ლურჯი ვერსია

კარგი UX დიზაინის პრინციპთა შესანიშნავი შვიდეული 

24 აგვისტო 2021

ფიქრობ, რომ გემოვნებაზე არ დავობენ?

მე და პოლ გრემი ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით. პოლის თქმით, ეს კონფლიქტის ასაცილებლად ზრდასრულების მიერ შეთხზული მორიგი ტყუილია, რომელიც საკუთარ თავთან იმ წუთიდან მოდის წინააღმდეგობაში, როცა მუზეუმის პირველად სტუმრობისას “მონა ლიზას” უპირობო გენიალურობაზე იწყება საუბარი.

კარგი გემოვნება კარგ დიზაინს ქმნის. კარგი UX დიზაინი კი, მობილური აპლიკაციისა და ვებგვერდის წარმატებაში ერთ-ერთ უმთავრეს როლს თამაშობს.

თუ გაინტერესებს, როგორ ისახება პოლ გრემის მიერ შემჩნეული კარგი დიზაინის პრინციპები ტექ-სტარტაპების პროდუქტებში, გირჩევ ამ სტატიას გაეცნო. აქ კი, კონკრეტულად UX დიზაინის შესახებ ვისაუბრებ. მოდი, თავიდანვე განვმარტოთ, რა არის UX დიზაინი, რა კავშირი აქვს მას UI-სთან და როგორ უნდა გავხადოთ მისი დახმარებით ვებსაიტი ისეთივე უპირობოდ გენიალური, როგორიც და ვინჩის “ვიტრუვიუსის ადამიანია”.


UX თუ UI

ერთმანეთში ხშირად არეული UX და UI დიზაინი, ისევე განუყოფელნი არიან, როგორც რიდლი სკოტის თელმა და ლუიზა. პროდუქტის ეს ორი უმნიშვნელოვანესი ელემენტი ერთად მუშაობს, მაგრამ მათი ფუნქციები საკმაოდ განსხვავებულია. ამიტომაც პირველ რიგში, გავარკვიოთ, რას მოიცავს თითოეული.


UX დიზაინი

UX (User Experience) დიზაინი წარმოადგენს გზას ადამიანებზე ორიენტირებული პროდუქტის შემუშავებისკენ. 90-იანი წლების ბოლოს, დონ ნორმანმა, კოგნიტურმა მეცნიერმა და Nielsen Norman Group Design Consultancy-ის თანადამფუძნებელმა, შემოიღო ტერმინი მომხმარებლის გამოცდილება. მისი თქმით:

“მომხმარებლის გამოცდილება მოიცავს კომპანიასთან, მის სერვისებსა და პროდუქტთან მომხმარებლის ურთიერთქმედების ყველა ასპექტს”.

ამ ზოგადმა განმარტებამ არ დაგაბნიოს. იდეაში, UX ეხება ყველაფერს, რისი განცდაც შეიძლება – დაწყებული ვებგვერდით, დამთავრებული ყავის აპარატითა თუ სუპერმარკეტში ვიზიტით. თუმცა, ტერმინი გამოჩენის დღიდან ციფრულ სამყაროსთანაა გადაჯაჭვული, რაც იმ პერიოდში მიმდინარე ტექნოლოგიური ინდუსტრიის რევოლუციამ განაპირობა.

ერთი სიტყვით, UX დიზაინის მიზანი არის მარტივი, ეფექტური და ყოველმხრივ სასიამოვნო გამოცდილების შეთავაზება მომხმარებლისთვის.


UI დიზაინი

UI (User Interface) დიზაინი ვიზუალური ნიშნების ენა და ზემოთხსენებული UX-ის შემავსებელია. ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, UI ციფრული ტერმინია. ის პროდუქტის ყველა ვიზუალურ და ინტერაქტიულ ელემენტს ითვალისწინებს: გამოსახულებები და ღილაკები, წარწერები და მათ შორის დაშორება, ტიპოგრაფია, გამოყენებულ ფერთა გამა და ადაპტირებული ვებდიზაინი (responsive design)...


ერთობლივი საქმე

მოკლედ, UX დიზაინი დაკავშირებულია გამოცდილებისგან მიღებულ საერთო შეგრძნებასთან, ხოლო UI დიზაინი იმასთან, თუ როგორ გამოიყურება და ფუნქციონირებს პროდუქტის ინტერფეისი.

“UI არის უნაგირი, ლაგამი და სადავეები, UX კი ის განცდა, რომელიც ცხენზე ჯირითისას გეუფლება”წერს ვებ დეველოპერი დეინ მილერი.

დამეთანხმები და, განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი ჯირითისთვის ორივე მნიშვნელოვანი კომპონენტია. თუმცა სანამ იმაზე დაიწყებ ფიქრს, თუ რა ფერისა და ფორმის ღილაკები გინდა, ჯერ უნდა განსაზღვრო, საერთოდ რისი ღილაკები გჭირდება და სად. მართალია, ეს ორი ელემენტი ერთმანეთს ავსებს, მაგრამ UX დიზაინი ყოველთვის წინ უსწრებს UI-ის.


UX დიზაინის პრინციპთა შვიდეული

მგონი ჩემი დარწმუნება აღარც გჭირდება, რომ UX დიზაინი წარმატების გასაღებია. დროა, ის 7 პრინციპი განვიხილოთ, რომელიც კარგ UX-ს საფუძვლად უდევს და ვებსაიტით სარგებლობას მარტივ, სასიამოვნო პროცესად გარდაქმნის.


1. მომხმარებელი უპირველეს ყოვლისა

“დიზაინი კომუნიკაციის ხელოვნებაა და გულისხმობს იმ ადამიანის სიღრმისეულად გაგებას, ვისთანაც დიზაინერი ურთიერთობს” – წერს დონ ნორმანი თავის წიგნში “ყოველდღიური ნივთების დიზაინი”.

მართალია, ამ კომუნიკაციას უფრო ირიბი შეიძლება ეწოდოს, მაგრამ დიზაინერი ვერ გაწყვეტს კავშირს ადამიანთან, რომლისთვისაც პროდუქტი იქმნება. UX დიზაინის მთავარი არსი სწორედ მომხმარებელზე ორიენტირებულობაში მდგომარეობს. მთავარია “ფორმა მუდამ მიყვებოდეს ფუნქციას” და ადრეული ეტაპიდანვე ვებსაიტის დიზაინი მომხმარებლის საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ ისწრაფოდეს.

ვინაიდან დედამიწა მომხმარებლის გარშემო ბრუნავს, მისი მოთხოვნებისა და სურვილების დასადგენად UX დიზაინერი სხვადასხვა მეთოდს იყენებს, იქნება ეს კვლევები, გამოკითხვები, ბრეინსტორმინგი, თუ სხვა.

მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინი (User Centered Design – UCD) საკუთარი მომხმარებლის მოსმენაში გეხმარება. თუ გეცოდინება, როგორ და რისთვის სურთ ვებსაიტის გამოყენება, სწორედ იმას შესთავაზებ, რასაც შენგან ელიან. სწორედ ამ ხედვიდან მომდინარეობს ტერმინი დიზაინერული აზროვნება, რომელიც სტარტაპის განვითარების ერთ-ერთი გავრცელებული მოდელია.


2. სტაბილური ხასიათი

UX დიზაინის წარმატებისთვის მორიგი აუცილებელი მახასიათებელი სტაბილურობაა. თუ მომხმარებელს ერთი და იმავე ოპერაციის განსახორციელებლად ყოველ ჯერზე ახალი გზის გამოძებნა მოუწევს, ეს დამაბნეველი იქნება და იმედგაცრუებასაც გამოიწვევს.

სტაბილურობა გულისხმობს, რომ დიზაინი და ფუნქციები უცვლელი რჩება ვებსაიტის ყველა გვერდზე. შესაბამისად, მომხმარებელი პლატფორმის გაგებაში ნაკლებ დროს ხარჯავს და შეუძლია პირდაპირ იმ საქმეს მიხედოს, რისთვისაც შენთან მოხვდა.

სავარაუდოდ, გსმენია Duolingo-ს შესახებ. ეს სახალისო აპლიკაცია უცხო ენების შესასწავლად ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა შეუქმნა მომხმარებელს სრული კომფორტი ერთმანეთთან შერწყმული ფერებით, ილუსტრაციებითა და სხვა ელემენტებით. ქვედა სურათზე ნაჩვენებია, როგორ შეიცვალა პლატფორმა წლების განმავლობაში, ერთი შეხედვითაც მიხვდები, რომ ვიზუალების დახვეწის გარდა, ბევრი არაფერი შეცვლილა. Duolingo-მ სტაბილურობა აპლიკაციის განახლებისასაც კი შეინარჩუნა:

სტაბილური ხასიათის შენარჩუნება გიჟური იდეებისგან თავის შეკავებასაც მოიცავს. თუმცა არ ჩათვალო, რომ სიახლეებისთვის უარის თქმა მოგიწევს. წარმატების საიდუმლო ინოვაციასა და სტაბილურობას შორის ოქროს შუალედის შენარჩუნებაა.


3. იერარქიული წყობა

ვებსაიტის სტუმრობისას დგება რაღაც გარდამტეხი წამი,რომელიც გადაგვაწყვეტინებს, ვაპირებთ თუ არა მასზე დარჩენას. შენი მიზანი მსგავსი დამთვალიერებლის ჩათრევა უნდა იყოს, რაშიც იერარქიული წყობა გამოგადგება.

ჩვენი ქვეყანა დასავლურ სამყაროს მიეკუთვნება და მოსახლეობის უმეტესობა მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვემოთ იწყებს კითხვას. როცა იცი, უპირველესად საით მიემართება მომხმარებლის თვალი, მნიშვნელოვან ინფორმაციასაც მის შესაბამისად განალაგებ.

იერარქიულ პრინციპზე დაყრდნობით ფერთა კონტრასტი, ღილაკებისა თუ წარწერების ზომა და მათი განლაგება მომხმარებელს სწორ გზაზე დააყენებს და შენ მიერ წინასწარ შერჩეულ ელემენტებზე გაამახვილებინებს ყურადღებას. თუ ვებგვერდზე დიდი რაოდენობით ტექსტი გვხვდება, სჯობს “F” ფორმის ბილიკი გაკვალო (მარცხენა სურათი). ხოლო თუ პირიქით, გამოსახულებები და სურათებია მეტი, მაშინ “Z” ფორმა გამოგადგება (მარჯვენა სურათი).

4. გარემო ფაქტორები

შესაძლოა, შენმა ვებსაიტმა ძალიან მომხიბლოს, როდესაც ჩემს მყუდრო ოთახში განმარტოებული ლეპტოპს მივუჯდები. საინტერესოა, რამდენად მომეწონება შემოთავაზებული პროდუქტის ხმაურიანი კლუბიდან მობილურით დათვალიერება?

თუ უახლეს სტატისტიკას დავეყრდნობით, 2021 წლის დასაწყისში მსოფლიო მასშტაბით ვებგვერდების მნახველთა 54,8 პროცენტი სწორედ მობილურ მოწყობილობებს იყენებდა.

როგორც შევთანხმდით, აუცილებელია იხელმძღვანელო პრინციპით – მომხმარებელი უპირველეს ყოვლისა. კარგი UX დიზაინის შეთავაზებისთვის კი, უნდა გაითვალისწინო, რომელი პლატფორმის გამოყენებით ან რა ხელისშემშლელი გარე ფაქტორების ფონზე სტუმრობენ შენს საიტს მომხმარებლები.

დონ ნორმანის აზრით, განურჩევლად იმისა, ჰქონდა თუ არა ეს დიზაინერს განზრახული, ყოველი ვებგვერდი მომხმარებელს განსხვავებული ემოციით მუხტავს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, შენი სტარტაპი სტრესულ გარემოში დადებითი ემოციებს იწვევდეს.


5. მომხმარებლის მმართველობა

ჭკვიან მმართველს ხელისუფლების განაწილება ვერ შეაშინებს. ვებგვერდმა მომხმარებელს თავისუფალი და კომფორტული გარემო უნდა შესთავაზოს და არ ჩათვალოს, რომ ამ თავისუფლების მინიჭებით მის დაბნევას გამოიწვევს.

თუმცა არც აბსოლუტური ძალაუფლების გადაცემა გაამართლებს, ვინაიდან დიდი რაოდენობით ინფორმაციის დამუშავება და ზედმეტად ბევრი გადაწყვეტილების მიღება რიგითი მომხმარებლისთვის დამღლელი და მოსაბეზრებელია.

მომხმარებელი უნდა გრძნობდეს, რომ თავად აკონტროლებს სიტუაციას. რაიმე შეცდომის დაშვების შემთხვევაში კი, ყოველთვის მარტივად უნდა მოიძებნებოდეს უკან დასაბრუნებელი ღილაკი (“go back”). მსგავსი გასასვლელის არსებობა და განხორციელებულ ქმედებათა განახლების შესაძლებლობა მომხმარებელს უფრო თავდაჯერებულს, ხოლო სერვისს მეტად სასიამოვნოს ხდის.


6. ხელმისაწვდომობა

კონსტიტუცია გვეუბნება, რომ ადამიანების დისკრიმინაცია რასის, წარმოშობის, ენის, საცხოვრებელი ადგილისა თუ სხვა ნიშნით აკრძალულია და შენი ვებგვერდიც ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2011 წლის ანგარიშით, მსოფლიო მოსახლეობის 15%-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები შეადგენდნენ. ამიტომაც მნიშნელოვანია მათი ინტერესების გათვალისწინება და თითოეულ მომხმარებელზე მორგებული სერვისის შეთავაზება.

მეტად ხელმისაწვდომი დიზაინის შემუშავება, ამავდროულად ვებგვერდის დახვეწაშიც დაგეხმარება. მაგალითად, თუ მხედველობის დარღვევის მქონე ადამიანებისთვის კომფორტის შექმნას დაისახავ მიზნად, გადატვირთული ვიზუალური ეფექტების გამოყენებას მოერიდები. გენიალურობა რომ სიმარტივეშია, ამაში დიტერ რამსიც გვეთანხმება.


7. გამოყენებადობის ტესტირება

დიზაინერულ აზროვნებასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ეს პრინციპი პრობლემების აღმოჩენისა და გადაჭრის საუკეთესო გზაა. მნიშვნელოვანია გახსოვდეს, რომ პროცესი ვებგვერდის გაშვებით არ წყდება. მომხმარებელთან კავშირზე ყოფნა აუცილებელია, როგორც საწყის, ისე განვითარების შემდგომ სტადიებზე.

მზარდი კომპანიებისთვის უკუკავშირის მიღება გადამწყვეტია. სწორედ გამოყენებადობის ტესტირების მსგავს სისტემათა მეშვეობით ადგენ, რამდენად კარგად ფუნქციონირებს შენი ვებსაიტი და მუდმივად აუმჯობესებ მას.

თუ პოლ გრემს დავესესხებით:

“რაღაც დიდებულის შესაქმნელად აუცილებელია დახვეწილი გემოვნება და მისი ხორცშესხმის უნარი”.

ეს მიდგომა ჩვენს პრინციპთა შესანიშნავ შვიდეულთან კომბინაციაში იდეალური UX დიზაინის ისეთ რეცეპტს მოგცემს, რომელზე დავაც მოგინდება.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ელენე ჯანელიძე

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა