ლურჯი ვერსია

8 პლატფორმა, რომლებიც კომპანიის გამართვაში დაგეხმარება

20 ოქტომბერი 2020

გინდა მშვენიერი იდეა სტარტაპისთვის? შექმენი პლატფორმა სტარტაპების დასახმარებლად! ინდუსტრიაში, სადაც წარმატების შანსი სულ რაღაც 10%-ია, ცოტა თუ იტყვის უარს საქმის შემსუბუქებაზე. ამიტომაცაა, რომ უკვე არსებობს უამრავი მსგავსი შეთავაზება. თუ ამ ხელსაწყოებს შენი სტარტაპის გასამართად არ იყენებ, მაშინ ხელიდან უშვებ შესაძლებლობას, გაიმარტივო საქმე და უფრო მიმზიდველად წარმოაჩინო შენი პროდუქტი.


1. დავალებების მენეჯმენტისთვის

ერთი ადამიანის დროისა და დავალებების მენეჯმენტი ბევრად მარტივი პროცესია, ვიდრე მთლიანი გუნდის. ლოგიკურია, არა? და მაინც, სტარტაპები, ხშირად, აზრთა და დავალებების ზეპირსიტყვიერ მიმოცვლას მიმართავენ ხოლმე. ან, ისეთ არაეფექტიან პლატფორმებს იყენებენ, როგორიც ფეისბუკის მესენჯერია.

ერთი შეხედვით, ეს მარტივ გადაწყვეტად ჩანს, მაგრამ დაფიქრდი, რამდენ დროს კარგავ დავალებების გახსენებაში, ან გამოგზავნილი ფაილების ძებნაში და ასე შემდეგ?

დროა, შენს სტარტაპს უფრო ორგანიზებული სახე მისცე. ანუ, აიღო ერთი პლატფორმა, სადაც ყველას დავალებები აისახება და რომელიც შენი მეხსიერების ფუნქციას ითავსებს.

Asana სწორედ ამისთვისაა შექმნილი. აქ შეძლებ ჩამოწერო დავალებები განსაზღვრულ დროებში და მიაბა მათ შესაბამისი შემსრულებელი; შეძლებ გადაავლო თვალი სამუშაოს შესრულების პროგრესს; შეადგინო კალენდარი, სადაც მთლიან სურათს დაინახავ; მიაბა ერთმანეთს ამოცანები თანმიმდევრობის მიხედვით და აღარ ინერვიულო იმის გახსნებაზე, ვინმესთვის დავალების მიცემა ხომ არ დაგავიწყდა ან როდის აქვთ ეს დავალება ჩასაბარებელი. ყველა ცვლილება გუნდის შესაბამის წევრებს მეილზე მიუვათ შეტყობინების სახით და ისინი მუდმივად ჩართული იქნებიან სამუშაო პროცესის დინებაში. აქვე შეგიძლია ატვირთო საჭირო დოკუმენტებიც და გაუზიარო ის გუნდის დანარჩენ წევრებს.


2. ფინანსების მენეჯმენტისთვის

სტარტაპის ჩაფლავების მიზეზებში თანხების ამოწურვა მეორე ადგილზეა. ახლად წამოწყებული კომპანიისთვის რთულია ხარჯების მუდმივი მონიტორინგი. მითუმეტეს, როცა ფინანსები შენი პირდაპირი სპეციალობა არაა. ამ პროცესის გამარტივებაზე ადგილობრივ ბაზარზეც დაიწყეს ფიქრი.

კერნელი ქართული სტარტაპია, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს ფინანსების მენეჯმენტში ეხმარება. ინვოისების მარტივად გამოწერასთან ერთად, პლატფორმაზე იპოვი კალკულატორებს დ.ღ.გ.-ს, საშემოსავლოს, მოგების გადასახადის და პროცენტის გამოსათვლელადაც კი. პლატფორმის მთავარი ხიბლი რეპორტებია, რაც ფინანსების მოძრაობისთვის თვალყურის დევნების სწრაფ და მარტივ შესაძლებლობას გაძლევს. პროექტის ავტორები მუშაობენ სხვა ფუნქციების დამატებაზე და რჩევებით სავსე ბლოგსაც აწარმოებენ.


3. ციფრული მარკეტინგის მენეჯმენტისთვის

სოციალურ ქსელში გამოჩენა აქტიურ ჩართულობას მოითხოვს – მითუმეტეს, როცა ამდენი შესაძლებლობაა გარშემო. სტარტაპში ეს ამოცანა, ხშირად, ძირითადი გუნდის წევრებზე გადის. ასეა თუ ისე, ერთი პლატფორმა, სადაც ყველა შენი პოსტი მოიყრის თავს, ამ პრობლემის კარგი გადაწყვეტაა.

Hootsuite სწორედ ამის შესაძლებლობას იძლევა. პლატფორმის გამოყენებით შეგიძლია ერთ სივრცეში ადევნო თვალი ყველა შენს სოციალურ ქსელს, წინასწარ დაგეგმო პოსტები, შეადარო ერთმანეთს სხვადასხვა პლატფორმების შედეგები და ასე შემდეგ.


4. საინვესტიციო პრეზენტაციისთვის

PowerPoint-ი და Google Slides-ი ყველაზე გავრცელებული მეთოდებია პრეზენტაციის ასაწყობად. მაგრამ, თუ გინდა, შენი საინვესტიციო პრეზენტაცია ახალ საფეხურზე აიყვანო, არსებობს ამ სერვისის ალტერნატივებიც, მაგალითად, Prezi.

Prezi უფასო პლატფორმაა, რომელიც ინტერაქციული პრეზენტაციების აწყობის შესაძლებლობას გაძლევს. მთავარი, რითიც ის მომხმარებლებს ხიბლავს, სლაიდზე მიახლოების ფუნქციაა. აქვე შეგიძლია ჩასვა მოძრავი გრაფიკები და ვიდეოები.

ინვესტორების წინაშე წარდგენისას ყველაზე დიდი რესურსი მათი ყურადღების მიქცევაში იხარჯება. დინამიკურობის წყალობით, Prezi-თ აწყობილი პრეზენტაციები განსხვავებულია და მეტ ინტერესსაც იწვევს.


5. პროდუქტის ვიზუალის შესაქმნელად

იდეიდან რეალურ პროდუქტამდე გრძელი და გაურკვევლობებით სავსე გზაა გასავლელი. ის, რაც შენს წარმოსახვაში კარგად ჩანს, რეალობაში შეიძლება, სულაც არასაჭირო აღმოჩნდეს. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეგიძლია და უნდა შეცვალო კიდეც პროდუქტი შეფასებისა და შედეგების მიხედვით, თუმცა არსებობს ისეთი პლატფორმებიც, რომლებიც ამ პროცესს გაგიმარტივებენ.

InVision-ი ციფრული პროდუქტის დიზაინის შესაქმნელად გამოიყენება. ჩათვალე, რომ მისი დახმარებით აწყობ პროდუქტის ინტერაქციულ ჩონჩხს მინიმალური დროისა და რესურსების ხარჯზე. ეს იგივე PowerPoint-ია ციფრული პროდუქტისთვის. ყველაზე დიდი უპირატესობა კი ისაა, რომ გუნდის წევრებს ერთად შეუძლიათ პროდუქტის ვიზუალზე მუშაობა და კომენტარების დატოვება. გადადი მათ საიტზე და ჩაყევი პირველ გვერდს ბოლომდე. იქ ყველაფერია ნაჩვენები.


6. უფასო სურათებისთვის

ფეისბუკის პოსტებისთვის, საიტისთვის თუ ბლოგებისთვის, ყოველთვის დაგჭირდება ხარისხიანი სურათები. ინტერნეტიდან სურათების მოპარვა არაეფექტიანი პრაქტიკაა, რომელიც წარსულს ბარდება. ამ პრაქტიკას ანაცვლებს პლატფორმები, რომლებიც მსურველებს უფასოდ სთავაზობს მაღალი ხარისხის, გამორჩეულ, სურათებს. უფასო სურათების ორი გავრცელებული პლატფორმაა Unsplash-ი და Pexels-ი.

თუ კონკრეტული პროდუქტის (მაგალითად, ეფლის ჭკვიანი საათის) ან ცნობილი ადამიანის სურათი გჭირდება, მიმართე CreativeCommons-ს. სურათები აქაც უფასოა, თუმცა მათი გამოყენებისას კონკრეტული წესები უნდა დაიცვა. მაგალითად, ზოგ შემთხვევაში, არ გექნება სურათის მოდიფიკაციის ან კომერციული მიზნებისთვის გამოყენების უფლება.


7. ვიზუალური ელემენტების ასაწყობად

როცა გუნდში დიზაინერი არ გყავს, რთულია გამორჩეული, შენს კომპანიაზე მორგებული და ხარისხიანი ვიზუალების შექმნა. Canva ამ პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარება.

პლატფორმის ბაზა მოიცავს მილიონობით ვიზუალურ ელემენტებს, რომელთა მოდიფიკაციაც მარტივადაა შესაძლებელი. Canva-ს გამოყენება უფასოა, მაგრამ, ფულის გადახდის შემთხვევაში, უფრო მეტ ვიზუალზე მიგიწვდება ხელი.


8. დოკუმენტების ასაწყობად

შენი კომპანიის ზრდასთან ერთად უამრავი დოკუმენტის შექმნა და განახლება მოგიწევს. ბიზნეს გეგმები, სტრატეგიები, შეთავაზებები… ამ ყველაფრისთვის თანმიმდევრული სტრუქტურის მიცემა ბევრად უფრო მარტივია, როცა პირდაპირ მიგიწვდება ხელი გამზადებულ სტრუქტურაზე.

Xtensio დოკუმენტების ასაწყობი პლატფორმაა, სადაც უამრავი ნიმუშია შენახული, რომელთა შევსებაც და შენი კომპანიის ვიზუალზე თუ ინტერესებზე მორგება მარტივადაა შესაძლებელი.


გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

შემდეგ კი, გაეცანი:

როგორ ავაწყოთ ძლიერი პრეზენტაცია და მივიქციოთ ინვეტორების ყურადღება.

როგორ წარვუდგინოთ სტარტაპი ინვესტორებს.

როგორ მივიდეთ სტარტაპ იდეამდე, რომელიც მილიონებს მოგვიტანს.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა