ლურჯი ვერსია

კარგი მენეჯმენტის საიდუმლო ემოციურ ინტელექტშია

07 სექტემბერი 2021

დაყავი და იბატონე – ასე დაგვიბარა იულიუს კეისარმა. თუმცა, სტარტაპერთა გუნდის სათავეში რომ მდგარიყო, ვფიქრობ, აზრს შეიცვლიდა.

წარმატებულ იდეას წარმატებული გუნდი ქმნის. მისი პროდუქტიულობა კი, მეტწილად, ლიდერზეა დამოკიდებული. ხშირად ინოვაციური იდეის მქონე ბრწყინვალე გონებათა კრებულს მიზნის მიღწევაში რაღაც ხელს უშლის. ეს ამოუცნობი ფაქტორი კი, ცუდი მენეჯმენტია.

ადამიანთა ეფექტური მენეჯმენტი სახელმწიფოს მართვაზე არანაკლებ რთული მისიაა, ამიტომაც მის შესამსუბუქებლად საქმეში ემოციური ინტელექტი (EQ) ერთვება. ეს სტატიაც სწორედ EQ-ს მზარდ მნიშვნელობას აღიარებს და მისი კომპონენტების საშენოდ გამოყენებას გასწავლის.


EQ vs. IQ

ახსენე სიტყვა ინტელექტი და ყველა თავის IQ მაჩვენებელზე დაიწყებს საუბარს. არადა, 1995 წელს, ამერიკელმა ავტორმა, დენიელ გოლემანმა, გამოსცა ბესტსელერი – “ემოციური ინტელექტი: რატომ შეიძლება ჰქონდეს მას უფრო მეტი გავლენა, ვიდრე IQ-ს” – და პრიორიტეტები სათაურითვე დაგვილაგა.

ემოციური ინტელექტი შენი ემოციების აღქმის, გაგების, გამოხატვისა და რეგულირების უნარია, რაც გარშემომყოფთა გრძნობების გაანალიზებასა და მათთან ჰარმონიული ურთიერთობის აწყობაში გეხმარება.

ინტელექტუალი ლიდერი კარგია, მაგრამ მარტო IQ რას იზამს, თუ EQ-მაც არ უშველა?! უდავოა, მაღალი IQ-ს მქონე ადამიანები აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან, თუმცა ეს მაინც არ გვაძლევს საკმარის საბაბს, წარმატება ვუწინასწარმეტყველოთ.

ამის საპირისპიროდ, კვლევებმა აჩვენა, რომ სამუშაოს ეფექტური შესრულებისათვის, სხვა უნარებთან შედარებით, ყველაზე მნიშვნელოვან როლს ემოციური ინტელექტი თამაშობს და პროფესიული წინსვლის 58% სწორედ მასზე მოდის.


EQ-ს ხუთეული მენეჯმენტში

იმ დენიელ გოლემანის აზრით, ზემოთ რომ ვახსენე, ემოციური ინტელექტი ხუთი ძირითადი კომპონენტისგან შედგება და ეფექტური მენეჯმენტისთვის ყოველი ელემენტი საკრალური მნიშვნელობისაა:


1. საკუთარი თავის აღქმა

სარკეში ჩახედვა გარდაუვალია.

შენ უნდა იცოდე, რას გრძნობ და გესმოდეს, რა გავლენას ახდენს ეს ემოცია გარშემომყოფებზე. უნდა შეგეძლოს კონკრეტულ სიტუაციაში ამა თუ იმ განწყობის მართებულობის, ადეკვატურობის შეფასება. გარდა ამისა, სწორად უნდა აღიქვამდე საკუთარ თავს და შენს ძლიერ და სუსტ მხარეებს, რათა შემდგომში ეფექტურად მოახმარო ისინი საერთო საქმეს.


2. საკუთარი თავის მართვა

საკუთარი ემოციების კონტროლი თითოეულ ჩვენგანს მოეთხოვება, თუმცა ლიდერის როლის მორგებისთანავე, სტანდარტები იზრდება. შენ ხდები ის სამაგალითო ადამიანი, რომლის ქმედებებზეცაა დამოკიდებული დანარჩენების სამუშაო ეთიკა.


3. მოტივაცია

მოტივაცია მამოძრავებელი ძალაა, რომელიც მუდმივი განვითარებისკენ გვიბიძგებს. მოტივირებული ლიდერი მომთხოვნია საკუთარი თავის მიმართ და მზადაა დასახული მიზნების მისაღწევად ბოლომდე იბრძოლოს. თუმცა, მთავარი ამ საწვავის მარაგის შენარჩუნებაა.


4. ემპათია

ზოგადად, რა სჯობს ადამიანს, რომელსაც შენი ესმის? სხვისი ემოციების გაგებისა და გაზიარების უნარი არავის აწყენდა, ლიდერისთვის კი ეს აუცილებელიცაა. რადგანაც გუნდი, რომელიც გრძნობს სათავეში მდგომის ზრუნვას, რთულად დასამარცხებელია.


5. სოციალური უნარები

საუბრით ყველაფერს ნათელი მოეფინება. ადამიანთა შორის წარმოშობილი კონფლიქტების უმრავლესობას საფუძვლად გაუგებრობა და კომუნიკაციის ნაკლებობა უდევს.

მაგრამ არ ჩათვალო, რომ ამ კომპონენტისთვის მხოლოდ კომუნიკაბელურობაა საკმარისი. ეს უკანასკნელი ელემენტი უნარების ფართო სპექტრს მოიცავს, როგორიცაა თანაგუნდელთა წახალისება, მათზე დადებითი გავლენის მოხდენა, კონფლიქტთა დეესკალაცია, კავშირის დამყარება.


გზა EQ-ს განვითარებისკენ

მგონი აღარც გაგიკვირდება, თუ გეტყვი, რომ მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ლიდერთა სიაში ინოვატორ ბიზნესმენ ილონ მასკსა და ყოველთვის “კი”-ს მთქმელ სერ რიჩარდ ბრენსონს გადააწყდები. თვით ბილ გეითსიც ჯერ უსმენს თავის თანამშრომლებს, აანალიზებს მათ გრძნობებს და, განსჯის მაგივრად, ცდილობს, გაუგოს.

მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ადამიანების მიერ გამოყენებული აწ გაცხადებული იარაღის, EQ-ს მთავარი უპირატესობაა, რომ ყოველთვის შეგიძლია განავითარო. და რადგანაც უკვე იწამე მისი ძალა, დროა ემოციური ინტელექტის ამაღლების გზებზე გადავიდეთ:


შეაჩერე სვლა

სწრაფმავალ ცხოვრების ტემპს ფეხი უნდა აუწყო, თუმცა არა ნაჩქარევი, ემოციებით დაბინდული გადაწყვეტილებების გამოტანის ხარჯზე.

დაუთმე დრო საკუთარ თავში გარკვევას, საჭიროების შემთხვევაში დაგროვილი ფიქრები ამოიწერე და ნაბიჯი მხოლოდ გარემოებათა კრიტიკული აზროვნების ქარ-ცეცხლში გატარების შემდეგ გადადგი.

არაა გამორიცხული, ზოგ კარგ ლიდერს მოძველებული ანდაზები არ ხიბლავდეს, მაგრამ ფაქტია, ყოველი მათგანი ასჯერ ზომავს და მერე ჭრის.


დაიხიე უკან

დადექი მოშორებით, რათა მთლიანი სურათის დანახვა შეძლო.

მნიშვნელოვანია, დაადგინო – უფრო სწორად, გაიხსენო – თუ რა გინდა და რატომ. ხშირად საქმეში გართულს გავიწყდება თავდაპირველი მიზეზები, რის გამოც ყველაფერი წამოიწყე. წარსულთან მოგვარების შემდეგ ისევ აწმყოს დაუბრუნდი და გაერკვიე, რამდენად მოტივირებული ხარ ახლა.

თუ იგრძნობ უკმარისობას, რაც მორიგმა დაბრკოლებამ განაპირობა, შეეცადე წარუმატებლობას დადებითი მხარე გამოუძებნო. მიუხედავად პრობლემის ხასიათისა, ოპტიმიზმის შენარჩუნება თამაშის მოგების წინაპირობაა.


სიმშვიდე უპირველეს ყოვლისა

რაც უფრო ხმამაღლა ყვირი, მით უფრო ნაკლებად ესმით შენი. ამიტომაც, გადამწყვეტია, ნებისმიერ სტრესულ სიტუაციას სიმშვიდით უპასუხო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პირველ რიგში, უნდა მართავდე საკუთარ თავს, რათა შემდგომში სხვების ხელმძღვანელობაც შეძლო.

მაგრამ ვინაიდან არავინ დამშვიდებულა უბრალო მოწოდებით, მარტივ ხერხს გაგანდობ. შენი ფიქრები განაპირობებენ, თუ რას გრძნობ და როგორ გამოხატავ ამ ყველაფერს. მართალია, წინასწარ ვერ გათვლი, რა ემოცია დაგეუფლება კონკრეტულ მომენტში, თუმცა საკუთარი ფიქრების მართვით, შეძლებ პირველადი, არასასურველი რეაგირების თავიდან აცილებას.


გაუცვალე როლი

საკუთარი პოზიციის დაცვა მარტივია, რადგანაც ისედაც შენ გეკუთვნის. მაგრამ, როგორ უნდა გამოიმუშავო თანაგრძნობა? ამისათვის სხვის ტყავში შეძრომა მოგიწევს. მეორე ადამიანის აღსაქმელად, პოზიციის უკეთ გასაგებად ერთადერთ გზას მისი როლის მორგება და საკითხისთვის უცხო თვალით შეხედვა წარმოადგენს.

თუმცა ეს ხანგრძლივი პროცესია და სანამ გულწრფელ ემპათიის უნარს შეიძენ, სხეულის ენის გაკონტროლება არ დაგავიწყდეს. სახის გაყინულმა გამომეტყველებამ, ხელების გადაჯვარედინებამ ან მხრების აჩეჩვამ შეიძლება გაგცეს.


გამოხატე თანაგრძნობა და იყავი ყურადღებიანი

სხეულის ენისათვის ყურადღების მიქცევა, სხვების გუნება-განწყობილებების წაკითხვაშიც დაგეხმარება. თუ გუნდის წევრს სამსახურში ისევ გვიანობამდე დარჩენას სთხოვ და მის თანხმობაში უკმაყოფილებას იგრძნობ, შეიმჩნიე. პასუხი გაეცი მის ემოციას, რომ იცოდეს, ხედავ გაღებულ მსხვერპლს, ოფისში ღამ-ღამობით ჯდომა კი შენთვისაც დამღლელია.

როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტესლას მწარმოებელ ქარხნებში მაღალი იყო დაშავებულთა მაჩვენებელი, ილონ მასკმა თანამშრომლებს წერილი გაუგზავნა, სადაც მომხდარისადმი გულისტკივილი გამოხატა და თითოეულ მათგანთან შეხვედრის პირობაც დადო. რათა ერთად დაედგინათ, თუ როგორ შეეცვალათ ყველაფერი უკეთესობისაკენ.

თანამშრომელთა შექება არ დაგავიწყდეს. თუ ადამიანი იგრძნობს, რომ მის მიერ გაწეულ შრომას აფასებენ, მოტივაცია გაეზრდება და შენც ერთგულ თანამებრძოლს შეიძენ.


იყავი მაგალითი

გახსოვდეს, მხოლოდ პოზიტივის მიმოცვლა არ კმარა, სტარტაპის განვითარებისთვის ჯანსაღი კრიტიკა აუცილებელია. მაგრამ შესაძლოა, კონსტრუქციულ შენიშვნებსა და თანაგუნდელთა მოტივაციის ჩაკვლას შორის ძალიან წვრილი ძაფი გადიოდეს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, შენი საქციელით სხვებს მაგალითი მისცე და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების არ შეგეშინდეს. შეცდომების აღიარება თუ შესაბამისი სასჯელის მიღების მზაობა ხომ პატივისცემისა და ნდობის მოპოვების უმოკლესი გზაა.

ასევე გაეცანი: რა არის და როგორ გავცეთ კონსტრუქციული კრიტიკა.

მთელი გუნდისთვის მისაბაძი პიროვნების როლის მორგება მარტივი არ არის. თუმცა ამ მძიმე ტვირთის ზიდვაში შენი ღირებულებათა სისტემის ერთგულება დაგეხმარება. რადგანაც ყველაზე მთავარია, იყო ის, ვინც ხარ.


წარმატების რეცეპტი

დრო, როცა ემოციათა გამოხატვა მხოლოდ დახურულ კარს მიღმა იყო ნებადართული, წარსულს ჩაბარდა. ემოციურმა ინტელექტმა სისუსტის სიმბოლოდ აღქმული სიტყვა – მგრძნობიარე – წარმატების საიდუმლოდ აქცია.

და რაც ყველაზე მთავარია, მოგვცა შანსი, ჩვენში მცხოვრები ამ ჩანასახის დახვეწის ან თუნდაც საერთოდ არარსებული უნარების გამომუშავებისა.

გვინახავს, ჭკვიანი ლიდერი, რომელსაც არ გაუმართლა და იღბლიანი, რომლის ინტელექტის კოეფეციენტი არასაკმარისად მაღალი აღმოჩნდა. მაგრამ გუნდის წარმატების შემთხვევაში ყოველთვის ერთი და იმავე რეცეპტს ვაწყდებით.

პასუხი არის EQ.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ელენე ჯანელიძე

რეკომენდაციები

06 ნოემბერი

3 გაკვეთილი ყველაზე ამბიციური მიზნების მისაღწევად – სტივ ჯობსის, ილონ მასკის და პოლ გრაჰამის რჩევები

სტარტაპინდუსტრიაში გვყავს ადამიანები, რომელთა ისტორიები და გამონათქვამები ყველგან გვხვდება.