ლურჯი ვერსია

როგორ ავაწყოთ ძლიერი საინვესტიციო პრეზენტაცია

02 ოქტომბერი 2020

თუ ის ფაქტი გაწუხებს, რომ შენი სტარტაპ იდეით არავინ ინტერესდება, მიზეზი ამ ორიდან ერთ-ერთი იქნება: შენ ჯერ არ შეგიდგენია პრეზენტაცია ამ იდეის უკეთ წარსადგენად, ან შენს პრეზენტაციას განახლება სჭირდება.

კარგი, მესამე მიზეზიც არსებობს: თავად იდეა მოითხოვს განახლებას, მაგრამ, მოდი, ამ სტატიაში პრეზენტაციაზე ვკონცენტრირდეთ.

იმისათვის, რომ შენმა პროექტმა ყურადღება დაიმსახუროს, ის გასაგებად და საინტერესოდ უნდა გადმოსცე. სტარტაპ ინდუსტრიაში არაფერია ისეთი სწორხაზოვანი, როგორც ამ პრობლემის გადაწყვეტა: ააწყე კარგი პრეზენტაცია!

ბიზნეს დოკუმენტების გასაზიარებელი ამერიკული კომპანია Docsend-ის მიერ წარმოებული კვლევების თანახმად, თითო პრეზენტაციაზე ინვესტორები საშუალოდ 3 წუთსა და 44 წამს ხარჯავენ. ამ დროის ყველაზე დიდ ნაწილს კი, ფინანსების, გუნდისა და კონკურენტების სლაიდს უთმობენ. ეს ნიშნავს, რომ პრეზენტაციის აწყობისას შენი მთავარი ამოცანაა ამოიღო ყოველგვარი ზედმეტი ინფორმაცია და ყურადღება მხოლოდ მნიშვნელოვან დეტალებზე გაამახვილო.


რა ქმნის ძლიერ პრეზენტაციას

საინვესტიციო პრეზენტაცია (pitch deck) ყველაზე მარტივად, მოკლედ და დასამახსოვრებლად უნდა ხსნიდეს შენი კომპანიის არსს, მიღწევებს, მიზნებსა და პოტენციალს. ჩათვალე, რომ ის პირველი ნაბიჯია შენი იდეის განხორციელებისკენ.

ეს დოკუმენტი მხოლოდ ინვესტორებისთვის არაა გამიზნული. ის გამოგადგება პოტენციური პარტნიორებისა და თანამშრომლების დასაინტერესებლადაც ან აქსელერატორში გასაწევრიანებლად. ამიტომ, რაც არ უნდა იყოს შენი მიზანი, კარგი პრეზენტაცია აუცილებლად გამოგადგება. მის ასაწყობად შეგიძლია PowerPoint-ი ან Google Slides-ი გამოიყენო. თუ უფრო დახვეწილი და თანამედროვე პრეზენტაციის აწყობა გსურს, Prezi ამისათვის კარგი პლატფორმაა.

ძლიერი პრეზენტაციის მთავარი მახასიათებელი ემოციური ჩართულობის გამოწვევაა. მიმღები შენი იდეით უნდა აღაფრთოვანო, რაც 3 წუთისთვის არც თუ ისე მარტივი ამოცანაა. დაუთმე თითოეული სლაიდი თითო იდეის გადმოცემას და გამოიყენე მინიმალური ტექსტი დიდი ფონტის ზომით. მნიშვნელოვანია, მთლიან პრეზენტაციას ერთი ვიზუალური სტილი ჰქონდეს ფონტის ზომებიდან გამოყენებულ ფერებამდე. დაიწყე ვრცელი ტექსტებით, რომლებიც საკუთარი აზრების დალაგებაში დაგეხმარება. შემდეგ კი, მიყევი და გაამარტივე თითოეული სლაიდი იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭიროდ ჩათვლი. ეს შენი იდეის დახვეწაში შეგიწყობს ხელს. თანაც, გზად კვლევების წარმოებაც მოგიწევს, რისი წყალობითაც ბაზარზე არსებული კონკურენციისა თუ ტრენდების შესახებ ცოდნას გაიღრმავებ.


პრეზენტაციები ერთმანეთისგან ხშირად განსხვავდება, მაგრამ თითოეული მათგანი შეიცავს საერთო ელემენტებს, რომელთა გარშემოც იკვრება ყველაფერი დანარჩენი. აქ დეტალურად მივყვებით ამ ძირითად ელემენტებს Airbnb-ის პირველი საინვესტიციო პრეზენტაციის მაგალითებთან ერთად. 2009 წელს პრეზენტაციამ კომპანიას ნახევარი მილიონი დოლარის ინვესტიცია მოუტანა. დღეს Airbnb $31 მილიარდადაა შეფასებული და ჯამში $3 მილიარდის ინვესტიციები აქვს მოზიდული.


1. წარდგენა

პირველი სლაიდი შენი სტარტაპის გაცნობის ფუნქციას ასრულებს. ლოგოსთან ერთად, დაურთე პროექტის ერთ წინადადებიანი აღწერაც. კარგი იქნება, თუ აქ შენს უნიკალურობას გამოაჩენ. ეს შენი პირველი შთაბეჭდილებაა მნახველებზე. ეცადე, მაქსიმალურად დააინტერესო ისინი.

თარგმანი: დაჯავშნე ოთახები ადგილობრივებთან, სასტუმროების მაგივრად.

Airbnb-ის პირველივე სლაიდზე ჩანს, რა გამოარჩევს მას ბაზარზე არსებული სხვა მოთამაშეებისგან. პროექტის აღწერა მოკლე, კონკრეტული და დასამახსოვრებელია.


2. პრობლემა

ყველა (წარმატებული) იდეა გარკვეული პრობლემის გადაჭრისკენაა მიმართული. კომპანიის იდეებს, ორ კატეგორიად ყოფენ ხოლმე: ტკივილგამაყუჩებლებად და ვიტამინებად. ტკივილგამაყუჩებლები მწვავე პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად, ვიტამინები კი – გართობას ან დამატებითი სიამოვნების შექმნას. ორივე შემთხვევაში, ადგილზე უნდა იყოს მიზეზი, რის გამოც შენი პროდუქტი პოტენციურ მომხმარებლებში დაინტერესებას გამოიწვევს.

თარგმანი: ფასი სერიოზული საფიქრალია მომხმარებლებისთვის, რომლებიც მოგზაურობას ინტერნეტში ჯავშნიან.

სასტუმროები ქალაქსა და მის კულტურასთან ვერ გაკავშირებს.

არ არსებობს მარტივი გზა ადგილობრივთან ოთახის დასაჯავშნად.

აქ აღწერილი მომხმარებლის ადგილას ყველანი ვყოფილვართ და ეს პრობლემები ჩვენთვის ახლო და გასაგებია. ეს სლაიდი საყურადღებოა იმითაც, რომ მასში უკვე იკვეთება ბაზრის მოცულობა და პოტენციალი: სამოგზაუროდ ძალიან ბევრი დადის და მათი დიდი ნაწილი ეძებს გზებს ფულის დაზოგვისა და ახალი ქალაქის უკეთ გაცნობისთვის.


3. გადაწყვეტა

აქ შენი კომპანიის მიერ შემოთავაზებულ გამოსავალზე უნდა ისაუბრო. თქმაც არ უნდა, ეს გამოსავალი წინა სლაიდში მოყვანილ პრობლემებს უნდა ეხმიანებოდეს.

“გადაწყვეტის” სლაიდზე უკვე ჩნდება ის დეტალები, რომლებიც წარდგენაში ზედმეტი იქნებოდა. ვებ გვერდთან გვაქვს საქმე თუ აპლიკაციასთან? რა არის მისი მთავარი ფუნქცია? ეცადე, რაც შეიძლება გარკვევით გადმოსცე შენი გადაწყვეტა.

თავი შეიკავე ტექნიკურ დეტალებში ჩაძიებისგან, თუ ეს აუცილებელი არაა. ამ შემთხვევაშიც, მარტივი და გასაგები ენით აღწერე პროდუქტი. დიდი შანსია, პრეზენტაციის მიმღებს ტექნიკური გამოცდილება არ გააჩნდეს. ნუ დააბნევ მას უცხო ტერმინოლოგიით.

თარგმანი: ვებ პლატფორმა, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთი სივრცის მოგზაურებზე გაქირავება, რათა: დაზოგონ ფული მოგზაურობისას; იშოვონ ფული მასპინძლობისას; გააზიარონ კულტურა – ადგილობრივი კავშირი ქალაქთან.

AirBnB-ის გამოსავალი ზუსტად ეხმიანება წინა სლაიდში მოყვანილ პრობლემებს. ყურადღება მიაქციე, რომ აქცენტი ფულის დაზოგვისა და შოვნის შესაძლებლობაზეა გაკეთებული, რადგან სწორედ ეს ორი ასრულებს ტკივილგამაყუჩებლის ფუნქციას. კულტურის გაზიარების შესაძლებლობა ვიტამინია და ამის ჩვენებით ავტორებს ამბის თხრობის ელემენტები შემოაქვთ, რაც ემოციურ ჩართულობას იწვევს. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია კარგი პრეზენტაციისთვის, როგორც ფაქტები.


4. ბაზრის მოცულობა

ამ სლაიდში, უბრალოდ, სტატისტიკური მონაცემები უნდა წარმოაჩინო. მიზანი შენი კომპანიის განვითარების პოტენციალის ხაზგასმაა. ეს არ ნიშნავს, რომ ყველას მისწვდები, თუმცა ინვესტორების ყურადღების მისაქცევად კარგი შესაძლებლობა გეძლევა.

თარგმანი: 1.9 მილიარდი + დაჯავშნილი მგზავრობა (მსოფლიო მასშტაბით), სრული არსებული ბაზარი;

532 მილიონი ბიუჯეტი + ონლაინ მგზავრობები, შეთავაზებადი არსებული ბაზარი;

10.6 მილიონი მგზავრობა Aribnb-ით, ბაზრის წილი.

აქ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ Aribnb-იმ თავისი წილიც გამოყო არსებული ბაზრიდან. ეს ინვესტორების თვალში სანდოობის განცდას ქმნის და რეალურ წარმოდგენას უქმნის კომპანიის სამომავლო განვითარებაზე.


5. პროდუქტი

დროა, პროდუქტის სპეციფიკური დეტალები გაგვაცნო. თუ უკვე გაქვს შემუშავებული პროტოტიპი, ჩასვი სლაიდში სურათები. გაითვალისწინე, რომ აღწერა მარტივად გასაგები და, ამავდროულად, სრულყოფილი უნდა იყოს. არაა აუცილებელი, ტექნიკურ დეტალებს ჩაუღრმავდე. დაინტერესების შემთხვევაში, პრეზენტაციის მიმღები თავად ჩაგეძიება მისთვის საინტერესო საკითხებში.

თარგმანი: მოძებნე ქალაქის მიხედვით – დაათვალიერე ვარიანტები – დაჯავშნე!

პროდუქტის აღწერაც ასეთი უნდა – მარტივი და სწორხაზოვანი. აქ არც ის ალგორითმებია ნახსენები, რომლებიც საიტის უკან იმალება. არც საიტის ფუნქციონალის დეტალური მიმოხილვა. ეს დამატებითი ინფორმაცია პრეზენტაციისას ზეპირად შეგიძლია გადმოსცე. დაიმახსოვრე, პრეზენტაციის მთელი ხიბლი მის სიმარტივეშია.


6. მიღწევები

აქ შენი მიღწევების წარმოჩენის შესაძლებლობა გაქვს. თუ უკვე გყავს მომხმარებლები, შექმნილი გაქვს პროდუქტის პროტოტიპი, ან, თუნდაც, წარმოებული გაქვს გამოკითხვები იმის შესახებ, რამდენად დაინტერესებულია ხალხი ამა თუ იმ პროდუქტით, ეს ის ადგილია, სადაც ამ მიღწევებს გამოაჩენ. თუ მხოლოდ იდეა გაგაჩნია და მეტი არაფერი, სჯობს საერთოდ ამოიღო ეს სლაიდი.


7. ბიზნეს მოდელი

ამ სლაიდზე უნდა წარმოაჩინო, როგორ აპირებს შენი კომპანია შემოსავლის გენერირებას. შეგიძლია, აქვე დაურთო სამომავლო გათვლები, ან ცალკე სლაიდი შექმნა ამისთვის. ორივე შემთხვევაში, ბიზნეს მოდელი და სამომავლო გათვლები შენი პრეზენტაციის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტებია.

თარგმანი: ჩვენ ვიღებთ 10% საკომისიოს თითოეული ტრანზაქციიდან.

10.6 მილიონი მგზავრობა Aribnb-ით, ბაზრის წილი; $20 საშუალო საკომისიო, $70/ღამე 3-ჯერ; $200 მილიონი შემოსავალი 2008-2011.

ყურადღება მიაქციე, რომ სამომავლო გათვლები AirBnB-ის ბაზრის წილზეა აგებული. ბიზნეს მოდელი მარტივია, გეგმები – რეალური. თანაც, 10% მომხმარებლისთვის ცოტაა, კომპანიისთვის კი, ჯამში, საგრძნობლად კარგი თანხა გამოდის.


