ლურჯი ვერსია

შთამაგონებელი საახალწლო კამპანიები და მარტივად შესრულებადი იდეები შენი სტარტაპისთვის

18 დეკემბერი 2020

ახალი წელი ახლოვდება, ბრენდებისთვის კი, ამაზე უკეთესი პერიოდი არ არსებობს შთამაგონებელი კამპანიების გასაშვებად, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ჩვენს გულებში დარჩება. ამ დღეს ხომ ყველა ერთად ზეიმობს. ყველა ელოდება სასწაულს და ყველას უხარია რაღაც – თანაც, ერთად.

მსხვილი კომპანიები ყოველთვის უშვებენ საახალწლო კამპანიებს, რომლებსაც მომხმარებლები მთელი წელი ელოდებიან, შემდეგ კი მთელი წლის განმავლობაში განიხილავენ. წარმოგიდგენთ სამ ასეთ მსხვილ პროექტს, რომლებმაც არა მხოლოდ ბრენდის რეპუტაციაზე იქონია დიდი გავლენა, არამედ იმაზე ფართო მიზანს ემსახურებოდა, ვიდრე, უბრალოდ, პროდუქტებისა თუ სერვისების გაყიდვაა.


1. Airbnb – ერთით ნაკლები უცნობი

2014 წელს Airbnb-იმ მილიონი დოლარი გაიღო ადამიანების ერთმანეთთან დაახლოვებისთვის: მათ ასი ათას მომხმარებელს ათ-ათი დოლარი დაურიგეს და ამ ფულით უცნობისთვის საჩუქრის გაკეთება სთხოვეს. კამპანია #ერთითნაკლებიუცნობი-ს ჰეშთეგითაა ცნობილი (#onelessstranger), რომელიც კომპანიის მთავარი დაბრკოლების გადალახვის კრეატიული გზა იყო: ერთადერთი, რამაც Airbnb-ის გამოყენებისას დისკომფორტი შეიძლება შეგიქმნას, ეს უცნობის სახლში შეშვება და უცნობთან სახლში შესვლაა. როცა კომპანიის თანადამფუძნებელმა, ბრაიან ჩესკიმ, ხალხს უცნობების გაცნობა და მათი დასაჩუქრება სთხოვა, მიზანი სწორედ ამ დისკომფორტის გაქრობა იყო.

კამპანიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მისი მეშვეობით ბევრი სითბო გაზიარდა საახალწლოდ. როგორც ბრაიანი აღნიშნავს პრომო ვიდეოში:

“თუ მსოფლიოს უცხოებისგან დავცლით, მგონი, სამყაროს დავაპატარავებთ და ბევრად დავაახლოვებთ.”

კამპანიამ ამერიკული ორგანიზაციის, Shorty Awards-ის, ჯილდო დაიმსახურა, რომელიც ყოველწლიურად აცხადებს საუკეთესო სოციალური კონტენტის მწარმოებლებს. მათი აღფრთოვანება პროექტის გლობალურობამ და კრეატიულმა მიდგომამ დაიმსახურა.


2. Spotify – ახალი წელი ახალი მიზნებით

ახალი წელი ახალი მიზნების დასასახად იდეალური პერიოდია. ყველას გვყავს მეგობარი, რომელიც პირველი იანვრიდან აუცილებლად ანებებს თავს მოწევას, ან იწყებს ვარჯიშს, ან სწავლობს ახალ ენას. იქნებ სულაც შენ ხარ ეს ადამიანი. მუსიკის პლატფორმა Spotify-მ სწორედ ჩვენს ამ ჩვევაზე ითამაშა და საკმაოდ ეფექტიანი, თანაც სასაცილო, საახალწლო კამპანია შეკრა – ამისათვის მას საკმარისი მონაცემები ნამდვილად გააჩნდა.

ორი წლის წინ, 2017 წლის დეკემბერში, ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ქუჩებში ცნობილი მომღერლებით გაფორმებული ბილბორდები გამოჩნდა. მათზე წაწერილი სახალისო გეგმები იმავე წლის სტატისტიკებით იყო შთაგონებული:

“იყავი ისეთივე მოსიყვარულე, როგორც ის ადამიანი, რომელმაც ედ შირანის 48 სიმღერა ატვირთა ფლეილისთში სახელით ‘მე მიყვარს რიჟები’.

“Shape of you”

ყველაზე ხშირად ჩართული სიმღერა. ყოველთვის.”

Spotify-მ საინტერესოდ ითამაშა ხალხში ისედაც გავრცელებულ ტრადიციაზე, საკუთარი თავისთვის საახალწლო გამოწვევები დაეწესებინათ. თანაც, მათი ბილბორდები უნიკალური დიზაინით გამოირჩევა და ჩვეულებრივი ადამიანების ისტორიებს ყვება (რა თქმა უნდა, კონფიდენციალურობის დაცვით).

3. Google – თამაში მონაცემებით

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც მონაცემების რაოდენობას არ უჩივის, გუგლია. ის ყოველწლიურად გვახსენებს, რომელი სიტყვა იყო იმ წელს ყველაზე ხშირად გამოყენებული საძიებო სისტემაში. ეს წარსულის ერთგვარი გადახედვაა ორ წუთში, სადაც საუკეთესო ძიებებია ნაჩვენები. 2018 წელს ეს სიტყვა იყო ‘კარგი’, ანუ ‘good’. გუგლის ვიდეო მართლაც საკმაოდ ემოციური გამოვიდა (კი, რამდენჯერმე ვუყურე და კი, ყოველ ჯერზე ცრემლები მომადგა):


საახალწლო კამპანიის იდეები სტარტაპებისთვის

როცა პატარა კომპანია ხარ, ასეთ მასშტაბურ კამპანიებზე ფიქრი ადრეა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საახალწლო განწყობით არ უნდა ისარგებლო და ბრენდის ცნობადობის გაზრდაზე არ იზრუნო. მილიონი დოლარის დარიგების, ბილბორდების გამოფენისა და დაგროვილი მონაცემებით თამაშის გარდა, ბევრი გენიალური იდეა არსებობს, რომლებიც შენს აღმოჩენას ელოდება.


კომპანიის გვერდისა და ლოგოს საახალწლო გაფორმება

მცირე დიზაინერული რესურსის გამოყოფით შეგიძლია შენს ვებ გვერდს ან თუნდაც ფეისბუკზე განთავსებულ ლოგოსა და ‘ქავერის’ სურათს საახალწლო განწყობა შესძინო. განახლებული ვიზუალი ყოველთვის სასიამოვნოა მომხმარებლის თვალში და სალაპარაკო თემადაც შეიძლება იქცეს. ახლაც მახსოვს, როგორ ველოდი საყვარელი სატელევიზიო არხების საახალწლო გაფორმებებს ბავშვობაში!


საახალწლო შეთავაზება

თქმაც არ უნდა, ახალი წელი საჩუქრების პერიოდია. შენც ისარგებლე ამ მომენტით და დაასაჩუქრე ერთგული მომხმარებლები ფასდაკლებით ან, სულაც, უფასო პროდუქტითა თუ სერვისით. ახალ მომხმარებლებს კი, საახალწლო ფასები შესთავაზე. ეს ყველაზე მარტივი და ეფექტიანი კამპანიაა, რომელსაც მინიმალური დრო სჭირდება! თუ შეთავაზებას წამზომსაც დაურთავ 31 დეკემბრის 00:00 საათამდე, გადაუდებლობის განცდასაც წარმატებით შექმნი.


საახალწლო კალენდარი

აუცილებელი არაა, მომხმარებლებს არსებული პროდუქტი ან სერვისები შესთავაზო. თუ ბიუჯეტი ამის შესაძლებლობას იძლევა, საახალწლო კალენდრის აწყობა და გაყიდულ პროდუქციასთან ერთად დარიგება მშვენიერი აზრია – მათ მთელი წლის განმავლობაში შეახსენებ თავს, ყოველდღიურად! კარგი ვარიანტია სტიკერების დამზადებაც, ან სპეციალური შეფუთვები საახალწლო განწყობის ასამაღლებლად.


საახალწლო მილოცვები

მეილით მარკეტინგი საქართველოში არც თუ ისე გავრცელებული პრაქტიკაა. იყავი გამონაკლისი! დააგზავნე თბილი საახალწლო მილოცვები შენს მომხმარებლებთან – ყოველგვარი მოთხოვნების გარეშე. ასეთ ყურადღებიან ჟესტს არ ივიწყებენ.


შენ რომელ მარკეტინგულ სტრატეგიას იყენებ ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად? გაგვიზიარე კომენტარებში!


გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

შემდეგ კი, გაეცანი:

გავრცელებული მითები ანტრეპრენერებზე, რომლებისაც, შენთან ერთად, გამოცდილ ინვესტორებსაც კი სჯერათ.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

10 ნოემბერი

Tiktok: ამომავალი სოციალური მედიის მთავარი ხრიკები

როცა გვეგონა, რომ სოციალური ქსელების სივრცე ინდუსტრიის გიგანტებს უკვე საფუძვლიანად ჰქონდათ ათვისებული, გამოჩნდა ახალი აპლიკაცია, რომელმაც სულ მალე საყოველთაო ყურადღება დაიმსახურა.
20 ნოემბერი

რა არის სიტყვიერი (Word of Mouth) მარკეტინგი და როგორ ვისარგებლოთ ამ მოდელით?

სოციალურმა ქსელებმა კიდევ უფრო წინ წამოწია კლიენტების მოზიდვის უფასო მექანიზმი: ხალხის მიერ შენს კომპანიაზე ხმის გავრცელება. 
18 დეკემბერი

შთამაგონებელი საახალწლო კამპანიები და მარტივად შესრულებადი იდეები შენი სტარტაპისთვის

ახალი წელი ახლოვდება, ბრენდებისთვის კი, ამაზე უკეთესი პერიოდი არ არსებობს შთამაგონებელი კამპანიების გასაშვებად