ლურჯი ვერსია

ადგილი, სადაც იდეები გლობალურ ფირმებად, ოცნება კი რეალობად იქცევა

05 თებერვალი 2021

ვინ გახსენდება გენიოსი სტარტაპერის გაგონებაზე? ალბათ ილონ მასკი ან სტივ ჯობსი. მაგრამ, იმაზე თუ გიფიქრია, რომ სტარტაპს არავინ (უფრო სწორად, ვერავინ) ქმნის მარტო?

საინტერესოა, როგორ ახერხებენ ადამიანები გენიალური იდეების რეალიზებას და რამდენი კეთილი ხელი ეხმარება სტარტაპერს წარმატების მიღწევაში.

ამ სტატიაში მოგიყვებით Y Combinator-ზე (იგივე YC-ი), ამერიკულ სტარტაპ–აქსელერატორზე, რომელიც 2005 წლის მარტში დაარსდა პოლ გრემის მიერ და რომელმაც ძალიან ბევრ, დღეს უკვე წარმატებულ და გლობალურ ბიზნესში პირველი ინვესტიცია განახორციელა. მათ შორის არიან ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა Stripe-ი, Airbnb-ი, Coinbase-ი, Dropbox-ი, Twitch-ი, Reddit-ი და სხვ.


მცირე სტატისტიკა

აქსელერატორის მიერ აყვანილი სტარტაპების საერთო ღირებულება $155 მილიარდზე მეტია, 100-ზე მეტი კომპანია კი $150 მილიონადაა შეფასებული. კიდევ უფრო საინტერესოა ის ფაქტი, რომ მსოფლიოში 10 ყველაზე ძვირადშეფასებულ კომპანიათა სიიდან ორი (Airbnb-ი და მიტანის სერვისი DoorDash-ი) სწორედ Y Combinator-ში დაიწყო.

ასეთი შედეგების მიზეზი ისაა, რომ, ფინანსური მხარდაჭერის გარდა, YC დამწყებ სტარტაპერებს ყველასგან გამორჩეულ გამოცდილებას სთავაზობს. კონკრეტულად რა განასხვავებს მას სხვა აქსელერატორებისგან და როგორ უნდა მოვხვდეთ მსოფლიოს საუკეთესო მენტორებთან, ამაზე ცოტახანში ვისაუბრებთ. მანამდე კი,


როგორ მუშაობს Y Combinator-ი?

YC-ში მოსახვედრად საჭიროა სააპლიკაციო ფორმის შევსება, რომელშიც ლაკონურად და ამომწურავად უნდა ახსნათ, თუ რა გამოგარჩევთ სხვებისგან. დაინტერესების შემთხვევაში, Y Combinator-ის წარმომადგენლები დაგიკავშირდებიან და ინტერვიუზე დაგიბარებენ, რაც მიღების საბოლოო საფეხურია.

ამ ეტაპის გადალახვის შემდეგ იწყება 3 თვიანი მოსამზადებელი პერიოდი. ფაზის განმავლობაში სტარტაპერები პირველად დაფინანსებას (ე.წ. Seed Funding) იღებენ, საკუთარ იდეებს აუმჯობესებენ და ხვდებიან YC-ის წარმომადგენლებსა და დამფუძნებლებს, რომელთაც ეს გზა უკვე განვლილი აქვთ. ინფორმაციის მიმოცვლისა და იდეების სრულყოფის პროცესში სტარტაპერები კომპანიის წამოწყების უნარ-ჩვევებს ითვისებენ.

მოსამზადებელი ეტაპის დროს მონაწილეებს ჯგუფური სამუშაოები ეძლევათ. ისინი გამოცდილი წარმომადგენლების წინაშე საკუთარ სტარტაპებზე საუბრობენ, კოლეგებს რჩევებს უზიარებენ და ა.შ..

როგორც თავად კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მათი მიზანია, სტარტაპერებს პირველი ეტაპის გადალახვაში დაეხმარონ. ეს კი, მარტივი იდეის განიალურ იდეად გარდაქმნას გულისხმობს:

„ჩვენ მიგიყვანთ იმ წერტილამდე, საიდანაც თქვენი შთამბეჭდავი წამოწყება მომგებიანი გახდება. ყველაზე მთავარი, რასაც სტარტაპერებთან მუშაობის დროს ვაკეთებთ, მათი იდეების დახვეწაა.

ძალიან დიდი დრო დავხარჯეთ იმის გასარკვევად, თუ როგორ იქმნება ხალხისთვის საჭირო პროდუქტი. მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად, დღეს ძალიან მოკლე დროში შეგვიძლია ნებისმიერი კარგი იდეის სწორი მიმართულებით განვითარება და ამბიციური მიზნების რეალიზება.“

მე-11 კვირის მიწურულს YC-ში ე.წ. “Demo Day” ეწყობა, სადაც სტარტაპერები სპეციალურად მოწვეული გავლენიანი ინვესტორების წინაშე წარსდგებიან.

3 თვის გასვლის შემდეგ პროგრამა სრულდება. თუმცა, როგორც YC-ში ამბობენ, გრძელდება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ – ურთიერთობები. სწორედ აქ იმალება ის მთავარი უპირატესობები, რაც Y Combinator-ს ყველა სხვა აქსელერატორისგან გამოარჩევს.


რატომ Y Combinator-ი


ძლიერი საზოგადოება

დღეს YC-ის მიერ დაფინანსებულთა შორის 3,000-მდე კომპანია და 6 000-მდე დამფუძნებელია. გუნდი დღემდე ინარჩუნებს მჭიდრო კავშირს, რადგან აქსელერატორის შემქმნელებისთვის ლოიალური საზოგადოების ფორმირება და დახმარების კულტურა თავიდანვე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებას წარმოადგენდა.

YC-ის საზოგადოებამ იცის, რომ თუ მათ ოდესმე დახმარება დასჭირდებათ, განკარგულებაში 6 000-ზე მეტი დომენის ექსპერტი და უამრავი ლოიალური ბიზნესპარტნიორი ჰყავთ.


BookFace – ექსპერტების მონაცემთა ბაზა

BookFace-ი წარმოადგენს ფორუმს, რომლის გამოყენებითაც YC-ის საზოგადოების წევრები – და არა მარტო – ერთმანეთს უკავშირდებიან. პლატფორმა ფეისბუკის, Quora-სა და LinkedIn-ის ერთგვარი ნაზავია და შექმნილია იმისათვის, რომ სხვადასხვა საკითხით დაინტერესებულმა პირებმა ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარონ.

ფორუმზე გაწევრიანებულ ადამიანებს შორის არიან მსოფლიოს მოწინავე ექსპერტები სხვადასხვა სფეროში. თუ მათი რჩევები დაგჭირდებათ, შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი შეკითხვა Bookface-ის ფორუმზე, მონიშნოთ ექსპერტები და მათგან საჭირო ინფორმაცია მიიღოთ.


YC-ის ბანაკი

Y Combinator-ი ყოველწლიურად მასპინძლობ კურსდამთავრებულებს საზაფხულო ბანაკებში. ბანაკები გაჯერებულია შემეცნებითი და გასართობი აქტივობებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მონაწილეებს (კურსდამთავრებულებს, დამფუძნებლებს) შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთში საინტერესო იდეები გაცვალონ, გადაჭრან სხვადასხვა პრობლემები და მიიღონ ცოდნა, რომელმაც შესაძლოა ისინი მომავალში დიდ სტარტაპერებად აქციოს.

პირველი მომხმარებლები

B2B და სამომხმარებლო კომპანიების პირველი მომხმარებლები, ხშირად, YC-ის საზოგადოებიდან არიან. დასაწყისისთვის ძალიან კარგად ჟღერს, არა?!

ეს სტარტაპერებისთვის არა მხოლოდ პირველი მომხმარებლების, არამედ პროდუქტთან დაკავშირებული მოსაზრებების მიღების შანსიცაა.


გამოცდილება

განმასხვავებელ ნიშნებს შორის აუცილებლად უნდა აღინიშნოს Y Combinator-ის, როგორც ბრენდის, სანდოობა. კომპანიას თითქმის 20 წლიანი გამოცდილება, ძლიერი საზოგადოება და უამრავი ერთგული პარტნიორი ჰყავს. YC-ის „სამკერდე ნიშნის“ ფლობა ნებისმიერ გლობალურ ბაზარზე მნიშვნელოვან უპირატესობად ითვლება.

აღსანიშნავია ისიც, რომ YC ბევრად უფრო ადრე შეიქმნა, ვიდრე აქსელერატორების უმეტესობა. ეს ფაქტი და წლების მანძილზე დაგროვებული შეუფასებელი გამოცდილება სწორედ ის ფაქტორებია, რაც მას “უსამართლო” უპირატესობას ანიჭებს.


რა კრიტერიუმებით ხდება სტარტაპერების შერჩევა?

სტარტაპების შერჩევა ხანგრძლივი პროცესია, რომლის დროსაც აქსელერატორის წარმომადგენლებს ათი ათასობით განაცხადის წაკითხვა უწევთ. მიუხედავად აპლიკანტების სიმრავლისა, ბუნებრივია, მათგან მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი გადადის შემდეგ ეტაპზე.

შეუძლებელია ზუსტად განვსაზღვროთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ და რა არ უნდა გავაკეთოთ მომდევნო ეტაპზე მოსახვედრად. როგორც აქსელერატორის გუნდის წევრები აღნიშნავენ:

“ჩვენთან ყოველწლიურად ძალიან ბევრი განაცხადი შემოდის. განაცხადების ძალიან მცირე ნაწილი შესანიშნავია და თავიდანვე იქცევს ჩვენს ყურადღებას, გარკვეული ნაწილი ძალიან ცუდია, ხოლო უდიდესი ნაწილი მერყეობს კარგსა და ცუდს შორის. შესაბამისად, აუცილებელია თითოეულის გულდასმით წაკითხვა, რათა ნამდვილად კარგი იდეები ხელიდან არ გავუშვათ.“

სწორედ ამიტომ, სანამ განაცხადს გაგზავნი, დარწმუნდი, რომ შენს მილიონიან იდეას სრულყოფილად წარმოაჩენ. აქ ყურადღება ენიჭება:


გუნდის წევრებს

როგორც ზემოთ აღვნიშნე, YC-ში ურთიერთპატივისცემა და გუნდურობა მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს. თუმცა, ეს საკმარისი არაა. აქსელერატორის მიერ წარმოებულ გზამკვლევებში ხშირად გვხვდება, რომ გუნდის გამოცდილება და შემართება სტარტაპის წარმატებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეცადეთ, კარგად წარმოაჩინოთ საკუთარი თავები განაცხადის შევსებისას. გამოავლინეთ თქვენი ამბიციურობა და მიზანდასახულობა. Y Combinator-ი ის ადგილია, სადაც იდეაზე ძვირად გუნდი ფასობს.


კონკრეტულობას

შესაძლოა მარკეტინგის დეპარტამენტში მოსახვედრად გაბერილი, მაგრამ არაფრის მომცემი ფრაზები მომგებიანი იყოს, მაგრამ როგორც YC-ში ამბობენ – ეს მათთვის უბრალო ხმაურია. ისინი გვირჩევენ, ვიყოთ უფრო მეტად კონკრეტულები და საუბრის მთელი დრო მოვახმაროთ იმ სპეციფიკური მახასიათებლების განხილვას, რომლებიც ჩვენს იდეას სხვებისგან გამოარჩევს.

იყავი სპეციფიკური სტარტაპზე საუბრისას. წარმოაჩინე შენი სტარტაპის საუკეთესო მხარეები. ახსენი, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი შენი წამოწყება. თუ უკვე გყავს რეალური მომხმარებლები, აუცილებლად დაწერე ამის შესახებ და ასევე ის, თუ რატომ ყიდულობენ ისინი შენს სერვისს/პროდუქტს. ისაუბრე მხოლოდ სამი საკითხის ირგვლივ:

პრობლემა

პრობლემის გადაწყვეტის გზა

რა გამოგარჩევს სხვებისგან


გეგმის სრულყოფილებას

შემოიკრიბეთ საკუთარი გუნდის წევრები და ერთმანეთს ყველაზე ჩამჭრელი კითხვები დაუსვით, რათა აღმოაჩინოთ ნებისმიერი ხარვეზი. იყავით კრიტიკული და, რაც მთავარია, ბოლომდე ირწმუნეთ საკუთარი თავის.

ისიც გახსოვდეთ, რომ რაც უფრო სწრაფად გაივლით რეგისტრაციას, მით უფრო მეტი დრო ექნება კომისიას თქვენი განაცხადის განსახილველად.


და ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა YC-სგან – არასდროს დანებდე!

უკვე გამოცდილი დამფუძნებლები გვირჩევენ, რომ არასდროს შევწყვიტოთ ცდა. პირიქით, მათ მოსწონთ შეუპოვარი ადამიანები.

გახსოვდეს! YC-ის მიერ მხარდაჭერილი სტარტაპების დიდი ნაწილი, რომელთაც დღეს ძლიერ გლობალურ კომპანიებად ვიცნობთ, პირველი მცდელობისას ვერ მოხვდნენ აქსელერატორის მიერ შერჩეულ კანდიდატთა სიაში.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

დავით დობორჯგინიძე

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა