ლურჯი ვერსია

საოცნებო სტარტაპ გუნდი: ჰიპსტერი, ჰასლერი და ჰაკერი

25 სექტემბერი 2020

წარმოიდგინე, რომ საერთაშორისო ინვესტორთან შენი პროექტის პრეზენტაცია გაქვს. კითხვების სესიაზე ის შენი გუნდით ინტერესდება და პირდაპირ გთხოვს წარუდგინო კომპანიის ჰიპსტერი, ჰაკერი და ჰასლერი. რომელი იქნები შენ?

სტარტაპ ეკოსისტემას თავისი ლექსიკონი აქვს. ამ ლექსიკონის გათავისება აუცილებელია, თუ შენთვის გლობალურ ბაზარზე ფეხის მოკიდება ამბიცია კი არა, რაციონალური მიზანია. თანაც, ინდუსტრიაში დამკვიდრებული ჟარგონების ცოდნას კიდევ ერთი უპირატესობა აქვს: მათ უკან კარგად დაცდილი რჩევები იმალება. შესაბამისი წევრების ჰიპსტერად, ჰაკერად და ჰასლერად მოხსენიებაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს როლები სტარტაპის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია და ისინი შენს გუნდში აუცილებლად უნდა მოიძებნებოდნენ.

მიხვდებოდი, რომ ჰაკერი პროგრამისტია, ჰიპსტერი – პროდუქტის დიზაინერი, ჰასლერი კი (ინგლისურად: hustler), მოლაპარაკებებში კარგად გაწაფულ ადამიანს ნიშნავს და, ჩვენს შემთხვევაში, ბიზნეს სტრატეგოსს ეხმიანება. მაგრამ, მაინც რა აქცევს მათ საოცნებო გუნდის მთავარ წევრებად და რამდენად მიყვება შენი სტარტაპი ამ მოდელს?


ჰაკერები ძველ საზღვრებს არღვევენ

ჰაკერი ტექნოლოგიებში კარგად გათვითცნობიერებული ადამიანია, რომელიც პროექტის იდეას ‘ხელშესახებ’ პროდუქტად აქცევს. ეს გუნდის ის წევრია, მთელი შეხვედრა ჩუმად რომ ზის, ბოლოს კი, რამდენიმე წინადადებით (რომლებიც არავის ესმის) პასუხობს კითხვას: როგორ. ეს ‘როგორ’ კი, ხშირად, არასტანდარტული და აქამდე შეუსრულებელი მეთოდია.

სტარტაპი თავის თავში მოიცავს ინოვაციურობას; ის იკვლევს სივრცეს, რომელიც მანამდე, მეტნაკლებად, ხელუხლებელი იყო; გუნდის მთავარ ტექნიკოსს არასწორხაზოვანი აზროვნება მოეთხოვება, რათა ჩარჩოებს გასცდეს და სისტემის ‘დაჰაკვა’ შეძლოს.


ჰიპსტერები ახალ სტანდარტებს აწესებენ

ჰიპსტერი პროფესიით დიზაინერია და მისი მთავარი ამოცანა პროდუქტსა და მომხმარებელს შორის არსებული სივრცის შევსებაა. მისთვის ორი რამაა პრიორიტეტი: პროდუქტის ესთეტიკა და მაღალი გამოცდილების შექმნა მომხმარებლისთვის.

ჰიპსტერი გუნდის ის წევრია, იდეალურ ტონებსა და საიტზე ღილაკების ყველაზე ოპტიმალურ ადგილს რომ გამუდმებით ეძებს. მისთვის ესთეტიკა უმაღლეს დონეზეა; ის კარგად ერკვევა ტრენდებში და მუდმივად უსწრებს მათ. ჰაკერის შექმნილ პროდუქტს სწორედ ჰიპსტერი ამუშავებს ისე, რომ მომხმარებელს მისი გამოყენებისკენ უბიძგოს.


ჰასლერები წინსვლას უზრუნველყოფენ

ჰასლერი მუდმივად ბიზნეს გარიგებებზე, ბიზნეს მოდელსა და სტრატეგიებზე ზრუნავს. ეს ჰიპერაქტიური, კომუნიკაბელური ექსტრავერტია, რომლისთვისაც ერთი მწვერვალის დაპყრობა ყოველთვის ახლის გამოჩენას ნიშნავს. ჰასლერსა და დანარჩენ ორ წევრს შორის გაუგებრობა ხშირია, რადგან მისი ორიენტირი ფული და სარფიანი გარიგებებია. ეს კი, როგორ არა მიმზიდველადაც არ უნდა ჟღერდეს, შენი კომპანიისთვის წყალივით საჭიროა.


სტარტაპი თავის თავში მოიცავს ინოვაციურობას; ის იკვლევს სივრცეს, რომელიც მანამდე, მეტნაკლებად, ხელუხლებელი იყო; გუნდის მთავარ ტექნიკოსს არასწორხაზოვანი აზროვნება მოეთხოვება, რათა ჩარჩოებს გასცდეს და სისტემის ‘დაჰაკვა’ შეძლოს.


ბილ გეითსი – ყველაზე მდიდარი ჰაკერი

ბილ გეითსი ყველაზე ცნობილი კომპიუტერული პროგრამების მწარმოებელი კომპანია მაიკროსოფტის თანადამფუძნებელია. მაიკროსოფტს, ფაქტობრივად, ბაზარზე მონოპოლია აქვს მოპოვებული და როცა საქმე საოფისე პროგრამებს ეხება, მას ვერავინ სჯობს. ის ერთ-ერთი პირველი მოთამაშე იყო ბაზარზე, რომელიც პერსონალური კომპიუტერების გამოჩენის დღიდან აყვა ტენდენციას და შესაბამისი პროგრამების წერაზე დაიწყო მუშაობა.

მაიკროსოფტის თანადამფუძნებელმა, პოლ ალენმა, ბილ გეითსზე წიგნიც გამოსცა, სადაც მისი ახალგაზრდობის გენიალურ ისტორიებს ყვება: ის სკოლაში გამოიჭირეს, როცა ულიმიტო ანგარიშის მოპარვას ცდილობდა, რათა კომპიუტერთან მეტი დრო გაეტარებინა; ახალი სემესტრის დაწყებისას მან სტუდენდების სარეგისტრაციო სისტემა გატეხა, რათა გოგოების ჯგუფში მოხვედრილიყო; ხოლო როცა ფრენაზე დააგვიანდა, იმდენს ეწვალა საკონტროლო პანელს, რომ ახალი დაძრული თვითმფრინავი გააჩერებინა. ბილ გეითსი ჰაკერად დაიბადა და მას შემდეგ სხვა არაფერი უკეთებია.


ჯონი აივი და ჰიპსტერული ერა ტექნოლოგიებში

ეფლი ტექ ინდუსტრიაში ერთადერთი გიგანტია ფეისბუკის, გუგლისა და ამაზონის მხარდამხარ, რომელიც თავისი მოწყობილობების გაყიდვაზეა დამოკიდებული. ეს არის კომპანია, რომელმაც სრულიად ახალი სტანდარტები დააწესა და კონკურენცია საგრძნობლად გაამძაფრა. სიმარტივე, ესთეტიკურობა, დიზაინის გადამწყვეტი მნიშვნელობა – ეს ეფლის სიმბოლოდ იქცა და მათზე პასუხისმგებელი პროდუქტის დიზაინერი ჯონი აივია. მან ტექნოლოგიების ინდუსტრიაში დიზაინის მნიშვნელობა არნახულ სიმაღლეზე აიყვანა და, როგორც თავისი დროის ჰიპსტერმა, ყველას გაუსწრო.

ჯონი ის ადამიანია, რომელმაც ინდუსტრიული პროდუქტების დიზაინი მიმზიდველ და ტრენდულ პროფესიად აქცია. იცნობ სხვა ინდუსტრიული პროდუქტების დიზაინერს? აივის ბევრი იცნობს. მისი პროდუქცია ყოველ მეორე სახლში გვხვდება და ამ ფაქტის მთავარი მიზეზი მისი დიზაინია. ჰიპსტერიც ასეთი უნდა.

ტექ ინდუსტრიაში დღეს დიზაინის მნიშვნელობას არავინ უარყოფს და ყველგან პროდუქტის მომხმარებელზე მორგება გვესმის. თუ ჩვენს სიახლეებს თვალს ადევნებ, კარგად გეცოდინება ის უნიკალური კომპანიები, რომელთა წარმატებაშიც დიზაინერებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. ჯონი აივიმ ეს ტრენდი შექმნა. დღეს მას ბევრი სხვა კომპანია ბაძავს და ნელ-ნელა ვხედავთ, როგორ ანაცვლებს მაიკროსოფტის, გუგლის, სამსუნგის და სხვა მწარმოებლები ეფლის პროდუქტებს. თუმცა, აივი ყოველთვის დარჩება იკონად ტექ ინდუსტრიაში.


შერილ სენდბერგის გზა გუგლიდან ფეისბუკამდე

შერილი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალია ბიზნეს ეკოსისტემაში. მისი წარმატების ისტორია გუგლიდან იწყება, სადაც ის ექვსი წლის განმავლობაში კომპანიის სარეკლამო სივრცის გაყიდვებზე იყო პასუხისმგებელი. მარკი იმდენად მოიხიბლა მისი პერფომანსით, რომ 2008 წელს შერილი გუგლს ‘წაართვა’ და თავისი კომპანიის ოპერაციების მენეჯერად დანიშნა.

ეს ზუსტად ის პერიოდი იყო ფეისბუკისთვის, როცა მოგების გაზრდაზე ფოკუსირება ყველაზე მეტად სჭირდებოდა. აქედან ოთხ წელში შერილმა კომპანია $150 მილიონიანი მოგებიდან $3.7 მილიარდიან მოგებაზე გაიყვანა, რაც 2,400%-იანი ზრდას ნიშნავდა.

ქალები რომ ბიზნეს ინდუსტრიაში უფრო და უფრო ხშირად გვხვდებიან, ამაზე წინა სტატიაში უკვე ვისაუბრეთ. შერილ სენდბერგი მხოლოდ ჰასლერის კარგი მაგალითი არაა. მისი მიღწევები იმაზეც მიუთითებს, რომ ქალებს ბიზნეს ინდუსტრიაში ფეხის მოკიდების რეალური შანსი აქვთ. ბევრისთვის ეს საჭირო ბიძგის მომცემი შეიძლება აღმოჩნდეს. შერილი აქტიურად ეხმარება ქალებს ამ მიმართულებით და მიზნის განსახორციელებლად მან კერძო კომპანია Lean In-იც კი დააარსა.

ამ ბოლო მაგალითში კადრების არჩევის საინტერესო სტრატეგიაც იმალება: მარკ ცუკერბერგმა ერთ-ერთ კონფერენციაზე აღნიშნა, რომ შერილის აყვანისგან ძალიან საჭირო გაკვეთილი ისწავლა:

“ყოველთვის ეცადე დაიქირავო ისეთი ადამიანი, რომლისთვისაც, პარალელურ სამყაროში, შენ თვითონ იმუშავებდი.”

ცუკერბერგი ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია გუნდში შენზე ძლიერი ადამიანები გყავდეს, თუმცა, ამავდროულად, რამდენად საშიშია ეს ბევრისთვის. შერილის შემოერთება მისთვის ამის მაგალითი იყო. შედეგიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს გაკვეთილი ჩვენც უნდა გავითავისოთ.


საბოლოო სურათი

ჰიპსტერი და დიზაინერი ისევე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც ჰაკერი და დეველოპერი, ან ჰასლერი და ბიზნეს სტრატეგოსი. ასე რომ არ იყოს, მათთვის ცალკე ტერმინები არ გვექნებოდა. ამოუწურავი ენთუზიაზმი და საქმის უზომო პატივისცემა ის მახასიათებლებია, რომლებიც მათ დროის გასწრების, მომავალში შეჭყიტვის და იქიდან წამოღებული იდეების აწყმოში განხორციელების შესაძლებლობას აძლევთ. ჰიპსტერი, ჰაკერი და ჰასლერი ფაზლის ნაწილებივით არიან: სამივე რადიკალურად განსხვავებულია, თუმცა იდეალურად ეთავსებიან ერთმანეთს და მათი დაკავშირებით პროდუქტის სრულყოფილი სურათი მიიღება.


გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

შემდეგ კი, გაეცანი:

უკვე წარმატებული ანტრეპრენერების შეცდომებს, რომლებიც მათ შედევრების შექმნაში დაეხმარა.

გავრცელებულ მითებს ანტრეპრენერებზე, რომლებისაც, შენთან ერთად, გამოცდილ ინვესტორებსაც კი სჯერათ.

იმ დიზაინერ სტარტაპერებს, რომლებმაც მსოფლიო მასშტაბის უნიკალური პროექტები ყველაზე მეგობრულ პლატფორმებად აქციეს.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა