ლურჯი ვერსია

რატომ და როგორ უნდა მოვიზიდოთ თაობა Z-ი სტარტაპში?

05 ოქტომბერი 2021

ჭკვიანი საათი, რომელიც ამოიცნობს ინსულტს ხანდაზმულებში; ბლოკჩეინ პროგრამები, რომლებიც ზრდის შობადობის რეგისტრაციის მაჩვენებელს განვითარებად ქვეყნებში; ობიექტების გამოვლენის წამყვანი ალგორითმები, რომლებიც მექანიზირებულია ხელოვნური ინტელექტით (AI).

რა საერთო აქვთ ამ ბიზნეს იდეებს?

მათი შემქმნელები თაობა Z-ის (Gen Z) წარმომადგენლები არიან. ასე ეწოდება თაობას, რომელიც 90-იანების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში დაიბადა. 2025 წლისთვის ისინი სამუშაო ძალის 75%-ს შეადგენენ და რუტინულ სამსახურეობრივ გარემოში მნიშვნელოვან სიახლეებს შეიტანენ. ამ კულტურული ცვლილებებისთვის მენეჯერებს მომზადება მოუწევთ.

საშიშად ჟღერს, არა? საქმე ისაა, რომ ცვლილებები გარისკვად და მათთვის კარის გაღებად ნამდვილად ღირს, რადგან თითოეული ნაბიჯი სტარტაპების განვითარებისკენ იქნება მიმართული. ამას ახლავე დაგიმტკიცებ და მოგიყვები იმასაც, თუ როგორ უნდა გაუჩინო ახალ თაობას შენთან მუშაობის სურვილი. მათთვის ბრძოლა კი, მერწმუნე, დაგჭირდება.


რატომ უნდა გვინდოდეს Gen Z-ის სტარტაპში დასაქმება, ანუ გაკვეთილები ახალი თაობისგან

„ბოლო ათწლეულში, ყველა თაობის ანტრეპრენერთან მომიწია თანამშრომლობა და მათ შორის განსაკუთრებულად შთამაგონებელი თაობა Z-თან ურთიერთობა იყო.“

ასე იწყებს თავის ბლოგს კომპანია Victory Square Technologies-ის დამფუძნებელი, ინვესტორი შაფინ დაიმონდ ტეჯანი, რომელიც 25 წელია ტექნოლოგიურ სამყაროშია და სტარტაპებს განვითარებაში ეხმარება. მან 24 ქვეყანაში 40-ზე მეტი სტარტაპი გაუშვა, რითაც $100 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.

ამ ხნის განმავლობაში, თაობა Z-თან თანამშრომლობით დაგროვილ გამოცდილებაზე ტეჯინი ენთუზიაზმით საუბრობს და გვიყვება, თუ რატომ არიან ისინი ყველაზე წარმატებული სტარტაპერები. გვიზიარებს მათგან მიღებულ გაკვეთილებსაც:


1. ანტრეპრენერობა, როგორც ცხოვრების წესი

თაობა Z-ი ცნობილი ხდება, როგორც ყველა დროის ყველაზე ანტრეპრენერი თაობა. მათი 62% აღნიშნავს, რომ საკუთარი ბიზნესი დაიწყეს ან ამას უახლოეს მომავალში აპირებენ. ისინი, ვინც ამ გზას უკვე დაადგნენ, განსხვავებული მიდგომებით, მუდმივად ცდილობენ ბრენდის განვითარებასა და გაფართოებას.

გარკვეულწილად, თაობა Z-ი არაფრით განსხვავდება წინამორბედებისგან. მათი ბიზნეს იდეები უკავშირდება პროდუქტებსა თუ მომსახურებას, რითაც ადამიანის ისეთ ძირითად მოთხოვნილებებს ავსებენ, როგორებიცაა ჭამა, გართობა თუ კომუნიკაცია. მთავარი განსხვავება საქმისადმი მათ უნიკალურ მიდგომებშია. ამ თაობის ღირებულებები, თვისებები და გამოცდილება მათი სავიზიტო ბარათია.

მეორე მხრივ, გავლენიანი მენტორები მათთვის ადვილად ხელმისაწვდომია. მრავლად ჰყავთ მისაბაძი მაგალითები – ილონ მასკიდან Youtube ინფლუენსერებით დასრულებული.

მაგალითისთვის, გავიხსენოთ SmartSweets-ის დამფუძნებელი ტარა ბოში: ინტერნეტსივრცეში ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, მან იპოვა ორდღიანი კურსი „როგორ დავიწყოთ კვების ბიზნესი“. კოლეჯში სწავლის პერიოდში, დაუკავშირდა სხვა ახალგაზრდა ანტრეპრენერებსაც და მისი კარიერაც ასე დაიწყო.

„მახსოვს, მასთან საუბრით დატოვებული შთაბეჭდილება. ის ჰყვებოდა, თუ რამდენად კომფორტულად გრძნობდა თავს ანტრეპრენერის ამპლუაში.“ - იხსენებს ტეჯინი.

მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და ტარამ კომპანია $400 მილიონად გაყიდა. ეს აჩვენებს, რა ხდება მაშინ, როცა თაობა ანტრეპრენერობას აღიქვამს, როგორც სიცოცხლისუნარიან პროცესს და განიხილავს კარიერის გაგრძელების ნებისმიერ ვარიანტს.


2. მარტივად ათვისება და ხალისით სწავლა

როგორც ყველაზე განათლებული თაობა, ისინი აფასებენ სწავლას და ცოდნას იღებენ ყველაფრიდან, თუმცა ამას არატრადიციული გზებით უფრო აკეთებენ, ვიდრე – წიგნებით. რამდენიმე წამში, ონლაინ შეუძლიათ ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება, შესაბამისად ფაქტობრივი ცოდნა იმდენად მნიშვნელოვანი აღარაა, რამდენადაც აზროვნება. მათ არ სჭირდებათ ზეპირად იცოდნენ ჯომოლუნგმას სიმაღლე, მაგრამ მნიშვნელოვანია, შეეძლოთ ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნება. ისინი მარტივად უღებენ ალღოს ტექნოლოგიურ გამოწვევებს. არ არსებობს ჩარჩოები, საზღვრები, უმნიშვნელოა იერარქიული საფეხურები, არც სიგელებსა და დიპლომებს ანიჭებენ მნიშვნელობას. მათთვის მთავარი თვითრწმენა და შედეგზე ორიენტირებულობაა. არ სწავლობენ იმისთვის, რომ სკოლაში მაღალი ქულა მიიღონ ან ვინმეს გაეჯიბრონ. უბრალოდ, სიამოვნებას იღებენ შემეცნებით, სიღრმისეულად ერკვევიან იმ სფეროებში, რაც მართლა აინტერესებთ. ნაწილობრივ, თვითგანვითარების პროცესით ტკბობა სწრაფად ათვისების უნარსაც განაპირობებს, რადგან როგორც წესი, რაც გვაინტერესებს, გვემარტივება.


3. ციფრული კავშირები, როგორც ბრენდის განვითარების იაფიანი რესურსი

„ჩემი პირველი ბიზნესის – ონლაინ გაცნობის პლატფორმის, სერვერებისა და დეველოპმენტის ხარჯების დასაფარად რამდენიმე ასეული ათასი დოლარი დამჭირდა.“ - იხსენებს ტეჯინი.

დღეს, ნებისმიერ მეწარმეს, რომელიც ღრუბლოვან საცავსა და plug-and-play პროგრამებს იყენებს, იმავეს გაკეთება ამ თანხის ნაწილით შეუძლია. Wells Fargo-ს ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ საშუალო ბიზნესი საწყის კაპიტალად 10,000 დოლარზე ნაკლებს იყენებს.

ბიზნესის დაწყებისას, Gen Z-ის მამოძრავებელი ძალა არის არა ფული, არამედ – იდეის განხორციელების სურვილი. ეს შეიძლება იყოს არა დიადი პროექტი, არამედ – ყოფითი. მაგალითად, მაკიაჟის მასტერკლასები მეგობრებისთვის ან უფროსი თაობისთვის ადვილად გამოსაყენებელი ელექტრონული კომერციის პლატფორმები, როგორიცაა Etsy ან Shopify. შემდეგ კი ამ ყველაფერს თავიანთ „მშობლიურ სოციალურ ქსელებში“ აზიარებენ. მათ არ ეშინიათ საზოგადოებას თავიანთი ნამუშევარი გააცნონ. ისინი პოულობენ სამიზნე აუდიტორიას და ახორციელებენ მონეტიზაციას, თუნდაც ფასიანი რეკლამების საშუალებით. ეს თაობა ციფრულ კავშირებს საკუთარი ბრენდის შესაქმნელად იყენებს. მათთვის Facebook არაა მხოლოდ გართობის ან დროის გაყვანის საშუალება.

გასაკვირი არცაა, რადგან ისინი მუდმივად სოციალურ ქსელებში არიან, მათთვის უცხო არაა დისტანციური ურთიერთობები და გართობა თუ განათლება მათთვის ციფრულ სამყაროსთან მჭიდროდაა შეჭიდული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თაობა Z-ის სამყარო მათ ხელთაა. ციფრული აზროვნება გავლენას ახდენს ხედვებზე, იდეებსა თუ შესაძლებლობებზე. ყოველი ახალი ტექნოლოგიური სიახლე ახალი გამოწვევაა და ეს მათთვის კომფორტულია. ისინი ხომ, დღეში მინიმუმ 2 საათსა და 55 წუთს ონლაინ ატარებენ. აქ აზიარებენ ყველაფერს რაც მოსწონთ ან არ მოსწონთ. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მათ ინფლუენსერების როლი აქვთ მორგებული.

ხშირად, ისინი მობილურ აპლიკაციებზე დაფუძნებულ სტარტაპებს ქმნიან, რაც ათავისუფლებს მათ დროსა და კაპიტალს, სხვა უფრო მნიშვნელოვანი მიზნებისთვის... როგორიცაა, კიდევ ერთი სტარტაპის დაწყება…


რა სურს თაობა Z-ს, ანუ როგორ მივცეთ მათ მოტივაცია

თაობა Z-ის წარმომადგენლები უფრო თვითცნობიერები და რეალისტები არიან, ვიდრე წინა თაობები. ისინი გაიზარდნენ ფინანსური კრიზისის, მუდმივი საპროტესტო აქციების ეპოქაში, უყურებდნენ, როგორ კარგავდნენ მათი მშობლები სამსახურებს და როგორ ვერ რეალიზდებოდნენ უფროსი დედმამიშვილები. ამის ფონზე, Indeed.com-ის კვლევის გარეშეც ნათელია, რომ ეს თაობა პროფესიას მომავლის საქმიანობებში ეძებს. სტარტაპში მათი „შემოტყუება“ კი, არც ისე მარტივია, რადგან მუშაობის დაწყებისას ისინი იმაზე მეტ დეტალს აქცევენ ყურადღებას, ვიდრე უბრალოდ ხელფასი ან პირადი კაბინეტია.


1. განვითარების შესაძლებლობა

თაობა Z-ის წარმომადგენლები ეძებენ დამსაქმებელს, რომელიც კარიერულ ზრდას შესთავაზებს და მათ ტრენინგებსა თუ სხვა ტიპის გადამზადებაში ინვესტიციას ჩადებს.

კალიფორნიაში, კომპანია ServiceNow-მა ჩაატარა გამოკითხვა Gen Z-ის თანამშრომლებს შორის და აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 37% სამუშაოს ძებნისას ძირითად პრიორიტეტად პროფესიული ზრდისა და სწავლის შესაძლებლობებს ასახელებდა. ტექნოლოგიების გიგანტური კომპანიები სწორედ ასე იზიდავენ ახალგაზრდებს. Glassdoor-ის მიხედვით, თაობა Z-ის სამუშაო პროგრამების მიხედვით საუკეთესო კომპანიებია: IBM-ი, Google-ი, Amazon-ი და Microsoft-ი.


2. მიზანი

სამსახური მათთვის მხოლოდ ხელფასი არ არის. Gen Z-ის 74%-ისთვის, მუშაობა უფრო მეტია, ვიდრე სახლში საჭმლის მიტანის შესაძლებლობა. მათ სურთ თავი ორგანიზაციის სასიცოცხლო ნაწილად იგრძნონ.

გასაუბრებაზე ისეთი ტიპური შეკითხვის ნაცვლად, როგორიცაა „რას გააკეთებ პირველ რიგში ახალ სამსახურში.“ ჰკითხეთ, რისი გაკეთება სურს თქვენთან ერთად 6 თვის შემდეგ. დაუხატე დიდი სურათი და მიეცი დაფიქრების საშუალება. ეს მას თავს მნიშვნელოვნად აგრძნობინებს.


3. ნდობა

ეს თაობა თვითმოტივირებული და შედეგზე ორიენტირებულია. ზოგჯერ, ისიც საკმარისია, რომ უბრალოდ დაანახო შენი ნდობა და აჩვენო, რომ მისი შრომა ფასდება. ნუ შეიტან ეჭვს მის კეთილსინდისიერებაში, ასე მას დაკარგავ.


4. მოწესრიგებული სამუშაო გრაფიკი

მიუხედავად იმისა, რომ თაობა Z-სთვის კარიერა მნიშვნელოვანია, ისინი ითხოვენ ბალანსის დაცვას პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის. მათთვის ზეგანაკვეთური მუშაობა არაჯანსაღ სამუშაო გარემოს ნიშნავს. მოქნილი გრაფიკის შეთავაზებით მათ მოხიბვლას მარტივად შეძლებ.

დისტანციური მუშაობა ამ თაობისთვის დამატებითი მოტივაციაა, რაც პროდუქტიულობაზეც აისახება.


5. ადამიანური ურთიერთობები

მართალია, თაობა Z-ის ცხოვრება თითქმის მთლიანად ციფრულ რეჟიმში მიედინება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისთვის პერსონალური კომუნიკაცია უმნიშვნელოა. დიახ, მათ პირადად სურთ თქვენთან საუბარი!

Gen Z-ის 70%-ზე მეტს სამსახურში პირისპირ ურთიერთობა ურჩევნია და 60%-ს დამსაქმებლისგან მეტი უკუკავშირის მოსმენა სურს. გუნდის ხშირად შეკრებითა და მათი აზრის თუ საკუთარი გამოცდილების გაზიარებით მის გულს უდავოდ მოიგებ.


6. მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა

მილენიალების თაობა იყო პირველი, რომელთათვისაც სამუშაო ადგილზე მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა (D&I) მნიშვნელოვანია. როგორც აღმოჩნდა, ეს აქტუალურია თაობა Z-ისთვისაც. მათი 63% თვლის, რომ იდეების გაზიარება და სხვადასხვა გამოცდილების ადამიანებისგან სწავლა ღირებული გაკვეთილებია.

თაობათა ექსპერტ დოქტორ ალექსის აბრამსონის განმარტებით, კომპანიებისთვის გამოწვევაა დაარწმუნონ თაობა Z-ის წარმომადგენლები, რომ D&I მათ პრიორიტეტებს შორისაა. ის ამბობს:

„Gen Z-ის აყვანისას, ორგანიზაციები უნდა იყვნენ გამჭვირვალე თავიანთი D&I პოლიტიკისა და პროგრამების მიმართ და აჩვენონ მყარი, ემპირიული და მონაცემებზე დამყარებული მიდგომა.”

D&I სტრატეგიის შემუშავებისას, უმთავრესია იმის დემონსტრირება, რომ ორგანიზაცია ფიქრობს ინკლუზიურობაზე და ქმნის სამყაროს, რომელიც გადაეცემა პროგრესულ ახალგაზრდებს.


7. კომფორტული სამუშაო გარემო

მათთვის მნიშვნელოვანია ოფისის დიზაინიც, ავეჯის განლაგება, კაფეტერიაში ყავის აპარატების განთავსება, თანამშრომლების კეთილგანწყობა და ა.შ. კომფორტული გარემო კიდევ ერთი ქულა იქნება.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

მარიამ ელიაშვილი

რეკომენდაციები

06 ნოემბერი

3 გაკვეთილი ყველაზე ამბიციური მიზნების მისაღწევად – სტივ ჯობსის, ილონ მასკის და პოლ გრაჰამის რჩევები

სტარტაპინდუსტრიაში გვყავს ადამიანები, რომელთა ისტორიები და გამონათქვამები ყველგან გვხვდება.