ლურჯი ვერსია

რჩევები სტარტაპერებს კონცენტრაციის შესანარჩუნებლად

29 მარტი 2022

დღის ბოლოს გიგრძვნია, რომ ყველაფერი დროულად შეასრულე, მაგრამ ფუნდამენტური წინსვლას მაინც არ განგიცდია?

თანამედროვე სწრაფი ცხოვრების ტემპი სხვა გზას არ გვიტოვებს, გარდა იმისა, რომ მოახლოებულ დედლაინებზე ვიზრუნოთ. სინამდვილეში მნიშვნელოვანი საქმე კი დაუმსახურებლად უკანა პლანზე ინაცვლებს.

სტარტაპის წამოწყებისას უამრავი საფიქრალი გაქვს. დეტალებით გართულს მთავარზე კონცენტრირება გავიწყდება, რაც გარანტირებული მარცხით დასრულდება. ამის თავიდან ასაცილებლად რამდენიმე მეთოდს უნდა მიმართო:


დაუთმე თითო დღე თითო დავალებას

სამუშაო გეგმის დასახვა რომ კონცენტრირებას ხელს უწყობს, ამ სტატიაში უკვე ვახსენეთ. მაგრამ გამუდმებით სამომავლოდ გადადებული, მნიშვნელოვანი საქმისთვის დღის გამოყოფა განსაკუთრებით პროდუქტიულია.

მთელი დღის ერთი დავალებისთვის დათმობა შესაძლოა ზედმეტად მოგეჩვენოს. თუმცა უმეტესად ჩვენთვის უცხო საქმეს ვარიდებთ ხოლმე თავს. რადგან ზუსტად არ ვიცით, რა დრო დაგვჭირდება მის შესასრულებლად. ამიტომაც ეს ზედმეტობა აუცილებელია და ყოველ ჯერზე ამართლებს.


გამოყავი საბოლოო მიზნის ელემენტები

ყოველი სერიოზული საქმის უკან დიადი მიზანი დგას, რომლის მიღწევაც ეტაპობრივადაა შესაძლებელი.

სტარტაპ სამყაროში ოცნებების ასახდენად შეაბიჯე, მაგრამ რეალობას არ უნდა მოწყდე. საბოლოო შედეგს ერთი მოძრაობით ვერ მიიღებ. დაანაწევრე შენი მიზანი. გამოყავი მისი შემადგენელი მნიშვნელოვანი ელემენტები, სანამ მარტივად შესასრულებელი არ გახდება.

თავდაპირველი მიზნის “ჩაშლა” კონკრეტულ საქმეზე კონცენტრირებაში დაგეხმარება და თითქოსდა უტოპიური ოცნებების მიღწევადობას გიჩვენებს.


მართე შფოთვა

სტარტაპერობა მოულოდნელობებითაა სავსე, ამიტომ ნერვიულობა და კითხვის ნიშნების გაჩენა ბუნებრივია. თუმცა ხანდახან წინმსწრები შფოთვა საქმის კეთებაში ხელს გვიშლის.

გაამართლებს თუ არა ეს მიდგომა? რამდენად მოეწონება სამიზნე აუდიტორიას? - ამ და სხვა კითხვების დასმა აუცილებელია. მაგრამ გამუდმებით კრახზე ფიქრით დაკავებული გონება პროდუქტიული ვერ იქნება.

რაც უფრო მნიშვნელოვანია საქმე, მით მეტად მძაფრდება წარუმატებლობის შიში. ნეგატიურმა ფიქრებმა რომ არ გაჯობოს, მათი იდენტიფიცირება უნდა შეძლო. უკვე ამოცნობილ შფოთვას ადვილად გაუმკლავდები თუ კომფორტის ზონიდან გამოხვალ და საკუთარ შიშებს მუშაობის გაგრძელებით დაუპირისპირდები.


დაახარჯე ნაკლები დრო უმნიშვნელო დავალებას

შარშანდელი მონაცემებით ყოველდღიურად ადამიანები დაახლოებით, საათ-ნახევარს ახარჯავდენ მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვან დავალებებს. შესაძლოა სტატისტიკა საგანგაშოდ არ მოგეჩვენოს, მაგრამ დრო ფულია. ბენჟამინ ფრანკლინის დამოწმება არც უნდა დამჭირდეს, რომ ყოველი წამი გადამწყვეტია.

ყველა საქმის მაღალ დონეზე შესრულება სასურველია, თუმცა ხანდახან შეუძლებელი. ამ დროს პრიორიტეტები სწორად უნდა დაალაგო და მეორეხარისხოვანი სამუშაო სწრაფი გადაწყვეტილებებისთვის გაიმეტო.


დაიჭირე თადარიგი

რუტინამ ჩათრევა იცის. უეცრად აღმოაჩენ, რომ პეიზაჟების დაფიქსირების მაგივრად, ფოტოაპარატის შეძენის შემდეგ ყოველ ორ კვირაში ერთხელ ახალი ფირის საყიდლად დადიხარ.

თუ სულ ერთი და იმავე საკითხებს აგვარებ, რაც მთავარ საქმემდე მისვლაში ხელს გიშლის. ჯობს, პირველ რიგში ამ გადაუდებელ პრობლემებს მიხედო.

თადარიგი დაიჭირე და “ფირი მოიმარაგე”, რომ დაზოგილი დრო თუ ენერგია მთავარ საქმეს მოხმარდეს.


დაადგინე კონცენტრაციის ფაქტორები

კონცენტრაციის უნარზე არაერთი ფიზიკური თუ სულიერი ფაქტორი ახდენს გავლენას. სტაბილური ძილის გრაფიკი რომ წაგადგება, ისედაც ნათელია. მეტად უნდა დაფიქრდე და დაადგინო შენ რა გეხმარება ყურადღების მოკრებაში მამოტივირებელი მუსიკა, დილის ვარჯიში თუ ჯანსაღი კვება?

გადაღლილი სხეული და “გადამწვარი” გონება სტარტაპს ვერც ინოვაციურ იდეას შემატებს, ვერც არსებულ პრობლემებს გადაჭრის.


შეჯამება

მნიშვნელოვანი და სასწრაფო საქმის ერთმანეთისგან გარჩევა არც ისე მარტივია, მაგრამ სტარტაპის ბედით დაინტერესებული შენი შინაგანი ხმა აუცილებლად სწორ გზაზე დაგაყენებს. ზემოთ ჩამოთვლილი მიდგომები კი აღდგენილ კონცენტრაციას იდენტიფიცირებული მთავარი საქმისკენ მიმართავს.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ელენე ჯანელიძე

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა