ლურჯი ვერსია

3 უჩინარი საფრთხე სტარტაპებისთვის

11 თებერვალი 2022

არ შეგხვედრია ისეთი სტარტაპი, რომელსაც, თითქოს, ყველაფერი გააჩნდა წარმატებისთვის, მაგრამ ერთ დღესაც გაიგე, რომ დაიხურა? ეს იმდენად ხშირი მოვლენაა, ინტერნეტში სტარტაპების სასაფლაოც კი არსებობს, სადაც, შეიძლება, ერთ დღესაც შენც აღმოჩნდე. კი, კი, ყველამ ზეპირად ვიცით ის ძირითადი მიზეზები, რომლებსაც ამ მარცხების ასახსნელად ვიშველიებთ:

ფული გაგვითავდა;

გუნდი ვერ შედგა;

დრო არ იყო შესაბამისი და ვერ გაგვიგეს.

მართალი ხარ, სამივე პრობლემაა და, თანაც, სერიოზული პრობლემა. CB Insights-ის მიერ გამოქვეყნებული წარუმატებლობის მიზებების სიაში სამივე დამსახურებულად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს. მაგრამ, ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. ამ მიზეზებს მიღმა ის საფრთხეები იმალება, რომლებსაც ვერც ფული, ვერც სწორი გუნდი და ვერც შესაფერისი დრო ვერ აგვარებს.

სტარტაპის ცხოვრება თავის თავში გულისხმობს ქაოსსა და არეულობას. თუმცა, არსებობს ორი სახის ქაოსი: ქაოსი, რომელიც ქმნის და ქაოსი, რომელიც ანგრევს. არეულ განრიგსა და მოვალეობებს მიჩვეულ სტარტაპერებს, ხშირად, ყურადღების მიღმა რჩებათ ეს უკანასკნელი. გარკვეული დროის შემდეგ, უცებ აღმოჩნდება ხოლმე, რომ მენეჯმენტის სისტემა არეულია, პროდუქტი – გაურკვეველი, კომპანიის ღირებულებები კი – დაკარგული.


ქაოსი, რომელიც ანგრევს

მოდი, უცებ გავიაროთ პატარა ფიზიკის გაკვეთილი: თერმოდინამიკის მეორე კანონი გვეუბნება, რომ ჩაკეტილი სისტემა, რომელსაც ენერგია გარედან არ მიეწოდება, დროსთან ერთად ირევა და ქაოსური ხდება, როგორი ორგანიზებულიც არ უნდა ყოფილიყო თავიდან. იმისათვის, რომ ორგანიზებულობა შენარჩუნდეს, საჭიროა დამატებითი ენერგიის მიწოდება. ეს ენერგია პროექტის მმართველი გუნდიდან უნდა მოდიოდეს. მაგრამ, თუ ამ საფრთხის შესახებ არ იცი, ქაოსი ისე მოულოდნელად დაგატყდება თავს, ვერც კი მიხვდები, საიდან მოვიდა და პროექტის არევას სხვა, უფრო აშკარა, მიზეზებს გადააბრალებ. მაგალითად, ფულის გათავებას.

სტარტაპში ამ ქაოსის თავიდან ასარიდებლად სამი ძირითადი ასპექტის მუდმივი კონტროლი და შესაბამისი ზომების მიღებაა საჭირო.


1. როლების გადანაწილება თანამშრომლებში

კომპანიის განვითარების საწყის ეტაპზე რომ ყველა ყველაფერს აკეთებს, ეს ნორმაა. თუმცა, კომპანიის ზრდასთან ერთად, იცვლება ფუნქცია-მოვალეობებიც და მათ შესაბამისი შემსრულებელი სჭირდება. ამ პროცესში როლები შეიძლება აირიოს და გუნდის წევრები ისეთ პოზიციებზე დაგრჩნენ, რომლებიც მათ აღარ შეესაბამებათ.

როცა ერთი დეველოპერი გყავს, ის ხან საიტის უკანა ნაწილზე იმუშავებს, ხან – წინაზე. ზოგჯერ, შეიძლება საერთოდ პოსტების დიზაინსაც იფიქრებდეს. სტარტაპებში ეს სავსებით ბუნებრივია. კომპანია პატარაა, დავალებები კი – მარტივი. მაგრამ, გაფართოებასთან ერთად, ორი რამ უნდა გაითვალისწინო:

რაც უფრო იზრდება კომპანია, მით უფრო მეტი სამუშაო ჩნდება თითოეული მიმართულებით.

თუ რომელიმე წევრის უნარები პროექტის საწყის ეტაპზე დამატებითი დავალებისთვის საკმარისი იყო, შემდეგ ეტაპებზე დავალება გართულდება და მისი მწირი უნარები საკმარისი აღარ იქნება.

ამ ორ ფაქტორს თან ახლავს გაურკვევლობა, სტრესი, საბოლოოდ კი – ქაოსი.

გუნდის წევრების შესაძლებლობებთან ერთად, ყურადღება უნდა მიაქციო მათ სურვილებსა და ინტერესებსაც. ნუ დატოვებ პროდუქტის დიზაინერს ფეისბუკის პოსტების ილუსტრატორად. მას არც საკმარისი დრო დარჩება სამუშაოს წესიერად შესასრულებლად და არც – საკმარისი ხალისი. ყურადღება მიაქციე კომპანიის ზრდის ტემპს, მუდმივად გადაანაწილე მოვალეობები ახალი საჭიროებების შესაბამისად და დაიმატე თანამშრომლები მანამ, სანამ სისტემა აგერევა.

აქვე, მნიშვნელოვანია გუნდის ძირითად წევრებს თავიდანვე დაეხმარო მენეჯერის როლის ათვისებაში. შენი ერთადერთი დეველოპერი შეიძლება მალე მთავარ დეველოპერად იქცეს, რომლის დაქვემდებარებაშიც იქნებიან ახლად აყვანილი დამატებითი პროგრამისტები. ეს ხშირად ხდება ხოლმე – სტარტაპის არსებული წევრების დაწინაურება ნაკლებ ხარჯთან და რისკებთანაა დაკავშირებული. მაგრამ, თუ მათ შესაბამისი როლებისთვის არ მოამზადებ, ეს ერთი შეხედვით უვნებელი გადაწყვეტილება აუცილებლად გექცევა პრობლემად.



2. ფოკუსი პროდუქტზე

ალბათ გემახსოვრება, როგორ გადაურჩა ბატერფილდი ჩაფლავებას, როცა აუთვისებელი ვიდეოთამაში სამუშაო საკომუნიკაციო პლატფორმა Slack-ად გადააქცია. ვირაჟი (იგივე პივოტი) ბიზნეს მოდელისა თუ პროდუქტის შეთავაზების მნიშვნელოვან ცვლილებას გულისხმობს, მაგრამ ბატერფილდის საქციელი ამ მეთოდის ყველაზე რადიკალური მაგალითია, რაც კი გაგვირჩევია.

გარემოში, სადაც ვირაჟი ღრმად ფესვგადგმული მეთოდია, ერთ მიმართულებაზე შეჯერება და მასზე გრძელვადიანი ფოკუსირება მართლაც რთული გამოწვევაა. როცა იცი, რას წარმოადგენ, მაშინაც კი არის რისკი, გზიდან გადაუხვიო და ისეთ საქმეს მოკიდო ხელი, რომელიც არ შეგეფერება.

გავიხსენოთ გუგლის მცდელობა, ფეისბუკის მსგავსი სოციალური ქსელი შეექმნა. მგონი, “გუგლ პლუსი” ერქვა, უფრო სამახსოვრო მაგალითი უნდა მომეყვანა… მოკლედ, ფოკუსი ყველა კომპანიას შეიძლება დაეკარგოს. ხშირად, გზიდან გადახვევა აუცილებელიცაა რაღაც ახლის აღმოსაჩენად. მაგრამ, როცა ბაზარზე შენი ადგილი ახალი მოპოვებული გაქვს, სერიოზული ძალისხმევა გჭირდება ამ ადგილის შესანარჩუნებლად. გუგლის წარუმატებელი მცდელობა აღარავის ახსოვს და ამის გამო არც მისი საძიებო სისტემა მიუტოვებია ვინმეს, არც მეილი. ის უკვე მყარად იდგა თავის პოზიციაზე, როცა ახალი განშტოების დამატება გადაწყვიტა.

სკუტერების გამყიდველი კომპანია ხარ თუ სკუტერის ტარების შემსწავლელი? ბიზნეს ურთიერთობებისთვის შექმნილი აპლიკაცია ხარ თუ სასიყვარულო? საჭმელების მიტანის სერვისი ხარ თუ რესტორნების შემფასებელი?

პირველ რიგში, დაიმკვიდრე თავი ერთი კონკრეტული მიმართულებით როგორც კონკურენტების, ისე შენი კლიენტების თვალში. წინააღმდეგ შემთხვევაში, სერვისების დამატება და შეთავაზების გაფართოება არაფერს მოგიტანს, ზიანის გარდა. ასე, უბრალოდ, გაურკვევლობას გამოიწვევ კლიენტებში, რაც ყველაზე ნაკლებად გაწყობს.

ზოგჯერ, საჭიროც კია, მიყვე უცნაურ იდეებს, ატარო ექსპერიმენტები და ცვალო და ცვალო სტრატეგია. მაგრამ, ამ დროსაც კი, ფოკუსირებული უნდა დარჩე იმ მთავარ პრობლემაზე, რომლის მოგვარებასაც ისახავ მიზნად. ამ პრობლემის მოგვარების გზა კი, შედეგებზე დაყრდნობით, ხშირად შეიძლება შეიცვალოს. როცა უნიკალურ გადაწყვეტას იპოვი, ამას კლიენტების რაოდენობის სწრაფი მატებით მიხვდები.


3. ღირებულებების თანმიმდევრულობა

კონკრეტულ შეთავაზებაზე ფოკუსის მნიშვნელობა განვიხილეთ, მაგრამ კარგად უნდა გაითავისო ისიც, რომ კონკურენციის გასაძლებად პროდუქტის იდეის მკაფიო ჩამოყალიბება აღარ კმარა.

ბრენდინგის ყველაზე პოპულარულ წიგნში, “The Brand Gap”, საუბარია იმაზე, რომ 21-ე საუკუნეში მარკეტინგის მთავარი ამოცანა კომპანიის ღირებულებების გარშემო სოციუმის შეკვრაა. თუ ადრე პროდუქტის მახასიათებლებზე, უპირატესობებზე და მომხმარებლის გამოცდილებაზე მახვილდებოდა ყურადღება, დღეს წინა პლანზე ბრენდის იდენტობა მოდის. იდენტობას კი, ღირებულებები ქმნის.

ამ ღირებულებებიდან თავისით ამოიზრდება ხოლმე ყველაფერი დანარჩენი: პროდუქტის ვიზუალი და მთავარი ფუნქციები თუ უპირატესობები; სამუშაო ეთიკა; პრობლემების გადაჭრის მიმართ მიდგომა; კლიენტებთან ურთიერთობა და ასე შემდეგ.

რაც შეეხება ბრენდის იდენტობის შექმნას, ეს პროცესი კომპანიის შიგნით, შენი თანამშრომლებიდან, იწყება. სწორედ ისინი ქმნიან პროდუქტს და სწორედ ისინი ევლინებიან კლიენტებს ბრენდის სახედ.

პატარა გუნდში ღირებულებების გატარება მარტივია. რაც უფრო იზრდება ის (და რაც უფრო მეტი საქმე უჩნდებათ დამფუძნებლებს), მით უფრო რთულდება ამ ღირებულებების გატარება. კომპანიას თავისი კულტურა უნდა გააჩნდეს. ამ კულტურის შექმნისა და შენარჩუნების ყველაზე ეფექტიანი გზა კი, ეგრეთ წოდებული, რიტუალებია.

სტარტაპში ღირებულებების შესაბამისი რიტუალების დანერგვა ახალი არაა და ეს მოდელი იმდენად კარგად მუშაობს, რომ მას უკვე ‘ზრდასრული’ კომპანიებიც ინარჩუნებენ:

1. ამაზონის კარ-მაგიდები: სანამ ამაზონი ამაზონი გახდებოდა, მისმა დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა, თანამშრომლებისთვის მაგიდები იაფიანი კარებისგან გააკეთა. ეს კარ-მაგიდები ამაზონისთვის კომპანიის გამორჩეული მიდგომის სომბოლოდ იქცა: გადაჭერი პრობლემა მარტივად და იაფად, სადაც ეს შესაძლებელია.

ასეთ მაგიდებს ამაზონში დღესაც შეხვდებით. მეტიც, ამაზონს “კარ-მაგიდის ჯილდოც” კი აქვს დაწესებული იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც კლიენტებისთვის მომსახურების გაიაფების ხერხებს მოიფიქრებენ.

2. Zappos-ის ქოლ ცენტრები: Zappos-ი ტანსაცმლისა და აქსესუარების ონლაინ მაღაზიაა. არსებობის პირველი ექვსი წლის განმავლობაში, კომპანიაში მისული ყოველი ახალი თანამშრომელი, ორი კვირის მანძილზე, ქოლ ცენტრში მუშაობდა. თანამდებობას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ამის მიზანი გუნდის ყოველ ახალ წევრში “კლიენტი-უპირველეს-ყოვლისა” მიდგომის გავრცელება იყო. რადგან ყველა თანამშრომელს პირადად ჰქონდა კლიენტებთან შეხება, მათი საჭიროებები უკეთ ესმოდათ და, შესაბამისად, უფრო ითვალისწინებდნენ კიდეც.

3. FedEx-ის დასვენების დღეები: FedEx-ი ნივთების მიწოდების სერვისის ამერიკული კომპანიაა. იმისათვის, რომ სისწრაფის მნიშვნელობაზე აქცენტი გაეკეთებინა, კომპანია დღემდე აძლევს თანამშრომლებს ერთ დასვენების დღეს წლის ყოველ კვარტალში. ამ 24 საათის განმავლობაში მათ უფლება აქვთ იმუშაონ იმ პროექტზე, რომელიც აინტერესებთ. მეორე დღეს პროექტების პრეზენტაციაა. მიზანი იმის ჩვენებაა, რამდენი რამის მოსწრება შეიძლება 24 საათში, თუ საკმარისად გაირჯები.


ენერგიის მუდმივი ნაკადი

ყველა კომპანიას სჭირდება ენერგიის მუდმივი ნაკადი, რათა საწყისი სახე შეინარჩუნოს. სტარტაპებს ეს განსაკუთრებით ეხება. ზემოთ განხილულ უჩინარ საფრთხეებზე ინფორმაციის მიღება საკმარისი არაა. ეს შენი ყოველდღიური პრაქტიკა უნდა იყოს. მოიფიქრე რიტუალი, რომელიც კომპანიის მთავარ ღირებულებებს ეხმიანება; კარგად ჩამოაყალიბე ის პრობლემა, რომელსაც აგვარებ (ცვალე მხოლოდ ამ პრობლემის მოგვარების გზები შედეგებზე დაყრდნობით); მუდმივად აკონტროლე, რა ფუნქციებს ასრულებენ კომპანიის წევრები და დასახე სამომავლო გეგმები მათ პოზიციებთან დაკავშირებით.

ენერგია არასოდეს იკარგება. ის მხოლოდ გარდაიქმნება ერთი სახიდან მეორეში – ესეც ენერგიის მუდმივობის კანონი, კიდევ ერთი საჭირო გაკვეთილი ფიზიკიდან.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

06 ნოემბერი

3 გაკვეთილი ყველაზე ამბიციური მიზნების მისაღწევად – სტივ ჯობსის, ილონ მასკის და პოლ გრაჰამის რჩევები

სტარტაპინდუსტრიაში გვყავს ადამიანები, რომელთა ისტორიები და გამონათქვამები ყველგან გვხვდება.