ლურჯი ვერსია

რამ განაპირობა სილიკონ ველის წარმატება და შეიძლება თუ არა მისი კლონირება?

27 აგვისტო 2021

სილიკონ ველი ადგილი არ არის, ეს ინოვაციების ჰაბია, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში შეიძლება ამოიზარდოს – თუ სწორ ინგრედიენტებს მოუყრი თავს.

როგორც პოლ გრემი აღნიშნავს:

“თუ შეძლებ, რომ ათი ათასი სწორი ადამიანი სილიკონ ველიდან ბუფალოში გადაიყვანო, ბუფალო სილიკონ ველი აგხდება.”

ისმის ორი კითხვა:

1. ვინ არიან სილიკონ ველის შესაქმნელად შესაფერისი ადამიანები?

2. როგორ უნდა მოუყარო მათ თავი ერთ ადგილას?

პოლის ესსე ამ ორ კითხვაზე პასუხის გაცემას ისახავს მიზნად.


სწორი ხალხი, როგორც მთავარი ღერძი

როგორც არ უნდა განვითარდეს ტექნოლოგია, ყველაფერი მაინც ადამიანური კაპიტალით იწყება.

ხშირად გვავიწყდება ხოლმე, რომ გიგანტი კომპანიების მძლავრი ტექნოლოგიებით აღჭურვილ კედლებს მიღმა ადამიანები სუნთქავენ, ფიქრობენ და წყვეტენ, საით მიმართონ მათ ხელთ არსებული რესურსი. სწორედ ეს მიმართულება განაპირობებს, მოიტანს თუ არა მათი პროდუქტი ღირებულებას ხალხისთვის.


ნერდები (nerds)

სამწუხაროა, რომ ნერდს ქართულად ზუსტი შესატყვისი არ გააჩნია. კომპლექსურ პრობლემებზე ჩაციკვლა, პროვოკაციულ კითხვებზე პასუხების პოვნის დაუოკებელი სურვილი და დაუღალავი შრომა ის თვისებებია, რომლებიც ამ ადამიანებს აერთიანებს. და რამდენადაც არაპოპულარულები არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი სკოლებში, იმდენად პოპულარულები ხდებიან ზრდასრულობისას დიდების სამყაროში.

სილიკონ ველის პირველი ინგრედიენტი სწორედ ნერდები არიან. მარკ ცუკერბერგი, ბილ გეითსი, სტივ ვოზნიაკი – ფეისბუკის, მაიკროსოფტისა და ეფლის მსგავსი გიგანტური კომპანიების უკან მათი შემოქმედები იმალებიან.


ინვესტორები

იმისათვის კი, რომ ნერდების მიერ აღმოჩენილი იდეები რეალობად იქცეს, კაპიტალია საჭირო. ესეც სილიკონ ველის მეორე ინგრედიენტი: მდიდარი და ინოვაციებით გატაცებული ინვესტორები.

პოლ გრემი აქვე აკონკრეტებს, რომ სახელმწიფო ამ როლის შესავსებად არ გამოდგება:

“სტარტაპის ინვესტორები განსაკუთრებული ტიპის მდიდარი ხალხია. მათ გააჩნიათ გამოცდილება ტექნოლოგიურ ბიზნესში. ეს ეხმარება მათ სწორი სტარტაპების შერჩევაში და ნიშნავს, რომ ფულთან ერთად, რჩევებისა და კავშირების გაცემაც შეუძლიათ. და ის ფაქტი, რომ ინვესტორებს პირადი ინტერესი გააჩნიათ შედეგზე, უფრო მეტი ყურადღებისკენ უხმობს მათ.”

“ბიუროკრატები”, როგორც მათ პოლი უწოდებს, ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. მართლაც, ყველა წარმატებული სტარტაპერი აღნიშნავს, რომ მთავარი მხოლოდ ის კი არაა, ფინანსები მოიზიდო, არამედ ის, ვისგან მოიზიდავ ამ ფინანსებს.


პროფესორები

მარტივი ლოგიკაა, რომ სადაც არიან ნერდები, იქვე იყრიან თავს ჭკვიანი ინვესტორებიც. თუმცა, როგორ უნდა მოუყარო თავი ნერდებს?

ჭკვიანი ხალხი ჭკვიან ხალხს ეძებს და მათ საპოვნელად ყველაზე ოპტიმალური გზა მაღალი ხარისხის უნივერსიტეტში ჩაბარებაა. და, ისევე როგორც სილიკონ ველის ქმნის სწორი ხალხი, კარგ უნივერსიტეტს კარგი პროფესორები უდგანან სათავეში.

გამოდის, რომ თუ სილიკონ ველის შექმნა გინდა, გჭირდება უნივერსიტეტი, სადაც მაღალი დონის პროფესორებს მოუყრი თავს. შემდეგ კი, დაელოდები, როდის მოაწყდებიან შენს უნივერსიტეტს ნერდები და როდის მოყვებათ მათ ინვესტორები.

მაგრამ, მხოლოდ სწორი ხალხის ერთ ადგილას თავმოყრა საკმარისი არაა იმისათვის, რომ ისინი აქვე დარჩნენ. როგორ უნდა გადააფიქრებინო მათ თუნდაც სილიკონ ველიში გადასვლა, როცა სწავლას მორჩებიან და მომავლის სტარტაპებზე დაიწყებენ მუშაობას?


ქალაქი, როგორც მასპინძელი

“ნერდების უმეტესობა კრეატიული ადამიანების გემოვნებას იზიარებს… ისევე, როგორც დანარჩენ კრეატიულ ადამიანებს, მათ უნდათ იცხოვრონ ისეთ ადგილას, რომელსაც ხასიათი გააჩნია.”

წერს პოლი. ქალაქი ხასიათით კი, ის ქალაქია, რომელსაც მისი მაცხოვრებლები ქმნიან. ადგილობრივი რესტორნები და კაფე-ბარები გლობალური საკვების ობიექტების მაგივრად. მოვლილი უბნები თავისი ინდივიდუალური, სახასიათო ნიშნებით, სტანდარტული კორპუსების მაგივრად. ქუჩაში მოღიმარი სახით მოარული ხალხი დასტრესილი და მუდმივად სადღაც მირბენალი ადამიანების მაგივრად… მოკლედ, ქალაქი, რომელიც მასობრივად წარმოებულს არ ჰგავს. ქალაქი, რომელიც მასში მცხოვრები ხალხის ინდივიდუალიზმსა და მრავალფეროვნებას უსვამს ხაზს.

ასეთი საცხოვრებელი, ერთის მხრივ, პოზიტიურ მუხტებს ავრცელებს, მეორეს მხრივ კი, თავისუფლებაზე მიანიშნებს. ნერდებს და ინვესტორებს რისკი უყვართ. სხვანაირად ვერც Airbnb-ი შეიქმნებოდა, ვერ ფეისბუკი და ვერც – მაიკროსოფტი. ქალაქი, რომელიც ასეთი რისკების გაღების შესაძლებლობას არ ზღუდავს, სწორედ ის ადგილია, სადაც ნერდები და ინვესტორები იყრიან თავს.


სილიკონ ველის ვერ ააშენებ, ის თავისით უნდა ამოიზარდოს

სილიკონ ველი თავიდან ერთი ნერდით დაიწყო. 1940-იან წლებში უილიამ შოკლიმ პირველი ტრანზისტორის გამოგონებაზე იმუშავა სხვებთან ერთად Bell Labs-ში (ესეც, კარგი უნივერსიტეტი). ვილიამი მალევე წამოვიდა უნივერსიტეტიდან და დამოუკიდებელი კომპანია გახსნა. ის პირველი იყო, ვინც ტრანზისტორებს სილიკონისგან ამზადებდა.

1957 წელს ვილიამის კომპანია რვა თანამშრომელმა დატოვა და თავ-თავიანთ გზებს გაუდგნენ. ორმა მათგანმა მომდევნო წლებში კომპანია Intel-ს ჩაუყარა საფუძველი. დანარჩენებმა გახსნეს Nvidia, AMD და ვენჩურული ფირმა Kleiner Perkins-ი.

სილიკონ ველის დროთა განმავლობაში სხვა სტარტაპერებიც შეუერთდნენ (ეფლი, გუგლი, PayPal-ი…). მოკლედ, ერთ ადგილას თავმოყრილმა რამდენიმე ნიჭიერმა ადამიანმა სხვებიც მაგნიტივით მიიზიდეს.

საინტერესო ამ ამბავში ისაა, რომ სილიკონ ველი ორგანულად შეიქმნა. ისინი ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი ოფისების გამო არ გაერთიანებულან. უბრალოდ, ნერდებმა კარგ უნივერსიტეტებში მოიყარეს თავი (მაგალითად, Bell Labs-ში), ნელ-ნელა ინდივიდუალურ პროექტებზე გაიშალნენ, შემდეგ კი სხვა დამწყები სტარტაპერების დაფინანსებასაც მიჰყვეს ხელი (ეს სწორედ იმ ტიპის ინვესტორია, რომელსაც პოლ გრემი უპირატესობას ანიჭებს).

როგორც პოლი აღნიშნავს:

“ხელისუფლება, რომელიც კითხულობს “როგორ შეგვიძლია შევქმნათ სილიკონ ველი?” სავარაუდოდ, წარუმატებლობისთვისაა განწირული მხოლოდ იმის გამო, თუ როგორ დასვა შეკითხვა. სილიკონ ველის არ აშენებ; შენ აძლევ მას შესაძლებლობას, თავისით ამოიზარდოს.”

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

03 აგვისტო

მოუსვენრობა წარმატებისთვის: როგორ ცვლიან სამყაროს წამყვანი კომპანიები განვითარებული კომუნიკაციების წყალობით

​​​​​​​​​​​​​​მხოლოდ კომუნიკაციების სექტორის უნიკალურ შესაძლებლობებზე საუბრისას თუ გავაერთიანებდით ახალბედა ტიკტოკსა და ბებერ გუგლს, მუსიკალურ პლატფორმა სპოტიფაისა და საზიარო ტაქსების სერვის უბერს. 
27 აგვისტო

შეცდომებიდან სტარტაპ შედევრებამდე

“არსებობს სულელური გამოთქმა, რომ ნასაში შეცდომა მიღებული არაა. შეცდომა  ჩვენთან მიღებულია. თუ შეცდომებს არ უშვებ, მაშინ საკმარისად ინოვაციური არ ხარ.”