ლურჯი ვერსია

აქციე იდეა პროდუქტად პროდუქტის შექმნამდე – სავიზიტო გვერდი

16 თებერვალი 2021

თუ უკვე დაწყებული გაქვს შენს სტარტაპიდეაზე მუშაობა, მაგრამ ჯერ მინიმალურად სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი (MVP – Minimum Viable Product) არ დაგისრულებია, მაშინ ეს სტატია შენთვისაა.

სტარტაპერების უმეტესობას პირველი გაშვება კოლოსალურ მოვლენად წარმოუდგენია. ამის გამო, ისინი ზედმეტად დიდ დროს ანდომებენ ბაზარზე გასვლას. შემდეგ კი, ხშირად, აღმოჩნდება ხოლმე, რომ მათი პროდუქტი არავის აინტერესებს – ყოველ შემთხვევაში ისეთი, როგორიც თავად წარმოედგინათ.

მიზეზი პირველი შეფასების შიშია, თუმცა პრაქტიკამ არაერთხელ აჩვენა, რომ ეს არც თუ ისე გამართლებული სტრატეგიაა. ასეა თუ ისე, დღეს MVP-ის მნიშვნელობა ყველამ გაიგო, მაგრამ ამის შექმნასაც ხომ დრო უნდა?

ამ სტატიაში გაგიზიარებთ სტარტაპის გაშვების ყველაზე მარტივი და საოცრად გამოსადეგი ეტაპის, სავიზიტო გვერდის შექმნის, შესახებ. ფაქტობრივად, ერთ შაბათ-კვირაში შეძლებ, შენი იდეა მხოლოდ წარმოსახვაში კი არა, საკუთარი თვალითაც იხილო.

სტარტაპის აქსელერატორ Y Combinator-ის პარტნიორი, კატ მანალაკი, ერთ-ერთ პრეზენტაციაში სტარტაპის გავრცელების საფეხურებს გვიზიარებს. პირველი ნაბიჯი სავიზიტო გვერდის (Landing Page) შექმნაა, რასაც ის ჩუმ გაშვებას უწოდებს.


რა არის და რისთვის მჭირდება სტარტაპის ჩუმი გაშვება?

ჩუმ გაშვებაში სტარტაპისთვის სავიზიტო გვერდის შექმნა იგულისხმება, რომელიც შენი მომავალი კომპანიის ბარათი იქნება. ამ გვერდზე დაიტან შენი იდეის მოკლე აღწერას, საკონტაქტო ინფორმაციას და შესაბამის მოწოდებას (CTA - Call To Action). მაგალითად, ასე:

როცა ასეთი გვერდი გაგაჩნია, აღარ გიწევს შენი იდეის მხოლოდ სიტყვებითა და ხელებით ახსნა. სამომავლო პარტნიორებთან თუ მომხმარებლებთან საუბრისას, უბრალოდ, გაუზიარებ მათ შენს ლინკს და ამით დაუმტკიცებ, რომ შესრულების მნიშვნელობას აცნობიერებ, საქმეს სერიოზულად ეკიდები, წინ მიიწევ და დანებებას არ აპირებ.

ასევე გაეცანი: 3 ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ შესრულება იდეაზე მეტია.

მეორე, სამომავლო გათვლებზე დაფუძნებული მიზეზი კი, ისაა, რომ მანამ აგროვებ პოტენციურ კლიენტებს, სანამ პროდუქტის ჩამოყალიბებაზე მუშაობ! ამ გზით იმასაც გაიგებ, რამდენადაა ხალხი დაინტერესებული შენი შეთავაზებით. მაგრამ, სანამ მთავარი გვერდის ხმაურიან გაშვებაზე გადავალთ, ჯერ ჩუმი გაშვების გზამკვლევი გავიაროთ.


რა არის საჭირო მთავარი გვერდის ასაწყობად?

მთავარი გვერდის ინგრედიენტები:

სტარტაპის სახელი;

დომენი;

პროდუქტის/სერვისის მოკლე აღწერა;

საკონტაქტო ინფორმაცია;

და, საიდუმლო სოუსი: მოწოდება (CTA – Call To Action).

საიტის შექმნის ტექნიკურ დეტალებზე შემდეგ საფეხურში ვისაუბრებთ. მანამდე, უბრალოდ, პასტა და ფურცელი მოიმარჯვე ან ვორდის ფაილი გახსენი და შენს სტარტაპზე სასაუბროდ მოემზადე.


