ლურჯი ვერსია

დიზაინერები, რომლებმაც შექმნეს სტარტაპები

03 სექტემბერი 2020

სტარტაპების მიერ ვიზუალური მხარის უგულებელყოფა გავრცელებული მიდგომაა. შეიძლება ისიც ითქვას, რომ დიდად არც დიზაინერები არიან დაინტერესებული კომპანიის მენეჯმენტში მონაწილეობით. მიუხედავად ამისა, ისინი იმაზე უკეთ ითავსებენ სტარტაპერის როლს, ვიდრე ერთი შეხედვით ვიფიქრებდით.

როცა ანტრეპრენერს ვახასიათებთ, მისი ერთ-ერთი აუცილებელი უნარი პრობლემების მოგვარება და კრეატიული, გაბედული აზროვნებაა. მას უნდა შეეძლოს კავშირების დანახვა იქ, სადაც ისინი მანამდე არ არსებობდა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის პოვნა პოტენციური მომხმარებლების, თანამშრომლებისა და ინვესტორების მოთხოვნებს შორის.

მაგრამ, დიზაინერის სამუშაოც ხომ სწორედ ამ პუნქტებს მოიცავს. ფართო ხედვა და მაღალი სტანდარტები, კრეატივი, კონცეფციებსა და პროდუქტს შორის კავშირის დაჭერა, მომხმარებელთა ქცევის ანალიზი, კლიენტის სურვილების გათვალისწინება და ამ ყველაფრის ერთმანეთთან შეთავსება… ასე ახლოს ცოტა პროფესია დგას ანტრეპრენულ სულისკვეთებასთან.


ეფლი, როგორც ნათელი მაგალითი

სტივ ჯობსი რომ დიზაინს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, ეს საყოველთაოდ ცნობილია: 1982 წელს მან ესლინგერს ჩააბარა პროდუქტის დიზაინი და ამისთვის წელიწადში 1 მილიონ დოლარს უხდიდა. სიმარტივე ეფლის უპირველეს მახასიათებლად იქცა, რაც მომხმარებლისთვის მუდამ მის დახვეწილ დიზაინში გამოიხატება. მიუხედავად იმისა, რომ, ბევრის აზრით, კომპანია ძველებურად ვეღარ ვითარდება, ისინი ეფლის ერთგული სწორედ ელეგანტური ვიზუალის გამო რჩებიან.

მაგრამ, მოდი, სხვა კომპანიებსაც გადავხედოთ: Pinterest-ი, Behance-ი, Kickstarter-ი, Slack-ი და Flickr-ი – ეს სრული სიაც არაა იმ გენიალური და დღემდე ჩაუნაცვლებელი სტარტაპებისა, რომელთა თანადამფუძნებლებიც დიზაინერები არიან.


ბიჰენსი და პინტერესტი – თვითგამოხატვისა და შთაგონებისთვის

ბიჰენსი ალბათ ყველა დიზაინერმა იცის. ეს ის ადგილია, სადაც მათ თავიანთი ნამუშევრების საჯაროდ გამოფენა შეუძლიათ. მის უკან ორი მთავარი ფიგურა დგას: ანტრეპრენერი სკოტ ბელსკი და ბრენდისა და პრინტის დიზაინერი მატიას კორეა. მათი გაერთიანება შემთხვევითობა სულაც არ ყოფილა. როცა სკოტს ბიჰენსის იდეა მოუვიდა, მან, პირველ რიგში, დიზაინერი პარტნიორის ძებნაზე დაიწყო ფიქრი. ერთ-ერთ ინტერვიუში მატიასი აღნიშნავს, რომ ბელსკის მან დიზაინერობა ასწავლა, ბელსკიმ მას კი – ანტრეპრენერობა:

“გამოსავალს ბრენდი, კომპანია, ან თავად პროდუქტი გვიჩვენებდა ხოლმე. ხანდახან, საჭირო იყო, უბრალოდ, კითხვა დაგვესვა და პასუხი ჩვენი ნამუშევრიდან თავისით მოდიოდა.”

ამაზე ბელსკი ამატებს:

“რაც დიდად განსხვავდება ისეთი შემთხვევისგან, როცა დიზაინერი აუთსორსზე გყავს ან, უბრალოდ – დაქირავებული. ან, როცა დიზაინერი დამფუძნებელი ბიზნესმენს ქირაობს ბიზნეს საქმეებისთვის. ეს პროცესები აუთსორსზე რომ გაგვეტანა, ბიჰენსი ვერასდროს შეძლებდა ჩვენივე კითხვებზე პასუხის გაცემას.”

ბიჰენსზე არანაკლებ გამორჩეული პლატფორმაა პინტერესტი. ამ ონლაინ სივრცეს კრეატიული ადამიანები, ერთის მხრივ, თვითგამოხატვის, მეორეს მხრივ კი – შთაგონების საპოვნელად სტუმრობენ.

"ჩვენთან არ არსებობს დიზაინსა და ინჟინერიას შორის გამყოფი ხაზი." – ამბობს პინტერესტის თანადამფუძნებელი.

ევან შარპი პროდუქტის დიზაინერია, რომელსაც პინტერესტზე მუშაობისას მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობების გათავისება მოუწია, თანაც – ნულიდან. მაგრამ, დიზაინერის ხედვა მას ისეთი ნიუანსების შემჩნევაში დაეხმარა, რის გამოც ჟურნალ wired-ში იმ ტექნოლოგიურ ლიდერთა სიაში მოხვდა, რომლებიც, მათი აზრით, მომავალი 25 წლის განმავლობაში ინტერნეტ რევოლუციას გაუძღვებიან. აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ სილიკონ ველიზე პინტერესტი ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანისტურ და ინტერფეისზე ორიენტირებულ პლატფორმად ითვლება.

როცა ის მენეჯერის როლის მორგებასა და თანამშრომლების შერჩევის პროცესზე საუბრობს, ხაზს უსვამს, რომ კარგ თანამშრომელს საკუთარი სუსტი მხარეების დანახვა აუცილებლად უნდა შეეძლოს. რთულია ამაში არ დაეთანხმო. ევანი ამ თვისებასა და დიზაინერობას შორის პარალელსაც ხედავს:

“თუ კარგი დიზაინერის თვალი გაქვს, ეს ნიშნავს, რომ შეგიძლია დაინახო, რა გამოგდის და რა – არა. თუ ხედავ, რა არ გამოგდის, შენ იმუშავებ საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე და ეს კარგი დიზაინერების გუნდის მთავარი მახასიათებელია.”

თუმცა, Behance-ი და Pinterest-ი მაინც ისევ დიზაინერებზე მორგებული პლატფორმებია. გავცდეთ მსგავს წამოწყებებს და... კიდევ უფრო მეტ დიზაინერ სტარტაპერს აღმოვაჩენთ.


Kickstarter-ი – ადგილი ურთიერთდახმარებისა და ინოვაციებისთვის

Kickstarer-ი საჯარო დაფინანსების (ქრაუდფანდინგის) პლატფორმაა, სადაც ყველას შეუძლია ნებისმიერი პროდუქტის იდეის გამოქვეყნება. მსურველები არჩევენ საინტერესო პროექტებს და წინასწარ ყიდულობენ მათ ნამუშევრებს. თუ პროექტმა მოთხოვნილი თანხა შეაგროვა, ისინი პროდუქტს ქმნიან და მხარდამჭერებს უგზავნიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ თანხა უბრუნდებათ უკან.

პოტენციური მხარდამჭერების დაინტერესების ერთადერთი გზა პროექტის გვერდია. ამიტომ, იდეის ავტორებს მაქსიმალური თავისუფლება სჭირდებათ თავიანთი ხასიათის გადმოსაცემად. თუმცა, აუცილებელია საერთო სტრუქტურის ჩამოყალიბება, რათა პროექტის შესახებ ყველა აუცილებელი ინფორმაცია (შეთავაზება, მხარდამჭერების რაოდენობა, ავტორის შესახებ, ბიუჯეტის განაწილება...) მარტივად საპოვნელი იყოს მხარდამჭერისთვის. სხვა სიტყვებით, პროექტების პირადი გვერდი, ერთდროულად, თანმიმდევრულია, რათა მომხმარებლები არ დაიბნენ და თან – უნიკალური, რათა ყურადღება მიიქციოს.

ამ ორი, ერთი შეხედვით, შეუთავსებელი ფუნქციების ათვისებას გრაფიკული დიზაინერი, ჩარლზ ადლერი, ედგა სათავეში. როცა ის პროექტის ინიციატორების გვერდის დიზაინზე საუბრობს, აღნიშნავს, რომ მთავარი მიმართულება, რომელსაც მუდმივად უმეორებდა საკუთარ თავს, იყო “ნაკლები ჩვენ და მეტი - ისინი.” სამი დამფუძნებლიდან ჩარლზი სწორედ დიზაინის მიმართულებით ჩაება პროექტში და მომხმარებლებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება შექმნა.

კიკსტარტერს უკვე 4.5 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს მოგროვებული ინოვაციური პროექტებისთვის, წარმატების მაჩვენებელი კი 37%-ზე მეტია.


Slack-ი – ყველაზე ეფექტიანი სისტემა საქმიანი კომუნიკაციისთვის

Slack-ისა და Flickr-ის იდეების ავტორი სტუარტ ბატერფილდია, რომლის გზაზეც შეცდომებიდან სტარტაპ შედევრებამდე ამ სტატიაში უკვე ვისაუბრეთ. აქ იმ დიზაინერი ანტრეპრენერის მაგალითად მოგვყავს, რომლებიც არა მხოლოდ სტარტაპის განვითარებაში იყო ჩართული, არამედ თავად გახლდათ იდეის ავტორი. ფილოსოფიის კურსდამთავრებულმა, პროფესიით კი – პროდუქტის დიზაინერმა, ორჯერ მოახერხა სილიკონ ველის დაპყრობა. არსებობს გამოთქმა, რომ გლობალური პროდუქტის მოფიქრება ბოთლში ელვის გამომწყვდევასავითაა. ბატერფილდმა ეს ორჯერ მოახერხა. მის მთავარ უპირატესობად კი, მომხმარებელზე მორგებული, დელიკატური ინტერფეისის შექმნის უნარს მიიჩნევენ:

“ის ისეთი ადამიანია, შუა საუკუნეებში რომ ეცხოვრა, იდეალურ ტყავის ჩანთას შეკერავდა, ზუსტად დასმული გვირისტებით – ის საქმის ოსტატია.” – Slack-ის ერთ-ერთი პირველი ინვესტორი.


"Stewart Butterfield Photography Portraits - Slack" by Kris Krug is licensed under CC BY-NC-ND 2.0


ელევესტი - ონლაინ საინვესტიციო პლატფორმა ქალებისთვის

მომხმარებლების კვლევა ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია დიზაინის შემუშავების პროცესში, როგორც – ახალი პროდუქტის შექმნის. ხშირად, სწორედ დიზაინერები აღმოაჩენენ ხოლმე სამიზნე აუდიტორიაზე გავრცელებულ არასწორ შეხედულებებს, რომლებიც პროდუქტის ტექნიკურ ნაწილზე ორიენტირებულ დამფუძნებლებს ყურადღების მიღმა რჩებათ.

ელევესტი ქალებისთვის განკუთვნილი ონლაინ საინვესტიციო პლატფორმაა, რომლის შემქმნელებმაც პროექტის საწყის ეტაპზე დიზაინერი. კომპანიამ 2014 წლიდან 77.6 მილიონი დოლარის ინვესტიციები მოიზიდა.

სტატიაში, სადაც იდეის ავტორი, სალი კრაუჩეკი, იდეის რეალიზაციის პროცესს განიხილავს, აღნიშნავს, რომ დიზაინერის შემოერთება კომპანიის წარმატებისთვის იმაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა. ამის მიზეზი სწორედ ის კვლევებია, რომლებიც მელისამ, პროდუქტის ვიზუალური მხარის შემუშავებისას აწარმოა.

ერთ-ერთი ასეთი დეტალი უკავშირდება გავრცელებულ შეხედულებას იმის შესახებ, რომ ქალებს რისკის გაწევა არ უყვართ. პირველ მომხმარებლებთან საუბრისას მელისამ აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში, მათ უფრო დეტალური ინფორმაცია სჭირდებათ სხვადასხვა რისკების შესახებ, რასაც საინვესტიციო პლატფორმები ნაკლებად უზრუნველყოფდნენ. ამასთან, სწორედ მელისას იდეა იყო “მეგობრული და სახალისო” სარეგისტრაციო ფორმის შემუშავება, რომელიც საკმაოდ განასხვავდებოდა არსებული მშრალი ფორმებისგან. მომხმარებლებს ეს სანდოობის განცდას უქმნის, რის გამოც ისინი უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს პლატფორმის გამოყენებისას.

კარგი დიზაინი ვიზუალზე შორს მიდის

დიზაინი არაა მხოლოდ ლამაზი ტიპოგრაფია, ლოგო და ილუსტრაციები (თუმცა, არც ეს დეტალებია ისეთი უმნიშვნელო, როგორც ბევრი მიიჩნევს). დიზაინი მომხმარებელთან კომუნიკაციის უპირველესი ინსტრუმენტია. CBinsights-ის თანახმად, სტარტაპების წარუმატებლობის რიგით მეექვსე (17%) მიზეზი არამეგობრული ინტერფეისია. ამავე კვლევის თანახმად, რიგით მესამე ადგილას პროექტისთვის შეუსაბამო გუნდი დგას (23%).

ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ დიზაინერობა საკმარისია სტარტაპის გასამართად. უბრალოდ, დიზაინერი შეიძლება მომხმარებლის ადვოკატად წარმოვიდგინოთ. ეს ის ადამიანია, რომელიც ბიზნეს მიზნებსა და მომხმარებლის საჭიროებებს შორის ბალანსის პოვნაში კარგადაა გაწაფული. მისი ჩართულობა კომპანიის საწყის სტადიაზე ისევე შედეგიანად მთავრდება, როგორც ტექნიკური და ბიზნეს მხარეებისა. არსებობს კიდეც ვებგვერდი წარმატებულ დიზაინერ დამფუძნებლებზე, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას აზიარებენ და მოტივაციას აძლევენ ამ სფეროთი დაინტერესებულ კრეატიულ ადამიანებს.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

03 აგვისტო

მოუსვენრობა წარმატებისთვის: როგორ ცვლიან სამყაროს წამყვანი კომპანიები განვითარებული კომუნიკაციების წყალობით

​​​​​​​​​​​​​​მხოლოდ კომუნიკაციების სექტორის უნიკალურ შესაძლებლობებზე საუბრისას თუ გავაერთიანებდით ახალბედა ტიკტოკსა და ბებერ გუგლს, მუსიკალურ პლატფორმა სპოტიფაისა და საზიარო ტაქსების სერვის უბერს. 
27 აგვისტო

შეცდომებიდან სტარტაპ შედევრებამდე

“არსებობს სულელური გამოთქმა, რომ ნასაში შეცდომა მიღებული არაა. შეცდომა  ჩვენთან მიღებულია. თუ შეცდომებს არ უშვებ, მაშინ საკმარისად ინოვაციური არ ხარ.”