ლურჯი ვერსია

რატომ “ჩაუჯდა” მსოფლიო მაინც და მაინც ნეტფლიქსს?

13 აგვისტო 2021

უდავოა, კოვიდ პანდემიამ არსებული ღირებულებები გადაგვაფასებინა და მე კიდევ ერთხელ მიჩვენა მეგობრობის მნიშვნელობა. ამიტომაც, დროა, ჩემს ახლადშეძენილ, ყველაზე ერთგულ მეგობარ ნეტფლიქსზე ვისაუბროთ.

ეს ინოვაციური კომპანია სინემაფილთა მთავარი არჩევანია. ვაღიარებ, მორიგი სერიის მოლოდინში საათის ისრებზე მიშტერებას ნამდვილად მირჩევნია ნეტფლიქსის მიერ შემოთავაზებული მრავალფეროვანი კონტენტის ზღვას “ჩავუჯდე”. ინგლისურმა ჯგუფმა The Buggles თავისი ჰიტ-სინგლით “Video Killed The Radio Star” ერთხელ უკვე გვამცნო, როგორ ჩააქრო ტელევიზიამ რადიოს ვარსკვლავი. დღეს კი, თავად ტელევიზიის ვარსკვლავიც ქრება.

ერთი შეხედვით, ნეტფლიქსის კოზირი – ზედმეტად ფართო არჩევანი – შეიძლებოდა მისი მთავარი სისუტე გამხდარიყო. საინტერესოა, როგორ მოახერხა სტარტაპმა აურაცხელ კონტენტში მომხმარებლისთვის გზის გაკვალვა? ეს სტატია სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ისახავს მიზნად.


პირველი ნაბიჯები

სანამ იმაზე გადავალთ, როგორ ინარჩუნებს და კიდევ უფრო ამძაფრებს ნეტფლიქსი ჩვენს ინტერესს, ვნახოთ, საერთოდ როგორ მოიპოვა ეს ინტერესი თავდაპირველად.

კომპანია უკვე 24 წელია არსებობს და მისი ამბავი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინოვაციური გზებით ბაზრის მოგება ყოველთვის ჭრიდა და გაჭრის. ერთი სიტყვით, ნეტფლიქსის საწყისებში ყველა დამწყები სტარტაპერისთვის იმალება საინტერესო გაკვეთილი.

1997 წელს ვიდეო გაქირავების მაღაზიებს გამოუჩნდათ საშიში კონკურენტი არცთუ ისე დამაჯერებელი სახელით. რიდ ჰასტინგსისა და მარკ რენდოლფის სტარტაპმა, კიბლმა (Kibble), რაც შინაური ცხოველების საკვებს ნიშნავს, ამერიკას წარუდგინა ვებსაიტი, რომლითაც DVD-ზე ჩაწერილი ფილმების სახლიდან გაუსვლელად შეკვეთა და ფოსტით მიღება გახდა შესაძლებელი.

ინოვაციურმა შეთავაზებამ მალევე მიიქცია კინომოყვარულთა ყურადღება. ერთ წელიწადში კი, თითოეული DVD-თვის გადახდილი 50 ცენტი ყოველთვიური სამომხმარებლო გადასახადით ჩანაცვლდა. მომხმარებელს შეეძლო ერთდროულად ოთხი ფილმი ექირავებინა განუსაზღვრელი ვადით.

“1997-98 წლებში იმის გამოცხადება, რომ სინამდვილეში ყველაფერი სტრიმინგთან იყო დაკავშირებული, კომპანიისთვის დამღუპველი იქნებოდა. ამიტომაც, ჩვენ მიერ გადადგმული ყველაზე სწორი ნაბიჯი აღმოჩნდა მიწოდების სერვისით დაწყება” წერს რენდოლფი.

სახელის შეცვლასთან ერთად, 2007 წელს ნეტფლიქსს ახალი ფუნქციაც დაემატა. “უყურე ახლა” (Watch Now) მომხმარებლებს საყვარელი ტელეგადაცემებისა და ფილმების პერსონალური კომპიუტერით ტრანსლირების შესაძლებლობას აძლევდა.

მიუხედავად იმისა, რომ გაშვების დღიდან სტარტაპი ვიდეო სტრიმინგის სერვისად ჩამოყალიბებისაკენ ისწრაფოდა, იმ დროისათვის განსხვავებული მიმართულების აღება მაინც სარისკოდ აღიქვეს. მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა სტრიმინგზე ფაქტობრივად არ არსებობდა და ყველას მიაჩნდა, რომ ნეტფლიქსის გადაწყვეტილება, უბრალოდ, სიგიჟე იყო.

მაგრამ, რიდ ჰასტინგსს სჯეროდა, რომ მომავლის მხარეს იდგა და სხვების მიერ სიგიჟედ წოდებულმა იდეამ გაამართლა. დღეს ნეტფლიქსი უმსხვილესი ინტერნეტ ტელევიზიის ქსელია, რომელსაც 200 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს მსოფლიოს 190 ქვეყანაში.


გასართობი ინდუსტრიის გარდაქმნა

ნეტფლიქსის სტრიმინგის სერვისი ხელმისაწვდომია სათამაშო კონსოლებზე, ტელევიზორებზე, სმარტფონებსა და პლანშეტებზე. მან, ერთი მხრივ, წარსულს ჩააბარა ვიდეო გაქირავების კულტურა, მეორე მხრივ კი, ფაქტობრივად, საკაბელო ტელევიზიები ჩაანაცვლა.


მივიწყებული DVD-ზე ჩაწერილი ფილმები

პარადოქსია, რომ წარმატების მოპოვებასთან ერთად, სტარტაპმა თავის თავდაპირველ საქმიანობას მოუღო ბოლო. ნეტფლიქსის გამოჩენისას მისი მთავარი კონკურენტი იყო ვიდეო გაქირავების მაღაზიათა ქსელი Blockbuster-ი. ამ უკანასკნელს წლები დასჭირდა, რათა მომხმარებლისთვის ონლაინ გამოწერის სერვისი შეეთავაზებინა. თუმცა, იმ დროისთვის, რენდოლფის და ჰასტინგსის კომპანია DVD-ზე ჩაწერილი ფილმების გაქირავებას წარსულს აბარებდა და სტრიმინგის დანერგვა ჰქონდა დაწყებული.

ამბობენ, როგორც კი ციფრულ ბაზარს გემოს გაუსინჯავ, უკან მოსაბრუნებელი გზა აღარ არსებობსო. ამ შემთხვევაშიც სწორედ ასე მოხდა. მოსახლეობამ ადვილად გაცვალა ვიდეო გაქირავების მაღაზიები კომფორტულ ონლაინ მომსახურებაში.

აწ უკვე გაკოტრებულმა Blockbuster-მა კი, სავარაუდოდ, არაერთხელ ინანა ნეტფლიქსის პარტნიორობაზე ოდესღაც სიცილით ნათქვამი უარი. 2018 წლის მაჩვენებლით DVD-ის გაყიდვები მთლიანი ბაზრის 10%-ზე ნაკლებს შეადგენდა. მგონი ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ DVD მოკვდა.


მივიწყებული საკაბელო ტელევიზია

როგორც ზემოთ ვახსენე, ნეტფლიქსი საყვარელი გადაცემის ტელევიზორში ყურების შესაძლებლობასაც გვაძლევს. ამის გამო, გასაკვირი არაა, რომ სტარტაპს გაცილებით მეტი მომხმარებელი ჰყავს, ვიდრე ერთად აღებულ აშშ-ს ყველა საკაბელო არხს. ტელევიზიის ოქროს ხანა, როცა თითოეული ოჯახი “სოპრანოს კლანსა” და “ტვინ-პიქსს” ადევნებდა თვალს, დასრულებულია.

პოლ გრემი, YC-ის თანადამფუძნებელი, იდეების გენერირებისთვის მიძღვნილ სტატიაში აღნიშნავს:

“იცხოვრე მომავალში და შექმენი ის, რაც საინტერესოდ მოგეჩვენება.”

ჰოდა, სანამ საკაბელო კომპანიები ტრადიციული ბიზნეს მოდელითა და კვარტალური შემოსავლის თვლით იყვნენ გართული, ნეტფლიქსმა შექმნა და მომხმარებლებს შესთავაზა მყისიერი წვდომა ათასობით სერიალსა თუ ფილმზე, რომლის ნახვაც ნებისმიერ მოწყობილობაზეა შესაძლებელი.

განსხვავებულია ნეტფლიქსის წარმატების საზომებიც. საკაბელო არხები აუდიტორიას იმის მიხედვით აფასებენ, თუ რამდენი მაყურებელი ჰყავს ერთ კონკრეტულ გადაცემას. ნეტფლიქსი კი, საპირისპირო გზას ირჩევს და ფოკუსირებს იმაზე, თუ რამდენ გადაცემას (ფილმს) უყურებს ინდივიდუალური მომხმარებელი. შესაბამისად, ის მეტ ყურადღებას აქცევს სარეკომენდაციო სისტემას, რომელსაც ცოტა ხანში შევეხებით. ერიკ რისის Lean მეთოდოლოგიიდან უკვე კარგად ვიცით, რომ შედეგების სწორი ანალიზისთვის გადამწყვეტია, რას ზომავ. კონკრეტული გადაცემის მაგივრად კონტენტის ჯაჭვზე ფოკუსირებით, ნეტფლიქსი არა მხოლოდ მომხმარებლების შენარჩუნებაზე ზრუნავს, არამედ ახალ მაყურებლებსაც ადვილად ითრევს.

ასევე გაეცანი: აარჩიე 3-დან 1 საზომი შენი სტარტაპის მდგრადი ზრდისთვის.


ფავორიტობის მიზეზი

პირველად იყო ნეტფლიქსი, თუმცა შემდეგ გამოჩნდნენ HBOMax, Disney+, Hulu, Amazon Prime Video და სხვები. მიუხედავად მზარდი კონკურენციისა, ვიდეო სტრიმინგის სამყაროში, 24 წლის კომპანია უდავო ლიდერია.

ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თუ შენს მომხმარებლებს სათანადოდ კარგად იცნობ და მათზე ზრუნავ კიდეც, ცვალებადი დრო ვერაფერს დაგაკლებს:


სრული კომფორტი მაყურებლისთვის

ნეტფლიქსი 15 ათასამდე ძველ/ახალ ფილმს, სერიალსა და ტელეგადაცემას აერთიანებს. თითოეული მათგანი პლატფორმაზე HD ხარისხში, სუბტიტრებითაა წარმოდგენილი. მომხმარებელს შეუძლია შემოთავაზებული მრავალფეროვნებიდან არჩევანი ფავორიტ ფილმზე გააკეთოს და, ყოველგვარი რეკლამების გარეშე, შეუფერხებლად ისარგებლოს ვიდეო სტრიმინგის სერვისით.

ამასთანავე, თუ ისეთ ადგილას აპირებ წასვლას, სადაც ინტერნეტზე წვდომა არ გექნება, გადაცემების მობილურში ან კომპიუტერში წინასწარ გადატანა არ მოგიწევს. სტარტაპი საშუალებას გაძლევს ფილმები აპლიკაციაშივე გადმოწერო და ისე მოიმარაგო.

კომპანია სერიალების მოყვარულთა ინტერესებზეც ზრუნავს. ახალი სეზონები საიტზე ერთიანად თავსდება, რაც ნიშნავს, რომ თავისუფლად შეგიძლია უქმეები საყვარელი პერსონაჟების უახლეს თავგადასავლებში გაათენო.


ხელოვნური ინტელექტის ძალა

მანქანური სწავლება და ხელოვნური ინტელექტი ნეტფლიქსის წარმატებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. Spotify-ს მსგავსად, სტარტაპი აურაცხელი რაოდენობით დაგროვილ მონაცემებს აანალიზებს და მომსახურების გასაუმჯობესებლად იყენებს. ნეტფლიქსის მიერ განხორციელებული ღონისძიებები შეგვიძლია ხუთ ნაწილად დავყოთ:


1. პერსონალიზებული რეკომენდაციები

კომპანია ათასგვარად ამუშავებს მონაცემებს, რათა უკლებლივ ყველა მომხმარებელს გაუგოს. რაც გინდა შენ, ის უნდა ნეტფლიქსსაც. თანაც მისი მიზანია მაქსიმალურად სწრაფად და მარტივად მოგაწოდოს სასურველი.

