ლურჯი ვერსია

5 პროექტი, რომლებიც გასართობად შეიქმნა, მაგრამ მილიონები დატოვა

13 ოქტომბერი 2020

ჩვენს სტატიებში ბევრი საუბარია ხარისხიანი იდეების გენერირებაზე; იმაზე, თუ როგორ უნდა აგვარებდეს კომპანია მნიშვნელოვან პრობლემებს. მაგრამ, ორი წუთით დაფიქრდი და აუცილებლად გაიხსენებ ისეთ საყვარელ ნივთს, რომელიც არანაირ ფუნქციურ დატვირთვას არ ატარებს; ან ისეთ აპლიკაციას, რომელიც არანაირ პრობლემას არ გიგვარებს; მოკლედ, ჩვენი ცხოვრება სავსეა უაზრო გასართობებით, რომელთა ავტორები არაერთხელ გამხდარან მილიონრები.


1. $1 მილიონი სარეკლამო სივრცეში

21-ე საუკუნის დასაწყისში, ინტერნეტი ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო. გასაკვირი არაა, რომ მაშინ მარკეტინგი ისე არ მუშაობდა, როგორც დღეს. ალექს თიუმ ამ გაუგებრობით თავის სასიკეთოდ ისარგებლა და კოლეჯისთვის ფულის შესაგროვებლად ყველაზე სულელურ იდეას მიმართა, რაც კი ინტერნეტს უნახავს.

ალექსმა იყიდა დომენი MillionDollarHomePage.com (მილიონ დოლარიანი მთავარი გვერდი) და გვერდის სარეკლამო სივრცედ გაყიდვა დაიწყო. ლოგიკა მარტივი იყო: მთავარი გვერდი მან 1000 x 1000 პიქსელად დაყო, თითო პიქსელის დაკავებაში კი ერთ დოლარს იღებდა. გამოიცანი, რამდენი იშოვა ალექსმა? წლის ბოლოს მას უკვე გაყიდული ჰქონდა ყველა პიქსელი ჯამში მილიონი დოლარის სანაცვლოდ.

დღეს ასეთი იდეის განხორციელება რთული წარმოსადგენია. მარკეტოლოგები მუდმივად ეძებენ ახალ-ახალ ხრიკებს, რომ ჩვენთვის საინტერესო კონტენტში შემოძვრნენ. ვებ-გვერდი მთლიანად რეკლამებისთვის აღარავის სჭირდება, მაგრამ ვიღაცას ეს სადღაც ერთხელ უნდა გაეკეთებინა.


2. კატა, რომელსაც ჩიზბურგერი უნდოდა, მაგრამ ინტერნეტი დაიპყრო

მიმები დღეს ყველა კუთხეში გვხვდება. ამ ტრენდს საფუძველი არც თუ ისე სასაცილო სურათით, არც თუ ისე სასაცილო ტექსტითა და არც თუ ისე დასამახსოვრებელი დომენით ჩაეყარა.

კატები რომ ინტერნეტსივრცის ერთ-ერთი საყვარელი გასართობია, ეს ყველამ ვიცით. როგორ არ უნდა ვიცოდეთ, როცა ისინი ყოველ კუთხეში გვხვდებიან? სწორედ ასე დაიწყო ერთი ძალიან უცნაური დომენის მქონე საიტის გზა წარმატებისკენ. ერიკ ნაკაგავა და კარი უნებასამი ისე გაერთნენ კატის ზემოთ მოცემული სურათით, გადაწყვიტეს ტექსტის თავიანთი ვერსიით ინტერნეტში გამოექვეყნებინათ. უხეშად რომ ვთარგმნოთ, ტექსტი ნიშნავს “შეიძლება ჩიზბურგერი?” საიტსაც იგივე სახელი დაერქვა: icanhas.cheezburger.com

სურათს ფანები მალევე გამოუჩნდნენ. მათ კატის თავგადასავლის გაგრძელების სურვილი ამოძრავებდათ. ამას მოყვა სხვა კატებისა და მათი ისტორიების სურათები და ვიდეოებიც. ვებ გვერდმა, მწვერვალზე ყოფნისას, თვეში 400 მილიონამდე უნიკალური მნახველი მოაგროვა.

კომპანია 2007 წელს აღსანიშნავ $2 მილიონად გაიყიდა და დღემდე აქტუალური რჩება. ფაქტობრივად, ის ყველაზე ცნობილი კომედიური პლატფორმა 9gag-ის ერთ-ერთი წინამორბედია.


3. სტრესის მომხსნელი კუბი

შეიძლება იფიქრო, რომ სულელური იდეებით ფულის შოვნა წარსულს ჩაბარდა, რადგან ინტერნეტი უკვე ათვისებული სივრცეა. მაშინ, მოდი, უფრო ახლო წარსულს გადავხედოთ. გახსოვს სტრესის მომხსნელი კუბი? მის გარშემო ატეხილმა აურზაურმა ჩვენამდეც მოაღწია.

ეს პატარა საწვალებელი, რომლის ყველა ღილაკი სრულიად უფუნქციოა, პირველად Kickstarter-ზე გამოჩნდა. Kickstarter-ი საჯარო დაფინანსების (ქრაუდფანდინგის) პლატფორმაა, სადაც ნებისმიერს შეუძლია თავისი იდეის განთავსება პროდუქტის წინასწარი გაყიდვებით ფულის ასაღებად. კუბი, რომელიც Fidget Cube-ის სახელით გამოჩნდა ბაზარზე, პლატფორმის ყველაზე დაფინანსებადი პროექტების ათეულშია შესული.

მისი მოკრძალებული გამომგონებლები კუბის გამოსაშვებად სულ რაღაც $15 000-ს ითხოდვნენ, საბოლოოდ კი, $6.5 მილიონი დოლარი შეაგროვეს.


4. ტყლარწი, რომელმაც წარმატებას იუთუბერების დახმარებით მიაღწია

კონტენტის დამოუკიდებელი შემქმნელების ერაში ყველაფერი ბევრად სწრაფად და ბევრ ადამიანზე ვრცელდება, ვიდრე ძველად. ერთის იდეამ წარმატება შეიძლება სხვებსაც მოუტანოს. ტყლარწი ამის ძალიან კარგი მაგალითია.

თავად პროდუქტი 70-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა და ისევე ჩვეულებრივად იყიდებოდა, როგორც სხვა სათამაშოები. მის გარშემო აურზაურს, ნაწილობრივ, იუთუბის ვიდეოებს უნდა ვუმადლოდეთ, რომლებმაც ინტერნეტი დაიპყრო. თუ გგონია, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია, მსგავსი ვიდეოების ავტორებმა მილიონები იშოვეს და დღესაც აგრძელებენ მოგების გენერირებას.

ტყლარწის “დედოფლად” ცნობილი კარინა გარსია უბრალო მიმტანი იყო, სანამ იუთუბის ნავთობს მიაგნებდა. მან ტყლარწზე ვიდეოების კეთება 2015 წელს დაიწყო, 2017-ში კი თვეში $200 000-ს აკეთებდა. მის ისტორიაში საინტერესო ისაა, რომ ფული სპონსორებისგან მოდიოდა და არა – პროდუქტის გაყიდვებიდან. ამ სულელური ვიდეოების წყალობით, რომლებსაც ასიათასობით მაყურებელი ჰყავდა, კარინამ მშობლები პენსიაზე გაუშვა და კალიფორნიაში სახლიც იყიდა თავისი აუზით, გადასაღები სტუდიით და ჯაკუზით. ტყლარწების დედოფალი დღემდე იღებს ვიდეოებს და ტყლარწების კომპანიაც გახსნა.


5. iFart – საყოველთაო ხუმრობა, რომელმაც ციფრულ სამყაროშიც იპოვა ადგილი

ეს გასართობიც აუცილებლად გემახსოვრებათ – პატარა ბუშტი, რომელსაც სკამზე ჩუმად უდებ ვინმეს და დაჯდომისაც ის სასაცილო ხმას გამოსცემს. გასართობი 30-იან წლებში შეიქმნა და დღემდე ინარჩუნებს აქტუალურობას, თუმცა ვინ იფიქრებდა, რომ მის ციფრულ ანალოგსაც ვიხილავდით?

iFart-ი მობილური აპლიკაციების გარშემო არსებული აურზაურისას გაჩნდა. 2008 წელს ანტრეპრენერმა, ჯოელ კომმა, გადაწყვიტა უკვდავი ხუმრობა ციფრულ სივრცეშიც გადაეტანა. აპლიკაცია ფასიანი იყო და დაახლოებით 1$ ღირდა. აქვე შეგეძლო სხვადასხვა ხმების შეძენაც. გამოჩენის პირველ დღეებში ის დღეში $10 000-ს აკეთებდა, ჯამში კი, დაახლოებით, $2 მილიონამდე შემოსავალი მოიტანა.


და რა ხდება ამ დროს საქართველოში?

აუცილებელი არაა, მსგავსი იდეები გლობალურ ბაზარზე იყოს გამიზნული. ერთი შეხედვით გასართობი, მაგრამ, სინამდვილეში, საკმაოდ მომგებიანი წამოწყებები ადგილობრივ ბაზრებზეც ხშირად გვხვდება, მაგალითად – საქართველოში. ერთი კარგი მაგალითი კომპანია ალტერსოქსია. თავად თუ არ გცმია მათი ხინკლებიანი წინდები, ნაცნობზე ნანახი მაინც აუცილებლად გექნება – მათი ორიგინალური ილუსტრაციების გამოჩენა ყველას უყვარს. ალტერსოქსის პროდუქცია საჩუქრის კარგი ვარიანტია და სურათებშიც მშვენივრად ჩანს. ხალხი ამ წინდებს, ფაქტობრივად, თავად აპიარებს. შედეგად, მილიონები ალბათ ვერა, მაგრამ სარფიანი და პოპულარული ბიზნესი მაინც მივიღეთ.

საბოლოოდ, არც თუ ისე სულელური იდეები გამოვიდა, არა? ეს პროექტები კარგი მაგალითებია იმისა, რომ შემდეგი “დიდი აფეთქება” ყველაზე მოულოდნელ ადგილებში იმალება. გავიხსენოთ Y combinator-ის თანადამფუძნებელი პოლ გრაჰამის სიტყვები:

“თუ იდეების მოფიქრების მცდელობას ცუდ იდეებამდე მივყავართ, ისეთ რაღაცებზე მუშაობა, რაც ‘სათამაშოდ’ შეიძლება წარმოვიდგინოთ, კარგ იდეებამდე მიგვიყვანს.”


გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

შემდეგ კი, გაეცანი:

როგორ მიხვიდე სტარტაპ იდეამდე, რომლებიც მილიონებს მოგიტანს.

გავრცელებულ მითებს ანტრეპრენერებზე, რომლებისაც, შენთან ერთად, გამოცდილ ინვესტორებსაც კი სჯერათ.

უკვე წარმატებული ანტრეპრენერების შეცდომებს, რომლებიც მათ შედევრების შექმნაში დაეხმარა.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

03 აგვისტო

მოუსვენრობა წარმატებისთვის: როგორ ცვლიან სამყაროს წამყვანი კომპანიები განვითარებული კომუნიკაციების წყალობით

​​​​​​​​​​​​​​მხოლოდ კომუნიკაციების სექტორის უნიკალურ შესაძლებლობებზე საუბრისას თუ გავაერთიანებდით ახალბედა ტიკტოკსა და ბებერ გუგლს, მუსიკალურ პლატფორმა სპოტიფაისა და საზიარო ტაქსების სერვის უბერს. 
27 აგვისტო

შეცდომებიდან სტარტაპ შედევრებამდე

“არსებობს სულელური გამოთქმა, რომ ნასაში შეცდომა მიღებული არაა. შეცდომა  ჩვენთან მიღებულია. თუ შეცდომებს არ უშვებ, მაშინ საკმარისად ინოვაციური არ ხარ.”