ლურჯი ვერსია

10 შთამაგონებელი ფილმი, რომელიც ყველა ანტრეპრენერმა უნდა ნახოს 

23 ნოემბერი 2021

დროდადრო, ყველას გვჭირდება ინსპირაცია, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც იდეების ინიცირება პროფესიად აქვს ქცეული და ანტრეპრენერობისკენ მიილტვის. ამ სტატიაში გაგიზიარებ 10 მეტნაკლებად ცნობილს ფილმს, რომლებსაც სტარტაპერისთვის იმაზე მეტის მოცემა შეუძლია, ვიდრე, უბრალოდ, საინტერესო ამბავია. ეს შთამაგონებელი ფილმები დაგანახებთ, რა ხდება სარეკლამო თუ ბიზნეს სამყაროს კულუარებში, გაჩვენებთ ცნობილი სტარტაპერების საიდუმლოებს და გადაგიშლით განსხვავებულ გზებს, თუ როგორ მიიღწევა წარმატება ამ სფეროებში.

მაშ ასე – 10 ფილმი, რომლებიც ყველა ანტრეპრენერმა უნდა ნახოს:


1. The Social Network/სოციალური ქსელი

IMDB: 7.7

რეჟისორი: დევიდ ფინჩერი


სიუჟეტი

ფეისბუქის შექმნის ისტორია და დამფუძნელბლის, მარკ ცუკენბერგის ბიოგრაფია. აარონ სორკინის ბრწყინვალე სცენარი, დევიდ ფინჩერის შესანიშნავი რეჟისურა და საოცარი მსახიობების ასამბლეა რამდენჯერმე ყურებად ნამდვილად ღირს.


რატომ უნდა უყურო?

ფილმი ყურადღებიანი მაყურებლისთვის არის ბიზნესის შექმნის სახელმძღვანლო – რა გამოწვევების წინაშე დგება სტარტაპერი, რომელიც სრულიად უცხო გზით მიდის, როგორ ამყარებს ურთიერთობებს სხვა ბიზნესმენებთან, პარტნიორებთან, კონკურენტებთან… „სოციალური ქსელი“ აღწერს თანამედროვე სტარტაპერის ფსიქოლოგიას. რა არის შენი, როგორც სტარტაპერის და როგორც პიროვნების მიზანი? რეალურად, რაში გჭირდება წარმატება? თუ ამ შეკითხვებზე გულწრფელი პასუხი ჯერ არ გაქვს, ფილმი მათ პოვნაში დაგეხმარება.


საუკეთესო სცენა:

როცა ცუკენბერგი პირველად შეხვდა შონ პარკერს.


2. Pirates of Silicon Valley/სილიკონ ველის მეკობრეები

IMDB: 7.3

რეჟისორი: მარტინ ბურკი


სიუჟეტი

ფილმი ასახავს სტივ ჯობსისა და ბილ გეითსს შორის არსებულ დაპირისპირებას 1971-1977 წლებში.


რატომ უნდა უყურო?

მსოფლიოს ორი ყველაზე გამორჩეული ტექნოლოგიური კომპანიის პირველი ნაბიჯები და ორი ადამიანის კარიერული ნახტომები, რომლებმაც მთლიანად შეცვალეს ტექნოლოგიების სამყარო, შთაგონების გარეშე ვერ დაგტოვებს. ფილმი არის შანსი, გავიგოთ, თუ რა გზა გაიარეს ამ გენიოსებმა ოცნებების ახდენამდე და როგორ შეცვალეს სამყარო.


საუკეთესო სცენა:

სტივ ჯობსის ინტერვიუ APPLE-ის სავარაუდო თანამშრომელთან.


3. Wall Street/უოლ სტრიტი

IMDB: 7.4

რეჟისორი: ოლივერ სტოუნი


სიუჟეტი:

ჩარლი შინი და მაიკლ დუგლასი ამბიციისა და სიხარბის ზეიმის ბრწყინვალე სურათს გვიხატავენ. მთავარი გმირი, ბედ ფოქსი, კერპად აქცევს გეკოს და მის მომხიბვლელ ცხოვრების წესს გაიზიარებს, მხოლოდ იმისთვის, რომ ინსაიდერული ვაჭრობის მანკიერ ქსელში ჩაერთოს.


რატომ უნდა უყურო?

როცა საქმე ფულსა და ძალაუფლებას ეხება, ცდუნება დიდია. ახალგაზრდა ანტრეპრენერები ხშირად ვერ აღწევენ თავს სიხარბეს და კარგავენ მორალს. ეს ფილმი გაჩვენებს ზღვარს არაეთიკურობასა და წარმატებას შორის. არჩევანი თავად უნდა გააკეთო.


საუკეთესო სცენა

გორდონ გეკოს პოპულარული, უფრო სწორედ, სამარცხვინო სიტყვით გამოსვლა.


4. Glengarry Glenn Ross/გლენგარი გლენ როსი

IMDB: 7.7

რეჟისორი: ჯეიმს ფოული


სიუჟეტი:

სიგარეტის სუნით გაჟღენთილ ოფისში მუდმივად მიმდინარეობს ომი კლიენტებისთვის უძრავი ქონების გამყიდველებს შორის.


რატომ უნდა უყურო?

როგორ უნდა იმუშაო მძიმე პირობებში იმისთვის, რომ გადარჩე და გახდე წარმატებული. გამოსვლის დღიდან ფილმი გაყიდვების მენეჯერების სწავლების პროცესში გამოიყენება.


საუკეთესო სცენა:

ალეკ ბულდოინის „სამოტივაციო“ გამოსვლა გაყიდვების გუნდში.


5. Boiler Room/საქვაბე

IMDB: 7.0

რეჟისორი: ბენ იანგერი


სიუჟეტი:

ჯორდან ბელფორტის მიერ დაარსებული თაღლითური სავაჭრო კომპანიის ისტორია და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები.


რატომ უნდა უყუროთ?

თუ საყურებლად საკმარისი არ არის ის ფაქტი, რომ ფილმში ვინ დიზელი და ბენ აფლეკი თამაშობენ, გეტყვი, რომ ესაა გამაფრთხილებელი ნიშნებით სავსე ფილმი, რათა არ შეცვალო ცხოვრების წესი მდიდარი, ცნობილი ადამიანების ზეგავლენით და არ მიიღო მორალურად საეჭვო გადაწყვეტილებები.


საუკეთესო სცენა:

ბენ აფლეკის სიტყვა.


6. The Aviator/ავიატორი

IMDB: 7.5

რეჟისორი: მარტინ სკორსეზე


სიუჟეტი:

ექსცენტრიული მილიარდერის, ჰოვარდ ჰიუზის ბიოგრაფია რომელმაც გადალახა ყველა დაბრკოლება, რათა გამხდარიყო ცნობილი ბიზნესმენი და წარმატებული კინორეჟისორი.


რატომ უნდა უყურო?

სკორსეზესა და დიკაპრიოს თანამშრომლობა უკვე ნიშნავს, რომ ეს ფილმი საყურებელი ფილმების სიაში პირველ ადგილზე უნდა ჩასვა. ამას კიდევ ემატება ის რეალისტური გარემო, რასაც ფილმი ასახავს – მუდმივი კონკურენცია სქელჯიბეებიანებთან. რამ უნდა გაიძულოს, არ დანებდე და ყველა დაბრკოლება გადალახო? ეს ფილმი მოგცემს სტიმულს და ძალას.


საუკეთესო სცენა:

სენატის მოსმენები.


7. The Founder/დამფუძნებელი

IMDB: 7.2

რეჟისორი: ჯონ ლი ჰენკოკი


სიუჟეტი

ამერიკელი სწრაფი კვების მაგნატის რეი კროკის ბიოგრაფიული ფილმი, მაკდონალდსის ისტორია.


რატომ უნდა უყურო?

როცა უკვე სტარტაპერი ხარ, რატომ უნდა მოუსმინო სხვას? ან როცა უკვე გაქვს საქმე, რატომ უნდა აჰყვე ოცნებებს და გაწირო ყველაფერი მიზნამდე მისაღწევად? ამ შეკითხვებზე პასუხები ფილმის ბოლოს გეცოდინება, რადგან აღმოაჩენ, რომ მაკდონალდსის ყვითელი თაღები იმაზე მეტ ამბავს ატარებს, ვიდრე ახლა ჩანს. გაიგებ იმასაც, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სწრაფი კვების ობიექტის დამფუძნებლები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი დაწყებული საქმე, რადგან პირველ შეკითხვას არასწორი პასუხი გასცეს.


საუკეთესო სცენა:

როცა ერთმა გაყიდვების მენეჯერმა პირველად გასინჯა მაკდონალდსის პროდუქტი.


8. Thank You for Smoking/მადლობა მოწევისთვის

IMDB: 7.6

რეჟისორი: ჯეისონ რეიტმენი


სიუჟეტი:

ფილმის სიუჟეტი ვითარდება Big Tobacco-ს მთავარი სპიკერის, ნიკ ნეილორის მაქინაციების ირგვლივ, რომელიც სიგარეტის ინდუსტრიას რთულ სიტუაციებში იცავს.


რატომ უნდა უყურო?

გსურს, მარკეტინგის ხელოვნებას დაეუფლო? გაყიდვების ცოდნა ნებისმიერ სტარტაპერს სჭირდება. ეს ფილმი გასწავლის, რომ შესაძლებელია ყველაფრის გაყიდვა, სანამ გაქვს უნარები და რწმენა აუდიტორიის მოსაზიდად.


საუკეთესო სცენა:

ნიკ ნეილორი (აარონ ეკჰარტი) აჩვენებს თავისი სპინის უნარებს ჯოან ლუნდენის თოქ-შოუში.


9. The Pursuit of Happiness/ბედნიერებისკენ სწრაფვა

IMDB: 8.0

რეჟისორი: გაბრიელ მუკინო


სიუჟეტი

მეწარმის კრის გარდნერის ერთწლიანი ბრძოლა შვილთან ერთად უსახლკაროდ დარჩენის თავიდან ასაცილებლად, დამქანცველი 6-თვიანი არაანაზღაურებადი სტაჟირების პარალელურად.


რატომ უნდა უყურო?

როგორ უნდა იბრძოლო წარმატებისთვის მაშინ, როცა გაქვს პასუხისმგებლობა სხვა ადამიანის მიმართ და რას ნიშნავს გქონდეს ჟინი, რა თვისებები გჭირდება იმისთვის, რომ ოცნებების ბოლომდე დევნა შეძლო? ეს საუკეთესოდ უილ სმიტის პერსონაჟმა იცის.


საუკეთესო სცენა

როცა კრის გარდნერი დაიქირავა დინ ვიტერ რეინოლდსმა.


10. Any Given Sunday/ყოველ კვირა დღეს

IMDB: 6.9

რეჟისორი: ოლივერ სტოუნი


სიუჟეტი:

სპორტის სამყაროში დინამიკური და დაძაბული ბრძოლა გადარჩენისთვის. შერკინება, რომელიც საფეხბურთო მოედანზე არ სრულდება.


რატომ უნდა უყურო?

ამ ფილმს უნდა უყურონ არა მხოლოდ სპორტის ან ალ პაჩინოს თაყვანისმცემლებმა, არამედ სტარტაპერებმაც.

ალ პაჩინოს პერსონაჟი გაჩვენებს, როგორ გახდე შეუპოვარი მაშინაც კი, როცა ბრძოლა ზემდგომებთან გიწევს. ამ ხისტი გმირის მეორე მხარეს დგას მოტივატორი, რომელსაც შეუძლია ჩაახშოს დაქვემდებარებულების აჯანყება და გაამხნეოს ისინი.


საუკეთესო სცენა

ალ პაჩინოს გამოსვლა გადამწყვეტი თამაშის დაწყებამდე.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

მარიამ ელიაშვილი

რეკომენდაციები

03 აგვისტო

მოუსვენრობა წარმატებისთვის: როგორ ცვლიან სამყაროს წამყვანი კომპანიები განვითარებული კომუნიკაციების წყალობით

​​​​​​​​​​​​​​მხოლოდ კომუნიკაციების სექტორის უნიკალურ შესაძლებლობებზე საუბრისას თუ გავაერთიანებდით ახალბედა ტიკტოკსა და ბებერ გუგლს, მუსიკალურ პლატფორმა სპოტიფაისა და საზიარო ტაქსების სერვის უბერს. 
27 აგვისტო

შეცდომებიდან სტარტაპ შედევრებამდე

“არსებობს სულელური გამოთქმა, რომ ნასაში შეცდომა მიღებული არაა. შეცდომა  ჩვენთან მიღებულია. თუ შეცდომებს არ უშვებ, მაშინ საკმარისად ინოვაციური არ ხარ.”