ლურჯი ვერსია

პოლ გრემის 7 ფაქტორი, რომელიც ყველა სტარტაპმა უნდა იცოდეს

15 ოქტომბერი 2021

სტარტაპის წამოწყებისას ყველას სურს, წინასწარ იცოდეს, რა იქნება სწორი ნაბიჯი. მაგრამ, პასუხები არსად ჩანს, რადგან ხშირად ეს სფერო ლოგიკას არ ექვემდებარება.

ამ დროს პოლ გრემი დახმარების ხელს გვიწვდის და თავის ესსეში სტარტაპერებისთვის ყველაზე მძიმე გაკვეთილებზე წერს, სადაც გამოყოფს იმ 7 ფაქტორს, რომლის გარეშეც წარმატების მოპოვება მიუღწეველ მიზნად გექცევა:


1. გაშვების დრო

“დაგვიანებულმა გაშვების დრომ უამრავი სტარტაპი შეიწირა, ადრეულმა კი – არცერთი” – პოლ გრემი.

მოკლედ, ამ სფეროში მაღალი სიჩქარე კი არ კლავს, არამედ პირიქით. გამოჩნდი სტარტაპების ასპარეზზე, რაც შეიძლება სწრაფად. მალევე გააცანი ხალხს პირველი ვერსია და მათ გამოხმაურებაზე დაყრდნობით შეიტანე ცვლილებები.

თუმცა, არ ჩათვალო, რომ შეცდომებით სავსე პროდუქტის წარდგენას გთხოვთ. მომხმარებლები ვერ იტანენ შეფერხებებს. შენი მიზანია რაიმე მინიმალისტურის შეთავაზება, რაც სტარტაპზე წარმოდგენას შეგვიქმნის და გაუმჯობესებული ვერსიის მოლოდინში დაგვტოვებს.

არცერთი დიდი კომპანია არ შეხვედრია ყველა თავის მომხმარებელს. წარმატების მოპოვებამ შეიძლება წარმოშვას კითხვა, საერთოდ ვინ არიან ეს ადამიანები? ამიტომაც თუ გინდა, Spotify-ს მსგავსად 356 მილიონი ან იქნებ მეტი მომხმარებელიც გყავდეს, რომლის თითოულ სურვილს წინასწარ ხვდები, თავიდანვე უნდა დაიჭირო თადარიგი.

სტარტაპების 42% მარცხს სწორედ ბაზარზე არსებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო განიცდის. როცა მომხმარებელი ეცნობა შენს სტარტაპს, შენ მომხმარებელს ეცნობი. თქვენი ეს შეხვედრა კი ადრევე უნდა შედგეს, რომ თავად გიკარნახოს, რა სურს.

პირველი ვერსიის გაშვება პრობლემებს ფარდას ახდის, გამოჩნდება როგორც იდეის, ისე გუნდის სიმყარე, რისი გარკვევაც მალევე სჯობს. შესაძლოა იცი, რომ სწორედ ამ წუთიდან ყველაფერი რეალური ხდება და შენც იძულებული ხარ მძიმე შრომას შეუდგე, სწორედ ამიტომ ფეხს ითრევ. მაგრამ, გულწრფელად მიპასუხე, შრომის გარეშე მიღწეულ წარმატებაში რაიმე ხიბლი დევს?


2. მუდმივი სიახლეები

პირველად გაშვებას აზრი ეკარგება თუ გაუმჯობესებას არ აპირებ. სტარტაპის მთავარი არსი მუდმივი განვითარებაა და შენც ახალ-ახალი ფუნქციები უნდა შესძინო მას.

200 სტარტაპის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ წარმატების 42% სწორი დროის შერჩევაზე, ხოლო 28% იდეებზე მოდის. მომხმარებელი მოელის, რომ ყოველ ჯერზე მეტად დახვეწილი სერვისი უნდა შესთავაზონ.

პოლ გრემის თქმით, თუ პროდუქტი დასრულებულად მიგაჩნია, შეიძლება ეს მართლაც ასე იყოს ან, უბრალოდ, წარმოსახვის უნარი გღალატობდეს. სამწუხაროდ, უკანასკნელი ვარიანტი გაცილებით ხშირია.

უმსხვილესი ინტერნეტ მაღაზია Amazon, რომელიც სწორედ იმიტომ მოგვწონს, რომ აქ ყველაფრის შეძენაა შესაძლებელი, თავდაპირველად მხოლოდ წიგნების გაყიდვით იყო დაკავებული. ცვლილებებისგან თავის არიდებით კი Youtube საკმაოდ წარუმატებელ გაცნობის საიტად დარჩებოდა. ან თუნდაც სად იქნებოდა დღეს ნეტფლიქსი, DVD-ზე ჩაწერილი ფილმების გაქირავებით რომ შემოფარგლულიყო?

ასე რომ, პერფექციონიზმი აუცილებლად წაგადგება. ყოველთვის იმაზე იფიქრე, თუ როგორ შეიძლება გახადო პროდუქტი უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ. თუმცა ზედმეტობა არაფერში ვარგა. გახსოვდეს, შენი მიზანია არა მომხმარებლის გადაღლა და მისთვის ბევრი ახალი ფუნქციის “მიყრა”, არამედ მარტივი, ეფექტური მომსახურების მიწოდება.


3. ბედნიერი მომხმარებელი

მართალია, ჯეიმზ ბრაუნმა თავისი სიმღერით – It is a Man’s Man’s Man’s World – გვითხრა, რომ სამყარო კაცებს ეკუთვნოდათ, მაგრამ სტარტაპ სამყარო ნამდვილად მომხმარებლის ხელშია.

მუდმივი სიახლეების შეთავაზება უფრო დიდი იდეის – კმაყოფილი მომხმარებლის შენარჩუნების ნაწილია. მუსიკას ისინი უკვეთავენ და შენი სტარტაპის ბედი მათ დაინტერესებაზეა დამოკიდებული, რადგან თავიდანვე მათთვის შეიქმნა. მოკლედ, თუ ხალხმა აგირჩია, კონკურენტები ვეღარაფერს დაგაკლებენ.

ვებგვერდზე შემთხვევით შემოსული ადამიანი ის პოტენციური კლიენტია, რომელსაც უკან გაბრუნების სურვილი არ უნდა გაუჩინო. აქ ორი ძირითადი ფაქტორია გასათვალისწინებელი:

  • კომპანიის აღწერა უნდა იყოს ლაკონური და მარტივად გასაგები, როგორც მომხმარებლებისთვის, ისე ინვესტორების, თანამშრომლებისა თუ სხვებისთვის.

  • ყველა ჯოკერი უნდა გამოიყენო ახლა. მომხმარებელი დიდ დროს არ დაგითმობს, თუ შეგიძლია რაიმე შთამბეჭდავის შეთავაზება, ეს დაუყოვნებლივ გააკეთე.

თუმცა, საქმე “გადმობირებით” არ სრულდება. სტარტაპების 14%-ის მარცხი მომხმარებლების ინტერესების იგნორირების ბრალია. ამიტომაც მუდმივად უნდა იზრუნო მათ მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე და გახსოვდეს: ბედნიერი მომხმარებელი, წარმატებულ სტარტაპს უდრის.


4. საფუძვლიანი შიში

საქმის მაღალ დონეზე შესასრულებლად შიში აუცილებელიცაა, მთავარია ხელისშემშლელი ან უსაფუძვლო არ იყოს. მნიშვნელოვანია ნერვიულობას სწორი მიმართულება მისცე.

დამფუძნებელი, რომელიც კომპანიას ტოვებს, კონკურენტი, რომლის საქმიანობაც შენსას ჰგავს, ჩაშლილი ბიზნეს შეთანხმება და გადაუჭრელი ტექნიკური პრობლემები – ეს ყველაფერი შესაძლოა, შემაშფოთებლად ჟღერდეს, მაგრამ შენ მიერ გასავლელი გზის ნაწილს წარმოადგენს. ისინი ვერაფერს დაგაკლებენ, თუ ამის უფლებას არ მისცემ.

ასევე არ გკლავენ, პირიქით გაძლიერებენ კონკურენტი დიდი კომპანიები. სტარტაპთა უმეტესობა ღელავს, ვაითუ Google-საც მსგავსი იდეა მოაფიქრდეს? როცა რეალურ პრობლემას ჯერ კიდევ უცნობი მოთამაშეები წარმოადგენენ, რომლებიც შენსავით იბრძვიან საკუთარი ადგილის მოსაპოვებლად.

მოდუნება არ ღირს, როგორც გარე, ისე შიდა ფრონტზე. ამერიკელი ფიზიკოსის, რიჩარდ ფეინმანის თქმით, ბუნებას გაცილებით უკეთესი წარმოსახვის უნარი აქვს, ვიდრე ადამიანს. ამიტომაც ხანდახან ჯობს, ზედმეტ ფიქრს მოერიდო და შენს გარშემო ჩამალულ პასუხებს თვალი გაუსწორო.


5. მიზანდასახულობა და ერთგულება

ახლა უკვე ცნობილ სტარტაპერებს შესაძლოა მიაჩნდეთ, რომ წარმატებას თავიანთი მაღალი ინტელექტის დახმარებით მიაღწიეს. მაგრამ სინამდვილეში აქ გადამწყვეტ როლს არა გამჭრიახი გონება, არამედ მიზანდასახულობა თამაშობს.

პოლ გრემი სტარტაპის წამოწყებას ხელებზე სიარულს ადარებს – ეს შესაძლებელია, თუმცა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ან უნდა მოინდომო მთელი არსით, ან ფეხზე დგომა განაგრძო. ამ სფეროში ხომ ყოველთვის რაღაც გაუთვალისწინებელი ხდება და ადამიანი, რომელსაც უკან დახევაზე ერთხელ მაინც უფიქრია, აუცილებლად იპოვის საამისო საბაბს.

9-დან 10 სტარტაპი მარცხით სრულდება, რადგანაც ხშირად დამფუძნებლები ერთგულებას ვერ ინარჩუნებენ და მალევე ყრიან ფარ-ხმალს. ამ სტატისტიკის შესახებ ინვესტორებსაც სმენიათ, ამიტომაც თანხის დაბანდების ობიექტს განსაკუთრებული სიფრთხილით არჩევენ. ისინი მხოლოდ მაშინ მოგაქცევენ ყურადღებას, როცა დარწმუნდებიან, რომ მზად ხარ ბოლომდე იბრძოლო. მათი დარწმუნება კი არ გამოგივა, თუ მართლა ასე არ არის.

სტარტაპის მოსინჯვა რაიმე სასწაულის მოლოდინში, უბრალოდ, დროის ხარჯვაა. მაგრამ არც სიჯიუტეში გადაზრდილი იდეის ერთგულება ვარგა. მგონი, იმაზე ვთანხმდებით, რომ თავდაპირველი გეგმები უმეტესად ვერ ამართლებს. ასე რომ, ცვალებად გარემოებებზე მორგება და იმპროვიზაციის უნარის ჩართვა მნიშვნელოვანია.


6. ადგილი ინოვაციებისთვის

“ეს აქამდე როგორ არავის არ მოაფიქრდა?” – ამ კითხვით იწყება ყველა აღმოჩენა. კაცობრიობის განვითარების თითოეულ ეტაპზე ადამიანები იგონებდნენ რაღაც ახალს და მიდიოდნენ წინ.

მიუხედავად ამისა, ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ყველაფერი, რაც საჭირო იყო, უკვე გამოგონებულია და ვეღარაფრის დამატებას შეძლებ. მაგრამ დაფიქრდი, დარწმუნებული ხარ, რომ ასი ან თუნდაც ორმოცდაათი წლის შემდეგ ინფორმაციის მოსაძიებლად კვლავ Google-ს გამოვიყენებთ? წამყვანი სოციალური ქსელი კვლავ ფეისბუკი იქნება?

სტარტაპების რაოდენობის ლიმიტირება შეუძლებელია, რადგანაც ყოველთვის იარსებებს ინოვაციური იდეები. შენ ქმნი პროდუქტს, რომელიც ადამიანს სჭირდება. ადამიანის სურვილები კი უსაზღვროა.


7. ადეკვატური მოლოდინი

ოპტიმიზმი კარგია, როდესაც მუშაობისთვის აუცილებელ მამოძრავებელ ძალად იყენებ. თუმცა გადაჭარბებული მოლოდინები არ წაგადგება, რადგანაც ცვალებად სტარტაპ სამყაროში იდეალების ნგრევა ხშირია.

როცა დიდი კომპანია გეტყვის, რომ შენი სტარტაპის ყიდვა სურს, ჩათვალე, რომ შეთანხმება ჩაიშლება და როცა ინვესტორი ფულის დაბანდებას დაგპირდება, არც ამ ინვესტიციის იმედი გქონდეს. მთავარია შენი ნდობით სარგებლობის უფლება არ მისცე, უკეთესი ვარიანტების ძებნა განაგრძო და თუ საბოლოოდ ყველაფერი გამოვა, სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩები.

ამ გზით თავიდან აირიდებ არა უბრალოდ იმედგაცრუებას, არამედ სტარტაპს გაყინვისგან გადაარჩენ. წარმატების მისაღწევად დასახულ მიზნებზე უნდა კონცენტრირდე და მუდამ წინ იარო, ინვესტორები კი თავად დაგედევნებიან.


მთავარი მიზანი – სიჩქარე

ერთი სიტყვით, სტარტაპის წამოწყება საკმაოდ რთულია. ამიტომაც ჩნდება კითხვა, რისთვის ერთვები ამ დამღლელ ბრძოლაში? თუ შენი მიზანი მხოლოდ გამდიდრებაა, პოლ გრემი სხვა საქმის გამოძებნას გირჩევდა.

სწორი პასუხია – სიჩქარე. ხშირად გვავიწყდება, რომ სიცოხლე ძალიან ხანმოკლეა, მისი გახარჯვა კი დაუშვებელი. სტარტაპი სამუშაოს უფრო სწრაფად და მარტივად შესრულების ეფექტური გზაა, რომელიც ცხოვრებისთვის გამოგითავისუფლებს დროს.

სამყაროში რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი, ეს ხომ კარგად ვიცით..

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ელენე ჯანელიძე

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა