ლურჯი ვერსია

მარტივი მოდელი სტარტაპში პრიორიტეტებისა და დროის სწორი განაწილებისთვის (YC)

22 ივნისი 2021

რამდენ დროს უთმობ დროის სწორი განაწილების დაგეგმვას?

მინიშნება: აზრად მოსული ყველა დავალების ჩამოწერა დროის სწორი განაწილება არ არის.

“შენ ძალიან მაგარი უნდა იყო იმ დავალებების ამოცნობასა და პრიორიტეტის მინიჭებაში, რომლებიც შენს სტარტაპზე ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს.”

ასე იწყება YCombinator-ის (YC) პარტნიორის, ადორა ჩენგის, პრეზენტაცია დროისა და პრიორიტეტების მართვაზე. მის მიერ შემოთავაზებული მოდელი იმდენად მარტივი და სადაა, გაგიკვირდება, თავად რატომ არ მოგაფიქრდა აქამდე.

სტარტაპში უამრავი განსხვავებული ხასიათის ამოცანების შესრულება გიწევს. ამ პროცესს რაღაც ჩარჩოში თუ არ მოაქცევ, ერთ დღესაც აღმოაჩენ, რომ გათენებული ღამეები და კომპიუტერთან გატარებული შაბათ-კვირები სულ ტყუილად გაგიფლანგავს. ადორას მოდელი დაგეხმარება, შენს ხელთ არსებული დროის ყოველი წუთი სტარტაპის რეალური ზრდისკენ მიმართო.

ამ სტატიაში შემოგთავაზებ დავალებების გაფილტვრისა და მათი პრიორიტეტების მიხედვით დალაგების ეფექტურ ხერხს. ამასთან, აქვე გაგიზიარებ ყოველკვირეული პროგრესის შეფასების მოდელს, რომელიც მომდევნო კვირის წინაზე უკეთ დაგეგმვაში დაგეხმარება.


დავალებების გაფილტვრა

წარმოვიდგინოთ, რომ კვირის განმავლობაში უკვე იცი, რამდენ დროს უთმობ შენს სტარტაპს და რამდენს – სხვა აქტივობებს (ოჯახს, მეგობრებს, ძილს, დასვენებას…). წარმოვიდგინოთ ისიც, რომ უკვე ჩამოწერილი გაქვს შენი სტარტაპისთვის განსაზღვრულ დროში შესასრულებელი ამოცანები.

დარწმუნებული ვარ, ყველა დავალება ერთმანეთზე მნიშვნელოვნად ან სასწრაფოდ გეჩვენება. ასეთ მოცემულობაში მუშაობისას სტრესი და ნერვიულობა შენი დროის დიდ ნაწილს მოიცავს, საბოლოო შედეგი კი, არც თუ ისე სახარბიელოა.

მეტიც, ამ დავალებების უმეტესობა სულაც არაა იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ერთი შეხედვით ჩანს.

ადორა ორი ტიპის პროგრესს უსვამს ხაზს: ნამდვილს და ყალბს.

რეალურად, შენი სტარტაპის ზრდისთვის მხოლოდ ორი საზომია მნიშვნელოვანი:

  • აქტიური მომხმარებლები;

  • შემოსავალი.

ამ ორ საზომს კი, ორად-ორი აქტივობა შეესაბამება:

  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია;

  • პროდუქტზე მუშაობა.

ყველაფერი დანარჩენი, ყალბ პროგრესში მოიაზრება და ისეთ აქტივობებს მოიაზრებს, როგორებიცაა:

  • კონფერენციებზე სიარული;

  • უამრავ მრჩევლებთან კონსულტაციები;

  • ცნობილი ხალხის გაცნობა;

  • სოციალურ ქსელებში აქტიურობა;

  • სხვადასხვა ჯილდოების მოგებაზე ფოკუსირება…

ეს ყველაფერი შენი ეგოს დაკმაყოფილებას უფრო ემსახურება, ვიდრე პროდუქტის რეალურ განვითარებას. გაიხსენე ერიკ რისის პატივმოყვარეობის საზომები. ნებისმიერი აქტივობა, რომელიც პირდაპირ ურთიერთკავშირში არაა მომხმარებლების მოყვანასა და პროდუქტის გაუმჯობესებასთან, ავტომატურად მეორეხარისხოვანი ხდება.

“მიზანი სტარტაპერული პატივმოყვარეობის ამაღლება კი არა, შენი კლიენტისთვის ღირებულების შექმნაა.” – ადორა ჩენგი.

თუ ამ მარტივ (და სავსებით ლოგიკურ) ჭეშმარიტებას გავითავისებთ, ჩვენი დავალებების სია მარტივად გაიფილტრება ყალბი პროგრესის მომტანი აქტივობებისგან. გულსაც უფრო მოეშვება და ჩვენს ნერვულ სისტემასაც.

შემდეგი ეტაპი უკვე ჩვენს ხელთ არსებული ღირებული დავალებების ოპტიმიზაციაა.


დავალებებისთვის პრიორიტეტების მინიჭება

პრიორიტეტების დალაგება ერთჯერადი კი არა, ყოველკვირეული აქტივობაა.

პროცესი რამდენიმე საფეხურისგან შედგება, რომელთაგან ერთის გამოტოვებაც კი მთლიანად ანულებს შენი გეგმის ეფექტურობას. მოდი, მივყვეთ და მაგალითთან ერთად გავიაროთ თითოეული ეტაპი.


მიზანი

წარმოვიდგინოთ, რომ სტარტაპერული მოგზაურობის საწყის სტადიაზე ხარ. MVP (მინიმალური პროდუქტი) მზადაა და ახლა მისი დატესტვაა საჭირო. შენი კვირის გეგმების სია, დაახლოებით, ასე გამოიყურება:

კვირის მიზნის განსაზღვრამდე, ეს ამოცანები ერთნაირად პრიორიტეტული ჩანს (ჩვენ ხომ უკვე მოვაშორეთ ყველა ყალბი პროგრესისკენ მიმართული აქტივობა!). მაგრამ, როგორც კი ვიტყვით, რა არის დროის მოცემულ მონაკვეთში ჩვენი პრიორიტეტი, ყველაფერს სახე ეცვლება.

რადგან MVP ჯერ კიდევ ტესტირების ფაზაშია, მის დახვეწაზე მნიშვნელოვანი საიტზე მომხმარებლების შემოყვანა და მათგან უკუკავშირის მიღებაა. შესაბამისად, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ:

ამ კვირის მიზანი (5) მომხმარებლის მოყვანაა


გავლენა

ახლა უკვე შეგვიძლია, ჩვენი დავალებები იმის მიხედვით დავალაგოთ, თუ რამდენად დაგვეხმარება კონკრეტული ამოცანა მიზნის განხორციელებაში. ანუ, რამდენად პრიორიტეტულია ჩვენთვის კონკრეტული დავალების შესრულება?

ამ ნიშნით დავალებები სამი ჯგუფიდან ერთ-ერთში მოთავსდება:

  • მაღალი,

  • საშუალო

  • და დაბალი გავლენის მქონე.

იმის მიხედვით, თუ რა არის იმ კვირის მიზანი და რა დავალებებია თავმოყრილი ჩვენს ხელთ არსებულ სიაში, პრიორიტეტის მინიჭება საკმაოდ სწორხაზოვანი პროცესი ხდება. მაგალითში მოყვანილი ამოცანები შემდეგი თანმიმდევრობით დალაგდება:

როგორც ხედავ, მომხმარებლებზე ორიენტირებული დავალებები მაღალი გავლენით შეფასდა, პროდუქტზე ორიენტირებული კი – ნაკლებით. სწორედ ამაში გვეხმარება კვირეული მიზნების განსაზღვრა: პროდუქტზე მუშაობის გაგრძელებამ მომხმარებლებთან კომუნიკაციამდე, შესაძლოა, არასწორი მიმართულება აგვაღებინოს. ტესტირებისა და სწავლისთვის პრიორიტეტის მინიჭება უზრუნველყოფს, რომ MVP-ის დახვეწას წინ შესაბამისი კვლევა უძღოდეს.

რამდენიმე დავალებას, ხშირად, გავლენის ერთნაირი დონე ექნება. იმისათვის, რომ აქაც მოვახერხოთ თანმიმდევრობისა და საჭირო დროის სწორი განაწილება, დამატებითი საზომი უნდა შემოვიტანოთ.


სირთულე

ყველა დავალებას ერთი და იგივე დრო ნამდვილად არ სჭირდება. სირთულის მიხედვით მათი დალაგება, ერთის მხრივ, ყველაზე ოპტიმალურების პოვნაში, მეორეს მხრივ კი – ობიექტური მოლოდინების შემუშავებაში დაგეხმარება.

ისევე, როგორც გავლენის შემთხვევაში, ამოცანები აქაც სამ ჯგუფად იყოფა:

  • რთული,

  • საშუალო

  • და მარტივი.

მარტივ დავალებებად ისინი მიიჩნევა, რომლისთვისაც დღეზე ნაკლებია საჭირო. საშუალო დავალებები ერთ-ორ დღეს მოითხოვს, რთული კი – რამდენიმე დღეზე ან მთლიან კვირაზეც გადანაწილდეს.

ჩვენი ჰიპოთეტური ამოცანები რომ სირთულის მიხედვითაც გადავანაწილოთ, ასეთ სურათს მივიღებთ:

საბოლოოდ, ვიღებთ კვირეული ამოცანების ორგანზომილებიან სისტემას, სადაც უმარტივესია იმ დავალებების ამოცნობა, რომლებიც ყველაზე ოპტიმალურია:

  • მაღალი გავლენის მარტივი და მაღალი გავლენის საშუალო სირთული დავალებები ყველაზე ეფექტურ შედეგს მოგვცემს.

  • დაბალი გავლენის რთული და დაბალი გავლენის საშუალო სირთულის დავალებები ისინია, რომლებსაც მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ თავი.


არ დაგავიწყდეს!

კვირის მიზნის მიხედვით დავალებების პრიორიტეტები იცვლება. ის, რაც მაგალითში მოყვანილ დროის მონაკვეთში დაბალი გავლენით შეფასდა, მომდევნო კვირას, შეიძლება, ყველაზე პრიორიტეტული აღმოჩნდეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ეს სავარჯიშო ყოველ კვირას აწარმოო.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ყოველი კვირის ბოლოს შენი პროგრესი და გადაწყვეტილებების სისწორე შეაფასო.


შეფასებისთვის

იქონიე ჟურნალი, ვორდის დოკუმენტი, ან ექსელის გრაფა, სადაც ყოველკვირეულ პროგრესს შეაფასებ. ჩაინიშნე:

  • რა იყო კვირეული მიზანი და რას მიაღწიე სინამდვილეში კვირის ბოლოს;

  • რა იყო ყველაზე დიდი ხელის შემშლელი ფაქტორი მიზნის მიღწევაში;

  • რომელი დავალებები შეასრულე და, მოსალოდნელთან შედარებით, რა გავლენა ჰქონდა მათ მთავარ მიზანზე (მომხმარებლებისა და შემოსავლის ზრდაზე);

  • რა მნიშვნელოვანი გაკვეთილები მიიღე ამ პერიოდის განმავლობაში.

შემდეგ კი, გაეცი პასუხი შემდეგ კითხვებს:

  • სწავლობ თუ არა საკმარისად სწრაფად?

  • რამდენად შეესაბამება შენი მოლოდინები რეალობას?

  • ხომ არ შემოგეპარა ნაკლებად გავლენიანი სამუშაო კვირის განრიგში?

  • ხომ არ მეორდება რაიმე დიდი დაბრკოლება მუდმივად?

  • ასწრებ თუ არა დავალებების დროულად შესრულებას?

პასუხების მიხედვით, განაახლე მომდევნო კვირის გეგმები. თუ ადორას დავუჯერებთ, დროის მართვასთან დაკავშირებული პრობლემები ორიდან ერთ-ერთი გზით შეიძლება გადაიჭრას:

1. სავარაუდოდ, რთული დავალება ზედმეტად რთულია და კარგი იქნება, თუ მას საშოალო და მარტივი სირთულის ამოცანებად ჩაშლი;

2. შესაძლოა ისიც, რომ სტარტაპისთვის გამოყოფილი გრაფიკია შესაცვლელი.

ამ მეორე პუნქტს რამდენიმე დეტალი ახლავს თან. თუ შენი დღიური განრიგი ზედმეტად დახლეჩილია სხვადასხვა ტიპის აქტივობებით, დიდი შანსია, საკმარისად ვერ “შედიხარ” კონკრეტულ დავალებაში და არ გყოფნის გამოყოფილი დრო მის ბოლომდე, ეფექტიანად შესასრულებლად. მაგალითად, თუ ერთი საათი კოდზე მუშაობ, მეორე საათი კი მომხმარებლებთან ინტერვიუებზე დარბიხარ, ვერც კოდირებას მოაბამ თავს და ვერც – ინტერვიუებს.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად მარტივ მეთოდს ისევ პოლ გრემი გვთავაზობს თავის ერთ-ერთ ესსეში. პოლი გვირჩევს, ჩვენი კვირა ამოცანების მიხედვით დავაჯგუფოთ. მაგალითად, ერთ დღეს მხოლოდ კოდი ვწეროთ, მეორე დღეს კი – მხოლოდ კლიენტებს ვეურთიერთოთ.

ნებისმიერ შემთხვევაში, შენი დროის მართვასთან დაკავშირებულ პრობლემებს ვერასდროს შეამჩნევ, თუ დროის მართვას დროს არ დაუთმობ. აქვე გაგიზიარებ რამდენიმე სტატიას, რომლებიც დაგეხმარება, დროის მენეჯმენტი კიდევ უფრო მარტივ და სწორხაზოვან პროცესად აქციო:

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ანა მიქატაძე