ლურჯი ვერსია

6 ინდუსტრია, რომლებიც გაზიარებულმა ეკონომიკამ თავდაყირა დააყენა

15 იანვარი 2021

თუ ტაქსის გამოძახებისას, შიმშილის გრძნობისას, პროფესიული შეკვეთის ასაღებად ან სხვისთვის მისაცემად მობილურ აპლიკაციებში იქექები, მაშინ ეს სტატია შენთვისაა. მხოლოდ ეს სტატია კი არა, გაზიარებული ეკონომიკაც (sharing economy) საშენო ყოფილა.

ეს ტერმინი მოიცავს ტექნოლოგიურ პლატფორმებს (ძირითადად, აპლიკაციებს), რომელთა მეშვეობითაც მომხმარებლები ერთმანეთში ცვლიან სერვისებს ან პროდუქციას. მისი მუშაობის პრინციპებსა და მახასიათებლებზე უფრო ვრცლად ჩვენს ამ სტატიაში შეგიძლია წაიკითხო. აქ კი, გაგაცნობთ იმ ინდუსტრიებს, რომლებიც სრულიად შეცვალეს სხვადასხვა სტარტაპებმა. კარგად გადახედე მათ, შეიძლება ისეთიც აღმოაჩინო, რომლის შენებურ ვერსიაზეც სიამოვნებით იმუშავებდი.


1. ტრანსპორტირება

ეს ალბათ ყველაზე ფართოდ ათვისებული ინდუსტრიაა გაზიარებული ეკონომიკის მიერ. ტაქსის გამოძახება პირდაპირ ასოცირდება Uber-თან, ჩვენთვის კი – Bolt-თან ან Yandex-თან. ამ აპლიკაციების მუშაობის პრინციპი (ისევე, როგორც ყველა აქ მოყვანილი აპლიკაციისა) საკმაოდ მარტივია: მძღოლი საკუთარი მანქანით რეგისტრირდება პლატფორმაზე და იწყებს შეკვეთების მიღებას. თითოეული მომხმარებელი მას უწერს შესაბამის შეფასებას, რაც მძღოლის სანდოობას განაპირობებს. გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ, ის იღებს წილს აღებული შეკვეთებიდან – ისევე, როგორც აპლიკაციის მფლობელი კომპანია. დაბალი შეფასებების ან შეკვეთების არ შესრულების შემთხვევაში, მძღოლი ტოვებს პლატფორმას. მომხმარებელს კი, უბრალოდ, სერვისის მიღება და დაწესებული ფასის გადახდა ევალება.

ტაქსებით გადაადგილების ამ მოდელში მოწინავე ადგილი ამერიკულ კომპანია Uber-ს უჭირავს. მსოფლიო მასშტაბით, 3 მილიონზე მეტი აქტიური მძღოლი დაიარება 80 ქვეყანაში. ყოველთვიურად კი, 40 მილიონი მარშრუტი ხორციელდება.

გადაადგილების სექტორში გაზიარებული ეკონომიკა მხოლოდ ტაქსების სერვისით არ შემოიფარგლება. ისეთი აპლიკაციები, როგორებიცაა Getaround და RelayRides, მომხმარებლებს მანქანების ქირაობის შესაძლებლობას აძლევს. საქართველოში მათი ალტერნატივაა aicar-ი, რომლის ავტომობილებით საკმაოდ მრავლად გვხვდება ჩვენს ქუჩებში.

ბოლო სამი წელია, რაც საკმაოდ აქტუალური გახდა ელექტრონული სკუტერებით სარგებლობაც. საქართველოში წელს გამოჩნდა Bird-ი, რომელსაც scroll-ის სახელით ვიცნობთ. იცოდი, რომ Bird-ის ღირებულება სულ რაღაც სამ წელში ორნახევარი მილიარდი დოლარი გახდა? სანამ ამ კომპანიას დააარსებდა, ტრევის ვანდერზანდენი მანქანების საზიარო აპლიკაცია Lyft-ის ოპერაციების მენეჯერი იყო, შემდეგ კი – Uber-ის საერთაშორისო ათვისების ვიცე პრეზიდენტი. მის გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, Bird-ის ასეთი წარმატება გასაკვირი სულაც აღარაა.


2. ბინების გაქირავება

როცა საქმე კერძო ბინების უცხოებზე მიქირავებას ეხება, შეუძლებელია პირველი Airbnb-ი არ გაგვახსენდეს. პლატფორმა, ძირითადად, ტურისტებზეა გათვლილი და ბინების მფლობელებს სახლის მოკლე ვადით გაქირავების შესაძლებლობას აძლევს – მაშინაც, კი, როცა ისინი თავად ცხოვრობენ ერთ-ერთ ოთახში.

Airbnb-ი საქართველოშიც ფუნქციონირებს და ის მეხუთე ადგილს იკავებს ყველაზე ძვირად შეფასებული სტარტაპების სიაში.


ასევე გაეცანი: როგორ შეცვალა Airbnb-იმ ტურიზმის ინდუსტრია.


3. საჯარო დაფინანსება

გაზიარებული ეკონომიკის ყველაზე გულისხმიერი მაგალითი საჯარო დაფინანსებაა (crowdfunding). ეს მოდელი გულისხმობს ბევრი ადამიანის მიერ ამა თუ იმ პროექტის მცირე თანხით დახმარებას. არსებობს სხვადასხვა ტიპის საჯარო დაფინანსება, როგორიცაა ფულის სესხება, სოციალური თუ გარემოსდაცვითი პროექტების უსასყიდლო დახმარება და პროდუქტების წინასწარი შესყიდვა. ამ უკანასკნელის პოპულარული მაგალითია Kickstarter-ი, სადაც შეგიძლია შეარჩიო შენთვის სასურველი ნივთი და წინასწარ შეისყიდო იგი. ამ გზით, იდეის ავტორები პროექტის განხორციელებისათვის საჭირო თანხას აგროვებენ, ქმნიან პროდუქტს და პირდაპირ შენს მისამართზე გზავნიან.

სოციალური პროექტების საჯარო დაფინანსების კიდევ ერთი ცნობილი პლატფორმაა gofundme. 2010 წლიდან მოყოლებული, კომპანიას 9 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს მოგროვებული 50 მილიონზე მეტი დონორისგან. აქ განთავსებულია პროექტები ეხება სამედიცინო დახმარებას, სოციალურად გაჭირვებულებს, განათლების მიღებას და სხვა.


4. საქმიანი ურთიერთობებისთვის

კერძო დაკვეთებზე მუშაობა, რასაც ფრილენს საქმიანობით ვიცნობთ, გაზიარებული ეკონომიკის გარეშე ბევრ თავის ტკივილთან იქნებოდა დაკავშირებული. მაგრამ, ჩვენს თაობას გაუმართლა და ხელთ გვაქვს ისეთი აპლიკაციები, როგორიცაა Upwork-ი, freelancer-ი, Fiverr-ი და სხვა. ბაზარზე მათი ქართული ალტერნატივაც გამოჩნდა, რომელიც შედარებით სპეციფიურია და დიზაინერებს ეხმარება დაკვეთების პოვნაში – dsgn.ge.

ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი წევრიანდება მსგავს პლატფორმებზე და სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინცაა ფრილენსერობით მოგროვებულ შემოსავალზე დამოკიდებული. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2005 წლიდან 2017 წლამდე მსგავსი სამუშაოების რაოდენობა 159%-ითაა გაზრდილი და ეს მაჩვენებელი კვლავ ზევით მიემართება.

თუ ფიქრობდი, რომ აქ საქმე მხოლოდ ციფრული სამუშაოების შესრულებას ეხება, მაშინ ეს აპლიკაცია ძალიან მოგეწონება: Upwork-ისა და მსგავსებისგან განსხვავებით, TaskRabbit-ი დამკვეთთან ხელსაქმის შემსრულებლებს აკავშირებს. სამწუხაროდ, აპლიკაცია მხოლოდ ამერიკასა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში ოპერირებს. თუმცა, არასოდესაა გვიანი ამ იდეის ქართულ ბაზარზე მორგება...


5. მიტანის სერვისი

პანდემიამ მსოფლიოში ბევრი ცვლილება გამოიწვია. მიტანის სერვისის მთელი ხიბლის წინ წამოწევა ერთ-ერთი ამ ცვლილებათაგანია. ეს მომსახურება იმდენად აქტუალური გახდა, რომ ამ ინდუსტრიის ორი სტარტაპი, Instacart-ი და DoorDash-ი, ათ ყველაზე ძვირად შეფასებულ სტარტაპთა სიაშიც კი აღმოჩნდა.

საქართველოში ორი ყველაზე ცნობილი მიტანის აპლიკაცია Glovo და Wolt-ია. ბაზარზე ახლახანს გამოჩნდა მათი ქართული ალტერნატივაც – ელვის სისწრაფით. აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია როგორც ეფლის, ისე ანდროიდის მომხმარებლებისთვისაც. თუ უკვე გამოცდილი გაქვს მათი სერვისი, კომენტარებში გაგვიზიარე შენი შთაბეჭდილებები!


6. სწავლა და სწავლება

გაზიარებულ ეკონომიკაში საგანმანათლებლო პლატფორმებიც შედის. ონლაინ კურსებმა უამრავ ადამიანს მისცა შესაძლებლობა, დაუფლებოდა სხვადასხვა უნარ-ჩვევებს – ყოველგვარი ბაკალავრის სტატუსის გარეშე. ბევრმა სწორედ ამ კურსების მეშვეობით შეისწავლა გრაფიკული დიზაინი თუ პროგრამირება და შემდეგ ფრილენსერობასაც მიჰყო ხელი. Coursera, Khanacademy და Masterclass-ი რამდენიმე ცნობილი საგანმანთლებლო პლატფორმაა. აქ შეიძლება ყველაფრის სწავლა ბიზნეს უნარჩვევებიდან მსახიობობამდე და ხატვამდე.

არსებობს ისეთი პლატფორმებიც, სადაც მსურველებს შეუძლიათ თავიანთი გამოცდილება გააზიარონ და შესაბამისი ანაზღაურებაც მიიღონ. მაგალითად, Skillshare. აქ შეხვდებით ისეთი ქართველი პროფესიონალებიც კურსებსაც, როგორიცაა გრაფიკული დიზაინერი გიორგი ბოხუა.


შეჯამება

გაზიარებულმა ეკონომიკამ ყველა ინდუსტრია მოიცვა. აპლიკაციებისა და პლატფორმების უმეტესობა, რომლებსაც დღეს მოვიხმართ, სწორედ ამ კატეგორიაში ვარდება. სერვისების მიღების ამ მოდელის პოპულარობა დიდწილად განაპირობა მისმა მუშაობის პრინციპმა: ჩვეულებრივი ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებამ. როგორც ვიცით, სიტყვიერი მარკეტინგი, ანუ სერვისისა თუ პროდუქტის მომხმარებელთა მიერ კომპანიის შესახებ ხმის გავრცელება ყველაზე ძლიერი მარკეტინგული სტრატეგიაა. გაზიარებულ ეკონომიკაში ამ სტრატეგიის ამუშავებას კი, მინიმალური ძალდატანება სჭირდება – მომხმარებლები თავისით ავრცელებენ ხმას შენს შესახებ, რადგან ეს მათ პირად ინტერესებში შედის.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

03 აგვისტო

სოციალური მედიის თანამედროვე გამოწვევები და ციფრული კონსტიტუციონალიზმი

ინტერვიუ ედოარდო კელესტესტან. რომელია ის პრინციპები და ფასეულობები, რომლითაც ჩვენი საზოგადოება იხელმძღვანელებს ციფრულ ხანაში
03 აგვისტო

მოუსვენრობა წარმატებისთვის: როგორ ცვლიან სამყაროს წამყვანი კომპანიები განვითარებული კომუნიკაციების წყალობით

​​​​​​​​​​​​​​მხოლოდ კომუნიკაციების სექტორის უნიკალურ შესაძლებლობებზე საუბრისას თუ გავაერთიანებდით ახალბედა ტიკტოკსა და ბებერ გუგლს, მუსიკალურ პლატფორმა სპოტიფაისა და საზიარო ტაქსების სერვის უბერს. 
10 აგვისტო

5G - ახალი შესაძლებლობების სამყარო

სიახლეები საზოგადოებას ხშირად აშინებს, აბნევს და ეჭვებს უჩენს, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს ის ფაქტი, რომ ისეთი ინოვაციის დანერგვაში, როგორიც უსწრაფესი 5G ინტერნეტია, საზოგადოების ნაწილმა საფრთხე დაინახა და ამ შეგრძნებამ ისე მოიცვა, რომ კითხვის - „რა სარგებელს მოიტანს ეს უკანასკნელი?“ დასმაც არ ჩათვალა საჭიროდ და ბოლო თაობის ინტერნეტკავშირი უპირობო მტრად მიიღო.