკოლადები და ა.შ.


6. გამოყავი დრო ჯანსაღი პროკრასტინაციისთვის

როცა მუშაობის მაგივრად უმიზნოდ ფლანგავ დროს, თავს დამნაშავედ გრძნობ და კიდევ უფრო ძლიერად გითრევს პროკრასტინაცია. როცა დროს ფლანგავ შენი გრაფიკის გათვალისწინებით, დანაშაულის გრძნობას იხსნი და საკუთარ თავს დასვენების შესაძლებლობას აძლევ. ამ დროს მეტი ენერგიით იმუხტები, კმაყოფილი ხარ, რომ გრაფიკს მიყვები და მუშაობის გაგრძელების მოტივაციაც გეძლევა.

გამოყავი დღეში ერთი საათი “არაფრის კეთებისთვის”, შემდეგ კი შეავსე იმით, რაც იმ მომენტში გესიამოვნება. შეიძლება, სულაც ახალ ჰობის გადააწდე, რომელიც განტვირთვაში დაგეხმარება!


გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

შემდეგ კი, გაეცანი:

3 გაკვეთილს ყველაზე ამბიციური მიზნების მისაღწევად – სტივ ჯობსის, ილონ მასკის და პოლ გრაჰამის რჩევები.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

06 ნოემბერი

3 გაკვეთილი ყველაზე ამბიციური მიზნების მისაღწევად – სტივ ჯობსის, ილონ მასკის და პოლ გრაჰამის რჩევები

სტარტაპინდუსტრიაში გვყავს ადამიანები, რომელთა ისტორიები და გამონათქვამები ყველგან გვხვდება.