8. გუნდი

ინვესტორებისთვის, პარტნიორებისთვის თუ პოტენციური თანამშრომლებისთვის გუნდს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კომპანიის წევრების კვალიფიკაცია ბევრს ნიშნავს და აქ სწორედ ეს უნდა გამოაჩინო. რა მიღწევები აქვთ გუნდის წევრებს? თუ ჯერ მარტო ხარ პროექტში, რა კვალიფიკაციები გაგაჩნია შენ, რაც ამ პროექტის წარმატებას მოასწავებს?


9. კონკურენტები

ჩამოწერე რამდენიმე მსხვილი კონკურენტი. ნუ შეგაშინებს ეს სლაიდი, ბაზარზე კონკურენტების არსებობა შენი იდეის ერთგვარი ვალიდაციაა. ეს ნიშნავს, რომ შენს პროდუქტს უკვე ჰყავს მომხმარებლები. მათი გადმობირება კი, უფრო მარტივია, ვიდრე სრულიად ახალი ბაზრის შექმნა. იმის თქმა, რომ კონკურენტები არ გაგაჩნია, ორიდან ერთ-ერთზე მიუთითებს: 1. ან შენი პროდუქტი არავის სჭირდება (ჯერ-ჯერობით მაინც); 2. ან სათანადოდ ვერ აფასებ კონკურენციას. ორივე შემთხვევა ინვესტორებისთვის ცუდის ნიშანია და კარგს არაფერს მოგიტანს.

თარგმანი: ზემოთ: მისაღები ფასი; ქვემოთ: ძვირადღირებული; მარჯვნივ: ონლაინ ტრანზაქცია; მარცხნივ: ქსელს გარეთ ტრანზაქცია.

მიუხედავად Airbnb-ის გამორჩეული შეთავაზებისა, ბაზარზე კონკურენცია მაინც არსებობდა. კომპანიამ მარტივ გრაფიკულ ვიზუალს მიმართა, რათა წარმოეჩინა თავისი უპირატესობები კონკურენტებთან შედარებით. ამ გზით კარგად ჩანს პირდაპირი და არაპირდაპირი კონკურენციაც.


10. რას ითხოვ მიმღებისგან?

ეს შეიძლება იყოს დაფინანსება, პარტნიორობა, აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობა, ან თანამშრომლების მოზიდვა. თითოეულ შემთხვევაში, ინდივიდუალური სლაიდი დაგჭირდება ამ შეთავაზების წარმოსაჩენად.

თუ არც კონკრეტულ თანხას ითხოვ, არც პარტნიორობის გეგმა გაქვს განსაზღვრული და ასე შემდეგ, ეს სლაიდი შეგიძლია საერთოდ ამოიღო პრეზენტაციიდან. Airbnb-ის პირველ პრეზენტაციაში არც დაფინანსების მოთხოვნა შედიოდა და, სხვათაშორის, არც – მიღწევები. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი მსხვილ ინვესტორებთან საუბრისას აუცილებელია, საწყის ეტაპზე მასზე ნერვიულობა არ ღირს. მთავარია, გუნდი, პრობლემა, გამოსავალი, პროდუქტი და ბიზნეს მოდელი იყოს თავის ადგილზე.


მოცემულ სლაიდებს ყოველთვის შეგიძლია დაამატო სხვადასხვა დეტალები. მაგალითად, შენი მოდელის უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით, პროდუქტის მუშაობის პრინციპი (ოღონდ, მარტივად!) და ასე შემდეგ. აუცილებელი არაა, აქ მოცემული თანმიმდევრობა გაიმეორო. სლაიდები შეგიძლია ისე გადააწყო, რომ, პირველ რიგში, ყველაზე შთამბეჭდავი მონაცემები მოდიოდეს. Airbnb-ის მაგალითში ეს ბაზრის მოცულობა იყო. შენი პროექტის რა ელემენტი მიიქცევს ყველაზე მეტ ყურადღებას? შექმენი შენი იდეის პირველი ხელშესახები დოკუმენტი.


გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

შემდეგ კი, გაეცანი:

როგორ მიხვიდე სტარტაპ იდეამდე, რომელიც მილიონებს მოგიტანს.

უკვე წარმატებული ანტრეპრენერების შეცდომებს, რომლებიც მათ შედევრების შექმნაში დაეხმარა.

იმ დიზაინერ სტარტაპერებს, რომლებმაც მსოფლიო მასშტაბის უნიკალური პროექტები ყველაზე მეგობრულ პლატფორმებად აქციეს.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა