ლურჯი ვერსია

7 “უწყინარი” ჩვევა, რომლებიც პროდუქტიულობას ანადგურებს

17 ნოემბერი 2020

ხშირად გვხვდება სტატიები პროდუქტიულობის ამაღლებაზე, მაგრამ იცოდი იმ ჩვევების შესახებ, რომლებიც უვნებელი გგონია, სინამდვილეში კი შენს მოტივაციაზე უარყოფითად მოქმედებს?


1. მთელი დღე ჯდომა

ყველას გვყოლია თანამშრომელი, რომელიც სამსახურში მოსვლისას მაგიდას მიუჯდება და მხოლოდ ერთსაათიან შესვენებაზე ტოვებს მაგიდას. ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს ეს ადამიანები უფრო პროდუქტიულები და სამუშაოზე ფოკუსირებულები არიან. სინამდვილეში, ეს მოსაზრება საკმაოდ შორსაა რეალობისგან.

ბიჰევიორისტული კვებისა და ფიზიკური აქტივობის საერთაშორისო ჟურნალში 2016 წელს გამოქვეყნდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც შეისწავლეს აქტიური შესვენებების გავლენა მოტივაციაზე, ხასიათსა და წახემსების სურვილზე. სატესტო ჯგუფი სამ ნაწილად დაყვეს, სადაც ერთი ნაწილი მთელი დღის განმავლობაში იჯდა, მეორე – მუშაობის დაწყებამდე მოკლე ვარჯიშით დაკავდა, მესამე კი – სამუშაო დღის განმავლობაში რამდენჯერმე დგებოდა 5 წუთიანი სეირნობისთვის. შედეგი? მესამე ჯგუფი ბევრად ენერგიული იყო დღის განმავლობაში და იშვიათად ახსენდებოდა წახემსება, ვიდრე პირველ ჯგუფს. მეორე ჯგუფთან შედარებით კი, ხასიათიც უკეთესი ჰქონდა და მოტივაციაც – უფრო მაღალი.

სამუშაოზე ფოკუსირება კარგი და აუცილებელია. დროის მენეჯმენტისთვის ცალკე სტატიაც გვაქვს მიძღვნილი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი დღე მაგიდასთან უნდა გაატარო. ფიზიკური აქტივობა გეხმარება გამოფხიზლებაში და ორგანიზმის სტიმულირებაში.


2. სხვადასახვა საქმეების ერთდროულად კეთება

დიდხანს მჯეროდა, რომ ერთდროულად ბევრი საქმის კეთება ბევრის მოსწრებას ნიშნავდა. ნელ-ნელა შევამჩნიე, რომ ყველა დავალებას სანახევროდ ვასრულებდი და ახალზე გადავდიოდი ისე, რომ ვერც ვხვდებოდი. ჩემი ეჭვები, საბოლოოდ, იუტას უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა:

როგორც აღმოჩნდა, ადამიანების მხოლოდ 2%-ს შეუძლია ერთდროულად სხვადასხვა სამუშაოების შესრულება. ასეთი დაბალი პროცენტის მიზეზი ისაა, რომ მათ ტვინის სულ სხვანაირი ნეირონული აგებულება გააჩნიათ. ანუ, ისინი ფიზიკურად სხვანაირები არიან და ეს მიჩვევასთან ნაკლებადაა კავშირში.

ნაკლებად სავარაუდოა, ყველანი ამ 2%-ში შევდიოდეთ. უკეთესი სტრატეგია იქნება, თუ სხვა საქმეზე არც კი გაიფიქრებ, სანამ ერთს არ დაასრულებ. საქმეთა სიაში პუნქტების გადახაზვა სიამოვნებისა და წარმატების განცდასაც იწვევს და დღე უფრო პროდუქტიულად მიმდინარეობს. კონცენტრირდი იმაზე, რამდენი საქმე დაასრულე დღის ან კვირის განმავლობაში და არა იმაზე, თუ რამდენი დაიწყე.


3. პერფექციონიზმი

“ცუდ გვერდს დაარედაქტირებ, მაგრამ ცარიელს – ვერ.” – ჯოდი პიკულტი, ამერიკელი მწერალი.

ეს კიდევ ერთი ჩვევაა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ჩვენს პროდუქტიულობაზე. სანამ მუშაობას შევუდგებოდეთ, ჩვენს თავში დასრულებული საქმე იდეალურად ჩანს. მაგრამ, როგორც კი მის ხორცშესხმას ვიწყებთ, ხარვეზებიც თავს იჩენს, რაც პერფექციონისტებისთვის კარიერის დანგრევას უდრის. ხარვეზებიანი სტატიის, ილუსტრაციის, თუ სხვა პროექტის შიში კი, ხშირად, საერთოდ გვაღებინებს ხელს მუშაობაზე. სხვა შემთხვევებში, საკუთარი თავით უკმაყოფილების განცდას იწვევს, რაც ნელ-ნელა აგდებს მოტივაციას.

ამ სინდრომის განსაკურნებლად კარგი გზაა 70%-ის წესის გამოყენება. იდეა შემდეგში მდგომარეობს: წარმოიდგინე შენი სამუშაო დღის იდეალური ვერსია. შემდეგ კი, ამ ვერსიის 70%-ს დაუმიზნე. თუ ამ ზღვარს მიაღწევ, ჩათვალე, რომ დღემ წარმატებით ჩაიარა.

გუგლისა და სხვა მოწინავე კომპანიების მიერ გამოყენებული მოდელი პროგრესისთვის თვალყურის სადევნებლად ამ პრინციპზე მუშაობს. ობიექტივები და მთავარი შედეგები (OKRs) გულისხმობს გრძელვადიანი მიზნების გაწერას და შემდეგ მათ მცირე დავალებებად ჩაშლას. ამ მოდელს ცალკე სტატიასაც დავუთმობთ, მაგრამ ამჯერად საინტერესო ისაა, რომ მიზანი დავალებების 60-70%-ის შესრულებაა. ეს ნიშნავს, რომ დაფაზე გამოგაქვს შენი იდეალები, მაგრამ ზედმეტად არ ითრგუნავ თავს და, მეტიც, ყოველთვის გრჩება ადგილი განვითარებისთვის. ესეც შენი მოტივაცია.


4. ყველა შემოთავაზების მიღება

ჩვენს გარშემო მუდმივად იჩენს თავს ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები. მაგალითები არ მთავრდება: მეგობარი ახალ პროექტზე მუშაობს და დახმარება სჭირდება; საინტერესო სტაჟირება გამოჩნდა, რომელიც შენს სფეროსთან კავშირში არ არის დისტანციურ დაკვეთას გთავაზობენ, მაგრამ სამსახურში ფორს მაჟორული სიტუაცია გაქვს...

ხშირად, რთულია ცდუნებაზე უარის თქმა. მითუმეტეს მაშინ, როცა ყველა მოგვიწოდებს, არ გამოვტოვოთ ახალი შანსები.

მუდმივად ახალ სივრცეებში გარევა საინტერესო და აღმაფრთოვანებელია. მეგობრების დახმარება კი – მუდამ კარგ ხასიათზე გაყენებს. მაგრამ ეს ყოველთვის არაა ისეთი კარგი გადაწყვეტილებაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

უარის თქმა იმაზე მნიშვნელოვანი უნარია, ვიდრე თანხმობის. კარგად აწონ-დაწონე, რამდენად ღირებულია შემოთავაზების მიღება და მხოლოდ შემდეგ გააკეთე საბოლოო არჩევანი.


5. შეხვედრები

შემოთავაზებებიდან, რომლებიც სჯობს, არ მიიღო, ვიდრე პირიქით, ყველაზე უვნებელად შეხვედრებზე დასწრება ჩანს. მეტიც, კომპანიებში ეს სავალდებულოდაც ითვლება. რეალურად კი, შეხვედრების დიდი ნაწილი უმიზნო ლაპარაკსა და სტრატეგიების ზედმეტ დასახვაში იხარჯება. საქმე კი, გაუკეთებელი რჩება.

არ მოგერიდოს შეხვედრებზე უარის თქმა, როცა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით გაქვს გრაფიკი დატვირთული. თუ თავად აწყობ შეხვედრებს, კონცენტრირდი მნიშვნელოვან საკითხებზე და რაც შეიძლება მოკლე დროში ჩაატიე სათქმელი. გახსოვდეს, ამ დროს შენი თანამშრომლების მნიშვნელოვანი დრო იხარჯება.


6. მნიშვნელოვანი საქმეების ბოლოსთვის მოტოვება

დღის მარტივი საქმეებით დაწყება მიმზიდველად ყოველთვის გამოიყურება. საკუთარ თავს არწმუნებ, რომ აი, ამ ერთ დავალებასაც მოიშორებ და შემდეგ მთელს საღამოს ყველაზე მსხვილ და მნიშვნელოვან საქმეს დაუთმობ. მერე საღამო მოდის და აღმოაჩენ, რომ იმაზე დაღლილი და არამოტივირებული ხარ, ვიდრე გეგონა. ეს პროკრასტინაციის კლასიკური მაგალითია. ჩვენი ენერგია დღის განმავლობაში ნელ-ნელა იხარჯება და ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები, ბოლოს, გაუკეთებელი გვრჩება.

ეს პრობლემა იმდენად აქტუალურია, რომ მასზე ცალკე წიგნიც არსებობს: ბრაიან თრეისის “შეჭამე ბაყაყი”. წიგნის სათაური მარკ ტვენის სიტყვებს ეხმიანება:

“შეჭამე ბაყაყი ყოველ დილით და ამაზე ცუდი მთელი დღის განმავლობაში არაფერი დაგემართება.”

ამ გამოთქმის (და მთლიანი წიგნის) იდეა იმაში მდგომარეობს, რომ დილას, როცა ენერგიით სავსე ხარ, შრომატევადი სამუშაოს შესრულებაზე უნდა დახარჯო. დღის დანარჩენი ნაწილი უფრო თავისუფლად და მეტი ენთუზიაზმით წარიმართება.

ასევე ნახეთ: რატომ ვიტოვებთ მნიშვნელოვან საქმეებს ბოლოსთვის და როგორ შევწყვიტოთ ამის კეთება.


7. შეტყობინებების შემოწმება

ამ ჩვევაზე საუბარს ვერსად გავექცევით. მგონი, უკვე აღარ არსებობს რჩევების სია, რომელიც სოციალურ ქსელებზე მიჯაჭვულობას, რაღაც კუთხით მაინც, არ ეხება.

შეტყობინებების ხშირი შემოწმება და თანამშრომლების მონაწერებზე სწრაფი რეაგირების აუცილებლობის განცდა პროდუქტიულობის ილუზიას გვიქმნის. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა. ამ დროს არა მხოლოდ ყურადღება გეფანტება, არამედ მუდმივი სტრესი გიპყრობს, თითქოს ვერაფერს ასწრებდე დროულად. ხშირად, შუა მუშაობისას გვატყობინებენ ახალი დავალების შესახებ და ჩვენც იმ წამსვე გადავერთვებით ხოლმე, დაწყებული საქმე კი დაუმთავრებელი გვრჩება. რეალობა ისაა, რომ არც დღის გრაფიკის შეცვლაა აუცილებელი (რა თქმა უნდა, თუ სასწრაფო საქმე არ გამოჩნდა – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) და არც მესიჯებზე მყისიერი პასუხი.

გამოერთე სოციალურ ქსელებს და თანამშრომლებს აუხსენი, რომ მხოლოდ გადაუდებელ საქმეებზე დაგირეკონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხშირად გამოიჭერ საკუთარ თავს ფეისბუკის სქროლვაში, ან ძველი მეილების კითხვაში, ან ყოველ ხუთ წუთში ერთხელ მესიჯობაში. თქმაც არ უნდა, ეს ყველაფერი საქმეზე ფოკუსირებაში საკმაოდ ხელის შემშლელია. პირადად მე იქამდე მივედი, რომ საერთოდ წავშალე მობილურიდან ფეისბუკის და ინსტაგრამის აპლიკაციები.


დღეს სამუშაო განწყობის შექმნა და დიდი ხნით შენარჩუნება იმაზე რთულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. შესაბამისად, ბევრად დასაფასებელიც. რაც უფრო ფოკუსირებული იქნები საქმეზე მუშაობისას, მით უფრო მაღალ შედეგებს დადებ და დასვენების დროსაც უკეთ შეირგებ. სტარტაპერებისთვის კი, ეს სასურველი კი არა, წარმატების საწინდარია.

შენ რომელი ჩვევა გიშლის ხელს ყველაზე მეტად? გაგვიზიარე პირადი გამოცდილება კომენტარებში!


გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

შემდეგ კი, გაეცანი:

3 გაკვეთილს ყველაზე ამბიციური მიზნების მისაღწევად – სტივ ჯობსის, ილონ მასკის და პოლ გრაჰამის რჩევები.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

06 ნოემბერი

3 გაკვეთილი ყველაზე ამბიციური მიზნების მისაღწევად – სტივ ჯობსის, ილონ მასკის და პოლ გრაჰამის რჩევები

სტარტაპინდუსტრიაში გვყავს ადამიანები, რომელთა ისტორიები და გამონათქვამები ყველგან გვხვდება.