მოკლე აღწერა და მოწოდება

ჩუმი გაშვების მთავარი გამოწვევა სტარტაპიდეის მოკლე აღწერისა და მოწოდების (CTA – Call To Action) მოფიქრებაა. მოკლე აღწერისთვის შეგიძლია შენი ერთწუთიანი პრეზენტაციის (Elevator pitch) ტექსტი გამოიყენო. თუ ჯერ არ დაგიმუშავებია პრეზენტაცია, გაეცანი ჩვენს გზამკვლევს, სადაც ნაბიჯ-ნაბიჯ გავივლით, რას უნდა მოიცავდეს და როგორ ავაწყოთ ერთწუთიანი პრეზენტაცია.

რაც შეეხება მოწოდებას, აქ შენს საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე უნდა დაფიქრდე. შეგიძლია, მეილის გამოსაგზავნი ფანჯარა ჩასვა ტექსტით: “დაგვიკავშირდით”. ეს კარგი ვარიანტია, თუ შენი სტარტაპიდეა რაიმე სერვისის შეთავაზებას ეფუძნება და კლიენტების მოზიდვა გჭირდება; მეორე ვარიანტია მეილის ჩასაწერი ველი დატოვო სიახლეებისა და პროდუქტის გაშვების შესახებ ინფორმაციის გასაგზავნად, დაახლოებით ასეთი ტექსტით: “გამოიწერე ჩვენი სიახლეები”, ან “პირველმა მიიღე შეტყობინება პროდუქტის გაშვების შესახებ!”.

დაუთმე დრო გასაგები აღწერისა და მიმზიდველი მოწოდების შემუშავებას. გააცანი ტექსტი გუნდის წევრებსა და ახლობლებს და აუცილებლად გაითვალისწინე მათი უკუკავშირი. თუმცა, ძალიან ბევრსაც ნუ იწვალებ. ყოველთვის შეგეძლება ამ ტექსტების შეცვლა. მთავარია, იდეიდან პროდუქტამდე მალე მიხვიდე. დანარჩენი პროცესში გამოჩნდება.


დომენი და მთავარი გვერდის აწყობა

ახლა კი, ტექნიკური დეტალები. საიტის ასაწყობად, პირველ რიგში, დომენი გჭირდება, რომელიც შენი სტარტაპის სახელს შეესაბამება. მის შესაძენად ყველაზე კარგი პლატფორმა Godaddy.com-ია, მაგრამ ქართული, ანუ .ge-თი დამთავრებული დომენებისთვის namespace.ge-ს ან domenebi.ge-ს უნდა მიმართო.

რაც შეეხება ვებ გვერდის შექმნას, ამისათვის პროგრამირების ცოდნა საჭირო სულაც არაა. არსებობს პლატფორმები, რომელთა დახმარებითაც საიტის აწყობა ლეგოებით თამაშს მოგაგონებს. მაგალითად, Carrd.co სპეციალურად სავიზიტო გვერდის შესაქმნელად გამოიყენება. იქვე ნახავ ინსტრუქციასაც, რომელიც ამ პროცესს კიდევ უფრო გაგიმარტივებს. თუმცა, თუ მალევე გეგმავ სრული საიტის გაშვებას სხვადასხვა გვერდებით, მაშინ ჩვენი რჩევა იქნება, ისეთ პლატფორმას მიმართო, რომლის მეშვეობითაც სავიზიტო გვერდს მომავალში სხვა გვერდებსაც დაამატებ. აქ ორი ვარიანტია – wix.com და wordpress.com:

Wordpress-ისგან Wix-ი იმით გამოირჩევა, რომ მასში გარკვევა ბევრად მარტივია და ნაკლები დროისა და ენერგიის დახარჯვა მოგიწევს. თუმცა, ამის სანაცვლოდ, wix-ს ბევრი ლიმიტი აქვს, რაც შეიძლება მომავალში პრობლემად იქცეს.

თუ დროებით გეგმავ მარტივი საიტის აწყობას, სამომავლოდ კი დეველოპერების გუნდის აყვანას აპირებ, მაშინ შეგიძლია არჩევანი wix.com-ზე შეაჩერო. მაგრამ, დღესდღეობით, უპირატესობა wordpress-ს ენიჭება. საიტების უმრავლესობა სწორედ მისი მეშვეობითაა აწყობილი და ყოველთვის შეძლებ დეველოპერის აყვანას, რომელიც შენს საიტს დახვეწს და ფუნქციონალს დაამატებს. უფრო დეტალურად wix-სა და wordpress-ს შორის განსხვავებებზე გაეცანი ამ სტატიას.


მოკლედ რომ შევაჯამოთ:

თუ მხოლოდ სავიზიტო გვერდის აწყობა გინდა, მიმართე carrd.com-ს;

თუ სრული, მაგრამ დროებითი და მარტივად ასათვისებელი პლატფორმა გინდა, მიმართე wix.com-ს;

თუ უფრო დახვეწილი საიტი გჭირდება და დროც გაგაჩნია პლატფორმის შესწავლისთვის, მიმართე wordpress.com-ს.

სავიზიტო გვერდის ვიზუალის ინსპირაციისთვის შეგიძლია გადახედო ამ მაგალითებს. Wordpress-საც და wix-საც ასევე გააჩნიათ მზა ვიზუალების ბიბლიოთეკა, საიდანაც სასურველს აარჩევ, საკმაოდ იაფად შეიძენ და შენით აწყობაც აღარ დაგჭირდება (თუმცა, გაითვალისწინე, რომ ფერების, სურათების, ფონტისა და მსგავსი მინიმალური ცვლილებების გარდა, შესყიდული გვერდის გადაწყობა ბევრად გაგიჭირდება, ვიდრე – შენით აწყობა).


გაშვება მეგობრებსა და ოჯახის წევრებში

არც ისე რთული ყოფილა არა? ახლა დროა ნელ-ნელა შენი გვერდის ხალხში გავრცელებაზე ზრუნვა დაიწყო. ამისათვის, პირველ რიგში, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს მიმართე. ისინი შეიძლება სულაც არ იყვნენ შენი სამიზნე აუდიტორია. მათი უკუკავშირი იმის გარკვევაში უფრო დაგეხმარება, რამდენად გასაგებად წარმოაჩინე შენი კომპანია. ყურადღებით მოუსმინე მათ აზრს და შეიტანე შესაბამისი ცვლილები.


ხმაურიანი გაშვება უცნობებში

ახლობლებისგან მიღებული შენიშვნების გათვალისწინებისა და მთავარი გვერდის განახლების შემდეგ, დროა, ხალხშიც გამოჩნდე. სწორედ აქ იწყება შენი შეთავაზების უნიკალურობისა და მისი მეშვეობით მოგვარებული პრობლემის სიმწვავის შემოწმება. რამდენიმე დღეში, თითქმის უფასოდ აწყობილი სავიზიტო გვერდის მთელი ხიბლიც ესაა – სწავლა და განვითარება რაც შეიძლება მალე, რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება უმტკივნეულოდ.


აითვისე სოციალური ქსელები

შექმენი შენი სტარტაპის ფეისბუკის გვერდი, გაწევრიანდი და გააზიარე შენი ვებ გვერდი რელევანტურ ჯგუფებსა და LinkedIn-ზე, მოუწოდე მეგობრებს პოსტის გადაზიარებისკენ, გააგზავნე მეილებიც თანამშრომლებთან თუ ყოფილ კურსელებთან… მოკლედ, მიმართე ყველა გზას, რომელზეც კი ხელი მიგიწვდება და აუცილებლად მოითხოვე უკუკავშირი.

თავადაც გაგიკვირდება, რამდენ საჭირო ინფორმაციას მიიღებ ამ პატარა ექსპერიმენტით.


ბაზისი მინიმალურად სიცოცხლისუნარიანი პროდუქტისთვის (MVP)

მიღებული შეფასებები და მოგროვებული მეილები საკმაოდ სოლიდურ ბაზისს შეგიქმნის შენი MVP-თვის. სავიზიტო გვერდის გაშვებით გამოწვეული აჟიოტაჟისა და მოლოდინის გასახანგრძლივებლად, შეგიძლია ყოველ რამდენიმე კვირაში ერთხელ სიახლეები დაპოსტო და უკვე მოგროვებულ მეილებზეც დააგზავნო. ეს გამოკითხვების წარმოებაშიც დაგეხმარება, რაც სამიზნე აუდიტორიის ზუსტი განსაზღვრისა და კონკრეტულად მათზე მორგებული პროდუქტის შექმნისთვის აუცილებლად დაგჭირდება. მაგრამ, ამაზე სხვა სტატიაში.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა