ლურჯი ვერსია

5G vs. შეზღუდული შესაძლებლობების გარემო

31 აგვისტო 2020

ნოემი რისტაუ, 27 წლის გერმანელი პარაოლიმპიური მოთხილამურე, უსინათლოა. მხედველობის დაკარგვის პროცესი 15 წლის წინ დაეწყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენი გამხდარიყო. აქამდე მას თავის დამხმარესთან, პაულასთან, ერთად უწევდა სრიალი, რომელიც აკუსტიკური სიგნალებით ატყობინებდა, როდის უნდა მოეხვია.

2019 წლის ივნისში ნოემი რისტაუ 15 წლის განმავლობაში პირველად დაეშვა მარტო მთიდან.

პაულა მას ამჯერად ოთახიდან ეხმარებოდა. მოთხილამურის ჩაფხუტზე მიმაგრებული კამერის წყალობით, ის რეალურ დროში ხედავდა გზას და ისევ და ისევ მიკროფონით ატყობინებდა მანევრების შესახებ. განსხვავება ის იყო, რომ ამჯერად ნოემი პასუხს 10 მილიწამში იღებდა. ეს იგივე დროა, რაც ჩვენს ნერვულ სისტემას ისედაც სჭირდება. ასეთ წარმოუდგენელ სისწრაფეს მეხუთე თაობის, იგივე 5G ინტერნეტი, უზრუნველყოფდა:

"მარტო ჩამოსრიალებისგან იმ წამიდან ვიყავი აღფრთოვანებული, რა წამსაც ადგილზე დავდექი. ეს გრძნობა ძალიან დიდი ხანია, აღარ ვიცოდი."

ნოემი რისტაუ, 27 წლის გერმანელი პარაოლიმპიური მოთხილამურე, უსინათლოა

რატომაა ეს ისტორია ასეთი მნიშვნელოვანი?

ჩვენს სოციუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ყოველთვის არსებობდნენ და ყოველთვის იარსებებენ. მათი უმეტესობა დამოუკიდებლად ვერ ცხოვრობს და ბევრ პრობლემასაც აწყდება ყოველდღიური, ჩვენთვის საკმაოდ მარტივი დავალებების შესრულებებისას. უსინათლოთა საერთაშორისო ფედერაციის თანახმად, მხედველობაშეზღუდულთა დაახლოებით 70% დაუსაქმებელი რჩება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დამოუკიდებლობა სამსახურის შოვნის წინაპირობაა, ამ რიცხვმა არ უნდა გაგვაკვირვოს. თუმცა, ეს ყველაფერი მალე შეიცვლება.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა კაცობრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა და 5G ინტერნეტი ამისათვის ყველაზე უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, რაც კი ოდესმე გვინახავს.


5G ინტერნეტის უპირატესობები

  • სისწრაფე - ბრძანების გადაცემის სიჩქარე წამში 10-დან 20 გიგაბაიტს მიაღწევს. 4G ინტერნეტის სტანდარტული სიჩქარე წამში 5-დან 12 მეგაბაიტამდეა.

  • დაბალი ლატენტობა (ბრძანების გაცემიდან შესრულებამდე დრო) - 4G-სთნ შედარებით, 5G ინტერნეტს 10-ჯერ ნაკლები ლატენტობა ექნება. ეს ნიშნავს, რომ მისი მეშვეობით გაცემული ბრძანებები რეალურ დროსთან ძალიან ახლოს შესრულდება. ნოემის მაგალითი სწორედ ამის დემონსტრაციაა.

  • მაღალი გამტანუნარიანობა - ეს უზრუნველყოფს დროის ერთ მონაკვეთში, ერთი წერტილიდან მეტი მოწყობილობის ინტერნეტთან დაკავშირებას. ნივთების ინტერნეტის (IoT), ავტონომიური მანქანებისა და ჭკვიანი ქალაქების განვითარებისთვის ეს აუცილებელი წინაპირობაა.

ეს - ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად. მოდი, ახლა კონკრეტულად იმ გასაოცარ უპირატესობებზე ვისაუბროთ, რომელთა წყალობითაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება.


გადაადგილება

ეს ალბათ ყველაზე მწვავე პრობლემაა, რომელსაც ეს ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან. დამეთანხმებით, დამხმარე ჯოხები და შუქნიშნებზე მიმაგრებული ხმოვანი სიგნალები უსაფრთხო გადაადგილებისთვის საკმარისი არაა. როგორ მოაგვარებს ამ პრობლემას ინტერნეტი?

წარმოიდგინეთ უსინათლო ადამიანი კამერით აღჭურვილი ჭკვიანი სათვალეებით. სათვალეში ჩამონტაჟებული ხელოვნური ინტელექტი (რომელიც, 5G-ის დამსახურებით, ბევრად დახვეწილია) რეალურ დროში აფიქსირებს გზას და, მიკროფონის მეშვეობით, რეალურ დროშივე აუწყებს მოსიარულეს მის წინ არსებული დაბრკოლებების შესახებ. ასეთი სისტემა უზრუნველყოფს სავაჭრო ცენტრებში ნავიგაციასა და უსინათლოს წინ არსებული პროდუქტების ხმოვან აღწერასაც.

საინტერესოა, რომ ამ სერვისების ანალოგი დღეს უკვე არსებობს ბაზარზე მობილური აპლიკაცია აირას სახელით. მთავარი დაბრკოლება ისაა, რომ ვირტუალური ასისტენტის მაგივრად კომპანია ნამდვილი ადამიანებითაა დაკომპლექტებული. ეს საგრძნობლად ამცირებს იმ ინდივიდების რაოდენობას, რომლებისთვისაც დროის ერთ მონაკვეთში დახმარების გაწევაა შესაძლებელი.

როცა აირას მსგავს პლატფორმებს ავტონომიური მანქანების შემუშავება ემატება, უნარშეზღუდული ადამიანებისთვის ტრანსპორტირება არნახულ სიმაღლეზე ადის.

მალე სამეცნიერო ფენტეზის მწერლებსა თუ რეჟისორებს წარმოსახვის სერიოზული გავარჯიშება დასჭირდებათ.


კომუნიკაცია

ალბათ ხშირად შეუწუხებიხარ სუსტ კავშირგაბმულობას მეგობრებთან თუ თანამშრომლებთან ვიდეოზარით საუბრისას. ხშირად წყდება ხმა და იყინება კადრი. ეს ჩვენთვის უმნიშვნელო გამაღიზიანებლად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ მათთვის, ვისაც რეალობაშიც უჭირთ სხვებთან კომუნიკაცია, ეს დიდი პრობლემაა.

სმენაშეზღუდულთათვის ჟესტები და მიმიკები ერთადერთი საკომუნიკაციო საშუალებაა. პატარა ხარვეზიც კი მოსაუბრესთან ურთიერთობისას მათთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. 5G ინტერნეტის წყალობით, ვიდეოზარები ხარვეზების გარეშე ხორციელდება და გამოსახულების ხარისხიც უმაღლეს დონეზეა.

კომუნიკაციის სფეროში კიდევ ერთი ნიშანდობლივი მიღწევა RTT-ის (Real Time Text), ანუ რეალურ დროში წერის ტექნოლოგიის განვითარება იქნება. სისტემის მეშვეობით მიმღები რეალურ დროში ხედავს ყოველ ასო-ბგერას, რომელსაც გამომგზავნი ბეჭდავს. ჩვეულებრივი საუბრებისას ეს ცოტა არასასიამოვნოდ ჟღერს, მაგრამ როცა სასწრაფოს გამოძახება ან მსგავსი გადაუდებელი დახმარება გჭირდება, RTT-ის უპირატესობები უდავო ხდება. ამასთან ერთად, სმენა დაქვეითებულებისთვის ეს ტექნოლოგია კომუნიკაციის ახალ შესაძლებლობას იძლევა.


გამოცდილებები

როცა ასპარეზზე 5G ინტერნეტის შედეგად გაუმჯობესებული აუგმენტური და ვირტუალური რეალობის მოწყობილობები გამოდიან, ყველაფერი კიდევ უფრო მეტად ემსგავსება ფენტეზს.

ისინი, ვინც სხვადასხვა დარღვევების გამო სახლის დატოვებას ან შორ მანძილებზე გადაადგილებას ვერ ახერხებდენ, ვირტუალური რეალობის გამოყენებით შეძლებენ იმოგზაურონ მსოფლიოს გარშემო, გამოსცადონ დაუვიწყარი თავგადასავლები და ამ გზით უკეთ შეიგრძნონ ცხოვრების ხიბლი.

ამაზე გასაოცარი კი ისაა, რომ სოციალური ურთიერთობებისა და სწავლის პრობლემების მქონე ადამიანებს აუგმენტური რეალობის მოწყობილობა 5G ინტერნეტის მეშვეობით რეალურ დროში გაუწევს დახმარებას. ტექნოლოგიის გამოყენებით ისინი შეძლებენ ამოიცნონ მოსაუბრის მანერები და გამომეტყველება, უკეთ აითვისონ და დაიმახსოვრონ ახლად მიღებული ინფორმაცია და ა.შ. საბოლოო ჯამში, ისინი ისევე ეფექტიანად შეძლებენ მოსაუბრესთან კომუნიკაციას, როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს შეუძლიათ.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სისტემების დანერგვა გარდაუვალია, მოცდა მოგვიწევს, სანამ თეორია რეალობად იქცევა. წინ, რა თქმა უნდა, ბევრი დაბრკოლებაც გველოდება. მაგრამ, მსოფლიოს მოწინავე კომპანიები უკვე აშენებენ მომავალს. როგორც AT&T-ის, აშშ-ის ყველაზე მსხვილი ტელეკომუნიკაციების კომპანიის გვერდი იტყობინება:

“ჩვენი ხედვა 5G ინტერნეტის თაობაზე დღესავით ნათელია და უკვე ვზრუნავთ ამ ხედვის ხორცშესხმაზე.”

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

03 აგვისტო

სოციალური მედიის თანამედროვე გამოწვევები და ციფრული კონსტიტუციონალიზმი

ინტერვიუ ედოარდო კელესტესტან. რომელია ის პრინციპები და ფასეულობები, რომლითაც ჩვენი საზოგადოება იხელმძღვანელებს ციფრულ ხანაში
03 აგვისტო

მოუსვენრობა წარმატებისთვის: როგორ ცვლიან სამყაროს წამყვანი კომპანიები განვითარებული კომუნიკაციების წყალობით

​​​​​​​​​​​​​​მხოლოდ კომუნიკაციების სექტორის უნიკალურ შესაძლებლობებზე საუბრისას თუ გავაერთიანებდით ახალბედა ტიკტოკსა და ბებერ გუგლს, მუსიკალურ პლატფორმა სპოტიფაისა და საზიარო ტაქსების სერვის უბერს. 
10 აგვისტო

5G - ახალი შესაძლებლობების სამყარო

სიახლეები საზოგადოებას ხშირად აშინებს, აბნევს და ეჭვებს უჩენს, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს ის ფაქტი, რომ ისეთი ინოვაციის დანერგვაში, როგორიც უსწრაფესი 5G ინტერნეტია, საზოგადოების ნაწილმა საფრთხე დაინახა და ამ შეგრძნებამ ისე მოიცვა, რომ კითხვის - „რა სარგებელს მოიტანს ეს უკანასკნელი?“ დასმაც არ ჩათვალა საჭიროდ და ბოლო თაობის ინტერნეტკავშირი უპირობო მტრად მიიღო.