ლურჯი ვერსია

Tiktok: ამომავალი სოციალური მედიის მთავარი ხრიკები

10 ნოემბერი 2020

როცა გვეგონა, რომ სოციალური ქსელების სივრცე ინდუსტრიის გიგანტებს უკვე საფუძვლიანად ჰქონდათ ათვისებული, გამოჩნდა ახალი აპლიკაცია, რომელმაც სულ მალე საყოველთაო ყურადღება დაიმსახურა.

პლატფორმა პირველად 2016 წელს გამოჩნდა ჩინეთის ბაზარზე Douyin-ის სახელით. მომდევნო წელს გაეშვა მსგავსი ინტერფეისის საერთაშორისო ვერსია, რომელსაც ყველა ტიკტოკის სახელით ვიცნობთ.

ეს არის სოციალური ქსელი, სადაც ნებისმიერს შეუძლია 15-60 წამიანი სახალისო ვიდეოების შექმნა ფონური მუსიკისა თუ ვიზუალური ეფექტების თანხლებით. ტიკტოკმა გასაოცარი სისწრაფით აითვისა ბაზარი და ამ სტატიაში მისი წარმატების მთავარ საიდუმლოებს გავეცნობით.


მანამდე, რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი

2019 წელს, ტიკტოკი მეორე ადგილზე გავიდა ყველაზე ხშირად გადმოწერილ უფასო აპლიკაციებს შორის.

იმავე 2019 წელს მან საგრძნობლად გაუსწრო ინსტაგრამსა და ტვიტერს მომხმარებელთა საშუალო აქტივობაში.

დღეს ტიკტოკს 800 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, ჯამში კი აპლიკაცია 2 მილიარდჯერაა გადმოწერილი. რომ შედავაროთ, სოციალური ქსელების გიგანტ ფეისბუკს 2.7 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, ინსტაგრამს კი (რომელიც 6 წლით ‘უფროსია’ ტიკტოკზე) – 1 მილიარდი.

ტიკტოკიც და Douyin-იც ჩინურ კომპანია ByteDance-ს ეკუთვნის, რომელიც CBinsights-მა ყველაზე ძვირადღირებულ სტარტაპად გამოაცხადა მსოფლიოში. 2020 წლის ნოემბრის მონაცემებით, ის $140 მილიარდადაა შეფასებული, რაც დიდწილადაა ტიკტოკის დამსახურება.

სიმღერა “Old Town Road” მხოლოდ მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც ტიკტოკზე მისი ვიდეო გავრცელდა. შედეგად სიმღერის 10 მილიონი ასლი გაიყიდა და 19 კვირის განმავლობაში პირველ ადგილს იკავებდა ბილბორდზე.

4 წელში ასეთი აქტივობისა და პოპულარობის მოპოვება მარტივი არაა – მითუმეტეს, როცა ბაზარზე კარგად დამკვიდრებული, ძლიერი კონკურენტები გხვდებიან. ტიკტოკის საიდუმლო, თავისთავად, არც თუ ისე სწორხაზოვანია და რამდენიმე საკვანძო დეტალში იმალება.


მომხმარებელთა შესყიდული ბაზა

როცა საქმე სოციალურ ქსელებს ეხება, მომხმარებლები კომპანიის ყველაზე ძვირფასი აქტივია. ByteDance-მა ეს პრობლემა მარტივად გადაჭრა: 2016-17 წლებში, ჩინეთში პოპულარობით სარგებლობდა Musical.ly, სოციალური პლატფორმა, სადაც მომხმარებლები სხვადასხვა სიმღერების ფონზე გადაღებულ ვიდეოებს აზიარებდნენ. ტიკტოკის შექმნიდან ორ წელში, ანუ 2018 წელს, ByteDance-მა შეისყიდა და საკუთარ აპლიკაციასთან გააერთიანა Musical.ly, შემდეგ კი ტიკტოკის სახელით ამერიკის ბაზარზე გაიტანა. ერთ ღამეში, Musical.ly-ს მონაცემთა ბაზა ტიკტოკზე აღმოჩნდა.

პირველად მომხმარებელთა მოზიდვის პრობლემის მოგვარებაც ასე უნდა.


კედელი #შენთვის

პლატფორმაზე ნავიგაციის გამარტივებისთვის ტიკტოკის ინტერფეისი ისეა მოწყობილი, რომ მთელს ეკრანზე კონტენტის უწყვეტი ნაკადიდან თავის დაღწევა მართლაც რთული ამბავია. თუმცა, ‘სქროლვა’ ჩვენთვის სიახლეს არ წარმოადგენს. აქ უფრო საინტერესოა მანქანური სწავლების ალგორითმები, რომლებიც კონტენტს ახარისხებს.

ტიკტოკის მთავარ და ერთადერთ კედელს #ForYou შემთხვევით არ ჰქვია: ესაა თითოეული მომხმარებლისთვის უნიკალურად შექმნილი ვიდეოების სერია, რომელიც მაქსიმალურადაა შენს გემოვნებაზე მორგებული.

ფეისბუკის, ინსტაგრამის და სხვა სოციალური პლატფორმებისგან განსხვავებით, ტიკტოკის კედელი არსებული მეგობრების კონტენტით არ შემოიფარგლება. ალგორითმი ყოველთვის გთავაზობს უცნობი მომხმარებლების შექმნილ ვიდეოებს როგორც შენი ინტერესების საზღვრებში, ისე ამ საზღვრებს გარეთაც. ეს ნიშნავს, რომ ახლად დარეგისტრირებული ადამიანის კედელი პირველივე წუთიდანვე სავსეა ვიდეოებით, ძველი მომხმარებლებისა კი – მუდმივად ახლდება, იცვლება და უფრო მრავალფეროვანი ხდება. აპლიკაციის სიზუსტით მონუსხული და ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი მომხმარებელი სულ იმის ფიქრშია, რას უმზადებს ტიკტოკი შემდეგ ვიდეოში.

პლატფორმა დიდხანს დუმდა იმ მექანიზმების თაობაზე, რომლებიც For You გვერდის უკან იმალება. 2020 წლის 18 ივნისს კი, მან პირველად გამოაქვეყნა სტატია ამ საიდუმლო ალგორითმების შესახებ.

სოციალური ქსელის წარმატებას მომხმარებელთა წარმატება უზრუნველყოფს. ტიკტოკის ალგორითმიც გამიზნულია საინტერესო ვიდეობის აღმოჩენისა და გაზიარებისკენ. ეს კი, ახალი მომხმარებლების ხელშეწყობასაც გულისხმობს. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, როცა პლატფორმაზე ახალი ვიდეო დაიდება, ალგორითმი მას მცირე ჯგუფს აჩვენებს შესაბამისი ინტერესებით. ამ ჯგუფიდან მიღებული უკუკავშირის შესაბამისად კი წყვეტს, უფრო მეტ ხალხს აჩვენოს, თუ – არა. დადებით სიგნალებად ითვლება ვიდეოს ბოლომდე ყურება, მოწონება და გაზიარება. სატესტო ჯგუფების არჩევისას მთავარი კრიტერიუმი მათი ინტერესებია. შემდეგ მოდის ისეთი დეტალები, როგორიცაა გამომწერების რაოდენობა, ლოკაცია და მოწყობილობა.

კრიტერიუმების ასეთი ჩაშლა ნიშნავს, რომ დაგროვილ გამომწერებზე თუ მოწონებებზე მნიშვნელოვანი ვიდეოს ხარისხი და მიმზიდველობაა. შედეგად კი, ვიღებთ ყველაზე კარგ ვიდეოებს, ყოველთვის.


სხვების იმიტაციის სურვილი

ადამიანები სოციალური ცხოველები არიან. ჩვენ ვუყურებთ სხვებს და ვიმეორებთ იმას, რაც მოგვწონს და მომგებიანად მიგვაჩნია. გაუცნობიერებელ იმიტაციებზე ჩატარებულმა კვლევებმა ისიც კი აჩვენა, რომ როცა ორი ადამიანი საუბრისას ერთმანეთს ბაძავს, მათ უკეთ და უფრო პოზიტიურად ამახსოვრდებათ ერთმანეთი. მეტიც, მეცნიერებს იმისიც სჯერათ, რომ ყველა პრიმატის ტვინში არსებობს სპეციალური “სარკის ნეირონები”, რომლებიც იმიტაციის უნარზე არიან პასუხისმგებელი.

ტიკტოკიც წარმატებით სარგებლობს ამ ფენომენით: ერთი მომხმარებელი ატვირთავს ცეკვის მოძრაობებს ან სიმღერას, რომელიც სხვებს მოეწონებათ, შემდეგ კი ისინი ქმნიან მსგავს ვიდეოებს. დიდი რაოდენობით პოპულარული კონტენტის შექმნასთან ერთად, ეს პროცესი ერთიანობის განცდასა და, შედეგად, მეტ დამოკიდებულებას იწვევს პლატფორმაზე.


თაობა ზეტი

აღსანიშნავია ისიც, რომ ტიკტოკის ყველაზე პოპულარული და აქტიური მომხმარებლები თაობა ზეტს წარმოადგენენ: ანუ, 1996-2010 წლებში დაბადებულებს. მათში მილენიალებზე მეტადაა ტექნოლოგიების ათვისებისა და ინოვაციურობის წყურვილი და ტიკტოკი ამისათვის მშვენიერი პლატფორმა გამოდგა. გახსოვს პლატფორმა Musical.ly, რომელიც შემდეგ ტიკტოკს შეერწყა? მის მომხმარებელთა უმეტესობა სწორედ 25 წლამდე ადამიანებს წარმოადგენდა. ამჟამად ტიკტოკის 60% თაობა ზეტს უკავია. პლატფორმის ყველაზე პოპულარული მომხმარებელი 16 წლის ჩარლი დამელიოა, რომელსაც თითქმის 100 მილიონი გამომწერი ჰყავს.

როგორც ჯონ ლინკოლნი, Ignite Visibility-ს აღმასრულებელი დირექტორი, აღნიშნავს:

“ტიკტოკის ზრდას ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ თინეიჯერებს ფეისბუკიდან, ინსტაგრამიდან და სნეპჩატიდან გაქცევა და ისეთი ადგილის პოვნა უნდოდათ, სადაც მშობლები ვერ მისწვდებოდნენ.”

მშობლების ეჭვისა და კრიტიკისგან კი, პლატფორმამ თავიდანვე, ჯერ კიდევ Musical.ly-დ ფუნქციონირებისას, დაიცვა თავი: აპლიკაცია თავს კრეატიულ პლატფორმად აღწერდა და არა – სოციალურ ქსელად. შედეგად, ის მშობლების ყურადღების მიღმა დარჩა და მხოლოდ მაშინ გამოიწვია მათში აჟიოტაჟი, როცა უკვე ფართო ათვისება მოიპოვა. ტიკტოკმა აქაც ჭკვიანურად იმოქმედა და შეშფოთებული მშობლები “უსაფრთხო კონტენტის” ფუნქციის მეშვეობით დააწყნარა, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ.


გგონია, რომ პლატფორმა ზედმეტად ჩამთრევია? შენ მარტო არ ხარ, ტიკტოკიც ასე ფიქრობს!

მას შემდეგ, რაც ყველა დროის ყველაზე გასაოცარი შედეგები დადო, ამერიკულ კომპანიებს სერიოზული კონკურენცია გაუწია და კარგადაც დააფრთხო, ტიკტოკი არსებულ მომხმარებელთა ზრუნვაზე (ან, უფრო სწორად, შენარჩუნებაზე) გადაერთო.

წარმოიდგინე კომპანია, რომლის მიზანი რაც შეიძლება მეტი პროდუქტის გაყიდვაა. ახლა წარმოიდგინე, რომ ეს კომპანია იმდენ პროდუქტს ყიდის, თავად უშვებს საკუთარი თავის ანტირეკლამას. ხო, სწორედ ეს სიტუაციაა ტიკტოკში.

აპლიკაციის გარშემო, დროსთან ერთად, ბევრი პრეტენზია გაჩნდა. ჩინურ კომპანიას ბრალს დებენ მომხმარებელთა მონაცემების შენახვაში, ისევე, როგორც სოციო-პოლიტიკური მიზეზების გამო ჩაგვრასა და ბავშვებისთვის არაშესაფერისი კონტენტის ცუდ კონტროლში (უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი პრეტენზიები არც ფეისბუკისა და ინსტაგრამისთვისაა უცხო). ტიკტოკმაც არ დააყოვნა და საკმაოდ კრეატიულ ხერხებს მიმართა სიტუაციის გამოსწორებისთვის.


ციფრული კეთილდღეობისთვის

პლატფორმაზე პირველად 2019 წელს გამოჩნდა ფუნქცია, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას, შეზღუდო გამოყენების დრო. ფუნქციას ‘ციფრული კეთილდღეობა’ (‘Digital wellbeing’) ჰქვია და ის შენი პროფილის გვერდიდან, ზედა მარჯვენა კუთხეში განთავსებული მრავალწერტილიდანაა ხელმისაწვდომი. ფუნქციაზე დაჭერისას ირჩევ, რამდენი დროის დათმობა გინდა პლატფორმაზე დღის განმავლობაში (ვარიანტებია 40, 60, 90, ან 120 წუთი). არჩეული დროის გასვლის შემდეგ, აპლიკაცია მთელი დღით იბლოკება და მხოლოდ წინასწარ დაყენებული პაროლით იხსნება. რა თქმა უნდა, თუ პაროლი შენი დაყენებულია, შეგიძლია მოხსნა კიდეც (როგორც ჩანს, კომპანიამ არჩევანის დატოვებისგან თავი მაინც ვერ შეიკავა), თუმცა ეს მაინც კარგი შემახსენებელია იმისა, რომ ზედმეტად ბევრ დროს ატარებ უაზრო სქროლვაში. ჩვენი რჩევა იქნება, პაროლი მეგობარს დააყენებინო, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მომდევნო დღემდე ტიკტოკზე შესვლას ვერ შეძლებ.

შენ აკონტროლებ

2020 წლის თებერვალში პლატფორმას ახალი საინტერესო სიურპრიზი დაემატა: აპლიკაციაზე ზედმეტად ბევრი დროის გატარების შემდეგ, ნელ-ნელა შემოგხვდება ვიდეოები, რომლებიც ტიკტოკის მიტოვებისა და ჯანსაღ აქტივობებში ჩართვისკენ მოგიწოდებს. მაგალითად, ვიდეო, რომელიც გირჩევს, მობილური გადადო და გარეთ გახვიდე მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად, ან ჯანსაღად წაიხემსო, ან კარგად გამოიძინო. ამას გარდა, მომხმარებლებს ხვდებათ ვიდეოებიც, სადაც პლატფორმაზე სხვადასხვა თავის დასაცავი მექანიზმების დემონსტრაციაა. ვიდეოების ამ სერიების შესაქმნელად, რომელსაც “შენ აკონტროლებ” ჰქვია, ტიკტოკმა პლატფორმის ყველაზე პოპულარულ წევრებთან ითანამშრომლა. ამ ეტაპზე ეს ვიდეოები მხოლოდ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ჩნდება, მაგრამ მალე გავრცელდება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.


გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

შემდეგ კი, გაეცანი:

2020 წლის ტექნოლოგიურ ტრენდებს ხელოვნური ინტელექტიდან კიბერუსაფრთხოებამდე.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

10 ნოემბერი

Tiktok: ამომავალი სოციალური მედიის მთავარი ხრიკები

როცა გვეგონა, რომ სოციალური ქსელების სივრცე ინდუსტრიის გიგანტებს უკვე საფუძვლიანად ჰქონდათ ათვისებული, გამოჩნდა ახალი აპლიკაცია, რომელმაც სულ მალე საყოველთაო ყურადღება დაიმსახურა.
20 ნოემბერი

რა არის სიტყვიერი (Word of Mouth) მარკეტინგი და როგორ ვისარგებლოთ ამ მოდელით?

სოციალურმა ქსელებმა კიდევ უფრო წინ წამოწია კლიენტების მოზიდვის უფასო მექანიზმი: ხალხის მიერ შენს კომპანიაზე ხმის გავრცელება. 
18 დეკემბერი

შთამაგონებელი საახალწლო კამპანიები და მარტივად შესრულებადი იდეები შენი სტარტაპისთვის

ახალი წელი ახლოვდება, ბრენდებისთვის კი, ამაზე უკეთესი პერიოდი არ არსებობს შთამაგონებელი კამპანიების გასაშვებად