ლურჯი ვერსია

რა არის ნივთების ინტერნეტი (IoT) და რაში გვჭირდება ყველაფრის ინტერნეტთან დაკავშირება?

23 ოქტომბერი 2020

ყავის მადუღარა, რომელიც ჩვენს მაღვიძარასთანაა დაკავშირებული და მისი დარეკვისთანავე იწყებს ყავის მომზადებას – ეს ნივთების ინტერნეტის ყველაზე გავრცელებული (და მიმზიდველი) მაგალითია. მაგრამ, აქ ნაკლებად ჩანს ამ ყველაფრის მომცველი ტექნოლოგიის შესაძებლობები.

ტრენდი, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ხელოვნურ ინტელექტსა და 5G ინტერნეტს, ერთდროულად იქცევს სახელმწიფოების, მსხვილი კომპანიებისა და რიგითი სტარტაპერების ყურადღებას. მოდი, უკეთ გავეცნოთ ნივთების ინტერნეტის არსს, მის შესაძლებლობებსა და იმ რისკებს, რომლებიც ყველაფრის ქსელთან დაკავშირებას ახლავს თან.


რა არის ნივთების ინტერნეტი და რაში გვჭირდება ის?

იმისათვის, რომ ჭკვიანად ჩაითვალოს, აუცილებელი არაა, ნივთს მძლავრი პროცესორი ჰქონდეს. ისიც საკმარისია, მძლავრი პროცესორის მქონე მოწყობილობასთან დაკავშირება შეეძლოს.

ინტერნეტის მთელი ხიბლიც სწორედ ამაშია. სტატია, რომელსაც ახლა კითხულობ, შენი კომპიუტერის, ტაბლეტის, თუ მობილურის მეხსიერებას არ იკავებს. შენ მასზე ხელი ინტერნეტის წყალობით მიგიწვდება – ისევე, როგორც მილიარდობით სხვა სტატიაზე (სხვათა შორის, მადლობა, რომ ჩვენსას ანიჭებ უპირატესობას).

ნივთების ინტერნეტშიც საკვანძო მომენტი სწორედ ეს ურთიერთკავშირია, მაგრამ, მაინც რაში გვჭირდება ნივთების ინტერნეტთან დაკავშირება?

წარმოიდგინე ფერმერი, რომელსაც ბოსტანში ტენიანობის სენსორები აქვს დამონტაჟებული. ქსელის მეშვეობით სენსორების სმარტფონთან დაკავშირებით, ის რეალურ დროში მიიღებს ინფორმაციას ტენიანობის შესახებ და მხოლოდ მაშინ მორწყავს პროდუქტს, როცა ამის საჭიროება იქნება. შედეგად, დაიზოგება წყლის რესურსი და ბოსტანში მოყვანილ პროდუქტსაც გახარების მეტი შანსი ექნება.

ახლა წარმოიდგინე, რომ ეს სენსორები პირდაპირ უკავშირდება სარწყავ სისტემას და მიწაში ტენიანობის შესაბამისად არეგულირებს როდის და რა რაოდენობით უნდა მოირწყას ბოსტანი. წავიდეთ ერთი საფეხურით წინ და ეს ყველაფერი ამინდის პროგნოზთან დავაკავშიროთ. წვიმიანი დღეების გათვალისწინების ხარჯზე, სარწყავი სისტემა კიდევ უფრო მეტ წყლის რესურსს დაზოგავს. მაღვიძარაზე მიბმულ ჩაიდანზე კარგად, მგონი, აქ ჩანს ნივთების ინტერნეტის მთელი ხიბლი.

მარტივად რომ ავხსნათ, ამ ტექნოლოგიის მთავარი ამოცანა ეფექტიანობის გაზრდა და, ამავდროულად, დანაკარგის შემცირებაა. შედეგების მუდმივი მონიტორინგი (რაც ადამიანური რესურსის არაეფექტიანი და უაზრო გამოყენება იქნებოდა), შესაძლებლობას გვაძლევს არსებული რესურსები წარმოუდგენელი სიზუსტით გამოვიყენოთ.


რომელი ნივთების დაკავშირებაა შესაძლებელი ინტერნეტთან?

ამ კითხვაზე პასუხი ცალსახაა – ყველაფრის. სამშენებლო ბეტონიდან ძაღლის ყელსაბამამდე და კბილის ჯაგრისებამდე, ჩვენს გარშემო არსებულ თითქმის ყველა ნივთს შეუძლია მოაგროვოს მონაცემები, რომლებსაც დანიშნულებასა და მნიშვნელობას მივანიჭებთ. ბეტონის შემთხვევაში, მასში ჩამაგრებული სენსორები მუშებს უმალ შეატყობინებს ბზარის გაჩენას. კბილის ჯაგრისის შემთხვევაში, ის შეინახავს მონაცემებს იმის შესახებ, თუ რამდენად ხშირად და სწორად იხეხავ კბილებს, შემდეგ კი, ამ შედეგებზე დაყრდნობით, გირჩევს როგორ გააგრძელო ეს პროცესი. გაგიკვირდება და, უკვე არსებობს ორივე მაგალითის რეალური ვერსია. მეტიც, ნივთების ინტერნეტი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური ტრენდია:

Statista-ს მონაცემებით, ნივთების ინტერნეტის ბაზარმა 2017 წელს $100 მილიარდს მიაღწია შემოსავლებში. 2025 წლისთვის მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი $1.6 ტრილიონს მიაღწევს.


მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია

წარმოება ყველაზე დიდი მასშტაბებითაა ჩართული ნივთების ინტერნეტის ათვისების პროცესში. Statista-ს მონაცემებით, 2019 წელს, ნივთების ინტერნეტის ცნობილი 620 კომპანიის ნახევარი წაროების ბაზარზე იყო ორიენტირებული. ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, ამერიკის მეწარმეთა 71% უკვე ტესტავს ან ნერგავს ნივთების ინტერნეტის გადაწყვეტებს თავიანთ კომპანიებში.

გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევის ცენტრი ნივთების ინტერნეტით ჭკვიანი ქარხნების შესაქმნელად პირველ ადგილზეა მსოფლიოში. პროექტის ხელმძღვანელი, დეტლეფ ცულკე, ღიად აცხადებს, რომ ჩვენ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის პირას ვდგავართ.

ნივთების ინტერნეტს სამუშაო პროცესების ავტომატიზაციისთვის, დანადგარების მონიტორინგისა და წინასწარი გათვლების წარმოებისთვის იყენებენ. როგორც აღვნიშნეთ, ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ისეთივე უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია, როგორიც პერსონალური კომპიუტერებისა და ინტერნეტის გავრცელება იყო მესამე ინდუსტრიული რევოლუციისას.

ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სტარტაპია მიკრო-საწრმოებზე ორიენტირებული კომპანია Bright Machines, რომელიც საწარმო პროცესების ავტომატიზაციაზე მუშაობს. 2018 წლიდან სულ რაღაც ერთ წელში მათ 400 ახალი თანამშრომელი გაიჩინეს. სტარტაპი დაკომპლექტებულია ისეთი კომპანიების ყოფილი წარმომადგენლებისგან, როგორებიც AutoDesk-ი, ამაზონი და Flextronics-ია.

turned-on charcoal Google Home Mini and smartphone

ჭკვიანი სახლები დღეს, ჭკვიანი ქალაქები ხვალ

აი, აქ შემოდის ჩვენი ჩაიდნისა და მაღვიძარას მაგალითი. ჭკვიანი სახლები ამერიკაში სწრაფად ათვისებადი ტრენდია: 2020 წლისთვის ჭკვიანი სახლის ბაზარი 40 მილიარდ დოლარს მიაღწევს, მილენიალთა თითქმის ნახევარს კი უკვე გააჩნია ჭკვიანი პროდუქტი. მთავარი, რაც მომხმარებლებში ამ ნივთებით დაინტერესებას იწვევს, მათი სმარტფონით მართვის ფუნქციაა.

ისევე, როგორც წარმოების ინდუსტრიაში, რიგითი მოქალაქეებისთვის ნივთების ინტერნეტის მოხმარების უპირატესობა დროის დაზოგვაა. ამერიკელ მომხმარებელთა 57% აღნიშნავს, რომ ტექნოლოგია მათ დღეში მინიმუმ ნახევარ საათს აზოგინებს. წელიწადში ეს ორ კვირამდე მოგებული დროა.

ამიტომაცაა ქალაქების დაჭკვიანება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიზანი. ტრანსპორტირება, ჯანდაცვა, უსაფრთხოება, კლიენტთა მომსახურება… წარმოიდგინე ყველა სფერო, რომელთანაც ხშირი შეხება გაქვს, დააკავშირე ისინი ერთმანეთს, შემდეგ კი დააკავშირე მთელი ინფორმაცია შენს სმარტფონთან. ესეც შენი ჭკვიანი ქალაქი. ადგილი, სადაც ყველანაირ ინფორმაციას და სერვისს ერთი ღილაკი გაშორებს.


რამდენად დაცულია ჩვენი მონაცემები?

რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე იდეალურად არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. დაუწერელი კანონია, რომ ყველაფერი, რაც ინტერნეტთანაა დაკავშირებული, შეიძლება დაიჰაკოს. არც ნივთებია გამონაკლისი.

თუ გავითვალისწინებთ, რა და რამდენ ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი პოტენციურ ჰაკერს ჩვენი ქსელში ჩართული მოწყობილობების მეშვეობით, მომავლის სურათი, ცოტა არ იყოს, საშიში ხდება. ჰაკერებს რომ თავი დავანებოთ, შეშფოთებას იწვევს მარკეტოლოგების მიერ ჩვენზე შეგროვებული მონაცემების გამოყენების შესაძლებლობებიც. მაგალითად, თუ ქსელში ჩართული სენსორი შენს მაცივარს უკავშირდება, საჭმლის მიტანის სერვისს შეეძლება რეკლამის იმ მომხმარებლებზე გაშვება, რომელთა მაცივარიც ცარიელია.

თუმცა, მედალს ორი მხარე აქვს და ასეთი შემთხვევები ჩვენს სასარგებლოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ. ამისათვის კი, აუცილებელია ვფლობდეთ ინფორმაციას ტექნოლოგიის მიერ ადამიანთა მანიპულაციის მეთოდების შესახებ ისევე, როგორც – მისი ძლიერი მხარეების. რაც არ უნდა იყოს, სმარტფონი იქნება, მაცივარი, თუ ჩაიდანი, ეს ტექნიკა და მათი გამოყენების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ყოველთვის ჩვენს ხელთ დარჩება.


კომერციული გამოყენებები

ფუტურისტული გამოყენებების გარდა, ნივთების ინტერნეტი, ალბათ, ყველაზე ფართოდაა ათვისებული კომერციულ ბაზარზე. ქსელში ჩართული გასართობი მოწყობილობების შექმნა ისეთი რთული ამოცანა არაა, როგორიც ხელოვნური ინტელექტის შემუშავება. ამიტომაცაა, რომ საჯარო დაფინანსების პლატფორმა Kickstarter-ი სავსეა მსგავსი (ხშირად უაზრო) პროდუქტების იდეებით.

“IoT” (ნივთების ინტერნეტი) კატეგორიის ქვეშ 262 იდეაა თავმოყრილი, რომელთაგან ყველაზე პოპულარულებში შედის წამლების მაკონტროლებელი ყუთი, ოთახის კართან მიახლოების მონიტორინგის მოწყობილობა და ველოსიპედის სენსორი, რომელიც ავტომატურად გიგზავნის შეტყობინებას მისი ადგილიდან დაძვრისთანავე (მოპარვისგან თავის დასაცავად). როცა ვთქვით, რომ ყველაფრის დაკავშირება შეიძლება ინტერნეტთან, მართლა ყველაფერს ვგულისხმობდით.


და შენ რა იდეას შემოგვთავაზებ?

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

შემდეგ კი, გაეცანი:

2020 წლის ტექნოლოგიურ ტრენდებს ხელოვნური ინტელექტიდან კიბერუსაფრთხოებამდე.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

03 აგვისტო

სოციალური მედიის თანამედროვე გამოწვევები და ციფრული კონსტიტუციონალიზმი

ინტერვიუ ედოარდო კელესტესტან. რომელია ის პრინციპები და ფასეულობები, რომლითაც ჩვენი საზოგადოება იხელმძღვანელებს ციფრულ ხანაში
03 აგვისტო

მოუსვენრობა წარმატებისთვის: როგორ ცვლიან სამყაროს წამყვანი კომპანიები განვითარებული კომუნიკაციების წყალობით

​​​​​​​​​​​​​​მხოლოდ კომუნიკაციების სექტორის უნიკალურ შესაძლებლობებზე საუბრისას თუ გავაერთიანებდით ახალბედა ტიკტოკსა და ბებერ გუგლს, მუსიკალურ პლატფორმა სპოტიფაისა და საზიარო ტაქსების სერვის უბერს. 
10 აგვისტო

5G - ახალი შესაძლებლობების სამყარო

სიახლეები საზოგადოებას ხშირად აშინებს, აბნევს და ეჭვებს უჩენს, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს ის ფაქტი, რომ ისეთი ინოვაციის დანერგვაში, როგორიც უსწრაფესი 5G ინტერნეტია, საზოგადოების ნაწილმა საფრთხე დაინახა და ამ შეგრძნებამ ისე მოიცვა, რომ კითხვის - „რა სარგებელს მოიტანს ეს უკანასკნელი?“ დასმაც არ ჩათვალა საჭიროდ და ბოლო თაობის ინტერნეტკავშირი უპირობო მტრად მიიღო.