ლურჯი ვერსია

შეცდომებიდან სტარტაპ შედევრებამდე

27 აგვისტო 2020

შეცდომებიდან სტარტაპ შედევრებამდე


“არსებობს სულელური გამოთქმა, რომ ნასაში შეცდომა მიღებული არაა. შეცდომა ჩვენთან მიღებულია. თუ შეცდომებს არ უშვებ, მაშინ საკმარისად ინოვაციური არ ხარ.” – ილონ მასკი


წარმატებისკენ მიმავალი გზა არაერთ იმედგაცრუებაზე გადის. რაც უფრო ამბიციურია მიზანი, მით უფრო მეტი დაბრკოლება ეღობება მას წინ. მათი გადალახვა ნიშნავს, რომ უნდა სცადო, დამარცხდე, თავიდან სცადო და ასე მანამ, სანამ მიზანს არ მიაღწევ. მიუხედავად ამისა, ეს წარუმატებელი მცდელობები კულისებს მიღმა რჩება ხოლმე:

"დროის სწორი შერჩევა, შეუპოვრობა და ათწლიანი მცდელობები ისე ჩანს, თითქოს ერთ ღამეში მიაღწიე წარმატებას." – ტვიტერის თანადამფუძნებელი, ბიზ სტოუნი.

ეს “ათწლიანი მცდელობები” სავსეა გამოწვევებითა და წარუმატებლობებით, რომელთა გამოც ბევრი, უბრალოდ, დროზე ადრე ყრის ფარ-ხმალს. ისტორიას ქმნიან ისინი, ვის პირად ლექსიკონშიც 'შეცდომის' მაგივრად სიტყვა 'გაკვეთილი' წერია.


ამაზონის მიტანის სერვისმა სამ წელში 800 მილიონ დოლარიანი ზარალი ნახა

Webvan-ი, ამაზონის შვილობილი კომპანია, პროდუქტების ერთ-ერთი პირველი მიტანის სერვისი იყო. ის 1999 წელს დაარსდა, 2001 წელს კი თავისი კარები თითქმის 800 მილიონ დოლარიანი ზარალით დახურა. ეს ბევრისთვის პირველი და უკანასკნელი მცდელობა იქნებოდა, მაგრამ ამაზონი გამონაკლისი აღმოჩნდა.

პროექტის მონაწილეები რამდენიმე წელში ისევ დაუბრუნდნენ იდეას, მაგრამ, ამჯერად, იგივე შეცდომები აღარ გაუმეორებიათ. დღეს ისინი AmazonFresh-ს ხელმძღვანელობენ, რომელიც უკვე გასცდა ამერიკის შტატებს და ბერლინში, ტოკიოში, ლონდონსა და სხვა ქალაქებშიც გვხვდება.

ერთი შეხედვით, Webvan-ს ყველაფერი ჰქონდა, რაც წარმატების რეცეპტად ითვლება: დიდი ფინანსური რესურსი, გამოცდილი ანტრეპრენერები, კავშირები მსხვილ პარტნიორებთან. საბოლოოდ, ის ისტორიას შემორჩა, როგორც კარგი მაგალითი ასეთი რეცეპტის არარსებობისა. შეცდომებს ყველა უშვებს.

კომპანია იმაზე სწრაფად გაფართოვდა, ვიდრე ამის მენეჯმენტს შეძლებდა. ამას გარდა, იმ ახალ ლოკაციებში, სადაც Webvan-ი გამოჩნდა, საკმარისი კლიენტი სტაბილური შემოსავლებისთვის არ მოიძებნებოდა. პროექტის ტექნიკური მხარე მის ზრდას ვერ დაეწია, რაც, საბოლოოდ, საკმაოდ ძვირადღირებული კრახით დასრულდა.


გაკვეთილი: გაფართოვდი ნელა და მიზნობრივად


მომხმარებლებისა და თანამშრომლების საკმარისი რაოდენობის მოზიდვა გამართულ საოპერაციო სისტემაზე წინ დგას. დიდი რესურსი არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად მალევე უნდა დახარჯო. სწორად შეაფასე შენი, როგორც კომპანიის, რეალური შესაძლებლობები.


ტვიტერის დამფუძნებელი ეფლის წინააღმდეგ

ევან ვილიამსი ამერიკელი ანტრეპრენერია, რომელსაც ბლოგის არსებობას უნდა ვუმადლოდეთ. პირველი ბლოგ პლატფორმა, სახელად ‘ბლოგერი’, სწორედ მას ეკუთვნის.

რამდენიმე წარმატებული სტარტაპის შემდეგ ევანი შეუერთდა კომპანია ოდეოს, რომელიც ერთ-ერთ პირველ პოდკასტების პლატფორმად უნდა ქცეულიყო.

პროექტში დიდი ფულის ჩადების მიუხედავად, ოდეოს წევრებმა იდეისთვის თავის დანებება გადაწყვიტეს, როცა შეიტყვეს, რომ ეფლის iTunes-ს პოდკასტების სექცია დაემატებოდა.

ევანი მალევე მიხვდა, რომ ეფლს სათანადო კონკურენციას ვერ გაუწევდნენ და, მის მაგივრად, ტვიტერზე დაიწყო მუშაობა. დღეს ტვიტერის საბაზრო ღირებულება, დაახლოებით, 30 მილიარდი დოლარია.


გაკვეთილი: ობიექტურად შეაფასე კონკურენცია

ბაზარზე კონკურენტის არსებობა არ ნიშნავს, რომ შენი პროექტი აუცილებლად წარუმატებელი იქნება. თუმცა, ეს არც იმას ნიშნავს, რომ საერთოდ უგულებელყო ის. აუცილებელია, ობიექტურად შეაფასო სიტუაცია და შენი კონკურენტის შესაძლებლობები. მარტივად რომ ვთქვათ, დღეს რომ ამაზონის ჩანაცვლებაზე იფიქრო, დასაწყისშივე წარუმატებლობისთვის ხარ განწირული (თუმცა, ამაზონის ქართული ვერსია მაინც იმუშავებს, რადგან ბაზარი და გეოგრაფიული ლოკაცია სხვადასხვაა).


Slack-ი და Flickr-ი ჩაფლავებული ვიდეო თამაშების შედეგია

სტუარტ ბატერფილდი იმ დიზაინერებს მიეკუთვნება, რომლებმაც, ტექნოლოგიური გამოუცდელობის მიუხედავად, სილიკონ ველიზე საერთო აღიარება მოიპოვეს. არადა, ანტრეპრენერების რიგს ის სრულიად აუთვისებელი ვიდეო თამაშის იდეით შეუერთდა. Game Neverending-ი იმით გამოირჩეოდა, რომ მოთამაშეებს ერთმანეთისთვის ნივთების გაცვლა შეეძლოთ. ამ დროს ეს ახალ აღმოჩენად ითვლებოდა, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ ბატერფილდმა პლატფორმა 2004 წელს შექმნა – მაშინ, როცა ინტერნეტ თამაშებს მომხმარებელი თითქმის არ ჰყავდა.

იმის მაგივრად, რომ ხალხის გადმობირებაზე დაეხარჯა დრო და რესურსები, სტუარტმა სცადა ბაზრისთვის ალღო აეღო. სისტემაში რამდენიმე ცვლილების შეტანის შემდეგ, Game Neverending-ი წარმატებით გადაკეთდა სურათების გასაზიარებელ პლატფორმად. დღეს მას Flickr-ის სახელით ვიცნობთ. ის ჯერ კიდევ მაშინ დაარსდა, როცა არც აიფონი არსებობდა და არც – ინსტაგრამი.

მაგრამ, სტუარტს თავისი პირველი იდეა არ დაუვიწყებია.

მას შემდეგ, რაც Flickr-ი წარმატებით მიჰყიდა Yahoo-ს დაახლოებით 35 მილიონ დოლარად (სულ რაღაც ერთ წელში!), ბატერფილდმა Glitch-ი წამოიწყო. ეს ბევრ მოთამაშეზე გათვლილი ახალი ვიდეო თამაში იყო. პროექტი შედარებით წარმატებული აღმოჩნდა და 17 მილიონი დოლარის მოზიდვაც შეძლო.

10 მილიონი უკვე გამქრალი იყო, როცა სტუარტი მიხვდა, რომ მის პლატფორმას ხარჯების დასაფარად საკმარისი მოთამაშე არასდროს ეყოლებოდა. ისიც ადგა და, წარსულის გათვალისწინებით, კომპანია დახურა. დარჩენილი თანხა იმ საკომუნიკაციო სისტემის განვითარებას მოახმარა, რომელსაც Glitch-ზე მუშაობისას მისი გუნდი იყენებდა. Slack-იც ასე გამოჩნდა ბაზარზე და დღეს საქმიანი ურთიერთობებისთვის ნომერ პირველი საკომუნიკაციო პლატფორმაა.


გაკვეთილი: პროექტი ისე შეიძლება შეიცვალოს, ვეღარც იცნო

სტარტაპ სტრატეგიაში ძირეული ცვლილებების შეტანას პივოტი ეწოდება. ხშირად, პივოტი წარმატებულ პროექტამდე მისვლის აუცილებელი კომპონენტია, მაგრამ ბევრს მისი ეშინია. სტუარტმა ორჯერ გადააბიჯა საკუთარ თავსა და ამბიციებს, როცა ერთი ვიდეოთამაშიდან სურათების გასაზიარებელ პლატფორმად იქცა, მეორედან კი – ონლაინ კომუნიკაციის. მის მაგალითზე კარგად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია ბაზრის პულსის დაჭერა და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.


ლინკდინის წინამორბედი ბიზნეს და რომანტიულ ურთიერთობებს აერთიანებდა

SocialNet-ი, რეიდ ჰოფმანის წამოწყება ლინკდინამდე, საკმაოდ ამბიციური პროექტი იყო: ამით მას ტინდერისა და ლინკდინის გაერთიანება სურდა. რა თქმა უნდა, მაშინ არც ერთი არსებობდა და არც – მეორე, თუმცა ბაზარზე პირველი მოთამაშის უპირატესობა საკმარისი არ აღმოჩენილა. მომხმარებლები ვერ ხვდებოდნენ, მაინც რა მიმართულებით უნდა ესარგებლათ პლატფორმით. საბოლოოდ, რეიდმა პროექტი მიატოვა, თუმცა იდეისთვის არ უღალატია. მალე ბაზარზე ლინკდინი გამოჩნდა – სივრცე მხოლოდ და მხოლოდ საქმიანი ურთიერთობებისთვის.


გაკვეთილი: ფოკუსირდი ერთ ნიშაზე

სასიყვარულო პარტნიორებისა და საქმიანი უერთიერთობებისთვის ონლაინ სივრცის შექმნა აშკარად წარმატებული იდეაა, მაგრამ – ცალ-ცალკე. რეიდის შეცდომა ის იყო, რომ მან ყველაფერი ერთად მოინდომა. შედეგად, არც ერთი გამოუვიდა და არც მეორე, სანამ, საბოლოოდ, დათმობაზე არ წავიდა.


ტესლა, SpaceX და SolarCity რისკის გარეშე დღეს არ იარსებებდნენ

ილონ მასკმა PayPal-ის გაყიდვიდან 180 მილიონი დოლარი აიღო. აქედან 100 მილიონი SpaceX-ში ჩადო, 70 – ტესლაში, 10 კი – SolarCity-ში. როგორც თავად ამბობს, ბინის ქირისთვის ფულის სესხება სჭირდებოდა. კიდევ უფრო საინტერესო ისაა, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, სამივე კომპანიის 10% შანსს ვაძლევდიო.

წინა მაგალითებმა გვაჩვენა, რომ ხანდახან იდეის მიტოვება წარმატებულის პოვნის აუცილებელი წინაპირობაა. თუმცა, ისიც ვნახეთ, რომ შეცდომად მიჩნეული ქმედებები ყველა შემთხვევაზე არ ვრცელდება. ილონ მასკის საქციელი ამას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

ისევ და ისევ მისივე თქმით, თუ დიდი გავლენის მოხდენა გინდა, წარუმატებლობის რისკიც მისი პროპორციული იქნება. არის მომენტები, როცა, უბრალოდ, ალღოს უნდა ენდო.


გაკვეთილი: ენდე საკუთარ თავს და არასოდეს დანებდე

შესაძლოა მასკს თავისი პროექტების წარმატებაში ეჭვი ეპარებოდა, მაგრამ საკუთარ თავს მაინც ბოლომდე ენდო. იმისათვის, რომ ამბიციური მიზნისკენ მიმავალი კომპლექსური და, ხშირად, ალოგიკური გზა დაფარო, პირველ რიგში, საკუთარი შესაძლებლობები კარგად უნდა გაითავისო.

ყველა ამ ისტორიას საერთო ის აქვს, რომ მათ უკვე წარმატებული ადამიანები ყვებიან. მიუხედავად იმ უზარმაზარი კრახებისა, რაც ცხოვრებაში განიცადეს, დანებება მათთვის არჩევანი არასოდეს ყოფილა. ამაზე ამბავს კი ალბათ ვერასდროს მოვისმენთ, რადგან მათ, ვინც ბრძოლას წყვეტენ, არავინ უსმენს.

“გამარჯვებული ის დამარცხებულია, რომელმაც კიდევ ერთხელ სცადა.” – ჯორჯ მ. მორი, ჯუნიორი.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

03 აგვისტო

მოუსვენრობა წარმატებისთვის: როგორ ცვლიან სამყაროს წამყვანი კომპანიები განვითარებული კომუნიკაციების წყალობით

​​​​​​​​​​​​​​მხოლოდ კომუნიკაციების სექტორის უნიკალურ შესაძლებლობებზე საუბრისას თუ გავაერთიანებდით ახალბედა ტიკტოკსა და ბებერ გუგლს, მუსიკალურ პლატფორმა სპოტიფაისა და საზიარო ტაქსების სერვის უბერს. 
27 აგვისტო

შეცდომებიდან სტარტაპ შედევრებამდე

“არსებობს სულელური გამოთქმა, რომ ნასაში შეცდომა მიღებული არაა. შეცდომა  ჩვენთან მიღებულია. თუ შეცდომებს არ უშვებ, მაშინ საკმარისად ინოვაციური არ ხარ.”