ლურჯი ვერსია

რატომ უნდა დასვა სტარტაპში კითხვა “რატომ” 5-ჯერ (Lean მოდელი)

25 ივნისი 2021

ბავშვობაში ყველას შეგვიწუხებია უფროსები კითხვა “რატომ-ის” ასჯერ გამეორებით. თურმე, სწორად დასმული “რატომ” იმაზე შედეგიანი და სასარგებლოა, ვიდრე მაშინ ჩვენს მშობლებს ეჩვენებოდათ.

სტარტაპში ყველა გუნდის წევრი ცდილობს, რაც შეიძლება დააჩქაროს პროცესები. ამ დროს ბევრი შეცდომა იპარება და დაგროვილი ხარვეზები ბოლოს მაინც ანელებს ყველაფერს.

იმისათვის, რომ სიჩქარემ პროდუქტის ხარისხზე უარყოფითად არ იმოქმედოს და დიდ ხათაბალაში არ ამოგვაყოფინოს თავი, “წარმატებული სტარტაპის” ავტორი, ერიკ რისი, "5 რატომ-ის” მოდელს გვთავაზობს.

როგორ გამოიყურება ეს მარტივი სქემა და რატომ ღირს მისი სტარტაპში დანერგვა?


"5 რატომ-ის” მოდელი

პრინციპი მარტივია: როგორც კი შენს კომპანიაში რაიმე პრობლემა იჩენს თავს, კრავ ამ პრობლემაზე პასუხისმგებელ პირებს და ხუთჯერ ზედიზედ კითხულობ, თუ რამ გამოიწვია ეს ხარვეზი. მაგალითად:

როგორც მაგალითიდან გამოჩნდა, პრობლემა არც კლიენტში იყო და არც ბეჭდვის სისწრაფეში. ყველაფერი ლოჯისტიკურ ხარვეზებამდე დავიდა და მენეჯერს რომ საკმარისი კითხვები არ დაესვა, მსგავსი შეფერხებები კიდევ ხშირად განმეორდებოდა.

მიუხედავად "5 რატომ-ის” მოდელის სიმარტივისა, მას ძალიან ცოტა მენეჯერი მიმართავს. კიდევ უფრო ცოტა იყენებს ამ სქემას სწორად, მაგრამ ამაზე მომდევნო სტატიაში.

ყოველ პატარა ნიუანსზე ჩაკირკიტება ბევრი სტარტაპერისთვის დროის ფუჭ კარგვად მიიჩნევა. რეალურად, სტარტაპის ზრდის ტემპის პერიოდული დაგდებები საძირკვლის გასამაგრებლად იმაზე მეტ უპირატესობას მოგცემს, ვიდრე იფიქრებდი. "5 რატომ-ის” მოდელს სამი ძლიერი უპირატესობა გააჩნია, რის გამოც ღირს, ეს სავარჯიშო შენი სტარტაპკულტურის ნაწილად აქციო.


1. სისწრაფის დარეგულირება

სტარტაპის განვითარების ტემპი მისი პროდუქტისა და მომსახურების ხარისხის ხარჯზე არ უნდა იზრდებოდეს.

თავიდან მარტივია lean მეთოდოლოგიის ციკლის განხორციელება:

1. შექმენი;

2. შეამოწმე;

3. ისწავლე;

4. გაიმეორე.

რაც უფრო მატულობს გუნდის წევრების რაოდენობა და ჩქარდება საოპერაციო სამუშაოები, მით უფრო რთული ხდება ამ ციკლის მიყოლა. "5 რატომ-ის” მოდელი უზრუნველყოფს, რომ არც ერთ საფეხურს არ გადაახტე, რამხელაც არ უნდა იყოს შენი კომპანია. ტელეგრამის, WhatApp-ისა და სიგნალის მაგალითზე უკვე კარგად ვნახეთ რამდენად მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება.

ბევრი სტარტაპერი იმასაც კი აღნიშნავს, რომ ხსენებული მოდელიდან მომდინარეობს Lean მეთოდოლოგიის ყველა დანარჩენი პრინციპი. თავად ერიკი კი, ასე აჯამებს ამ საკითხს თავის წიგნში “წარმატებული სტარტაპი”:

“აჩქარებისთვის Lean სტარტაპებს სჭირდებათ ისეთი პროცესი, რომელიც უკუკავშირის ავტომატურ ციკლს ქმნის. როცა ზედმეტად ჩქარა მიდიხარ, უფრო მეტ პრობლემას იწვევ. ადაპტაციური პროცესები გაიძულებს შენელდე და პრობლემების თავიდან არიდებაში ჩადო ინვესტიცია. როცა მიღებული ზომები შედეგს გამოიღებ, შენ ბუნებრივად ისევ ჩქარდები.”


2. პრობლემების ძირეული აღმოფხვრა

დასაწყისში მოყვანილი ბროშურების დაბეჭდვის (თუ ვერდაბეჭდვის) მაგალითიდანაც ნათლად ჩანს, რომ მიზეზის 5-ჯერ მოთხოვნით წვრილმანი გაუგებრობიდან უფრო მასშტაბურ პრობლემამდე მივდივართ. რამდენადაც აუცილებელია საოპერაციო სამუშაოების გამართვა მსხვილ კომპანიებში, 10-ჯერ უფრო მნიშვნელოვანია ეს საკითხი სტარტაპებისთვის.

სწორედ ესაა ის უპირატესობა, რის გამოც "5 რატომ-ის” მოდელის გამოყენება ღირს. როგორც კი გაირკვა, რომ ბროშურების შეკვეთა მარაგში კარტრიჯის გათავების გამო ჩავარდა, მსგავსი პრობლემებისგან თავის არიდების გზამ სრულიად სხვა ფორმა მიიღო.

მენეჯერის მხრიდან შემდეგი ლოგიკური ქმედება ოფისის მენეჯერთან გასაუბრებაა იმის უზრუნველსაყოფად, რომ საწყობში ყოველთვის იყოს საკმარისი მარაგი. ამ გადაწყვეტამ, შესაძლოა, ბევრი სხვა მსგავსი დაბრკოლებაც მოაგვაროს. მაგალითად, შემდეგზე შეკვეთის ჩავარდნა სტეპლერების მომარაგებით აირიდონ თავიდან.


3. პატივმოყვარეობის მაჩვენებლებისგან თავის დაღწევა

მაჩვენებლები, რომლებიც კარგად გამოიყურება, მაგრამ რეალურ პროგრესს სულაც არ აჩვენებს, ისევ და ისევ ერიკის წიგნშია განხილული, როგორც ფუჭი პატივმოყვარეობის საზომები.

5 “რატომ-ი” გაიძულებს, აღიარო და ყურადღება დაუთმო ყველა იმ დაბრკოლებას, რომლებიც პატივმოყვარეობის საზომების უკან იმალება. ხშირად, პრობლემის საწყისი შენთან მოვა. ავტომატურად ხდები ვალდებული, პასუხი აგო საკუთარ შეცდომაზე და საჭირო დრო და ენერგია ჩადო მის გამოსწორებაზე – მაშინაც კი, თუ ეს ინვესტიცია პროდუქტის ახალი ფუნქციის გაშვების გადადება დაგიჯდება.

ერთი შეხედვით, განხილული მოდელი მარტივი ჩანს. ისეთი, ერთხელ რომ გაეცნობი და იმწამსვე დაიწყებ ეფექტურად გამოყენებას. მაგრამ, როგორც კი მის ათვისებას დაიწყებ, აღმოაჩენ, რომ ბევრი რამ შეიძლება წავიდეს არასწორად. მაგალითად, პრობლემების აღმოფხვრის მაგივრად, შეცდომების ერთმანეთზე გადაბრალებას მოჰყვეთ ან ხარვეზისთვის შეუსაბამო ინვესტიციის გაკეთე გადაწყვიტოთ.

მსგავსი ახალი პრობლემები რომ აიცილო თავიდან, ამ სტატიას შემდეგ კვირაში მოყვება ერიკის პრაქტიკული რჩევები "5 რატომ-ის” მოდელის სწორად და ოპტიმალურად დანერგვისთვის.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა