ლურჯი ვერსია

3 მთავარი გაკვეთილი “lean სტარტაპიდან", რომლებიც კრიტიკულია ყველა ამბიციური სტარტაპერის სწრაფი ზრდისთვის

21 მაისი 2021

არ არსებობს წარმატებული სტარტაპერი, რომელსაც “lean” მეთოდოლოგია არ გამოუყენებია – მიუხედავად იმისა, სმენია თუ არა ამ ტერმინის შესახებ.

ანტრეპრენერ ერიკ რისის წიგნი “lean startup”, რომელიც ქართულად თარგმნეს, როგორც “წარმატებული სტარტაპი”, 2011 წელს გამოვიდა, 30 ენაზე ითარგმნა და მისი მილიონზე მეტი ასლიც გაიყიდა. ერიკი პირველი იყო, ვინც თავისი სტარტაპერული გამოცდილება პრაქტიკულ რჩევებად გარდაქმნა და განვითარების ციკლის ისეთი უნივერსალური მექანიზმი შემოგვთავაზა, რომელიც სტარტაპერობას სცდება და ყოველდღიურობაშიც ეფექტურად გამოიყენება (მე ამის ნათელი მაგალითი ვარ).

მათთვის ვისაც წიგნი ჯერ არ წაუკითხავს ან უნდა, კიდევ ერთხელ გადაუაროს მთავარი გაკვეთილებს, ამ სტატიაში მოკლედ შევაჯამებ წიგნს.


Lean მეთოდოლოგია ორი სიტყვით

Lean მეთოდოლოგიის ფუნდამენტური პრინციპი ერთ წინადადებაში შეგვიძლია შევაჯამოთ. წიგნის – ისევე, როგორც ამ სტატიის – დანარჩენი ნაწილი ამ პრინციპის სწორად იმპლემენტირებას ეხება.

Lean მეთოდოლოგია შენი ორგანიზაციის ფინანსური და ადამიანური რესურსების ოპტიმიზაციის გზაა, რომელიც მთლიანადაა მიმართული მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნისკენ. ის ორ ამომავალ დოგმას ეფუძნება: მუდმივი გაუმჯობესება და ხალხის პატივისცემა.


როგორ განმარტავს სტარტაპს ერიკი

“წარმატებულ სტარტაპში” აქცენტი სტარტაპებზე ტყუილად არ კეთდება – Lean მეთოდოლოგია განსაკუთრებით კრიტიკულია ინოვაციური წამოწყებებისთვის მათი ხასიათის გამო. ერიკი სტარტაპს თავის წიგნში ასე განმარტავს:

“სტარტაპი არის ადამიანებისგან შემდგარი ინსტიტუტი, რომლის მიზანიცაა ახალი პროდუქტისა თუ სერვისის შექმნა ექსტრემალური გაურკვევლობის ქვეშ.”

სწორედ აქედან მომდინარეობს მისი მეთოდოლოგიის ეფექტიანობა. ექსტრემალური გაურკვევლობა ექსტრემალურ მეთოდებს მოითხოვს გადარჩენისთვის. ამისათვის კი, ერიკის წიგნიდან ამოკრეფილ ხუთ ძირითად პრინციპს გთავაზობ:


1. ხშირად აწარმოე ექსპერიმენტები და სწრაფად ისწავლე შედეგებიდან

ბევრს ავიწყდება, რომ სტარტაპის გაშვების საწყისი ეტაპი მოთხოვნილების ვალიდაციას უნდა დაეთმოს. ის, რაც შენს თავში კარგ იდეად ჟღერს, შეიძლება სულაც არ იყოს ის, რაც მომხმარებლებს უნდათ. შენი პროდუქტისა თუ სერვისის მოთხოვნადი ფუნქციების ძიებას არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადაახტე და – რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია – რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარმართო.

ვინ იცის, როდის ამოყოფენ თავს ძლიერი კონკურენტები ან როდის გაგითავდება ფინანსური რესურსი.

ერიკის მთლიანი ფილოსოფია იწყება მინიმალურად სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის (MVP) შექმნის დღიდან. ანუ, მომენტიდან, როდესაც მომხმარებლებისგან უკუჩვენების მიღება და პროდუქტსა თუ სერვისში შესაბამისი ცვლილებების შეტანა შეგიძლია. ამას კი შემდეგ მნიშვნელოვან გაკვეთილამდე მივყავართ:


2. დააკვირდი და გამოიკვლიე კლიენტების რეალური ქცევა

როგორც Pebble-ის დამფუძნებელი და YCombinator-ის აქსელერაცია-გავლილი ერიკ მიგიცოვსკი აღნიშნავს:

“მომხმარებლებთან ლაპარაკი იმდენად კრიტიკულია, რომ YCombinator-ის სწავლებების ამომავალი წერტილი ორი რამის აუცილებლად გაკეთებაა: კოდის წერა ან პროდუქტის შექმნა და მომხმარებლებთან ლაპარაკი.”

მის სიტყვებში ზუსტად ირეკლება ერიკ რისის დამოკიდებულებაც კლიენტებთან კომუნიკაციაზე. თუ ოდესმე გადაწყვეტ წიგნის წაკითხვას, აღმოაჩენ, რომ ის არაერთხელ უბრუნდება პირად სტარტაპგამოცდილებას, სადაც მთავარი პრობლემა (და კომპანიის თითქმის დაღუპვის მიზეზი) იმის კეთებაზე ფოკუსირება იყო, რაც მომხმარებლებს თურმე საერთოდ არ ესმოდათ.

პროდუქტის შენება გეზის გარეშე დანიშნულების წერტილამდე ვერ მიგიყვანს.

მიგიცოვსკის მთლიან პრეზენტაციას თუ მოუსმენ, უამრავ პრაქტიკულ რჩევას მიიღებ კლიენტებთან სწორ ინტერვიუებზე.


3. ფოკუსირდი მხოლოდ პრაქტიკულ საზომებზე

პატივმოყვარეობის საზომები ჩვენს სტატიებში არაერთხელ გვიხსენებია. რომ გავიხსენოთ: შენს კომპანიას შეიძლება ჰქონდეს რაღაც საზომი, რომელიც კარგად გამოიყურება და წარმატებას გიქადის, თუმცა ამან თავგზა არ უნდა აგირიოს. დროებითი წარმატება არ ნიშნავს, რომ პროცესი სულ ასე გაგრძელდება. ერიკ რისი საზომებს, რომლებიც კარგად გამოიყურება, მაგრამ უბრალოდ თავგზას გირევს, პატივმოყვარეობის საზომებს უწოდებს.

რა სიკეთეს მოგიტანს ერთი მილიონი ვიზიტი საიტზე, თუ შენს პროდუქტს არც ერთი მათგანი ყიდულობს? ან რა სარგებელი გააჩნია ერთ მილიონ დარეგისტრირებულ მომხმარებელს, თუ მას შემდეგ შენი შეთავაზებით არც ერთს უსარგებლია?

სწორად შეარჩიე საზომები, რომლებიც რეალურ სურათზე მიგითითებს. ამაში ჩვენი სტატიაც დაგეხმარება, სადაც მდგრადი ზრდის 3 მაჩვენებელს განვიხილავთ.


4. შეიცვალე ან შეინარჩუნე გეზი ვალიდური შედეგების მიხედვით

ამ გაკვეთილში “ვალიდური” საკვანძო სიტყვაა.

ხშირად გვძლევს ხოლმე სულსწრაფობა და თავდაუჯერებლობის, სიჯიუტისა თუ ახალი შესაძლებლობების იმედად იმპულსურ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. Lean მეთოდოლოგია მოგვიწოდებს, ვისწავლოთ და ვცვალოთ, რაც შეიძლება სწრაფად. მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი სტრატეგია უკუკავშირის მიღებამდე უნდა მივატოვოთ. სულ ერთია, ვირაჟს (ე.წ. pivot) მიანიჭებ უპირატესობას, თუ არსებულ გეზს გაყვები. მთავარი იმ არგუმენტების სიმყარეა, რომლებსაც შენი გადაწყვეტილება ეფუძნება.

იმაში დასარწმუნებლად, რომ ექსპერიმენტებიდან თუ მომხმარებელთა უკუკავშირისგან მიღებულ ვალიდურ ინფორმაციას ეყრდნობი, კომპანიის გეზის შეცვლამდე აუცილებლად გაეცი პასუხი შემდეგ კითხვას:

რა ვისწავლე ისეთი, რამაც ეს კონკრეტული გადაწყვეტილება მიმაღებინა?

გახსოვდეს: შენი, როგორც სტარტაპერის, სუპერძალა ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან თავის შეკავებაა.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა