ლურჯი ვერსია

როგორ უნდა დასვა სტარტაპში კითხვა “რატომ” სწორად (Lean მოდელი)

29 ივნისი 2021

“სტარტაპში გაჩენილი ნებისმიერი დაბრკოლების საწყისი ისევ გუნდთან მიდის და მისი აღმოფხვრა ერთხელ და სამუდამოდაა შესაძლებელი – როგორი ტექნიკურიც არ უნდა ჩანდეს თავიდან ეს პრობლემა.“

“წარმატებული სტარტაპის” ავტორის, ერიკ რისის, მიერ შემოთავაზებული “5 რატომ-ის” მოდელი ზემოთ ხსენებული ზოგადი პრინციპიდან მომდინარეობს. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რატომაა სასარგებლო კითხვა-პასუხის ამ მარტივი მოდელის დანერგვა შენს კომპანიაში.

მოდი, მოკლედ გავიხსენოთ, რა მოდელზეა საუბარი და შემდეგ იმ ნიუანსებზე გადავიდეთ, რომელთა ცოდნაც აუცილებელია “5 რატომ-ის” მოდელის შედეგიანი გამოყენებისთვის.


მუშაობის პრინციპი

“5 რატომ-ის” მოდელი გულისხმობს რაიმე პრობლემის შესახებ მიზეზების ხუთჯერ მოთხოვნას ამ პრობლემაზე პასუხისმგებელი პირებისგან. მაგალითად, თუ შენი კომპანიის საიტი არ მუშაობს, მიდიხარ დეველოპერთან და ხუთჯერ ზედიზედ ეკითხები მიზეზს.

ერიკ რისი ამ მოდელის განსამარტად შემდეგ მაგალითს გვთავაზობს:

შეიძლებოდა პრობლემა ზედაპირულად მოგვარებულიყო გათიშული ფუნქციონალის გააქტიურებით. თუმცა, კითხვის გამეორებით, ერიკი და მისი გუნდი უფრო მასშტაბურ მიზეზს გადააწყდნენ, რაც კიდევ არაერთხელ გამოიწვევდა წვრილ-წვრილ პრობლემებს. ინჟინრების დატრენინგებით კი, ერთხელ და სამუდამოდ მოეღება ბოლო ერთი და იგივე საქმის ორ-ორჯერ კეთებას.

მოდელის უპირატესობა მარტივი დასანახია. ამ პრაქტიკის კომპანიაში დანერგვაც, ერთი შეხედვით, მარტივი ჩანს. მაგრამ, ამ თემაზე სტატიის დაწერას არ გადავწყვეტდი, ბევრი შეუმჩნეველი დეტალი რომ არ ყოფილიყო გასათვალისწინებელი.


ორი მთავარი წესი

“5 რატომ-ის” მოდელი ისეთ გარემოს საჭიროებს, სადაც საერთო ნდობა და ერთმანეთის მოტივირება სუფევს. თუ გუნდში დაძაბულობაა, შეცდომების ავტორების გამოვლენამ, შეიძლება, არასწორი სახე მიიღოს და ნეგატიური განწყობები კიდევ უფრო გაამძაფროს.

პრინციპში, ამ მოდელით თუ მის გარეშე, გუნდი, რომელიც კარგად შეთამაშებული არაა, სტარტაპერულ მძიმე გამოწვევებს ვერ გაწვდება. დროა, მანამ შეხმატკბილდეთ, სანამ კიდევ უფრო მეტი საფიქრალი დაგემატებათ.

იმისათვის, რომ ისეთი კომფორტული გარემო შევქმნათ, სადაც ყველა ღიად შეძლებს საკუთარ თუ სხვის შეცდომებზე საუბარს, მნიშვნელოვანია ორი ძირითადი პრინციპის გათავისება:

1. იყავი ტოლერანტული, როცა პირველად იპოვი შეცდომას;

2. არასოდეს მისცე შეცდომას განმეორების უფლება.

ყოველი სესიის დაწყებისას, მანტრასავით გაიმეორე ეს წესები. ყველაფერი დანარჩენი სწორედ ამ ორი პრინციპის გამყარებას ეფუძნება.


5 ბრალეულობის წყევლა

მოდი ვაღიაროთ, რომ არავის გვიყვარს შეცდომების აღიარება.

ადამიანური ბუნების ნაწილივითაა დამნაშავის სხვაგან ძიება და ეს არც სტარტაპსამყაროშია იშვიათი. “5 რატომ-ის” მოდელი თავისთავად ქმნის ისეთ გარემოს, სადაც მიზანი შეცდომის ავტორების გამოვლენაა. სხვანაირად, შემდეგ ეტაპზე, ანუ პრობლემის აღმოფხვრაზე, უბრალოდ ვერ გადავალთ.

მარტივად შეიძლება, ამ მოდელმა 5-გზის გადაბრალების სახე მიიღოს. მითუმეტეს მაშინ, როცა სტარტაპის აღმასრულებელი დირექტორიც კი, ხშირად აღმოჩნდება “დამნაშავე”.

ერიკის ზემოთ მოყვანილ მაგალითში ეს ნათლად ჩანს. მიზეზი, რის გამო ინჟინრებს ტრენინგები არ გაუვლიათ, მენეჯერის გულგრილობა იყო ამ საკითხის მიმართ. გამოდის, რომ “5 რატომ-ის” მოდელი ყველას ერთნაირ სიმაღლეზე აყენებს და ყველა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ღიად შეხვდეს განაჩენს.

იმისათვის, რომ ამ სავარჯიშომ შეცდომების ერთმანეთზე გადაბარების ფორმა არ მიიღოს, შეკრიბე პრობლემაზე პასუხისმგებელი ყველა პირი კითხვების სესიის დაწყებისას. როცა ყველანი ერთ ოთახში იქნებიან, ბევრად მარტივი გამოსავლენი იქნება, ვინ ცდილობს პასუხისმგებლობის არიდებას და ვინ – არა.


კითხვების მასტერი

დაძაბულობისა და პირადი ინტერესების არასწორი დაცვის თავიდან ასარიდებლად, ერიკ რისი გვთავაზობს, ყოველ სესიაზე კითხვების მასტერი დავნიშნოთ.

ეს იქნება სანდო პირი კომპანიაში, რომელიც დაშვებულ შეცდომებთან პირდაპირ კავშირში არაა და შეუძლია, ობიექტურობა შეინარჩუნოს. მისი მოვალეობაა, დასვას კითხვები, გამოავლინოს პრობლემის საწყისები და შეიმუშავოს მისი აღმოფხვრის ეფექტური გეგმა (ამაზე ვრცლად ცოტა ხანში).

კითხვების მასტერი საკმარისად მაღალ თანამდებობაზე უნდა იყოს იმისათვის, რომ მითითებების გაცემა და მათი აღსრულების ზედამხედველობის უფლება ჰქონდეს. თუმცა, არც მთლად აღმასრულებელ პოზიციაზე უნდა იდგეს, რომ შეკრებებზე დასწრება და მიღებული გადაწყვეტილებების მონიტორინგი ვერ შეძლოს.


პროპორციული ინვესტიცია

“5 რატომ-ის” მოდელს იმისათვის ვიყენებთ, რომ სტარტაპის ზრდის ტემპი დააბალანსოს.

პროცესების ზედმეტად დაჩქარება, ხშირად, პროდუქტისა და მომსახურების ხარისხის გაუარესების ხარჯზე ხდება ხოლმე. “5 რატომ-ის” მოდელი სტარტაპს ხელს უწყობს ხარვეზების მომენტალურად აღმოჩენასა და მათ აღმოფხვრაში. ეს პროცესი ზრდის ტემპს აგდებს, მაგრამ როგორც კი ხარვეზი აღმოიფხვრება, სტარტაპი სიჩქარეს კრეფს და არც იმაზე აქვს სანერვიულო, რომ უყურადღებოდ დატოვებული პრობლემები წინ დაუხვდება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ ყველა პრობლემაში პროპორციული ინვესტიცია უნდა ჩაიდოს.

რას ვგულისხმობთ ამაში?

ერიკის მიერ მოყვანილ მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, თითოეულ ხარვეზზე თითო მოქმედებაა საჭირო:


სულ ბოლო მოქმედება არც თუ ისე მარტივი ამბავია. პრობლემის მიზეზიდან გამომდინარე, საუბარი ტრენინგების დანერგვას შეეხება, რაზეც მენეჯერის პოზიცია უკვე ვიცით.

ნაწილობრივ მენეჯერი მართალიცაა – ტრენინგებს ბევრი დრო მიაქვს. ამ ფაქტს რომ მისი გადარწმუნების კომპლექსურობა დავუმატოთ, გამოდის, რომ ზედმეტად დიდ ძალისხმევას ვდებთ ინჟინრის მიერ დაშვებულ შეცდომაში. შუალედური გამოსავალი ერთსაათიანი ტრენინგების მოწყობა იქნებოდა, რომელიც კონკრეტულ საკითხს შეეხებოდა. ეს დრო არც ისე ბევრია, პრობლემის მიზეზი კი, ქრება.

მოყვანილ მაგალითში ნათლად ჩანს, რას ნიშნავს პროპორციული ინვესტიცია და რატომაა ის აუცილებელი. თუ ინჟინრების სხვა საკითხებშიც გამოავლენდნენ უცოდინრობას, მაშინ დაემატებოდა შესაბამისი ტრენინგები და, დაშვებული შეცდომების მასშტაბის მიხედვით, განისაზღვრებოდა ამ ტრენინგებისთვის გამოსაყოფი დრო.


ფოკუსი აწმყოზე

ბოლო მნიშვნელოვანი დეტალი იმ პრობლემების იდენტიფიცირებას ეხება, რომელთა განხილვაც ღირს.

ფორმულა მარტივი და სავსებით ლოგიკურია: შეეშვი წარსულის ხარვეზებს და კონცენტრირდი მხოლოდ მიმდინარეებზე.

რამდენიმე სტარტაპმა, რომლებსაც ერიკმა “5 რატომ-ის” მოდელი შესთავაზა, სესიების ჩატარება ძველი პრობლემებით დაიწყო. ამ მიდგომის არაეფექტურობის მიზეზი ისაა, რომ წარსულ პრობლემებზე საკმარისად კარგად არავის ახსოვს, ვინ იყო დაშვებულ შეცდომაში ჩართული და რა იყო ამ შეცდომის მთავარი გამომწვევები.

დაელოდე ახალი პრობლემის გამოჩენას და ეცადე, თავიდან მხოლოდ პატარა და კონკრეტულ ხარვეზებზე კონცენტრირდე. როცა გუნდი “5 რატომ-ის” მოდელს მიეჩვევა, უკვე თავისუფლად შეძლებ, მასშტაბურ პრობლემებსაც მიადგე.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა