ლურჯი ვერსია

რა ხდება დღეს ბიოტექნოლოგიების ინდუსტრაიში?

01 ოქტომბერი 2021

“ბიოტექნოლოგიის დამსახურება უზარმაზარია – დაავადებების მკურნალობა, სიღარიბის აღმოფხვრა, მოხუცებულობის დაძლევა. ეს გაცილებით უკეთ ჟღერს, ვიდრე ფეისბუკი.” – ჯორჯ ჩარჩი (გენეტიკოსი).

ძალიან საშიში რეალობის წინაშე დავდგებოდით, თუ კაცობრიობა ბიოტექნოლოგიას არ გამოიყენებდა. ასეთი რეალობა შეუძლებელიც კი არის, თუმცა, წარმოსადგენად მაინც შემაძრწუნებელია. საჭმელს, რომელსაც ვჭამთ, წამლებს, რომლებსაც მოვიხმართ და კიდევ უამრავ სასიცოცხლოდ აუცილებელ ატრიბუტს ბიოტექნოლოგიური დასაბამი გააჩნია.

ეს არის უძლიერესი იარაღი, რომელიც ადამიანებს არსებობასა და განვითარებაში ეხმარება. მაგრამ, საინტერესოა, კონკრეტულად რაში ვიყენებთ ბიოტექნოლოგიებს? რატომ არის ეს ასეთი კარგი? შეიძლება, რომ ოდესმე რისკის ქვეშ დავდგეთ?

ამ სტატიაში გიამბობ ყველა იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც დღეს ბიოტექნოლოგიურ სამყაროში ხდება. ასევე, გაგაცნობ რამდენიმე ინოვაციურ სტარტაპს, რომლებმაც შეძლეს და მნიშვნელოვნად განვითარდნენ მოკლე ვადაში.


რა არის ბიოტექნოლოგია?

მარტივად რომ ვთქვა, ბიოტექნოლოგია არის ბიოლოგიაზე დაფუძნებული ტექნოლოგია, რომელიც იყენებს ცოცხალი არსებების უჯრედულ და ბიომოლეკულურ ნაწილებს სასარგებლო პროდუქტების შესაქმნელად. ეს უკანასკნელი კი ცხოვრებას გვიმარტივებს და პლანეტის ჯანმრთელობაც უფრო და უფრო უკეთესი ხდება.

ადამიანებს ყოველდღიურად უამრავ ბიოტექნოლოგიურ ნაწარმთან აქვთ შეხება, მაგრამ უმეტესობას ამის შესახებ წარმოდგენაც არ აქვს. მაგალითად, საფუარი ერთ-ერთი ბიოტექნოლოგიური ქმნილებაა. ამ მიდგომით შევძელით, შეგვექმნა პური. ღვინო დუღილის გარეშე უბრალოდ ყურძნის წვენია, დუღილი კი – ბიოტექნოლოგიური პროცესი. სამყაროს ისე შეუყვარდა ყველი, რომ უმეტესობა დამოკიდებულიც კი გახდა. მოცემული ტექნოლოგიის გარეშე ეს ბედნიერება არ იარსებებდა.

სამეურნეო რევოლუცია დიდი ხანია დაიწყო და დროსთან ერთად, მისი შესაძლებლობებიც იზრდება. დღეს ეს მეცნიერება ისეთ დონეზე განვითარდა, რომ აღმოჩენები მიკროსკოპულ დონეზეა დაყვანილი. ანუ, მეცნიერები ინოვაციას უჯრედის გარსზე ეძებენ. მომავალი ბუნდოვანია და თან საიმედოც. სავსებით შესაძლებელია, რომ ნებისმიერ მომენტში შეიქმნას კიბოს სასწაულმოქმედი წამალი. ბიოტექნოლოგია შეიძლება კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთადერთი საშუალება გახდეს. ამ სფეროს უსასრულო განვითარების პერსპექტივა ნამდვილად არსებობს. სწორედ ამიტომ ინტერესდება ყოველდღიურად მეტი ადამიანი და სწავლის მიმართულებად ბიოტექნოლოგიას ირჩევს. ეს იმდენად კომპლექსური სამყაროა, რომ ღრმა გამოკვლევებისა და თავდაუზოგავი ტესტირებების გარეშე გარკვეული შედეგის მიღწევა ძნელია.

ჩვენი მომავალი ისეთივე მრავალფეროვანი და ნათელია, როგორც ბიოტექნოლოგიის ტიპები. ამ სფეროს სპეციფიკის გამოსაყოფად ასოციაციური ფერებია აღებული და თითოეული მათგანი განსხვავებულ ისტორიას ყვება. ახლა გაგაცნობ იმ ოთხ ძირითად მიმართულებას, რომლებიც ბიოტექნოლოგიას ფუნდამენტად აქვს დაშენებული.


წითელი

კაცობრიობა მუდამ იდგა უამრავი დაავადებისა და ტანჯვის წინაშე. ამის განსაკურნებლად კი, ხან ზეციურ ძალებს უხმობდნენ, ხანაც ხალხურ მიდგომებს იყენებდნენ. გასული საუკუნეებიდან მოყოლებული, აწ უკვე ძველმოდური მიდგომები მიიჩქმალა და ასპარეზი თანამედროვე და სანდო საშუალებებს ერგოთ. სამედიცინო, იგივე წითელი ბიოტექნოლოგია მოიცავს ახალი ფარმაცევტული მედიკამენტების, ანტისხეულების, ვაქცინებისა და სხვა პროდუქტების წარმოებას.

ერთ-ერთი მაგალითის თანახმად, მეცნიერები აკვირდებოდნენ ზაზუნას ცილების ცვალებადობას ფერმენტების წარმოების გასააქტიურებლად და მიაგნეს მეთოდს, რომელიც ადამიანებში გულის დაავადებების სამკურნალოდ შეიძლება მოხმარდეს.

დღესდღეობით ბიოტექნოლოგიის 51% მედიცინის მიმართულებას უკავია. ბიოტექნოლოგები, არსებული მედიკამენტებისა და სხვა სამკურნალო საშუალებების დახვეწასთან ერთად, ამ დროისთვის უკურნებელი დაავადებების ანტიდოტებზე მუშაობენ. მათ შორის არის შიდსი და ჰეპატიტი.


მწვანე

მწვანე, იგივე სამეურნეო ბიოტექნოლოგია ფართოდ გავრცელებულია მსოფლიოში. მას 13 მილიონზე მეტი ფერმერი იყენებს სხვადასხვა პრობლემების აღმოსაფხვრელად: მავნებლებთან ბრძოლა, მოსავლის აღდგენა-გაძლიერება გვალვისგან და ყინვისგან დასაცავად და სხვა.

ფერმერებს, რომლებიც მიზნად ისახავენ გენმოდიფიცირებული კულტურის განვითარებას, გარკვეულწილად უფრო მეტი თანხა უჯდებათ მოსავლის მოვლა-პატრონობა. გენმოდიფიცირებული თესლი უფრო ძვირია, მაგრამ, სანაცვლოდ, ის ამცირებს ხარჯებს სხვა სფეროებში, როგორიცაა პესტიციდების, მანქანების და შრომის ღირებულება. უპირველეს ყოვლისა: მოსავლიანობა მნიშვნელოვნად იზრდება, რადგან მცენარეების მექანიზმები იცავს მათ მავნე მწერებისგან და სარეველების უფრო ეფექტური მართვა ამცირებს მოსავლის დანაკარგებს, რომლებიც ადრე გარდაუვალი იყო. 2010 წელს დამტკიცდა კიდევ ერთი გენმოდიფიცირებული კულტურა: ამფლორას კარტოფილი, სახამებლის შეცვლილი შემადგენლობით, რომელიც ექსკლუზიურად დამუშავებულია სახამებლის ინდუსტრიაში.


თეთრი

თეთრი ბიოტექნოლოგია გარემოს მდგრადობისა და ინდუსტრიული განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. პლასტმასამ შეცვალა ხე და ლითონები. ბიოლოგიამ კი დაიწყო შურისძიება ამ სინთეზურ, ნავთობზე დაფუძნებულ სამომხმარებლო საქონელზე. დედამიწაზე არადეგრადირებადი სინთეტიკის მზარდმა მასამ ბიოდეგრადირებადი პროდუქტები კვლავ მიმზიდველი გახადა.

თეთრი ტექნოლოგია იყენებს ობის, ბაქტერიების, მცენარეებისა და საფუარის ცოცხალ უჯრედებს ადვილად დეგრადირებადი პროდუქტების სინთეზისთვის. მას შეიძლება დასჭირდეს ნაკლები ენერგია და წარმოქმნას ნაკლები ნარჩენი. ამ მიმართულების ყველაზე ცნობილი ნამუშევარი ბიო საწვავია. დღეს ბევრი კომპანია ცდილობს თავისი ავტომობილები ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე გადაიყვანოს.

მომავალში შეიძლება ყველაფერი ბიოდეგრადირებადი გახდეს. ეს ნაკლებ ენერგიასა და ხარჯს მოითხოვს, თან ბუნებაც არ ბინძურდება. თეთრ ბიოტექნოლოგიას აქვს დიდი სარგებელი როგორც ეკონომიკურად, ასევე – ეკოლოგიურად. მაგრამ, ამას სჭირდება პროგრამების ფართო სპექტრი. შეიძლება მალე ბუნებრივი ზეთის სახეცვლილი ვარიანტი შევიძინოთ მაღაზიებში.


ლურჯი

ლურჯი ბიოტექნოლოგია იყენებს ზღვის რესურსებს აკვაკულტურის, კოსმეტიკური და ჯანდაცვის პროდუქტების მოსაპოვებლად. გარდა ამისა, ეს არის მიმართულება, რომელიც ყველაზე ფართოდ გამოიყენება გარკვეული მიკრო წყალმცენარეებიდან ბიოსაწვავის მოსაპოვებლად. ასევე ყურადღება გამახვილებულია წყალქვეშა ორგანიზმების გამოყენებაზე ადამიანის სხვადასხვა მიზნებისთვის, როგორიცაა ახალი მედიკამენტების ან საკვები დანამატების შექმნა ადამიანის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

ინდუსტრიული სექტორი დიდად სარგებლობს "ლურჯი" ბიოტექნოლოგიით. სხვადასხვა ცილები, ბიოპოლიმერები, ბიომასალები და ფერმენტები დიდი რაოდენობით იწარმოება ზღვის ეკოსისტემიდან.

მაგალითისთვის, მედუზისგან მიღებულ მწვანე ფლუორესცენტურ ცილაზე ულტრაიისფერი სხივების ქვეშ დაკვირვების შედეგად არაერთი მნიშვნელოვანი მეცნიერული დასკვნა გაკეთდა, საბოლოოდ კი ენერგიის მარტივი გამომუშავება გახდა შესაძლებელი. ასევე, მეცნიერებმა კონუსური ლოკოკინის შხამი ეფექტურ ტკივილგამაყუჩებლად აქციეს.

ლურჯი ბიოტექნოლოგიის მომავალი საკმაოდ ფართოა იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო წყლების უმეტესი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის გამოკვლეული.


ბიოტექნოლოგიური სტარტაპები

წამყვანი კომპანიების შემოსავლების ზრდასთან ერთად, მსოფლიოში ბიოტექნოლოგიური სტარტაპების რაოდენობაც იმატებს. ამ სფეროს ახალი შეხედულებები წყალივით სჭირდება. ნებისმიერ მცირე აღმოჩანასაც შეუძლია შეცვალოს სამყარო. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა მიმართულების მქონე სტარტაპი არსებობს, ახლა იმათ შესახებ გიამბობ, რომელთა განვითარებასაც დიდი ოვაციები მოჰყვა.


DNA Nudge

დე-ენ-ემი ყოველთვის იდუმალებით მოცული თემა იყო ბიოლოგიაში. მისი მეშვეობით ადამიანზე უნიკალური ინფორმაციის გაგებაა შესაძლებელი. 2015 წელს ორმა ბიოტექნოლოგმა გადაწყვიტა დნმ-ის გაციფრულება და ამით ადამიანების ცხოვრების გამარტივება.

მათ შექმნეს სისტემა სახელად DNA Nudge, რომელიც ზუსტად გვეუბნება, თუ რა არის ჩვენი ორგანიზმისთვის საჭირო საკვები. ეს მხოლოდ კვების რაციონის შემდგენი საშუალება როდია. ამ ინვოაციას შეუძლია აკონტროლოს ადამიანის ცხოვრების რიტმი. მაგალითად, შენიშვნა მისცეს, რომ ზედმეტი ჯდომა ან წოლა ამ მომენტისთვის არ არის მიზანშეწონილი.


სტარტაპის გამოყენება რამდენიმე მცირე საფეხურს მოიცავს. ლოყის ნაცხის მარტივად აღების შემდეგ, ადამიანის ერთი სნიპი, ანუ დნმ-ის ერთი კოდი, თავსდება მექანიზმში, რომელიც მას გააციფრულებს. ყველა კლინიკური მონაცემი სუფთავდება და სისტემა მზად არის შენზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმაროს. როდესაც სამაჯურის დახმარებით პროდუქტს შეიძენ, აპლიკაცია ამ მონაცემს ინახავს და შემდგომი გადაწყვეტილებისთვის მოიხმარს. მაგალითად, თუ ერთ დღეს ბევრი ტკბილი ჭამე და სასურველზე ნაკლები იმოძრავე, მეორე დღეს ტკბილ პროდუქტებზე სამაური გაგიწითლდება. თუ ბევრს ივარჯიშებ და ჟანსაღად გააგრძელებ კვებას, ისევ გამწვანდება და ა.შ.

კომპანიამ ამ დროისთვის 60 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა და კვლავ განაგრძობს წინსვლას. მისი მომავალი ჯერ-ჯერობით ბუნდოვანია, თუმცა განვითარების პერსპექტივა – უსაზღვრო. შეიძლება ყველანაირი მოწმობის მაგივრად მხოლოდ ერთი სამაჯურიც საკმარისი გახდეს.


Virtuleap

2018 წელს ჩამოყალიბებული პორტუგალიური სტარტაპი Virtuleap ჯანმრთელობისა და განათლების სფეროს პრობლემებს აერთიანებს და ამ ყველაფრის მოსაგვარებლად ვირტუალურ რეალობასა და ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. კომპანიამ ამ დროისთვის 1.1 მილიონი დოლარი ინვესტიციის მოზიდვა შეძლო.

Enhance არის Virtuleap-ის ნაწარმი VR აპლიკაცია, რომელიც მოიცავს ტვინის სასწავლო თამაშების მზარდ ბიბლიოთეკას. აპლიკაცია ამოწმებს და ავარჯიშებს სხვადასხვა კოგნიტურ უნარებს, როგორიცაა: მეხსიერება, პრობლემების გადაჭრა, სივრცული ორიენტაცია და მოტორული კონტროლი. კვლევების შედეგად, აშკარაა, რომ VR– ი აერთიანებს სწავლის მრავალ სისტემას, რაც მას უფრო ეფექტურსა და ბუნებრივ გარემოსთან აახლოებს. ეს მიდგომა გაცილებით უკეთესია, ვიდრე 2D ეკრანზე დაფუძნებული განმავითარებელი თამაშები. VR ტრენინგს შეუძლია მკაფიოდ განავითაროს ადამიანის კოგნიტური უნარები.

ასევე გაეცანი: რა განსხვავებაა ვირტუალურ, აუგმენტურ და შერეულ რეალობებს შორის.

“ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ ჩვენი თამაშებისა და ტექნოლოგიის მეცნიერულ დიზაინს, რათა განვსაზღვროთ პოტენციური შემეცნებითი ზემოქმედება, რაც შესაძლებელია ნეირომეცნიერებისა და ქცევითი მეცნიერების სფეროებში უახლესი კვლევის წყალობით.” – ამირ ბოზორგზადე, Virtuleap-ის დამფუძნებელი.


Enterome

Enterome არის კლინიკური ტიპის კომპანია, რომელიც ავითარებს მედიკამენტებს ქრონიკული სამედიცინო მდგომარეობებისთვის. ეს მიდგომა დაკავშირებულია ბაქტერიული შემადგენლობის დარღვევებთან. სტარტაპი დამწყებ სტადიაზეა ახალი ფარმაცევტული საშუალებების აღმოჩენისა და განვითარების მიმართულებით, რომელიც ეფუძნება ნაწლავის მიკრობიომსა და იმუნურ სისტემას შორის ურთიერთქმედებას. კომპანია ამ გამოცდილებას კიბოს, აუტოიმუნური, ანთებითი და მეტაბოლური დაავადებების წინააღმდეგ იყენებს.

Enterome-ს სტრატეგია ახალი ფარმაცევტული საშუალებების შემუშავებაა, რომლებიც უზრუნველყოფს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ მკურნალობას, რაც სარგებელს მოუტანს პაციენტებს გლობალურად და ასევე გამოიმუშავებს ღირებულებას მისი აქციონერებისთვის.

კომპანია დაარსდა 2011 წელს და მოიპოვა 128.9 მლნ დოლარის ინვესტიცია. მათი განვითარების ტემპი იუწყება, რომ ინვესტიციები კიდევ ჩაიდება ამ მნიშვნელოვანი წამოწყების განვითარებაში.


LabGenius

2012 წელს ჩამოყალიბებულ კომპანიას ამ ეტპაზე მოზიდული აქვს 28.7 მლნ დოლარის ინვესტიცია. LabGenius ავითარებს მომავალი თაობის ცილოვან თერაპიას მანქანათმცოდნეობის ევოლუციური ძრავის (EVA) გამოყენებით.

“ჩვენ ვიყენებთ რობოტულ ავტომატიზაციას, სინთეზურ ბიოლოგიას და მოწინავე მანქანათმცოდნეობას ცილოვანი ფიტნეს პეიზაჟების შესასწავლად და წამლის მრავალი თვისების გასაუმჯობესებლად ერთდროულად.” – დოქტორი ედვინ მოსესი, LabGenius თანადამფუძნებელი

ცილოვანი თერაპიის აღმოჩენა კომპანიისთვის თავიდან უაღრესად რთული იყო, რაც დიდწილად ეყრდნობოდა ადამიანებს, როგორც ექსპერიმენტული დიზაინისთვის, ასევე შესრულებისთვის. სწორედ ამიტომ შეიქმნა ჭკვიანი რობოტი, რომელსაც შეუძლია შეიმუშაოს და განახორციელოს კონკრეტული ქნედებები EVA-ს გამოყენებით. ის სწავლობს საკუთარი ექსპერიმენტებიდან.

სტარტაპი ამჟამად მუშაობს უახლესი მკურნალობის მიდგომაზე – IBD-ზე, რომელსაც მყისიერი პოტენციალი აქვს, იყოს უფრო მოსახერხებელი, უსაფრთხო და ეფექტური, ვიდრე არსებული მიდგომები.


საზოგადოების დამოკიდებულება ბიოტექნოლოგიების მიმართ

მსოფლიოში ბიოტექნოლოგიური განვითარება გარდაუვალია. ეს, საინტერესოსთან ერთად, აუცილებელიცაა. ასე ვამარცხებთ წარსულში დაუმარცხებელ დაავადებებს და უამრავ სხვა პრობლემას. მიუხედავად იმისა, რომ ამ გასაოცარ მეცნიერებაზე ვართ დამოკიდებული, საზოგადოების ნაწილისთვის მაინც მიუღებელია ბიოტექნოლოგია. ასეთი ტიპის ადამიანებში გამოკვეთილია 100% ნდობის აუცილებლობა. ჩვენს სამყაროში კი, უზუსტესი არაფერია, მათემატიკის გარდა.

ერთ-ერთი და ყველაზე ფართოდ გავრცელებული მიზეზი, რასაც ბიოტექნოლოგიის მოძულეთა ბიბილიოთეკაში ვხვდებით, არის მცირე გარანტიები. დღესდღეობით უამრავი ტიპის კვლევები ტარდება, რომელთა თანახმადაც ამ ინდუსტრიის მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს უმაღლესი სანდოობის მაჩვენებელი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათი ნდობა არ ღირს. რადიკალური მიდგომის შედეგად რთულდება ისეთი სასიკეთო პროცესები, როგორიცაა ვაქცინაცია.

ინვესტორების მხრიდან, ბიოტექნოლოგიების მიუღებლობის კიდევ ერთი მიზეზი არის რისკი. რეალურად მეცნიერების ეს დარგი სარისკოა იმ მხრივ, რომ შეიძლება ერთ პატარა შეცდომასაც კომპანიის გაბანკნოტება მოჰყვეს. ამ რისკის შემხედვარე, ინვესტორთა გარკვეული ნაწილი თავს იკავებს თანხის ბიოტექნოლოგიებში დაბანდებისგან. ამისდა მიუხედავად, მსოფლიოში უკვე 750 მილიარდ დოლარზე მეტია დაბანდებული და განვითარების ტემპი არ ნელდება. მკვლევარები ამ ბაზრის დაახლოებით 16%-იან ზრდას იუწყებიან მომავალ წლებში.

საბოლოოდ, მსოფლიოში ბიოტექნოლოგიური ერა არ აპირებს გადაშენებას. სანაცვლოდ კი ადამიანთა ნდობასაც ითხოვს, რათა უმფრო მყისიერად განვითარდეს. ასებობს როგორც სანდო, ისე არასანდო პროდუქტები, თუმცა თანამედროვე სამყაროში დაზღვეულნი ვართ გადაჭარბებული რისკებისგან.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

გიგი მეფარიშვილი

რეკომენდაციები

03 აგვისტო

სოციალური მედიის თანამედროვე გამოწვევები და ციფრული კონსტიტუციონალიზმი

ინტერვიუ ედოარდო კელესტესტან. რომელია ის პრინციპები და ფასეულობები, რომლითაც ჩვენი საზოგადოება იხელმძღვანელებს ციფრულ ხანაში
03 აგვისტო

მოუსვენრობა წარმატებისთვის: როგორ ცვლიან სამყაროს წამყვანი კომპანიები განვითარებული კომუნიკაციების წყალობით

​​​​​​​​​​​​​​მხოლოდ კომუნიკაციების სექტორის უნიკალურ შესაძლებლობებზე საუბრისას თუ გავაერთიანებდით ახალბედა ტიკტოკსა და ბებერ გუგლს, მუსიკალურ პლატფორმა სპოტიფაისა და საზიარო ტაქსების სერვის უბერს. 
10 აგვისტო

5G - ახალი შესაძლებლობების სამყარო

სიახლეები საზოგადოებას ხშირად აშინებს, აბნევს და ეჭვებს უჩენს, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს ის ფაქტი, რომ ისეთი ინოვაციის დანერგვაში, როგორიც უსწრაფესი 5G ინტერნეტია, საზოგადოების ნაწილმა საფრთხე დაინახა და ამ შეგრძნებამ ისე მოიცვა, რომ კითხვის - „რა სარგებელს მოიტანს ეს უკანასკნელი?“ დასმაც არ ჩათვალა საჭიროდ და ბოლო თაობის ინტერნეტკავშირი უპირობო მტრად მიიღო.