ლურჯი ვერსია

რა არის დაგეგმვის ცდომილება და როგორ ავიცილოთ თავიდან

03 დეკემბერი 2021

„გეგმა $10 000-იანი ინვესტიციის შესახებ 2021 წლის ბოლომდე შესრულდება.“ – განუცხადა გაყიდვების მენეჯერმა კომპანიის დირექტორს. მას ჩაეღიმა. მოსაუბრე კი თავდაჯერებულად განაგრძობს, რომ ეს მათი ახლანდელი შემოსავლის 10%-ია. ცხადია, მის მიერ დასახელებული თანხა დიდი კომპანიებისთვის არაფერია, თუმცა მაინც გიჩნდება ეჭვი, თუ „დაგეგმვის ცდომილებაზე“ რამე მაინც გსმენია.

დაგეგმვის ცდომილება – იგივე კოგნიტური ცდომილებაა, ცნება 1979 წელს დანიელ კანემანმა და ამოს ტვერსკიმ შემოგვთავაზეს და განსაზღვრეს, როგორც:

„მომავალი ამოცანის შესასრულებლად საჭირო დროის არასაკმარისი შეფასების ტენდენცია, რაც ნაწილობრივ განპირობებულია ზედმეტად ოპტიმისტური სცენარით.”

ამ ხაფანგში მრავალი ანტრეპრენერი და ბიზნესმენი ეხვევა. ხშირად, გადაჭარბებული მოლოდინების გამო, კომპანიები ან განყოფილებები იხურება. Innsight-ის თანადამფუძნებელი, კლეიტონ კრისტენსენი, ამ ფაქტორს თავის წიგნში, The Innovator's Solution, მოიხსენიებს, როგორც „სიკვდილის ზრდის სპირალი“.

შეცდომების ყველაზე აშკარა მიზეზი სულსწრაფობაა. მეწარმეები, ხშირად, ობიექტურად არ აფასებენ დროს, რომელიც მათ შემოსავლის ზრდისთვის დასჭირდებათ, ვერ საზღვრავენ, რა ინვესტიციის გაკეთება მოუწევთ თავიანთი იდეის კომერციალიზაციისთვის. ამის თავიდან ასაცილებლად, ინვესტორსა და ექსპერტს, გაი კავასაკს, შემუშავებული აქვს ასეთი მეთოდი:

„როდესაც ვხედავ პროექციას, ვამატებ ერთ წელს – მიწოდების დროს და ვამრავლებ შემოსავალს 0,1-ზე.“

ჩვეულებრივ, გამოწვევა იმდენად მაცდურია, რამდენადაც დიდია პროექტის განხორციელების სურვილი. როცა გვინდა, საქმე რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად გავაკეთოთ, მისწრაფება გვძლევს და უყურადღებოდ გვრჩება გარემო ფაქტორები.

ამ შეცდომას კი დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. თუ სამუშაოს დროში ვერ ასრულებ, ეს უარყოფითად აისახება შენს პროფესიულ იმიჯზე. ამასთან, ვადის გადაწევა ცვლის შენს სამომავლო გრაფიკსაც. საბედნიეროდ, არსებობს გზები, თუ როგორ უნდა დაძლიო დაგეგმვის ცდომილება:


1. შეაგროვე მონაცემები

გადახედე შენს ძველ გეგმებს, დააკვირდი შენი მუშაობის ტემპს და შემდეგ შეაფასე, რა დრო გჭირდება ამა თუ იმ საქმის შესასრულებლად, რა მოითხოვს შენგან მეტ რესურსს და ა.შ. საკუთარ თავზე დაკვირვება შეცდომების დაძლევის პირველი ნაბიჯია. ეს გეხმარება გახდე უკეთესი. მაგალითად, წარმოიდგინე, რომ გეგმავ პროექტს, რომელიც უკვე შესრულებულს წააგავს. გაიხსენე, რა დრო დაგჭირდა მაშინ, გაითვალისწინე სხვა, შენგან დამოუკიდებელი ფაქტორებიც და ამის შემდეგ განსაზღვრე სავარაუდო დრო.

ხედვის არეალის გასაფართოვებლად, მოიძიე ინფორმაცია ამ საქმის ექსპერტებისგანაც. ჰკითხე, როგორია მათი მუშაობის ტემპი კონკრეტული პროექტის შესრულებისას.

უფრო მეტიც – შენთვის დახმარების ხელის გაწვდენა ტექნოლოგიებსაც შეუძლია. მაგალითად, თუ მოსავალი მოგყავს, დაგჭირდება მისი მოვლის წესების ცოდნა, რაც ვებსაიტებზე ან აპლიკაციებში შეგიძლია მოიძიო. ეს კი შენს გრაფიკში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს და, შემდგომში, თავიდან აგაცილებს გეგმის ცვლილებას.


2. დანიშნე რეალური ვადები

როჯერ ბიულერი, დეილ გრიფინი და მაიკლ როსი 1994 წლის ნაშრომში წერდნენ:

„მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ვერ ასრულებენ თავიანთ პროგნოზებს, ისინი ჩვეულებრივ, დათქმულ ვადაში ასრულებენ მნიშვნელოვან დავალებებს. როგორც მასწავლებლები, ჩვენ ვამჩნევთ, რომ სტუდენტების უმეტესობა დროულად აგზავნის დავალებებს და მხოლოდ მცირე მათგანი დაგეგმილზე ადრე წარადგენს მას“.

გამოკითხვის დროს სტუდენტებმა მიუთითეს, რომ ისინი პროექტების დაახლოებით სამ მეოთხედს (M = 73 პროცენტი) დედლაინის დღეს ასრულებენ. არსებობს ეჭვი, რომ „ვადები ზოგჯერ უფრო დიდ გავლენას ახდენს ქცევაზე, ვიდრე პროგნოზებზე”. თუ ადამიანს ახსოვს, რომ წინა დავალება ვადაზე ადრე შეასრულა, ის, ამჯერად, ოპტიმისტურად იქნება განწყობილი და იმედოვნებს, რომ ამ შემთხვევაშიც ანალოგიური დრო დასჭირდება.

თუმცა, მთავარი არ არის მხოლოდ სასურველი ვადის არჩევა. ის რეალისტური უნდა იყოს და უნდა გიბიძგოს დროულად შესრულებისკენ. ამისთვის კიდევ რამდენიმე რჩევას გაგიზიარებ:

1. ჩათვალე, რომ კონკრეტული სამუშაო სასწრაფოა. განსაზღვრე ის მინიმუმი დრო, რაც მის შესასრულებლად დაგჭირდება.

2. შეისწავლე შენი ფსიქოტიპი – მწერალი კაილა მეთიუსი, რომელიც პროდუქტიულობის თეორიის შესახებ რჩევებს ხშრად გვიზიარებს, საუბრობს ოთხ ფსიქოტიპზე: დამგეგმავი, პრიორიტეტების განმსაზღვრელი, მომწესრიგებელი და ვიზუალიზატორი. მისი თქმით, პრიორიტეტების განმსაზღვრელი ერთ პროექტს გონებაში ნაწილებად შლის და დედლაინს წერს იმის მიხედვით, თუ რა დრო სჭირდება თითოეულ ნაწილს. ვიზუალიზატორი კი სურათს ერთიანად აღიქვამს.

3. დააჯილდოვე საკუთარი თავი დავალების დროულად შესრულებისთვის.


3. გახსოვდეს მერფის კანონი

„თუ რამე შეიძლება ცუდად წარიმართოს, ასეც მოხდება..“ – ამბობს მერფის კანონი, რომელიც ამერიკელი აერონავტიკის ინჟინერმა, კაპიტან ედუარდ ალოიზიუს მერფიმ (უმცროსი) შეიმუშავა. რა კავშირი აქვს ამას დაგეგმვის ცდომილებასთან?

წარმოიდგინე, გინდა ბიზნესის დაწყება და გადაწყვეტილი გაქვს, 3 თვეში საკუთარი პატარა კომპანია გქონდეს. ყველაფრის აკეთებ იმისთვის, რომ მიზანს დროულად მიაღწიო. არ იშურებ ენერგიას, რესურსს და ჩქარობ. ამ დროს კი უამრავი ხარვეზი უყურადღებოდ გრჩება. საბოლოოდ, 3 თვეში ბიზნესს მართლა იწყებ, თუმცა ისეთი გამოუსწორებელი შეცდომებით, რომ აღარაფრის შეცვლა აღარ შეგიძლია. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ძალიან ამბიციური მიზანი დაისახე. პირველი რჩევაც ამას უკავშირდება:

1. დანიშნე რეალური ვადა და დაამატე ცოტა მეტი დრო. ზოგიერთი თეორიის მიხედვით, სავარაუდო დროზე 20 პროცენტით მეტი დრო უნდა გათვალო.

2. დაალაგე სია ისე, რომ დახარჯო დრო და ენერგია მხოლოდ იმაზე, რაც გასაკეთებელია.

3. დაფიქრდი, რა შეიძლება გააკეთო არასწორად და როგორ გაუმკლავდები შეცდომებს.


4. გამოიყენე სამპუნქტიანი შეფასების სისტემა

სამპუნქტიანი შეფასების ტექნიკა გაიძულებს დაუპირისპირდე ოპტიმიზმს. ამ სამ შეკითხვაზე პასუხის გაცემით რეალურად განსაზღვრავ ხანგრძლივობას:

1. საუკეთესო შემთხვევაში საჭირო დრო;

2. დროის ხანგრძლივობა ყველაზე უარეს შემთხვევაში;

3. დრო, რომელიც ჩვეულებრივ, მსგავს პროექტებზე გჭირდება.

როგორც ხედავ, პროექტის დედლაინის სამი ვერსიის წარმოდგენა მოგიწევს.

სამივე მონაცემის შეგროვების შემდეგ, გამოთვალე მონაცემთა სამი წერტილის საშუალო მაჩვენებელი. მაგალითად, თუ იდეალურ შემთხვევაში პროექტისთვის 3 დღე საკმარისია, ყველაზე ცუდ ვერსიად კი 9 დღეში დასრულებას განიხილავ, ხოლო შენი გამოცდილებით, მსგავსი დავალებებისთვის 5 დღე გჭირდება, ასეთ შედეგს მიიღებ: 3+5+9=17. 17:3=5,67. აქედან შეგიძლია, ივარაუდო, რომ რეალურად, პროექტს 5 დღეში დაასრულებ.


5. სცადე „ დღეში 100 ბლოკის“ მეთოდი

„ღამით, ადამიანთა უმეტესობას დაახლოებით, შვიდი ან რვა საათი სძინავს“, – წერს ტიმ ურბანი სტატიაში Wait But Why. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველდღე 16 ან 17 საათს ვფხიზლობთ. დაახლოებით, 1 000 წუთი. ასე რომ, ტიმი გვირჩევს ვიფიქროთ ამ 1 000 წუთზე, როგორც 100 10-წუთიან ბლოკზე.

იდეა არის „დახარჯო ცხოვრების 10 წუთი თითოეულ ბლოკზე, სანამ ისინი საბოლოოდ არ ამოიწურება და კვლავ ძილის დრო არ მოვა“, – განმარტავს ავტორი. როგორ უნდა გააკეთო ეს? ამ ბლოკების დროის ბადეზე განთავსებით. ეს საშუალებას გაძლევს განსაზღვრო:

  • რა დროს ხარჯავ სიამოვნებისთვის და რას გასავითარებლად?

  • რა დროს ატარებ სხვებთან და რამდენს – მარტო?

  • რა დროს იყენებ რაღაცის შესაქმნელად და რას – გამოსაყენებლად?

  • რა დროს ხარჯავ სხეულზე და რას – გონებაზე?

  • რომელია შენი საყვარელი ბლოკი და რომელი არა?

ამ სავარჯიშოს მიზანია დაფიქრდე დროის ეფექტიანად გამოყენებაზე. ღირს თუ არა სადილის მოსამზადებლად 6 ბლოკის დახარჯვა? ფილმის საყურებლად 20 ბლოკი მეტისმეტი ხომ არ არის?

ამის ყოველდღე გაკეთებას არ გირჩევ, თუმცა, როცა დღის პროდუქტიულად დაგეგმვა გინდა გაიხსენე, რომ სულ 100 ბლოკი გაქვს.


6. იყავი კონცენტრირებული და ნუ გადადებ საქმეს

მაშინაც კი, თუ ყველაფერ ზემოაღნიშნულს გააკეთებ და გამოგრჩება, რომ მთავარია გონება არ გაგეფანტოს და მუშაობისას მაქსიმალურად იყო კონცენტრირებული, ყველაფერი კარგავს აზრს.

მუშაობისას, გადადე მობილური, არ უპასუხო შეტყობინებებს და თავიდან აირიდე ყველა ხელისშემშლელი ფაქტორი. არც ის დაგავიწყდეს, რომ გადაღლის შემთხვევაში, გონებას ვეღარ მოიკრებ. ამიტომ დროის განაწილებისას, არც დასვენების ხანგრძლივობის გათვალისწინება არ უნდა გამოგრჩეს.

რაც შეეხება, საქმის გადადებას – პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორის კეტრინ მილკმანის და ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორის ლესლი ჯონის კვლევამ აჩვენა, რომ განსახორციელებელი მიზნების სწორად დასახვა ამცირებს საქმის გაჭიანურებას. მიზნების გაწერაში კი ეს მეთოდები დაგეხმარება:

google calendar-ით ორგანიზებული განრიგი;

დიდი ამოცანების დაყოფა უფრო მართვად ნაწილებად.

პრიორიტეტების სწორად განაწილება და ახალ, არც თუ ისე საინტერესო შეთავაზებებზე უარის თქმა სტრესის შესამცირებლად.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

მარიამ ელიაშვილი

რეკომენდაციები

06 ნოემბერი

3 გაკვეთილი ყველაზე ამბიციური მიზნების მისაღწევად – სტივ ჯობსის, ილონ მასკის და პოლ გრაჰამის რჩევები

სტარტაპინდუსტრიაში გვყავს ადამიანები, რომელთა ისტორიები და გამონათქვამები ყველგან გვხვდება.