ლურჯი ვერსია

როგორი ხასიათით გამოირჩევა სტარტაპერი?

24 ნოემბერი 2020

სტარტაპ სივრცეში წარმატება ბევრი კომპონენტისგან შედგება. ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ ტესტი სტარტაპ ალღოს შესამოწმებლად. აქ მოცემული პატარა კითხვარი იმის გარკვევაში დაგეხმარება, გაქვს თუ არა სტარტაპერის შემართება.

სანამ ტესტზე გადავიდოდეთ, მოკლედ მიმოვიხილოთ, ვინ არის სტარტაპერი და რა მახასიათებლები აღმოჩნდება ხოლმე მათი წარმატების საწინდარი.


ვინ არის სტარტაპერი?

სტარტაპერი ადამიანია, რომელიც ინოვაციური იდეის გარშემო კომპანიას ქმნის და სწრაფად მზარდ ბიზნესს იწყებს. განსხვავება სტარტაპერსა და ანტრეპრენერს შორის გამოცდილებამდე დაიყვანება. ანტრეპრენერს შეიძლება უკვე დაარსებული ჰქონდეს რამდენიმე სტარტაპი, ან უკვე წარმატებულ კომპანიად ქცეული სტარტაპის ხელმძღვანელი იყოს. სტარტაპერი ის ადამიანია, რომელიც ინოვაციების სივრცეში ახლა ერთვება. ანტრეპრენერობა შეგვიძლია შემდეგ ნაბიჯად წარმოვიდგინოთ.

პოლ გრაჰამი კარგ სტარტაპერს ორი სიტყვით ასე განმარტავს: ამოუწურავად რესურსუნარიანი. ანუ, ადამიანი, რომელიც ყოველ ახალ დაბრკოლებას, მერამდენეც არ უნდა იყოს ის, ერთი და იგივე შემართებითა და ენერგიით უპირისპირდება. დამატებით, პოლი ხუთ მახასიათებელს გამოყოფს, რომლებსაც Y combinator-ი სტარტაპერებში ეძებს:


1. შემართება

სტარტაპის წარმატებისკენ მიმავალი გზა ბევრ, ძალიან ბევრ, დაბრკოლებასა და იმედგაცრუებაზე გადის. საკმარისი ენთუზიაზმის გარეშე კი, ამ გზის გავლა წარმოუდგენელია:

“... როცა ინტელექტის კონკრეტულ ზღვარს აკმაყოფილებ, იმის იქით ყველაზე მნიშვნელოვანი შემართებაა. გზად ბევრი დაბრკოლება შეგხვდება. ისეთი ადამიანი ვერ იქნები, რომელიც მარტივად კარგავს ენთუზიაზმს.” – წერს პოლ გრაჰამი.


2. მოქნილობა

შემართება შენი ინტერესების ბრმად მიყოლაში არ უნდა აგერიოს. ხშირად არასწორ დასკვნებს გამოიტან, ხარვეზიან პროდუქტს შექმნი, ან მთლიანად მოგიწევს იდეის მიტოვება. კარგი სტარტაპერი მუდმივად მზადაა სტრატეგიის შესაცვლელად და ეს მის შემართებას არ ასუსტებს.


3. წარმოსახვის უნარი

პოლი ხშირად იმეორებს, რომ კარგი იდეები, თავდაპირველად, საშიშად ცუდად ჟღერს:

“[იდეები] აშკარად კარგი რომ იყოს, ვიღაც უკვე გააკეთებდა. ასე რომ, შენ ისეთი ინტელექტი გჭირდება, რომელიც, გარკვეული დოზით, სიგიჟეში გადადის.”


4. გამჭრიახობა

სტარტაპის მსგავსი მასშტაბური იდეის განხორციელება სწორხაზოვანი გამოწვევა არაა. ჯანსაღი დოზით გამჭრიახობა და სივერაგეც გამოგადგება. უნდა შეგეძლოს ზოგიერთი წესისთვის გვერდის ავლა და გამბედაობაც უნდა გყოფნიდეს ამისთვის. Y combinator-ის აპლიკაციის შევსებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვაა: ოდესმე გაგიცურებია თუ არა რაიმე სახის სისტემა?


5. მეგობრობა

სტარტაპის წამოწყება ამბიციური მიზანია. სტარტაპის მარტო წამოწყება – ამბიციებს მიღმა. ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა სცადო – გზად შეიძლება ზუსტად იმ ადამიანს გადაეყარო, რომელთანაც სამუშაოს იდეალურად გაინაწილებ. მაგრამ, სტარტაპის დამფუძნებლებს შორის მტკიცე ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. სტარტაპის წარუმატებლობის მიზეზებიდან მესამე ადგილზე (23%) სწორედ არასწორი გუნდი დგას.


ახლა კი, ტესტზე გადავიდეთ! გაითვალისწინე, რომ ეს ტესტი საბოლოო პასუხად არ უნდა მიიღო. შეხედე მას, როგორც საკუთარი მიზნების შეფასების მეთოდს. დაუკვირდი აზრებს ტესტის შევსებისას და ემოციას – პასუხის მიღებისას. ყველაზე ზუსტად ეს ორი გეტყვის, არის თუ არა სტარტაპერობა ის, რაც მართლა გინდა.

გადადი ტესტზე

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა