ლურჯი ვერსია

7 ინოვაციური კოსმოსური სტარტაპი – ანუ გზა მულტიპლანეტური არსებობისკენ

27 აგვისტო 2021

“ყველა ცივილიზაცია ან კოსმოსური ხდება, ან გადაშენდება” – კარლ სეიგანი.

რა მოხდებოდა, თუ ადამიანები დღემდე ვერ მოახერხებდნენ კოსმოსში გაფრენას?

იცოდი, რომ კოსმოსთან ურთიერთობის გარეშე ვერასდროს შევიტყობდით ოზონის ხვრელის შესახებ? ინფორმაცია ძალაა, შესაბამისად, გარესამყაროზე დაკვირვებით შესაძლებელია, მოვიპოვოთ მნიშვნელოვანი მეცნიერული მონაცემები და შემდეგ დედამიწის საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ ისინი. მაგალითად, მარსსა და ვენერაზე კლიმატის ცვლილების შესწავლით, დედამიწის კლიმატზე ღირებული ინფორმაცია გახდა ჩვენთვის ცნობილი.

ერთი სიტყვით, კოსმოსთან და, ზოგადად, გარე სამყაროსთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია კაცობრიობის განვითარებისთვის. საბედნიეროდ, ტექნოლოგიური წინსვლა უფრო და უფრო ჩქარდება და შესაძლებელია, რამდენიმე წელიწადში მართლაც შესრულდეს ილონ მასკის დიადი ამბიცია მარსის კოლონიზაციასთან დაკავშირებით. ამ აღმასვლაში უდიდეს როლს ის კოსმოსური სტარტაპები თამაშობენ, რომლებიც ვარსკვლავებისკენ მიმართული იდეების რეალიზაციით გვაწონებენ თავს. ჯერჯერობით, მათი გავლენა ყველასთვის არ არის საგრძნობი, თუმცა, აუცილებლად მოგვიწევს მათი რესურსის გამოყენება მომავალში.

დღეს იმ 7 კოსმოსური სტარტაპის შესახებ გიამბობ, რომლებმაც მცირე ხანში მოახერხეს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა და შეჩერებას არ აპირებენ.


SPACE X

ყველამ ვიხილეთ ილონ მასკის მიერ გაშვებული თანამგზავრების სიმეტრიული ცეკვა ცაზე. ეს სტარტაპ SpaceX-ის შექმნილი ამბიციური და ბევრისთვის მისტიური პროექტია, რომელსაც, იდეიდან გამომდინარე, მარტივად ასოცირებადი სახელი – Starlink-ი დაერქვა.


თანავარსკვლავედებივით მოციმციმე სატელიტების დედამიწის გარშემო განლაგება მიზნად მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდებას ისახავს პლანეტის უინტერნეტო ადგილებში. ილონ მასკისთვის განვითარების შემდეგი ეტაპი ორბიტაზე ათი ათასობით თანამგზავრის გაგზავნა და მთელი მსოფლიოსთვის უმაღლესი ხარისხის ინტერნეტის მიწოდებაა.

SpaceX-ი 2002 წელს დაარსდა და ბოლო პერიოდში საკმაოდ სწრაფად გაიზარდა. კომპანიას მრავალი სამეწარმეო მიმართულება გააჩნია და კოსმოსური სტარტაპების სიაში წამყვანი ფიგურის სტატუსიც მიენიჭა. სატელიტური საკომუნიკაციო თანამგზავრების გარდა, კომპანია მუშაობს საეკიპაჟო ხომალდებზე, სარაკეტო ძრავებზე და კოსმოსურ ტრანსპორტირებაზე. ამ დროისთვის მათ 6.6 მილიარდი დოლარი ინვესტიციის მოზიდვა შეძლეს და ამაყად განაგრძობენ ამბიციურ საქმიანობას.

SpaceX-ი გახდა პირველი კერძო კომპანია, რომელმაც NASA-ს ასტრონავტები გაგზავნა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. კოსმოსურმა ხომალდმა, Crew Dragon-მა, მეორე ეკიპაჟიც გააცილა სტრატოსფეროდან. ასევე, მათ მოახერხეს რაკეტის ვერტიკალურად აფრენა და შემდეგ – დასმა. ერთი სიტყვით, ეს პირველი კერძო კომპანიაა, რომელიც კონკურენციაში შევიდა NASA-სთან და ყოველდღიური განვითარების სერიოზული ამბიციაც გააჩნია.

ამ კომპანიისთვის ჩარჩოები არ არსებობს. ის ყოველთვის იღწვის ახლისკენ და ერთი შეხედვით შეუძლებლისკენ. ყველა განხორციელებული პროექტის გარდა, არსებობს მთავარი და ჯერჯერობით ბურუსით მოცული იდეა მარსზე კოლონიზაციასთან დაკავშირებით. თუ ილონის სიტყვას მივენდობით, 2026 წლისთვის დედამიწელები ნაწილობრივ მარსიანელებიც გავხდებით. ასე რომ, შეიძლება მალე კოსმოსურ ხედად ჩვენი ამჟამინდელი საცხოვრებელი პლანეტა მოგვევლინოს.


RELATIVITY SPACE

კოსმოსზე შეყვარებულმა ახალგაზრდა ტიმ ელისმა 2016 წელს ინოვაციური სტარტაპი, Relativity Space-ი დააარსა, მიზნად კი ადამიანებისთვის სხვა პლანეტაზე ცხოვრების აშენება და გამარტივება დაისახა. საინტერესოა, რა იდეით შეძლეს ამერიკულ ბაზარზე 5 წელიწადში 1.3 მილიარდი დოლარის მოზიდვა? საიდუმლო იმ უახლეს მიდგომაშია, რომელსაც ნამდვილად შეუძლია კაცობრიობის ცხოვრების 180 გრადუსით შემოტრიალება.

სტარტაპი ცდილობს ჩაძიროს ამჟამინდელი სარაკეტო ინდუსტრია და საფუძველი ჩაუყაროს მეტად პერსპექტიულ მიმდინარეობას. მათ გადაწყვიტეს რაკეტები 3D პრინტერის გამოყენებით აეგოთ. ამ მიდგომით, RELATIVITY SPACE-ი 100-ჯერ ნაკლებ ნაწილს მოიხმარს მშენებლობისას და დამზადების დროს, რესურსსა და ფასს საგრძნობლად ზოგავს – განსხვავებით სტანდარტული სამშენებლო მეთოდისგან. ერთი რაკეტის 3D ბეჭდვით აგებას, დაახლოებით, 2 თვე სჭირდება, ხოლო, ძველი მეთოდით პროცესმა შეიძლება 2 წელიწადზე მეტხანს გასტანოს. კომპანიის მფლობელობაშია მსოფლიოში ყველაზე დიდი მეტალის 3D პრინტერი და სწორედ ეს არის მათი ჯადოქრობის კვერთხი.

სტარტაპს ამჟამად 46 ინვესტორი ყავს და 2019 წელს აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალებთანაც დადეს კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც Relativity Space-ი რაკეტების გამოსაცდელად კანავერალის კონცხზე განლაგებულ კოსმოდრომს გამოიყენებს. პირველი რაკეტის გაშვება 2021 წლის ბოლოს არის დაგეგმილი.

მათი საბოლოო მიზანი არამხოლოდ რაკეტების დედამიწაზე დაპრინტვა და კოსმოსში გაშვებაა, არამედ – მარსის ათვისება და საქმიანობის ორ პლანეტაზე გაგრძელება.

“ჩვენ ვაშენებთ კაცობრიობის მომავალ სივრცეს.” – ამბობს ტიმ ელისი, Relativity Space-ის დამფუძნებელი.


MOON EXPRESS

წარმოიდგინეთ მომავალი, სადაც ვარსკვლავურ ომებში აღწერილი რეალობა მიმდინარეობს თავისი ჰიპერგალაქტიკური ხომალდებითა და ულტრაგანვითარებული რობოტებით. ერთ-ერთი ასეთი რობოტის შექმნის ამბიცია ამერიკულ სტარტაპ Moon Express-ს გაუჩნდა 2010 წელს. მათი მიზანია, კოსმოსური ექსპედიციები მეტად მარტივი და შედეგიანი გახადონ თავიანთი ჭკვანი რობოტების მეშვეობით. მათი სისტემით უკვე მნიშვნელოვანი მეცნიერული კვლევების ჩატარება გახდა შესაძლებელი. სტარტაპის უნიკალური მიდგომით მთვარის მოკვლევა მეტად სწრაფი, მარტივი, იაფი და შედეგიანი გახდა.

კომპანიამ ამ დროის მანძილზე შეძლო 65.5 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა. 2016 წელს სტარტაპს ამერიკის მთავრობამ ნება დართო, საკუთარი რობოტი ხომალდი ორბიტის საზღვრებს გაეცილებინა და მთვარეზე დაესვა. მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს Google Lunar X Prize-ში, სადაც პრიზი 30 მილიონი ამერიკული დოლარი იყო. გამარჯვებული იქნებოდა ის, ვინც პირველი დასვამდა რობოტს მთვარეზე და გამოაგზავნიდა ინფორმაციას დედამიწაზე. გამარჯვებული არ გამოვლენილა, თუმცა სტარტაპი არ გაჩერებულა და კვლავ განაგრძობს განვითარებას. მათი ძირითადი მიმართულება დაბალბიუჯეტური კოსმოსური მისიების განხორციელებაა ორბიტაზე, მთვარეზე, მარსსა და ასტეროიდებზე.

“მთვარე არის დედამიწის მე-8 კონტინენტი, ახალი საზღვარი კაცობრიობისთვის ძვირფასი რესურსებით, რომელსაც შეუძლია უზარმაზარი სარგებლის მოტანა დედამიწისთვის და ჩვენი მომავლისთვის კოსმოსში. დედამიწის ეკონომიკური და სოციალური სფეროს გაფართოება მთვარეზე არის ჩვენი პირველი ნაბიჯი ჩვენი მომავლის უზრუნველსაყოფად.” – ამბობს Moon Express-ის დამფუძნებელი, ბობ რიჩარდსი.


ALEPH FARMS

მარსზე კარტოფილის მოყვანა ერთი-ორად შეცვლის წარმოდგენას ადამიანთა შესაძლებლობებზე, თუმცა, რას ფიქრობთ სხვა პლანეტაზე ჯანსაღი ხორცის წარმოებაზე?

ისრაელში დაფუძნებულმა სტარტაპმა ახალი ინიციატივა წარმოადგინა და თქვა, რომ ისინი შეძლებენ ხორცის წარმოებას ისეთ გარემოში, სადაც ის ფიზიკურად არ არსებობს. სტარტაპი ექსპერიმენტულ ფაზაშია და ამ მომენტისთვის პროექტი მხოლოდ რამდენიმე რენდერსა და სხვადასხვა ტექნოლოგიურ კომპანიასთან და კოსმოსურ სააგენტოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას მოიცავს.

პირველი ექსპერიმენტი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე შედგა. მათ 3D პრინტერით ცხოველური უჯრედებიდან აღებული კუნთოვანი ქსოვილისგან პატარა ხორცის ნაჭერი დაბეჭდეს. Aleph Farms-ს ამ მიდგომით სურს, მაღალი ხარისხის პროდუქტი ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს – სამომავლოდ მარსზე გადასახლებული ადამიანებისთვისაც კი:

“ჩვენი მიზანია ხარისხიანი და უგემრიელესი ხორცის წარმოება ყველაზე რთულ პირობებში, როგორიცაა საჰარას უდაბნო ან ანტარქტიდა, რათა ადამიანებს მაღალი ხარისხის კვებაზე მუდმივად მიუწვდებოდეთ ხელი – ყველას, ყოველთვის, ყველგან… როცა ადამიანები მთვარეზე ან მარსზე გადავლენ საცხოვრებლად, Aleph Farms-ი იქაც დახვდებათ.”

არსებობის 4 წლის მანძილზე სტარტაპმა შეძლო 236.4 მილიონიანი ინვესტიციის მოზიდვა. კოსმოსური სტარტაპების ასეთმა სწრაფმა განვითარებამ, შეიძლება მალე ყველას მოანდომოს 3D ხორცი.


CAPELLA SPACE

“როდესაც მალაიზიის რეისი MH370 დაიკარგა, მსოფლიოს ზესახელმწიფოებმა ვერ იპოვეს ეს თვითმფრინავი მთელი თავისი აქტივებით. ჩვენ ვფიქრობდით, რომ უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა ამ ერთი პლანეტისა და სახლის მონიტორინგისთვის.” – პაიამ ბანაზადე, Capella Space-ის დამფუძნებელი.

Capella Space-ი პირველი ამერიკული კომპანიაა, რომელმაც დაიწყო და იმუშავა სინთეტიკურ დიაფრაგმულ რადარ სატელიტებზე (SAR). კომერციული კოსმოსური ინდუსტრიის ზრდამ და ღრუბლოვან გამოთვლებში (Cloud Computing) მიღწევებმა გამოიწვია რევოლუცია კოსმოსური ინფორმაციის შექმნასა და გაერთიანებაში. თუმცა, თითქმის ყველა კომპანია ოპტიკურ თანამგზავრებს ეყრდნობოდა, რაც დღეს არაპრაქტიკულად ითვლება. მიზეზი ნაკლები წარმადობა და შედეგიანობაა, ვიდრე სინთეტიკურ დიაფრაგმულ რადარ სატელიტს აქვს.

2016 წელს დაარსებულმა კომპანიამ 82 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა 13 ინვესტორის წყალობით. მათ შექმნეს რადარი, რომელიც დედამიწას სიღრმისეულ მონიტორინგს უტარებს. ის იხედება ბნელ და დაფარულ ადგილებშიც და აკონტროლებს ზედაპირის 75%-ს. კომპანიას გაშვებული აქვს SAR თანამგზავრი, რომელსაც პლანეტის მონიტორინგი 24 საათის განმავლობაში შეუძლია.

სტარტაპი ამჟამად მუშაობს სენსორების გაუმჯობესებაზე, რომელიც SAR თანავარსკვლავედის ჩამოყალიბებას გულისხმობს. ამით შესაძლებელი გახდება დედამიწზე ვიცხოვროთ ბევრად უსაფრთხოდ და მივაგნოთ ყველაფერს, რაც მოგვესურვება.


PLANET

დაიჭირე შენი შესაძლებლობები.

Planet-ის დაარსების მთავარი იდეა დედამიწის ყოველდღიური ციფრული გამოსახვა და ცვლილებების სწრაფი შემჩნევაა. სტარტაპის მიდგომა საგრძნობლად ეხმარება სოფლის მეურნეობისა და თავდაცვის სექტორებს. ფაქტობრივად, მათ რევოლუცია გამოიწვიეს სადამკვირვებლო ინდუსტრიაში. სტარტაპმა შექმნა ვებ-გეო პლატფორმა, რომელიც უმაღლესი სიხშირით და ფუნდამენტური ანალიზით მოიპოვებს ყველა საჭირო ინფორმაციას თავისი მომხმარებლებისთვის, რათა მათ მიიღონ დროული გადაწყვეტილებები.

ბიზნესი, მთავრობები და კვლევითი ინსტიტუტები იყენებენ პლატფორმაზე განთავსებულ პლანეტის მონაცემებს, რათა გააფართოვონ თავიანთი ოპერაციები, გაზარდონ ეფექტურობა, შეამცირონ რისკები და შეიმუშაონ ახალი გადაწყვეტილებები მათი ყველაზე მწვავე გამოწვევების დასაძლევად. ეს ეხმარება მათ წინსვლაში და მუდმივად ცვალებად გლობალურ კონტექსტებში გაუთვალისწინებელი მოვლენებისგან თავის დაზღვევაში.

სარაკეტო ინჟინრებისა და ბიზნეს ანალიტიკოსების მიერ დაკომპლექტებულმა გუნდმა 373.9 მილიონი დოლარის მოზიდვა შეძლო და ყოველდღიურად აფართოებს მომხმარებელთა სპექტრს.


KYMETA

ტკბილი დრო იყო, როდესაც ანტენების დაყენება ხელით გვიწევდა. თუ სახურავზე ვიყავით ასასვლელები, ეს უფრო დიდ და სათავგადასავლო გამოწვევასთან იყო დაკავშირებული.

ამერიკულმა სტრატაპმა, KYMETA-მ, 2012 წელს გადაწყვიტა ჩვენი ბედნიერი მოგონებებისთვის წერტილი დაესვა და დაიწყო მუშაობა მეტა ანტენებზე. ამ სატელიტურმა საკომუნიკაციო კომპანიამ განახლებული თაობის ტექნოლოგიის შემუშავება განიზრახა და გახდა პირველი კომპანია, რომელმაც მეტა მასალაზე დაფუძნებული პროდუქციის კომერციალიზაცია შეძლო. ამ დროის მანძილზე მათ 332.8 მილიონი დოლარი მოიზიდეს და კვლავ განაგრძობენ განვითარებას.

კონკრეტულად რა გამოარჩევთ მათ? მარტივად რომ ვთქვათ, ეს ანტენები შეიქმნა რადიოტალღებისთვის, რომელთა სტანდარტული სიგრძე მეტრებში და სანტიმეტრებში იზომება. ინოვაციური მეტა მასალებით კი, შესაძლებელი გახდა 400-700 ნანომეტრი (1სმ = 10 მილიონ ნანომეტრს) ტალღების დაჭერა. შედეგად, KYMETA-ს სატელიტები ბევრად მსუბუქი, იაფი და ეფექტურია ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ავიაციისა და ავტომობილების ინდუსტრია.

შეიძლება ეს ყველაფერი დამაბნევლად ჟღერდეს, თუმცა მათ ძირეული ცვლილებები შეიტანეს თავიანთ მიმართულებაში და ეს ნამდვილად შეცვლის მსოფლიოს და სამყაროს ჩვენ გარშემო.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

გიგი მეფარიშვილი

რეკომენდაციები

03 აგვისტო

სოციალური მედიის თანამედროვე გამოწვევები და ციფრული კონსტიტუციონალიზმი

ინტერვიუ ედოარდო კელესტესტან. რომელია ის პრინციპები და ფასეულობები, რომლითაც ჩვენი საზოგადოება იხელმძღვანელებს ციფრულ ხანაში
03 აგვისტო

მოუსვენრობა წარმატებისთვის: როგორ ცვლიან სამყაროს წამყვანი კომპანიები განვითარებული კომუნიკაციების წყალობით

​​​​​​​​​​​​​​მხოლოდ კომუნიკაციების სექტორის უნიკალურ შესაძლებლობებზე საუბრისას თუ გავაერთიანებდით ახალბედა ტიკტოკსა და ბებერ გუგლს, მუსიკალურ პლატფორმა სპოტიფაისა და საზიარო ტაქსების სერვის უბერს. 
10 აგვისტო

5G - ახალი შესაძლებლობების სამყარო

სიახლეები საზოგადოებას ხშირად აშინებს, აბნევს და ეჭვებს უჩენს, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს ის ფაქტი, რომ ისეთი ინოვაციის დანერგვაში, როგორიც უსწრაფესი 5G ინტერნეტია, საზოგადოების ნაწილმა საფრთხე დაინახა და ამ შეგრძნებამ ისე მოიცვა, რომ კითხვის - „რა სარგებელს მოიტანს ეს უკანასკნელი?“ დასმაც არ ჩათვალა საჭიროდ და ბოლო თაობის ინტერნეტკავშირი უპირობო მტრად მიიღო.