ლურჯი ვერსია

შეამოწმე შენი სტარტაპ ცოდნა!

18 სექტემბერი 2020

სტარტაპის წამოწყება მარტივი არაა. ეს არც ისეთი სახალისო პროცესია, როგორც ბევრს ჰგონია. ასეთ ამბიციურ მიზანს ბევრი ფიქრი და მომზადება სჭირდება. აქ მოცემული ტესტი იმის გარკვევაში დაგეხმარება, რამდენად ხარ მზად ამ სერიოზული გამოწვევისთვის.

ტესტის ბმულს ამ პატარა სტატიის ბოლოს იპოვი. მანამდე კი, გვინდა ორი სიტყვით განვმარტოთ, მაინც რა არის სტარტაპი და რა გამოარჩევს მას სტანდარტული ბიზნესებისგან.


რა არის სტარტაპი?

სტარტაპის მშრალი განმარტებაა “ახლად წამოწყებული კომპანია, რომელიც ინოვაციურ იდეაზე მუშაობს.” ეს საკმარისი არაა. ასეთი განმარტება სტანდარტულ ბიზნესსაც მიესადაგება. კარგად უნდა გაითავისო, რომ ყველა ბიზნესი სტარტაპად არ ითვლება. მათ სხვადასხვა მიდგომა და ხასიათი სჭირდება.

Y Combinator-ი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ფართოდ გავრცელებული სტარტაპ აქსელერატორია მსოფლიოში. მისი დამფუძნებელი, პოლ გრაჰამი, სტარტაპს ასე განმარტავს:

“სტარტაპი კომპანიაა, რომელიც სწრაფად ზრდისთვისაა შექმნილი. ის, რომ ახალი დაარსებულია, კომპანიას სტარტაპად არ აქცევს... ერთადერთი მთავარი მახასიათებელი ზრდაა. სხვა დანარჩენი, რაც სტარტაპთან ასოცირდება, ზრდიდან მოდის.”

სტანდარტული ბიზნესისა და სტარტაპის სტრატეგიაც სწორედ აქ განსხვავდება ერთმანეთისგან. ზრდის მაჩვენებელი შენთვის კომპასივით უნდა იყოს. ყველა გადაწყვეტილება ამ ერთ მიზანს უნდა ეხმიანებოდეს. ასეთი ხედვით ყოველდღიურ თუ სამომავლო პრობლემებზე პასუხები თავისით გამოაშკარავდება. თანაც, ერთ მაჩვენებელზე ფოკუსირება ბევრ არასაჭირო თავის ტკივილს აგარიდებს თავიდან.

იმისათვის, რომ შეაფასო, ვარდება თუ არა შენი იდეა სტარტაპების კატეგორიაში, ორ მახასიათებელს მიაქციე ყურადღება:

1. ქმნი თუ არა რაღაც ისეთს, რაც ბევრ ადამიანს უნდა?

2. შეგიძლია მისწვდე და მოემსახურო ყველა ამ ადამიანს?

მაგალითისთვის, თმის შეჭრა ბევრ ადამიანს უნდა, მაგრამ სალონი ყველას ვერ მოემსახურება. ქართული ენის შემსწავლელი მობილური აპლიკაცია ყველა მსურველს მისწვდება, მაგრამ ასეთი ძალიან ცოტა იქნება.

ამიტომაც გვაქვს ზრდის მაღალი მაჩვენებლის მქონე კომპანიებისთვის ცალკე სიტყვა. კომპანია მართლაც უნიკალური უნდა იყოს, რომ არც ზემოთ მოცემულ პირველ პუნქტში შეიზღუდოს და არც – მეორეში. Ycombinator-ში სტარტაპები, საშუალოდ, კვირაში 5-7%-იან ზრდის მაჩვენებელს უმიზნებენ. ყველაზე კარგი საზომი ერთეული შემოსავალია. თუმცა, თუ შენი სტრატეგიის ნაწილი უფასო პროდუქტის/სერვისის შეთავაზებაა, ახალი კლიენტების რაოდენობაც კარგ საზომად ითვლება.


სტარტაპი და ტექნოლოგიები

აუცილებელი არაა, სტარტაპს ტექნოლოგიასთან ჰქონდეს შეხება, მაგრამ დღეს ყველაზე წარმატებული სტარტაპები სწორედ ამ ინდუსტრიაში გვხვდება. მიზეზი მარტივია: ისეთი შეთავაზების პოვნა, რომელიც ბევრს უნდა და ხელმისაწვდომიც არის ყველასთვის, ძალიან რთულია (თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მათ ყველა ეძებს). ასეთი იდეების საპოვნელად საუკეთესო ადგილი სწრაფად განვითარებად ინდუსტრიაშია. ის, რაც არაპრაქტიკული ან საერთოდ მიუღწეველი იდეა იყო გუშინ, დღევანდელმა მიღწევამ შეიძლება გენიალურ გამოგონებად აქციოს. სტარტაპი და ტექნოლოგიები, ფაქტობრივად, ერთმანეთზეა გადაჯაჭვული.


ახლა კი, ტესტზე გადავიდეთ! გაითვალისწინე, რომ ეს ტესტი საბოლოო პასუხად არ უნდა მიიღო. შეხედე მას, როგორც საკუთარ თავსა და ხედვებში უკეთესად გარკვევის მეთოდს. შეიძლება აღმოაჩინო, რომ სტარტაპის ამოუწურავ გამოწვევებს სტანდარტული კომპანიის წამოწყება გირჩევნია. მთავარია, იცოდე რას აკეთებ. დანარჩენი შენს სურვილზეა დამოკიდებული!


გადადი ტესტზე

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა