ლურჯი ვერსია

6 ნიშანი რომ დასაქმებულიდან დამსაქმებლად უნდა იქცე

07 სექტემბერი 2022

ის უნდა იყოს ცოტა უცნაური. თავისი ცხოვრების 20-იან წლებს რედ ბულის სმაში ატარებდეს. ჰქონდეს თავისზე ორი ზომით დიდი ამბიცია და თვალებზე ჩამოფხატული კაპიუშონით მიგანიშნებდეს, რომ ამ ქვეყნად არაფერი აინტერესებს, საკუთარი თავისა და მიზნების გარდა. უნდა ჰქონდეს ტექნიკური უნარები და დღედაღამ კლავიატურას უკაკუნებდეს.


თუ სილიკონ ველის სტანდარტებში ვერ ჯდები, შეიძლება, საკუთარი თავის ანტრეპრენერად წარმოდგენა გიჭირს, მაგრამ აქ ერთი დეტალია: კვლევამ აჩვენა, რომ სტერეოტიპული ანტრეპრენერი, რომელიც ზემოთ აღვწერეთ, სულაც არ არის საშუალო სტატისტიკური, ან თუნდაც ყველაზე წარმატებული საქმოსანი. სახე, რომელიც მრავალი ადამიანის გონებაში ანტრეპრენერის ხსენებისას ჩნდება, სტივ ჯობსმა და სტივ ვოზნიაკმა შექმნეს, როცა 20 წლის ახალგაზრდებმა Apple-ი არაფრისგან ააშენეს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ამბავია - ანტრეპრენერობის 1%.


The National Bureau-ს ეკონომიკური კვლევების შედეგების მიხედვით, საშუალო სტატისტიკური ანტრეპრენერი 40 წლისაა, ხოლო წარმატებული სტარტაპების ლიდერების საშუალო ასაკი 45 წელია.


ასე რომ, ასაკი არაფერს ნიშნავს და წარმატებული ბიზნესი ნებისმიერ დროს შეგიძლია დაიწყო.


თუმცა საქმე მხოლოდ რიცხვებში არაა. ზოგჯერ, ცხოვრებას თავად მიჰყავხარ ამ ნაბიჯისკენ, ან უბრალოდ გრძნობ, რომ ცვლილების დროა.


მაგალითად, ინვესტორმა, ანტრეპრენერმა კიმ პერელმა, პირველი ბიზნესი საკუთარი სამზარეულოს მაგიდაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც სამსახური დაკარგა:


„კოლეჯის დამთავრების შემდეგ, მუშაობა ტექნიკურ სტარტაპში დავიწყე, სადაც ერთდროულად რამდენიმე კარიერული საფეხურით მაღლა ახტომას ვგეგმავდი. საბედნიეროდ, ჩემი ოცნებები დაიმსხვრა, როდესაც კომპანია გაკოტრდა და უმუშევარი, და იმედგაცრუებული აღმოვჩნდი.”


“სწორედ მაშინ გადავწყვიტე ანტრეპრენერობა. აღარ მინდოდა სხვას გადაეწყვიტა ჩემი ბედი. მინდოდა ჩემი თავის უფროსი მე თვითონ ვყოფილიყავი, თავად გამეკონტროლებინა ჩემი მომავალი და მქონოდა ფინანსური თავისუფლება… შემეშინდა, რადგან გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ ამ შიშს არ შევუჩერებივარ. უკან რომ ვიხედები, ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიმიღია…“ – იხსენებს პერელი და გისვამს 6 შეკითხვას, იმის მისახვედრად შენც ხარ თუ არა მზად დიდი ნახტომისთვის:


1. რაზე წუწუნებ?


დაუკვირდი შენს სიტყვებს. თუ ხშირად ამბობ ფრაზებს:
„სამსახურმა ძალიან დამღალა.“
„ცხოვრებისთვის დრო აღარ მრჩება“
„ცვლილება მჭირდება“
„ჩემი სამსახური ძალიან მომბეზრდა“
„მინდა ვაკეთო ის, რაც მსიამოვნებს“
…ნუ უგულებელყოფ ამ გრძნობებს. დაფიქრდი უკეთ. დაუთმე დრო საკუთარ თავში გარკვევას. თუ გრძნობ სტაგნაციას, მოწყენილობას, უკუსვლას, თვლი, რომ ისე არ ცხოვრობ, როგორც გსურს, ეს ნიშანია იმისა, რომ რაღაც უნდა შეცვალო.


2. არის რამე (სხვა!), რითაც გატაცებული ხარ?


ბევრ ჩვენგანს აქვს სურვილი, რომლის გამოც მზად არის დათმოს ყველა რესურსი – დრო, ენერგია, ფინანსები… თუ ასეთი ვნება შენც გაქვს და მისი სისრულეში მოყვანის იდეა იმდენად შთაგაგონებს, რომ შეგიძლია, ყველაფერი მსხვერპლად შესწირო, დროა, დაიწყო.


3. მკაფიოდ ხედავ შენი ოცნების ბიზნესს?


გაქვს იდეა, რომელზეც სულ გეფიქრება? როდესაც თვალებს ხუჭავ, ნათლად ხედავ როგორ გამოიყურება შენი კომპანიის ოფისი ან მაღაზია? უკვე ფიქრობ კმაყოფილ თანამშრომლებსა და მომხმარებელზე? მსგავსი ხედვა წარმატებული ბიზნესის საწინდარია.


4. პრობლემებს შესაძლებლობებად აღიქვამ?


ცვლილებებისა და დაბნეულობის დროს ანტრეპრენერები ირგვლივ იხედებიან და პრობლემების გამოსწორების საუკეთესო გზებს ეძებენ. შიშის გამო აძლევენ საკუთარ თავში არ იკეტებიან. თუ არც შენ იქცევი ასე და შეგიძლია პრობლემა ახალ გამოწვევად აქციო, იცოდე, რომ ანტრეპრენერის ერთი მნიშვნელოვანი თვისება გაქვს.


5. შეგიძლია წარმოიდგინო ყველაზე უარესი სცენარი და არ შეშინდე?


ოპტიმიზმი კარგი რამ არის, მაგრამ როცა საქმე ფინანსებს და ცხოვრების რადიკალურად შეცვლას ეხება, უმჯობესია წარმოიდგინო უარესი და საკუთარ თავს ჰკითხო: რა შეიძლება მოხდეს ყველაზე ცუდი? როგორ გავაგრძელებ ცხოვრებას ამის შემდეგ?
უარესისთვის მზად ყოფნა გეხმარება დაძლიო ის წვრილ-წვრილი პრობლემები, რაც წარმატების გზაზე გელოდება, მაგრამ შესაძლოა ყველაზე ცუდი ამბის შიშმა იმდენად გძლიოს, რომ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ამიტომ დაფიქრდი – გაქვს უნარი ცუდზე იფიქრო და უკეთ გახდე?


6. საკუთარი ბიზნესის წარმოდგენაზე გული სწრაფად გიცემს?


გულისცემა მატულობს, სუნთქვა ხშირდება, სახეზე კმაყოფილების ღიმილი გადაგირბენს, თვალები გიბრწყინავს. იცი ეს გრძნობა? ეს მაშინ ხდება, როცა საკუთარ კომპანიაზე ფიქრს იწყებ. ენდე საკუთარ სხეულსა და გულს.


გახსოვდეს:
ფული არ უნდა იყოს მთავარი მიზეზი, რის გამოც ბიზნესს იწყებ, მაგრამ თუ არ აპირებ მოგების მიღებას, მაშინ ჰობი გქონია და არა ბიზნესი.

მარიამ ელიაშვილი