რა თქმა უნდა, ის იმახსოვრებს ჩვენ მიერ ნანახ ფილმებს, მაგრამ ეს მხოლოდ აისბერგის მწერვალია. რა გადაცემები აკრიფე საძიებო ველში? როდის და რომელი მოწყობილობით უყურე შოუს? რამდენჯერ დააპაუზე ან გადაახვიე? დაუბრუნდი თუ არა ფილმს მეორედ? ნეტფლიქსს ყველაფერი აინტერესებს. ასეთი ცნობისმოყვარესგან არც ისაა გასაკვირი, რომ ნანახის შეფასებასაც გთავაზობს.

ამ მონაცემთა დახმარებით, ალგორითმი (Netflix Recommendation Engine-NRE) თითოეულ მომხმარებელს შესაბამის რეკომენდაციებს უწევს. სერიალებს, ფილმებსა თუ გადაცემებს შენს გემოვნებასთან შეთავსების მაჩვენებელი აწერია და, როგორც მრავალ რეკომენდაცია გამოვლილი ადამიანი, ვადასტურებ, რომ შეუძლებელია 90%-იანი შეთავსებით მონიშნულმა ფილმმა იმედგაცრუებული დაგტოვოს.

მსგავსი შეთავაზებები კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან მაყურებლის აქტივობის 80% სწორედ NRE-ს დამსახურებაა. პერსონალიზებული რეკომენდაციები გარკვეულ გარანტიას წარმოადგენს, რომ ნეტფლიქსს ყოველთვის ეყოლება ერთგული მომხმარებლები.


2. პერსონალიზებული პოსტერები

შესაძლოა, არც შეგიმჩნევია, მაგრამ დროთა განმავლობაში შენი ფავორიტი გადაცემის პოსტერი იცვლება ხოლმე. არც ის გაგიკვირდეს, თუ მეგობრის ნეტფლიქსში ჩახედვის შედეგად ნაცნობი სერიალები სრულიად განსახვავებული გამოსახულებით დაგხვდა.

აქ შემთხვევითობები არ არსებობს. კომპანიამ იცის, რომ კონტენტის შერჩევისას პოსტერი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან სწორედ მან უნდა მოგვანდომოს ფილმის ყურება. ამიტომაც, დაგროვილ მონაცემთა გამოყენებით ადგენს, რომელ გამოსახულებას ვერ ავუვლით გვერდს.

მარტივად რომ ვთქვათ, თუ ნეტფლიქსმა შეამჩნია, რომ კომედიის მოყვარული ხარ, ფილმ “ჭკვიანი უილ ჰანტინგის” გარეკანზე რობინ იულიამსს იხილავ. ხოლო, თუ შენი სისუსტე სასიყვარულო დრამაა, მეთ დეიმონის პერსონაჟი თავის შეყვარებულთან ერთად გამოგესახება.

3. ტრენდები

მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენება არამხოლოდ მაყურებლებზე მორგებული შეთავაზებების გასაკეთებლად, არამედ იმის დასადგენად, თუ რომელი გადაცემებია განსაკუთრებით პოპულარული.

შეიძლება ითქვას, რომ ნეტფლიქსი მოდისათვის ფეხის აწყობაშიც გეხმარება და თავის მთავარ გვერდზე გიჩვენებს ტრენდული ფილმების, სერიალების ჩამონათვალს.

მეორე მხრივ, აღნიშნული ფუნქცია კომპანიას ხელს უწყობს, მიიღოს ეფექტური ბიზნეს გადაწყვეტილებები ამა თუ იმ პროგრამის გაგრძელების, განახლების ან საერთოდ ჩახსნის შესახებ.


4. ორიგინალი კონტენტი

ნეტფლიქსმა ვიდეო სტრიმინგის სამყაროში შეაბიჯა, როგორც სტარტაპმა, რომელიც სხვა კომპანიების მზა პროდუქტს იყენებდა. დღეს კი, ის თავად ქმნის კონტენტს.

ოსკაროსანი “რომა”, “ქორწინების ისტორია” სკარლეტ იოჰანსონისა და ადამ დრაივერის შესრულებით, სერიალები “რუსული თოჯინა” და “უცნაური ამბები” – ეს ნეტფლიქსის მიერ კინოინდუსტრიისთვის შემატებულ რჩეულთა მცირე ჩამონათვალია.

ზემოთ უკვე გითხარი, რომ ნეტფლიქსს ახსოვს, რომელ ფილმს უყურე ორჯერ, რა მონაკვეთში დააპაუზე ანდა, საერთოდ გადაახვიე. ამ ინფორმაციას კომპანია წარმატებით იყენებს სიუჟეტის განვითარებისთვის და მისი გამოშვებული ფილმებიც მაყურებლის დიდ ინტერესს იმსახურებს.


5. მაღალი ხარისხი

ვიდეო სტრიმინგის მაღალი ხარისხი აუცილებელია გამომწერთა დიდი რაოდენობის მოსაზიდად. თუმცა, რაც უფრო მეტი მაყურებელი გყავს, მით უფრო რთულია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაც. ნეტფლიქსმა კი ეს კარგად იცის..

ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების დახმარებით, კომპანიას შეუძლია სამომავლო მოთხოვნათა პროგნოზირება და თავისი სერვერის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ლოკაციებზე წინასწარ განთავსება. ასე რომ, პიკის საათებშიც კი, მომხმარებელი ყოველგვარი შეფერხების გარეშე სარგებლობს მაღალი ხარისხის სერვისით.


სწორედ ეს ხუთი ფუნქციაა, რომელთა გაერთიანებაც იდეალურ მიქსს ქმნის და ნეტფლიქსის მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული მომსახურებაც, ფაქტობრივად, უნაკლო გამოდის.

ვიდეო სტრიმინგის სერვისად გარდაქმნა უმრავლესობის მიერ საეჭვოდ მიჩნეული გადაწყვეტილება იყო. ისევე, როგორც Airbnb-ის მიერ ტურისტებზე სახლების რამდენიმე დღით გაქირავება ითვლებოდა სიგიჟედ – თავად YC-ისთვისაც კი. თუმცა, გამორჩეულად წარმატებული სტარტაპები ხომ სწორედ ასე გვევლინებიან – ყველაზე სარისკო შესაძლებლობებთან სტრატეგიული შეჭიდებით.


ნეტფლიქსი და საქართველო

ნეტფლიქსი საქართველოში 2016 წლიდან შემოვიდა და ჯერჯერობით მისი ერთადერთი ნაკლია, რომ აქ ტონი სოპრანოს ვერსად ნახავ. მაგრამ თუ იტალიური მაფია დიდად არ გიზიდავს, შეგიძლია 8 ევროდ ახალი მეგობარი შეიძინო, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის, რა გსურს შენ.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ელენე ჯანელიძე

რეკომენდაციები

03 აგვისტო

სოციალური მედიის თანამედროვე გამოწვევები და ციფრული კონსტიტუციონალიზმი

ინტერვიუ ედოარდო კელესტესტან. რომელია ის პრინციპები და ფასეულობები, რომლითაც ჩვენი საზოგადოება იხელმძღვანელებს ციფრულ ხანაში
03 აგვისტო

მოუსვენრობა წარმატებისთვის: როგორ ცვლიან სამყაროს წამყვანი კომპანიები განვითარებული კომუნიკაციების წყალობით

​​​​​​​​​​​​​​მხოლოდ კომუნიკაციების სექტორის უნიკალურ შესაძლებლობებზე საუბრისას თუ გავაერთიანებდით ახალბედა ტიკტოკსა და ბებერ გუგლს, მუსიკალურ პლატფორმა სპოტიფაისა და საზიარო ტაქსების სერვის უბერს. 
10 აგვისტო

5G - ახალი შესაძლებლობების სამყარო

სიახლეები საზოგადოებას ხშირად აშინებს, აბნევს და ეჭვებს უჩენს, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს ის ფაქტი, რომ ისეთი ინოვაციის დანერგვაში, როგორიც უსწრაფესი 5G ინტერნეტია, საზოგადოების ნაწილმა საფრთხე დაინახა და ამ შეგრძნებამ ისე მოიცვა, რომ კითხვის - „რა სარგებელს მოიტანს ეს უკანასკნელი?“ დასმაც არ ჩათვალა საჭიროდ და ბოლო თაობის ინტერნეტკავშირი უპირობო მტრად მიიღო.