ლურჯი ვერსია

რატომ უნდა მიიღო მონაწილეობა მედიაწიგნიერების ჰაკათონში?

17 ოქტომბერი 2023

ჩვენს ფეისბუქ-სიახლეებს თვალს თუ ადევნებ, უკვე შეიტყობდი, რომ 26 - 29 ოქტომბერს მედიალაბის სივრცე მედიაწიგნიერების გლობალურ ჰაკათონს უმასპინძლებს. თუ ამ ღონისძიებაში საკუთარი ანტრეპრენერული უნარების გამოცდა გსურს, შენი გუნდი უნდა შეკრა (მაქსიმუმ 5 წევრი) დმითითებულ ბმულზე გაიარო რეგისტრაცია. მაგრამ თუ ჯერ კიდევ არ იცი, რა შეიძლება შემოგთავაზოს ჰაკათონში მონაწილეობამ, სჯობს ამ სტატიის კითხვა განაგრძო და ბოლოს თავად გადაწყვიტო ღირს თუ არა ეს ოთხდღიანი კონკურსი შენი და შენი მეგობრების დროდ და ენერგიად.

ჰაკათონი რამდენიმე დღიანი ინტელექტუალური შეჯიბრია, რომელშიც სხვადასხვა ასაკის, პროფესიის და ინტერესების მქონე ადამიანები ცდილობენ ორგანიზატორების მიერ შერჩეულ პრობლემებს გამჭრიახი და ეფექტური გადაჭრის გზები უპოვონ. ჰაკათონის კულტურა სილიკონ ველიზე დაიბადა, იქ სადაც საზრიანობა ყველაზე სწრაფად იქცევა ტკიცინა ბანკნოტებად. პირველ ჰაკათონებში მხოლოდ პროგრამისტები მონაწილეობდნენ, ამას უკავშირდება შეჯიბრის ჰიბრიდული სახელწოდება, რომელიც ორი სიტყვის _ “ჰაკერების” და “მარათონის” _ შეერთებით მიიღეს. თუმცა ინოვაციურობა და შემოქმედებითობა სხვა სფეროებშიც ისევე ფასობს, როგორც პროგრამულ უზრუნველყოფაში, და ჰაკათონიც დიდი ხანია გასცდა ტექნიკური სფეროს ჩარჩოებს. თანამედროვე ჰაკათონზე ხშირად იხილავთ: დიზაინერებს, პროდუქტის მენეჯერებს, პროექტის მენეჯერებს, კოპირაიტერებს, ანტრეპრენერებს, ინტრაპრენერებს, ინჟინრებს, ფსიქოლოგებს, სოციოლოგებს… მოკლედ, ყველას ვისაც პრობლემების და თავსატეხების გადაჭრა ეხერხება. მეტსაც გეტყვი: რადგან ჰაკათონი გუნდური შეჯიბრია, რაც უფრო მეტი განსხვავებული სფეროს წარმომადგენელი გეყოლება გუნდში და რაც უფრო ვრცელი იქნება მათი “დაფარვის ზონა” _ მით უკეთესი.

მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონის წლევანდელი თემები სამ სფეროს მოიცავს: ედ-ტექი; ყალბი ინფორმაციისგან თავდაცვა; ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და ციფრული პროდუქტები. მონაწილე გუნდები სამი დღის განმავლობაში შეეცდებიან ამ სფეროებში არსებულ გამოწვევებს ორიგინალური და ეფექტური გადაჭრის გზები უპოვონ, შემაჯამებელ დღეს, 29 ოქტომბერს, ჰაკათონის ჟიური გამარჯვებულ გუნდებს გამოავლენს. გამარჯვებული 5 000 ლარით, მეორე და მესამე ადგილოსნები კი 2 000 და 1 000 ლარით დაჯილდოვდებიან. თუმცა ფულადი პრიზი ჰაკათონში მონაწილეობის ერთადერთი მიზეზი არ არის. მოდი განვიხილოთ კიდევ რა შეიძლება მიიღო ჰაკათონისგან.


გონების გავარჯიშება

ნებისმიერი დამწყები სტარტაპერი ოცნებობს, რომ მისი გონება იდეების ჯადოსნურ ქუდად იქცეს, რომელშიც კურდღლების და მტრედების ნაცვლად, აურაცხელი სტარტაპი: უნიკორნები, კენტავრები და დრაკონები ჩაეტევა. მაგრამ როგორც ანტრეპრენერული საქმის ჩემპიონები და გურუები ირწმუნებიან, იდეების გენიოსად არავინ იბადება. თუ გინდა, რომ საინტერესო იდეას მიაგნო, მის ძებნას უნდა შეუდგე და ეძებო მანამ, სანამ… სანამ არ მიაგნებ. თუ გინდა, რომ ძიების პროცესი ყოველდღიურ ვარჯიშად აქციო, ან უკვე ნაპოვნი იდეის დახვეწა გსურს, ჰაკათონი საამისოდ ზედგამოჭრილი ადგილია. აქ შეძლებ მთელი დრო და ენერგია საკუთარ პროექტს დაუთმო, მოისმინო გამოცდილი მენტორების შეფასებები და სხვების ფიქრის პროცესს დააკვირდე. გაიცნო ადამიანები, რომლებიც რაღაც ახალს და საინტერესოს გეტყვიან შენს იდეაზე, ან ახლებურად დაგანახებენ მას.


ანტრეპრენერული უნარების გამოცდა

ანტრეპრენერობა შენგან მრავალმხრივ უნარებს მოითხოვს: ამ საქმეში საზრიანობასთან ერთად, ქარიზმა და დიპლომატიურობაც აუცილებელია. უნდა შეგეძლოს მკაფიოდ და დამაჯერებლად წარადგინო შენი იდეა, სხვების კრიტიკული აზრი გაითვალისწინო და უცნობი ადამიანები საკუთარ მოკავშირეებად აქციო. ჰაკათონი ამ და სხვა ანტრეპრენერული უნარების გასავარჯიშებლად მშვენიერი ადგილია. რამდენიმე დღეში მოგიწევს ცარიელი ფურცლიდან დაიწყო სტარტაპზე ფიქრი, დაჩქარებულად გაიარო სტარტაპის თითქმის ყველა საფეხური: იდეების გენერირება, კვლევა, დიზაინი, პროტოტიპის შექმნა და შედეგი მენტორებს და ჟიურის წევრებს წარუდგინო.

თუ რეალურ ცხოვრებაში ამ ყველაფერს თვეები და ხანდახან წლებიც შეიძლება დასჭირდეს, ჰაკათონზე ოთხ დღეში გაივლი სტარტაპის თითოეულ საფეხურს და საკუთარ ანტრეპრენერულ უნარებსაც გამოცდი.


დროის ეფექტური მენეჯმენტი

ჰაკათონზე სულ რამდენიმე დღე გაქვს იდეიდან ხელშესახებ პროტოტიპამდე. აქ დრო შენი ყველაზე ფასეული აქტივია. ჰაკათონში მონაწილეობა ისეთ სიტუაციაში გაგდებს, სადაც დედლაინი გაწერილია და ამ მხრივ ვეღარაფერს შეცვლი. ეს კარგი ვარჯიშია მოკლე დროში დიდი საქმის მოსასწრებად.


გუნდური მუშაობა

ჰაკათონში მონაწილეობა გუნდურ მუშაობასაც მიგაჩვევს. აქ ყველას თანაბარი პასუხისმგებლობა აკისრია და, რაც მთავარია, ყველამ ერთად უნდა იმუშაოს მიზნის მისაღწევად. გუნდთან მუშაობა მნიშვნელოვანი უნარია, რომელსაც მხოლოდ პრაქტიკაში თუ აითვისებ.

სწორი გუნდის შეკვრა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია სტარტაპის წარმატებისთვის. თუ გაინტერესებს, რამდენად კარგი თანამშრომლები იქნებით შენ და შენი მეგობრები, ჰაკათონი ამის გამოსაცდელად საუკეთესო ადგილია.


ახალი ნაცნობები

იმის გარდა, რომ ჰაკათონზე მენტორების და ჟიურის წევრების სახით სფეროს არაერთ პროფესიონალს გაიცნობ, აქ სხვა ჰაკათონელებსაც ნახავ _ ადამიანებს, რომელთაც სტარტაპულ იდეებზე ფიქრი შენსავით უყვართ. ვინ იცის, შეიძლება შენი მომავალი სტარტაპის თანადამფუძნებელიც იპოვო?


სახალისო და სასარგებლო გამოცდილება

ჰაკათონის მთავარი გატაცება, მაინც შემოქმედებითი ფიქრის სასიამოვნო პროცესი და შეჯიბრისთვის დამახასიათებელი ხალისია. აქ აზროვნებ, ერთობი, ახალ ადამიანებს იცნობ და მათთან ერთად იკვლევ ახალ სფეროებს. კრეატიულობა პირველ რიგში თამაშის ელემენტს მოითხოვს: გამჭრიახი იდეები იშვიათად იბადება ოფისების საქმიან, შემაღონებელ გარემოში, ჩარჩოებს მიღმა ფიქრისთვის ჩარჩოებიდან გასვლაა საჭირო.

სწორედ ეს არის ჰაკათონის მთავარი პრინციპი. აქ არავინ ელის შენგან შავ სამუშაოს, მთელი დრო სტარტაპის ყველაზე სასიამოვნო ასპექტებს დაეთმობა: იდეების ძიება, კვლევა, დატესტვა, პროტოტიპირება. ჰაკათონზე თავისუფალი ხარ ზედმეტი წნეხისგან, შეგიძლია საკუთარ თავს უფრო რისკიანად, უფრო უჩვეულოდ აზროვნების უფლება მისცე. საუკეთესო იდეები სწორედ ასეთ გარემოში იბადება.


თუ ჰაკათონში მონაწილეობით დაინტერესდი, შენს მომავალ გუნდელებსაც გაუზიარე ეს სტატია და რაც მთავარია, მითითებულ ბმულზე გადასვლა და აპლიკაციის შევსება არ დაგავიწყდეს.

აპლიკაციების მიღება 23 ოქტომბრის ჩათვლით წარმოებს.