ლურჯი ვერსია

ბლოკჩეინი კრიპტოვალუტა არ არის – რა უნდა იცოდე მის რეალურ გამოყენებებზე

30 აპრილი 2021

ამ სტატიაში კრიპტოვალუტებზე არ ვისაუბრებ. ამის მაგივრად, შევეხები ბლოკჩეინის ატვისებასთან დაკავშირებულ დაბრკოლებებსა და მის რეალურ გამოყენებებს, რომლებსაც IBM-ი, Gartner-ი და სხვა ავტორიტეტული კომპანიები უწყობენ ხელს. მანამდე კი,


უცებ რომ გავიხსენოთ...

ბლოკჩეინი განაწილებული დავთრის სისტემაა, რომელიც მასზე შენახული ინფორმაციის დაცულობასა და სანდოობას უზრუნველყოფს. ტექნოლოგია გამოიყენება ისეთი შემთხვევებისთვის, სადაც ერთი და იგივე ინფორმაციაზე ბევრი ადამიანი მუშაობს და სადაც აუცილებელია, რომ ყოველ მათგანს ზუსტად ერთნაირი მონაცემები გააჩნდეს.

ბლოკჩეინის ყველაზე გავრცელებული გამოყენება ციფრული ვალუტების შექმნაა, რომელთაგან პირველი სატოში ნაკამოტოს ეკუთვნის და ბიტკოინის სახელითაა ცნობილი. ბიტკოინი 2009 წელს გაეშვა და სწორედ აქედან იწყება განაწილებული დავთრის ათვისების ისტორია.

არსებობს ბლოკჩეინის რამდენიმე ტიპი:

საჯარო – რომელზეც ყველას მიუწვდება ხელი და შეუძლია ინფორმაციის შენახვა, წინასწარ განსაზღვრული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შემდეგ (კრიპტოვალუტების უმრავლესობა ამ კატეგორიაში ვარდება);

კონფიდენციუალური – რომელზეც მხოლოდ ავტორიზირებულ პირებს მიუწვდებათ ხელი (ასეთ სისტემას, ძირითადად, კომპანიის შიგნით იყენებენ);

კორპორატიული – რომელზეც ხელი მხოლოდ იმ პირებს მიუწვდებათ, ვისაც ამის უფლება მიეცემა. დღეს ეს ყველაზე გავრცელებული ბლოკჩეინის ტიპია და მას ნებადართულ (permissioned) ბლოკჩეინსაც უწოდებენ. ამ სტატიაში განხილული მაგალითებიც სწორედ ნებადართულ ბლოკჩეინს ეხება.


ბლოკჩეინის მთავარი დაბრკოლებები გადალახვის პირასაა

ბიტკოინი უკვე ათწლეულზე მეტია, რაც არსებობს. მასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი კი, დაახლოებით 6 წლის წინ მოედო მსოფლიოს და ფენიქსის ჩიტივით კვდება და ცოცხლდება. იგივე ითქმის თავად განაწილებული დავთრის ტექნოლოგიაზეც. თუმცა, ბოლო დროს, აჟიოტაჟის უკან ჩნდებიან ავტორიტეტული პირები, რომლებიც კრიტიკას უფრო და უფრო ეფექტურად იგერიებენ.

შეგვიძლია ორი ძირითადი დაბრკოლება გამოვარჩიოთ, რომლებიც ბლოკჩეინის ათვისებას უშლის ხელს.


სანდოობა

კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული თაღლითობების გამო, მხოლოდ 2019 წელს, ჯამში 4 მილიარდი დოლარია დაკარგული. გასაკვირი არაა, რომ ხალხი მას არ ენდობა. ამას გარდა, თავად ბლოკჩეინ ტექნოლლოგიის გამოყენებაც, ხშირად, კრახით დამთავრებულა.

აჟიოტაჟის პერიოდში, საითაც არ უნდა გაგეხედა, ყველა კომპანია ბლოკჩეინის რაღაც გზით ათვისებას ცდილობდა. თუმცა, მაშინ ჯერ არც რეალური გამოყენებები იყო ნაპოვნი და, მოდი ვაღიაროთ – ბევრს არც ესმოდა, საერთოდ რაში სჭირდებოდათ ტექნოლოგია ან რასთან ჰქონდათ საქმე.

თუმცა, აჟიოტაჟმა დაიკლო. ტექნოლოგია, მეტნაკლებად, დაიტესტა და მისი გამოყენების შემთხვევებიც დაფიქსირდა. კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ სპეკულაციებს თუ არ ჩავთვლით, მსოფლიოს მოწინავე ორგანიზაციები და აღმსრულებლები ნელ-ნელა ტექნოლოგიის აღიარებას იწყებენ.

გლობალური კვლევითი ორგანიზაცია Gartner-ის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზში 2021 წლის ერთ-ერთი ტრენდი კრიპტოვალუტებისა და ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების დასტაბილურებაა.

Gartner-ის ანალიზს სხვა ბევრი სტატისტიკური მონაცემიც ამყარებს:

PwC-ის მიერ 2018 წელს წარმოებულ კვლევაში, კომპანიების 84%-მა აღნიშნა, რომ ისინი აქტიურად არიან ჩართული ბლოკჩეინის განვითარებაში.

Statista-ს მონაცემებით, გლობალური ორგანიზაციების 33% ამბობენ, რომ ისინი ციფრული ვალუტის შექმნაზე მუშაობენ.

გარტნერის მიერ 2019 წელს ჩატარებულ გამოკითხვაში, ინფორმაციის დირექტორების (CIO) 60% აღნიშნავს, რომ ისინი მომდევნო სამი წლის განმავლობაში ტექნოლოგიის ათვისებას ელიან.

IBM-ს 400-ზე მეტი პროექტისთვის გაუწევია ხელშეწყობა, რომლებიც კომპანიის ბლოკჩეინ სისტემას მიწოდების ჯაჭვის, ჯანდაცვის, ტრანსპორტირებისა და სხვა მიზნებისთვის იყენებდნენ.

აშკარაა, რომ ბლოკჩეინი თავის ადგილს პოულობს ჩვენს მუდმივად ცვალებად სამყაროში. მიუხედავად ამისა, მის გარშემო არსებული სპეკულაციები ჯერ კიდევ მრავლად გვხვდება. თუმცა, სპეკულაციებს რომ თავი დავანებოთ, ბლოკჩეინის ათვისება არც თუ ისე მარტივია და ამას მეორე დაბრკოლებამდე მივყავართ, რამაც ტექნოლოგიის ათვისება საგრძნობლად შეანელა.


ბლოკჩეინი რთულია გამოსაყენებლად და დასანერგად

მიუხედავად ნებადართული ბლოკჩეინის (და არა – კრიპტოვალუტების!) სანდოობის ზრდისა, ტექნოლოგიის ერთი ძალიან დიდი დაბრკოლება უდგას წინ: მისი გამოყენება საკმაოდ რთულია.

ერთის მხრივ, ჯერ ტექნოლოგიაში უნდა გაერკვე (რაც მარტივი არაა); შემდეგ, უნდა გადაწყვიტო, რომელ სისტემას ანიჭებ უპირატესობას; შენს ორგანიზაციაში მისი იმპლემენტაციის სტრატეგიაზეც უნდა ჩამოყალიბდე; მერე ეს ყველაფერი მომუშავე პერსონალს უნდა აუხსნა; ბოლოს კი, მათ ეს ყველაფერი პრაქტიკასი უნდა გამოიყენონ.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ტექნოლოგიას ერთი ფორმა არ გააჩნია (რაც AI-ს შემთხვევაშიც კი უფრო მარტივადაა) და თუ დავუმატებთ იმასაც, რომ ამ ფორმებიდან ბევრი სპეკულაციურია, ჰო, ბლოკჩეინის ფართო ათვისება პრობლემაა.

გარტნერის მიერ იდენტიფიცირებული მესამე ტრენდიც სწორედ ამ დაბრკოლების გადალახვის გზებს ეხმიანება. კომპანია 2021 წლისთვის ისეთი შუამავლების გამოჩენას წინასწარმეტყველებს, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციებს ტექნოლოგიის დანერგვას გაუმარტივებს. ისინი ამ შუამავლებს “ბლოკჩეინის აბსტრაქციის პროგრამული უზრუნველყოფის” სახელით მოიხსენიებენ და მათში ორ ჯგუფს გამოყოფენ:

  • ინტეგრაციის სანდო ბროკერები – რომლებიც ორიგინალ სისტემებსა და გონიერ კონტრაქტებს რამდენიმე ბლოკჩეინზე ერთდროულად უშვებენ. მაგალითია chain.link-ი;

  • ბლოკჩეინის აბსტრაქციის პლატფორმები – შიდა გონიერი კონტრაქტებისა და პროგრამირების ხელსაწყოების გამოყენებით, ისინი დეველოპერებს თავიდან არიდებენ ახალი ბლოკჩეინ სისტემის დაწერის თავის ტკივილს. მაგალითებია Copperwire-ი და Settlemint-ი.

თუ ბლოკჩეინის ენთუზიასტი ხარ, მაგრამ აქ გაქარწყლებული დაბრკოლებები გაჩერებდა და ახლა ისევ მიგიწევს გული ტექნოლოგიის შენს კომპანიაში დანერგვისკენ, კიდევ ერთხელ გაგაჩერებ. რამდენად სანდოც არ უნდა იყოს ტექნოლოგია, სანამ რაიმეს მოიმოქმედებ, ჯერ იმაში უნდა დარწმუნდე, რომ ის გჭირდება. ამაზეც შემოგთავაზებ ერთ მეთოდს.

საბაზრო კვლევის კომპანია Forrester Research-მა ოთხი კითხვა შეიმუშავა იმის გადასაწყვეტად, გჭირდება თუ არა ბლოკჩეინი:

1. სჭირდებათ თუ არა სხვადასხვა პირებს ერთი და იგივე მონაცემებზე წვდომა?

2. სჭირდება თუ არა ყველა წევრს იმის დამტკიცება, რომ მონაცემები სანდოა და არავის შეუცვლია?

3. დამოკიდებული ხარ თუ არა შუამავალზე, რომელსაც ღირებულება არ მოაქვს? დამოკიდებული ხარ თუ არა კომპლექსურ, არასანდო პროცესზე რამდენიმე პირებისთვის ტრანზაქციების განსახორციელებლად მაშინ, როცა თითოეულ მათგანს ერთი და იგივე მონაცემები უნდა მიეწოდოს? არ არსებობს ისეთი სისტემა, რომელიც შენთვის საჭირო პროცესებს მარტივად წარმართავს?

4. გაქვს საკმარისად კარგი მიზეზი, რის გამოც ცენტრალური სისტემის გამოყენება საზიანო ან არა ღირებული იქნება?

თუ ამ კითხვებზე შენი პასუხი არგუმენტირებული “კი” არის, მაშინ შეგიძლია უფრო ჩაუღრმავდე ამ საკითხს და ბლოკჩეინ დეველოპერის ძებნაც დაიწყო.


დამკვიდრებული გამოყენება – სანდო მიწოდების ჯაჭვი

გარტნერის აჟიოტაჟის ციკლიდან ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ ათვისებული და გამოყენებადი ბლოკჩეინტრენდი სანდო მიწოდების ჯაჭვის შემუშავებაა.

განაწილებული დავთარი იდეალური ტექნოლოგიაა ისეთი მონაცემების შესანახად და მონიტორინგისთვის, რომელსაც ბევრი პირი ავსებს მოტყუების მაღალი მოტივაციით. ბლოკჩეინი ნდობის ფაქტორს, ფაქტობრივად, აქრობს – რა თმქა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სწორადაა შექმნილი და სისტემის “გაცურების” შესაძლებლობა ნულის ტოლი ან იმაზე საზიანოა, ვიდრე სარგებელი.

ნივთების ინტერნეტის (IoT) აღზევებასა და ჭკვიანი ქალაქებისკენ სვლაში სანდო მიწოდების ჯაჭვი კიდევ და კიდევ უფრო აქტუალური ხდება. ზღვა მონაცემების შეგროვებას, მათ გაანალიზებასა და შესაბამის, სამართლიან გადაწყვეტებს, ერთის მხრივ, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, მეორეს მხრივ კი – ამ მონაცემების ავ გამოყენებას სერიოზული საფრთხეები მოჰყვება.

ბლოკჩეინ ტექნოლოგია ამ პრობლემას ნდობის ფაქტორის ამოღებით ახერხებს. ეს თავიდანვე მისი მთავარი მახასიათებელი იყო. თუმცა, კრიპტოვალუტების ბუმში ისეთი წარმატებული არ აღმოჩენილა, რამხელა იმედებსაც მიწოდების ჯაჭვში იძლევა.

სანდო მიწოდების ჯაჭვის ყველაზე საგულისხმო გამოყენება გარემოსდაცვითი, სოციალური და მართვითი (ESG) მიზნების გამყარებაა. ესაა სამი ძირითადი კრიტერიუმი, რომელიც ნებისმიერი კომპანიის ბიზნეს და სოციალურ შედეგებს განაპირობებს და განსაზღვრავს, ღირს თუ არა მასში ინვესტიცია. სამი კრიტერიუმია:

1. რამდენად უფრთხილდება კომპანია გარემოს;

2. ეკიდება თუ არა სოციალურ ფაქტორებს პასუხისმგებლობით;

3. რამდენად ეთიკურია კომპანიის მართვითი სტრუქტურა.

იმისათვის, რომ ESG მიზნების შეფასება წარმატებით გაიარო, ამ სამი კრიტერიუმის მიხედვით მაღალი შეფასება უნდა მიიღო. თუმცა, შეფასებისას მალევე იჩენს ერთი პრობლემა თავს: კრიტერიუმების სრულყოფილად შესაფასებლად, საჭიროა დიდი რაოდენობის მონაცემები და იმის გარანტია, რომ კომპანია რეალურ შედეგებს ასახავს თავის მონაცემებში. გარტნერის ანალიზს თუ დავუჯერებთ, ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ბლოკჩეინი იდეალური ტექნოლოგია აღმოჩნდა.

გარტნერის მიერ მოხსენიებული სამი მოწინავე კომპანია, რომელიც აღნიშნულ სერვისს უწევს მსხვილ ორგანიზაციებს, არიან Contextlabs-ი, Settlemint-ი და Copperwire-ი.


მომავალი

ბლოკჩეინს დიდი დრო დასჭირდა, სანამ მისი გამოყენების ერთი ვარიანტი მაინც მეტნაკლებად დაასტიბილურა. ამ პერიოდში ის უამრავი სხვადასხვა მიმართულებითაც გამოიყენებოდა და ეს პროცესი დღემდე არ წყდება (მაგალითად, ამჟამად პოპულარული NFT ვალუტები). გარტნერი ამ მცდელობებიდან ორ ძირითად მიმართულებას გამოარჩევს, რომლებიც ყველაზე იმედის მომცემად გამოიყურება. აქედან ერთ-ერთი სოციალური სარგებლის შექმნას უკავშირდება და მასში ორი მიმართულება გამოირჩევა:


ყალბი ამბების აღმოჩენა

ყალბი ამბები რომ პრობლემაა, ამაზე აღარ ვისაუბრებ. ყველა მოწინავე ტექნოლოგია რომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად იბრძვის, არც ამის განხილვით მოგაწყენ თავს. გასაკვირი სულაც არ უნდა იყოს, რომ ბლოკჩეინ ტექნოლოგიაც აქტიურადაა “Fake-ების” წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული.

ერთ-ერთი ასეთი წამოწყებაა Block Expert-ის პირველი პროდუქტი. Safe.press-ი რომელიც IBM-ის ჰიპერდავთრის ფაბრიკაზეა დაშენებული. პლატფორმა ყველა ტიპის, ნებისმიერ საინფორმაციო დაწესებულებას უწევს მომსახურებას და მისი სისტემა შემდეგნაირად მუშაობს: როდესაც ინფორმაცია გამოქვეყნდება, მედია საზოგადოების კონსორტიუმი წყაროს სანდოობას ამოწმებს და მას Safe-press-ის ციფრული შტამპი ედება. თუმცა, ეს ყვეალფერი არ არის. აღნიშნული წყაროს ნებისმიერი გამოყენება მონიტორინგის ქვეშ რჩება, რათა არ მოხდეს მისი არასწორი ინტერპრეტაცია.

Safe.press-ი, ერთ-ერთია იმ სტარტაპთა შორის, რომლებიც ბლოკჩეინს ყალბი სიახლეების აღმოჩენისთვის იყენებენ. როგორც ბენჯამინ გიევიესი, Block Expert-ის თანადამფუძნებელი, აღნიშნავს:

“ვგრძნობ, რომ ბლოკჩეინი ინტერნეტის ახალი თაობაა. ჩვენ გვქონდა ქსელი, შემდეგ ელექტრონული კომერცია, შემდეგ – სოციალური მედია. ბლოკჩეინის მეშვეობით ჩვენ ვქმნით ქსელის ახალ ტიპს და კომუნიკაციის ახალ გზას, რომელიც თავიდანვე აღჭურვილია გამჭვირვალობითა და დაცულობით.”


ხმის მიცემის სანდო სისტემა

სოციალურ უპირატესობათა სიაში მეორე მიმართულება ხმის მიცემის გასანდოება და მისი გაყალბების გზების აღმოფხვრაა. ამაზე ეთერიუმის დაამარსებელი, ვიტალიკ ბუტერინიც კი მუშაობდა კრიპტოვალუტების ბუმის დროს.

ამერიკის 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებულმა პრობლემება ასეთი სისტემის აუცილებლობა კიდევ უფრო აშკარადა გახადა. პრინციპი აქაც იგივეა, რაც სანდო მიწოდების ჯაჭვში:

ხალხს შეეძლება მისცეს ხმა სასურველ კანდიდატს (ანონიმურადაც კი), შედეგები კი, ცენტრალიზებული, სინქრონული და ავტომატიზირებული პროცესის საშუალებით, ხელით სამუშაოს შედეგების დათვლის რგოლიდან ამოაგდებს. არავის ექნება ხმებით მანიპულაციის შესაძლებლობა, ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ მაინც, რაც ხალხი თავის რჩეულს დააფიქსირებს.

ერთ-ერთი ასეთი პროექტი არის horizonstate, რომლის შესახებ დამატებით ინფორმაციასაც შეგიძლია, მათ ვებ-გვერდზე გაეცნო.


ჯანდაცვა

რაც შეეხება ჯანდაცვის სექტორს, პირველი, რაც აქ აუცილებლად გამოიყოფა, კოვიდ-19-ის ვაქცინის გზის მონიტორინგია.

წამლის მოგზაურობა ლაბორატორიიდან ინდივიდუალურ კლინიკებამდე ბევრი დაბრკოლებითა და მღელვარებითაა მოცული. ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მიწოდების ჯაჭვი კი, ამ დაბრკოლებების თავიდან არიდების თუ არა, დროულად აღმოფხვრის შესაძლებლობას მაინც იძლევა. IBM-ის ერთ-ერთი პროექტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ისეთ ბლოკჩეინსისტემას სთავაზობს ვაქცინის მწარმოებლებს, რომელიც მიწოდების ჯაჭვის მონიტორინგის რეალურ დროში წარმართვასა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

ვაქცინაციის პროცესის გარდა, სხვადასხვა კომპანიები აქტიურად მუშაობენ განაწილებული დავთრის შექმნაზე, სადაც ჯანმრთელობის დაწესებულებები გამოიტანენ კონკრეტული კლინიკური შემთხვევების შესახებ ინფორმაციას საჯაროდ, ყველასათვის ხელმისაწვდომად. ასეთი გამჭვირვალობა შესაძლებლობას იძლევა სწრაფად და გლობალურად დაიხვეწოს ჯანდაცვის სისტემა – იმისდა მიუხედავად, რომელი ქვეყნის წარმომადგენელი ხარ თუ რა რესურსებზე მიგიწვდებოდა აქამდე ხელი.


როგორც ვნახეთ, ვიფრული ვალუტის შექმნა ბლოკჩეინის ერთადერთი გამოყენება სულაც არაა (თუმცა, ეს ნამდვილად არის ერთ-ერთი და მასზე უკვე ბანკები და თავად სახელმწიფოებიც კი მუშაობენ). ტექნოლოგია, რომელსაც ბიტკოინი, ეთერიუმი, თუ Dogecoin-ი ეფუძნება, ბევრად უფრო მძლავრი და გამოსადეგია, თუ მას მიზნობრივად გამოვიყენებთ.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

03 აგვისტო

სოციალური მედიის თანამედროვე გამოწვევები და ციფრული კონსტიტუციონალიზმი

ინტერვიუ ედოარდო კელესტესტან. რომელია ის პრინციპები და ფასეულობები, რომლითაც ჩვენი საზოგადოება იხელმძღვანელებს ციფრულ ხანაში
03 აგვისტო

მოუსვენრობა წარმატებისთვის: როგორ ცვლიან სამყაროს წამყვანი კომპანიები განვითარებული კომუნიკაციების წყალობით

​​​​​​​​​​​​​​მხოლოდ კომუნიკაციების სექტორის უნიკალურ შესაძლებლობებზე საუბრისას თუ გავაერთიანებდით ახალბედა ტიკტოკსა და ბებერ გუგლს, მუსიკალურ პლატფორმა სპოტიფაისა და საზიარო ტაქსების სერვის უბერს. 
10 აგვისტო

5G - ახალი შესაძლებლობების სამყარო

სიახლეები საზოგადოებას ხშირად აშინებს, აბნევს და ეჭვებს უჩენს, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს ის ფაქტი, რომ ისეთი ინოვაციის დანერგვაში, როგორიც უსწრაფესი 5G ინტერნეტია, საზოგადოების ნაწილმა საფრთხე დაინახა და ამ შეგრძნებამ ისე მოიცვა, რომ კითხვის - „რა სარგებელს მოიტანს ეს უკანასკნელი?“ დასმაც არ ჩათვალა საჭიროდ და ბოლო თაობის ინტერნეტკავშირი უპირობო მტრად მიიღო.