ლურჯი ვერსია

პოლ გრემი – რას ნიშნავს გემოვნებიანი პროდუქტი

17 აგვისტო 2021

ამბობენ, გემოვნებაზე არ დავობენო, შემდეგ კი, ყველა ერთნაირად იწონებს თავს ეფლის პროდუქტებით, იყენებს Airbnb-ის სახლების დასაჯავშნად და ხმარობს Paypal-ს ონლაინ გადარიცხვებისთვის.

მგონი, გემოვნება მართლაც არ უნდა იყოს სადავო. თუ კარგად დააკვირდები, ერთხმად აღიარებული პროდუქტები ისევე ემორჩილებიან კარგი დიზაინის პრინციპებს, როგორც ჩვენი დედამიწა – ბუნების კანონებს.

რაღაცით ყველას ერთნაირად იზიდავს კარგი პროდუქტი. სიმარტივით? რა თქმა უნდა. მაგრამ, როგორ მიიღწევა ეს სიმარტივე? რა კანონები მუშაობს ისეთი პროდუქტის შექმნისას, რომელსაც მართლა არ სჭირდება დავა?

პოლ გრემი თავის ესსეში კარგი დიზაინის ზოგად პრინციპებს გვიზიარებს, რომლებიც მართავს ყველაფერს გენიალური ხელოვნების ნიმუშებიდან მათემატიკურ მტკიცებულებებამდე. ეს სტატია კი, სტარტაპსამყაროდან ამ პრინციპების ნათელი მაგალითების მიმოხილვას დაეთმობა.


1. იმდენად რთული შიგნიდან, რამდენადაც მარტივი – გარედან

რატომ გვიჭირს სიმარტივის შენარჩუნება, როცა, წესით, მარტივი უფრო მარტივი უნდა იყოს?

ადამიანებს თვითგამოხატვა უყვართ და საყვარელი საქმით აღტაცება ახასიათებთ. როცა რაღაც ახალს იწყებ, გინდა, ყველა ტექნიკა ერთდროულად გამოიყენო, რათა შენი ცოდნა და ინდივიდუალიზმი სხვებსაც აჩვენო. დამწყები დიზაინერები მარტივად იკარგებიან ერთმანეთთან სრულიად დაუკავშირებელი დეტალების მჭიდრო ქსელში. როგორც ამ სფეროს ახალმა წევრმა, ეს ფენომენი კარგად ვიცი.

რეალურად, სიმარტივე სულაც არ არის მარტივი. სიმარტივე ნიშნავს, შეამჩნიო და დაემშვიდობო ყველაფერს, რაც მხოლოდ შენს თვითკმაყოფილებას ემსახურება. შემდეგ კი, შეავსო სიცარიელე ღირებულით. როგორც პოლი ამბობს:

“როცა იძულებული ხარ, მარტივი იყო, იძულებული ხარ, რეალურ პრობლემას შეეჭიდო.

როცა ორნამენტზე მუშაობის უფლება არ გაქვს, შიგთავსი უნდა გამართო.”

სტარტაპერებისთვის მთავარი გამოწვევა იმის აღიარებაა, რომ სიმარტივე ძალიან ბევრ შრომას მოითხოვს. გარე თვალისთვის ისე ჩანს, თითქოს ეფლის ლოგოსთვის დიზაინერმა წინ მოკბეჩილი ვაშლი დაიდო და ერთი ხელის მოსმით დახატა. ამ დროს, ლოგოს სქემა ასე გამოიყურება:

ფიბონაჩის ოქროს სპირალს ცოტა ხანში მივუბრუნდებით, თუმცა ამის გარეშეც ჩანს, რომ საკმაოდ კომპლექსური პრინციპები ყოფილა ლოგოში გათვალისწინებული. და ეს უკვე დამთავრებული ლოგოსთვის – წარმოიდგინე, რამდენი სკეჩი იქნებოდა საჭირო აქამდე მისასვლელად!

მწერლებში გავრცელებული გამოთქმა “კარგი წერა თავიდან გადაწერააო” ყველა სფეროს ეხება. იმისათვის, რომ სიმარტივეს – და გემოვნებიან დიზაინს – მიაღწიო, უკან გამოუსადეგარი სკეჩებით სავსე ნაგვის ურნა უნდა მოიტოვო.

“გარეული ცხოველები ულამაზესები არიან, რადგან მძიმე ცხოვრება აქვთ გამოვლილი.” – პოლ გრემი.


2. დროის მიღმა

გახსოვს, როგორ გამოიყურებოდა ვინდოუსის ერთ-ერთი პირველი საინსტალაციო?

მათთვის, ვისაც პირველად ჰქონდა კომპიუტერთან შეხება, ერთი სიამოვნება იყო “Next” ღილაკზე ჭერით პროგრამის დაყენება.

25 წლის შემდეგაც კი, ამ პროცესში ბევრი არაფერი შეცვლილა:

მიზეზი, ისევ და ისევ, სიმარტივის შენარჩუნებაში იმალება. ესეც კარგი, გემოვნებიანი პროდუქტის მორიგი მახასიათებელი – ის დროის მიღმა დგას.

აქ ინოვაციურობა და სხვისი იდეის მოპარვა ერთმანეთს უპირისპირდება. UX დიზაინის ამომავალი პრინციპია: შექმენი ინტუიციური პროდუქტი. სხვა სიტყვებით, ეს ნიშნავს, რომ კრეატიულობა უკანა ფრონტზე უნდა გადაიტანო და უპირატესობა ნაცნობსა და მარტივს უნდა მიანიჭო. UI დიზაინერებისთვის საიტიც კი არსებობს, სადაც ყველა დამკვიდრებული პატერნია თავმოყრილი. კარგი სტარტაპერი ყოველთვის გრძნობს, რა უნდა წამოიღოს სხვისგან და რა უნდა შეცვალოს.

რაც შეეხება ინოვაციას, ის ყოველთვის ტექნოლოგიურ განვითარებას მოსდევს. თუმცა, ამ დროს, უბრალოდ შესალებლობა გვეძლევა ძველი სიმარტივეები ახლით ჩავანაცვლოთ. ამიტომაცაა ასეთი მნიშვნელოვანი პროგრესისთვის მუდმივად თვალყურის დევნება.


3. თავისუფალი

თუ კარგად დააკვირდები, აღმოაჩენ, რომ ყველა პროდუქტს შენებურად მოიხმარ.

ნებისმიერი კარგად მოწყობილი საიტი გთავაზობს სხვადასხვა პარამეტრებს, რომლებიც სურვილისამებრ შეგიძლია გააერთიანო. და როგორ მოიხმარ პროდუქტს შენ, შეიძლება სრულიად განსხვევდებოდეს შენი მეგობრისგან.

“კარგად დაპროექტებული შენობა უკანა ფრონტზე გადადის და შესაძლებლობას გაზლევს, ისე იცხოვრო შიგნით, როგორც გინდა, ვიდრე ისე, თითქოს არქიტექტორის მიერ გაწერილ პროგრამას ასრულებდე.” – პოლ გრემი.

ეს ნიშნავს, რომ შენი ინტერესები და პროდუქტის მოხმარების შენი სტილი მომხმარებელს ერთ-ერთ ვარიანტად უნდა წარმოუდგინო და არა – ერთადერთ. თუმცა, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ თავისუფლება ფასობს მხოლოდ მანამ, სანამ სიმარტივე არ ირღვევა.


4. სწორ პრობლემაზე ორიენტირებული

Pillpack-ი ონლაინ ფარმაკოლოგიის მაღაზიაა, რომლის მთავარი უპირატესობაც კლიენტებისთვის მიწოდებული წამლების ისეთი შეფუთვა იყო, რომელიც მათ დახარისხებისა და შენახვის თავის ტკივილს აშორებდა. სტარტაპი დიზაინერული აზროვნების ნათელი მაგალითია, რომელსაც უფრო დეტალურად ამ სტატიაში განვიხილავთ.

ამიტომაც შეისყიდა ამაზონმა Pillpack-ი ერთ მილიარდ დოლარად, გაშვებიდან ოთხ წელში.

კარგი დიზაინი არავის სჭირდება, თუ ის რაიმე ფუნქციას არ ასრულებს. თუმცა, არც ფუნქციურობაა დიდად საინტერესო, თუ ის რაიმე მწვავე პრობლემას არ აგვარებს. ყველაფერი სწორედ აქედან უნდა დაიწყო – რა არის ის პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ჩემი პროდუქტით ვაპირებ და როგორი დიზაინია საჭირო ამ პრობლემის ეფექტურად მოსაგვარებლად?


5. ბუნების ამსახველი

ეფლის ლოგოს რომ დავუბრუნდეთ, მის დიზაინში ოქროს სპირალია გამოყენებული.

ფიბონაჩის მიერ აღმოჩენილი სიმეტრია ჯიუტად მეორდება ბუნებაში – ლოკოკინის ნიჟარაში, ყვავილების განლაგებაში და ასე შემდეგ. სამყარომ შექმნა და შემდეგ ყველგან გამოიყენა იდეალური წყობა, რომელსაც ხელახლა აღმოჩენა აღარ სჭირდება.

სიმეტრია გემოვნებიანი პროდუქტის ერთ-ერთი საუკეთესო ხელსაწყოა. გაიხსენე თვალისმომჭრელი გრიდები და ჩონჩხები (wireframe) საიტის აწყობისას. განმეორებადი პატერნი ერთდროულად მარტივია და თან – საოცრად სასიამოვნოც. და ეს ისევ და ისევ ბუნებიდან მოდის.

ერთი მონაცემთა დიზაინერისგან მოვისმინე, როგორ მოაფიქრდა მონაცემების მარტივად გამოსახვის სქემა ფარშევანგის ბუმბულის დანახვისას. გენიალური გადაწყვეტები ყველგანაა შენს გარშემო. შენი ამოცანაა შეამჩნიო ისინი.


6. ჯგუფური

ჭკვიანი სტარტაპერები სილიკონ ველისკენ ტყუილად არ ისწრაფვიან.

“არაფერია იმაზე ძლიერი, ვიდრე ნიჭიერი ადამიანების ერთობლიობა, რომლებიც საერთო პრობლემებზე მუშაობენ.”

ვკითხულობთ პოლის ესსეში. არგუმენტის გასამყარებლად, მას მაგალითად მოჰყავს მე-15 საუკუნის ფლორენცია, სადაც მიქელანჯელო, ლეონარდო, დონატელო, ფილიპო ლიპი და კიდევ ძალიან ბევრი გენიოსი ხელოვანი ერთმანეთის მეზობლად ქმნიდნენ შედევრებს.

იდეებისა და ხედვების მიმოცვლა კომპლექსურ სტარტაპეკოსისტემაში კიდევ უფრო ღირებული ხდება. აქ კრიტიკულად მნიშვნელოვანია შეიკრას რამდენიმეკაციანი გუნდი ერთი იდეის გარშემო, სადაც თითოეული ყველა დანარჩენს საკმარის მოტივაციას უქმნის თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოსაყენებლად.

ამას გარდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ჯანსაღი კონკურენციის უპირატესობაც: იმისათვის, რომ გადარჩე, იძულებული ხარ, ყველაფერი შენს პროდუქტში ჩადო. თუ ამ კუთხით შეხედავ, კონკურენტები იმ მწვრთნელებს გვანან, მუდმივად რომ ჩაგყვირიან ყურში სამოტივაციო ფრაზებს.


7. გამომწვევი

აი, ეს სწორედ ის მახასიათებელია, რომელიც შენს პირად ხელწერასა და ინოვაციურობას მოითხოვს.

თავის დროზე, ეფლის მიზანი ბევრს სიგიჟედ ეჩვენებოდა. მაშინ, კომპიუტერებს მხოლოდ მეცნიერები მოიხმარდნენ. იმის დაშვება, რომ ტექნოლოგიის დახვეწასთან ერთად, რიგითი ადამიანებიც ისარგებლებდნენ პერსონალური კომპიუტერით, საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილება იყო.

იგივე ხდებოდა Airbnb-ის პირველ დღეებშიც. მათი იდეის თავად პოლ გრემსა და YC-ის სხვა პარტნიორებსაც კი არ სჯეროდათ, სანამ შედეგები არ ნახეს.

ძირითადად, სტანდარტად ქცეული დოგმების შეცვლა არ უყვართ ხოლმე. შენს პროდუქტში კარგი დიზაინის ინტეგრაციაც ამიტომაა აუცილებელი: ხალხმა რაც შეიძლება მარტივად უნდა აღიქვას შენი ინოვაციურობის სიკეთე. იქნებ, ამის შემდეგ მაინც დაფიქრდნენ უცხო ხილის გასინჯვაზე.


8. ხშირად, უცნაური და ცოტა სასაცილოც

როგორც პოლი აღნიშნავს, აუცილებელი არაა, კარგი პროდუქტი ამ ორ მახასიათებელს ატარებდეს. თუმცა, “რთულია წარმოიდგინო რაღაც, რაზეც იტყოდი, რომ იუმორის გარეშეა და ასევე იტყოდი, რომ კარგი დიზაინი აქვს.”

თუ დააკვირდები, ყველა კომპანია, არათუ სტარტაპი, ცდილობს თავიანთ პროდუქტში სახალისო ელემენტები შემოიტანოს. მაგალითად, აი, რა სურათით გვთავაზობს Airbnb-ის მთავარი გვერდი ახალი გამოცდილებების მიღებას:

სასაცილო ელემენტების გამოყენება შენს გამბედაობასა და თავდაჯერებულობაზეც მიუთითებს. ეს ორი კი, იდეალურად მუშაობს, როცა საქმე მომხმარებლების გადმობირებას ეხება.

იგივე ითქმის ოდნავ უცნაურ პროდუქტზეც. რამდენადაც კარგია მარტივი და ფართოდ ხმარებადი პროდუქტი, იმდენად მოსაბეზრებელი შეიძლება გახდეს. სიუცხოვის შემოტანა შენი ოქროს შანსია, პროდუქტი განსხვავებულად აქციო. თუმცა, თუ ყველა აქ ჩამოთვლილი მახასიათებელი ათვისებადია, სიუცხოვეს ხელოვნურად ვერ დანერგავ:

“აინშტაინს არ უცდია, ფარდობითობა უცნაური ექცია. მან სცადა, სიმართლე გაეგო და აღმოჩნდა, რომ სიმართლე უცნაური იყო… ერთადერთი სტილი, რომელიც ღირს შენარჩუნებად, ისაა, რომელსაც წინააღმდეგობას ვერ უწევ. და ეს განსაკუთრებით მართალია, როცა საქმე უცნაურს ეხება. ერთადერთი გზა ამის მისაღწევად სიმართლეში გავლა და მეორე მხარეს გამოსვლაა.”

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა