ლურჯი ვერსია

როგორ ვკონცენტრირდეთ საქმეზე სახლიდან მუშაობისას?

18 თებერვალი 2022

მგონი ვთანხმდებით, რომ პანდემიამ დღის წესრიგი შეცვალა და უმეტესობას სახლიდან მუშაობა გვიწევს. ეს ერთი მხრივ საოცნებო სამსახურს ჰგავს: არანაირი დრესკოდი, არანაირი დილაადრიან გაღვიძება და არანაირი საცობი.

ყველაფერი კარგად ჟღერს, სანამ სხვადასხვა პირადი პასუხიმსგებლობა გამოჩნდება, რომლებსაც ოფისში ყოფნისას ადვილად აიცილებდი თავიდან.

თუ ზუმ შეხვედრებში ყურადღების მოკრება გიჭირს, ერთი და იმავე მეილს სამჯერ კითხულობ და მაინც უშედეგოდ, მარტივი ამოცანის შესრულებას კი გაცილებით მეტ დროს უთმობ ვიდრე ადრე, მარტო არ ხარ.

ამ სტატიით რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას გაგიზიარებ, რომელიც დაკარგული კონცენტრაციის აღდგენასა და კვლავ პროდუქტიულად მუშაობაში დაგეხმარება:


შეისწავლე საკუთარი თავი

ყველას ჩვენი შინაგანი საათი გვაქვს. ზოგს დილაადრიან გაღვიძება უყვარს, ზოგი კი შუადღის ძილს და ღამით გვიანობამდე სიფხიზლეს ამჯობინებს. შეგიძლია, ამ განსხვავებულობის მიზეზებს ჩაუკვირდე, ან უბრალოდ, შენს სასარგებლოდ გამოიყენო.

გაარკვიე, დღის რომელ მონაკვეთში ხარ ყველაზე პროდუქტიული და სწორედ მაშინ წამოიწყე მნიშვნელოვანი საქმე. ნაკლებად პრიორიტეტული დავალებები კი სხვა დროისთვის შემოინახე.

პრიორიტეტებისა და დროის სწორი განაწილებისთვის გაეცანი Y Combinator-ის პარტნიორის, ადორა ჩენგის, რჩევებს.


ჩამოწერე სია

შეიძლება სკოლის მასწავლებლის მიერ მოცემულ დავალებას ჰგავდეს, რომლის შესრულებაც გეზარება, მაგრამ სიის შექმნა პროდუქტიულობის ასამაღლებელი უტყუარი ხერხია.

სამუშაოს დასრულებლამდე ჩამოწერე, რა გაქვს ხვალისთვის გასაკეთებელი. ყოველი დღე უკვე იდენტიფიცირებული დავალებებითა და ამოცანებით დაიწყება, რაც დაგეხმარება, პირდაპირ საქმეს შეუდგე.


მოიწყე ოფისი სახლში

დისტანციური სამსახურის მთავარი ხიბლია, რომ შეგიძლია იმუშაო იქ, სადაც გსურს. ამ მიმზიდველი თავისუფლების მიუხედავად, სახლში შენი პატარა ოფისის მოწყობა სასურველია.

ამისათვის ძვირადღირებული მაგიდისა და გორგოლაჭებიანი სკამის ყიდვა არაა აუცილებელი. უბრალოდ, შექმენი გარემო, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობ და საქმეზე კონცენტრირებას შეძლებ. სახლში ოფისის მოწყობისთვის გამოსადეგ კონკრეტულ რჩევებს კი აქ ნახავ.


გამოყავი დრო მუშაობისთვის

როგორც ზემოთ უკვე ვახსენე, ამოირჩიე მონაკვეთი, როცა ყველაზე პროდუქტიული ხარ და შეუდექი საქმეს ისე, თითქოს სახლში არ იყო. შესაძლოა, სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ მუშაობისთვის დროის გამოყოფა ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან გარკვეული საზღვრების დაწესებას გულისხმობს.

პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობას შორის ზღვარის გავლება აუცილებელია. წარმოიდგინე, რომ სტარტაპის ლოგოს დასრულებამდე ერთი ნაბიჯიღა გაშორებს და ამ დროს პურის ამოსატანად გაგზავნიან, სახლში დაბრუნებულს კი მეგობრის ზარი დაგეწევა.

მსგავს წყვეტილ სამუშაო გრაფიკს დასაწყისი თუ დასასრული არ უჩანს. სანახევროდ ფოკუსირებული ადამიანის მიერ ნახევრად შესრულებული საქმე კი სასურველ შედეგს ვერ მოგვცემს.


შეზღუდე კავშირი მედია საშუალებებთან

კოვიდ პანდემიით გამოწვეული ცვლილებებიდან ერთ-ერთი ინტერნეტზე დამოკიდებულების ზრდაა. ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისისთვის სოციალური ქსელების მოხმარების მაჩვენებელი 4%-ით აიწია.

მედია საშუალებები უკვე დიდი ხანია, ყურადღების გაფანტვის მთავარ მიზეზს წარმოადგენს. განსაკუთრებით ბოლო დროს, როცა მთელ მსოფლიოში ყოველწუთიერად რაღაც ახალი ხდება.

ამიტომაც მნიშვნელოვანია ინტერნეტ სივრცე მიზნობრივად გამოიყენო. ხელისშემშლელი საიტები, რომლებიც მუშაობისას არ გჭირდება, დაბლოკო და მობილურზე მოსულ არათემატურ შეტყობინებებს ხმა გაუთიშო.

საქმის დასრულებისთანავე ახსნი ბლოკს და მეტი ინტერესით გადახედავ დაგროვილ სიახლეებს.


შექმენი კალენდარი

კონცენტრირებას ვერ მოახერხებ, თუ არ იცი რაზე უნდა კონცენტრირდე. ყოველდღიური საქმის გასანაწილებლად სიის ჩამოწერა გამოსადეგია, მაგრამ სამომავლო მიზნების განსახორციელებლად ზოგადი გეგმის დასახვა და კალენდარის შედგენაა აუციელებლი.

არჩევანში თავისუფალი ხარ. შეგიძლია, ონლაინ “დაფა” შექმნა ან სულაც კედელზე გამოაკრა კალენდარი. მთავარია, გეგმა ვიზუალურად აღქმადი იყოს და გონებაში თავისთავად ჩაიბეჭდოს.


გამოიყენე შესვენებები

სნიკერსის რეკლამაში არ ტყუიან, შესვენების აღება მართლაც აუცილებელია. ნაწილი თვლის, რომ ადამიანს ყოველ 75-90 წუთში ესაჭიროება მსგავსი “გადატვირთვა”.

ოფისში ამ დანიშნულებას თანამშრომლებთან გასაუბრება, ლანჩზე ან უბრალოდ, ყავაზე გასვლა ასრულებს, რასაც დისტანციური მუშაობის პირობებში მოკლებული ვართ.

ამიტომაც ყოველი დღის დაგეგმვისას გამოყავი დრო შესვენებისთვის და გახსოვდეს, კონცენტრაციის ნაკლებობა, უმეტესად გადაღლილობას უკავშირდება.


იყავი ფიზიკურად აქტიური

მართალია, დღეს მეტ-ნაკლებად ყველა სახლში ვართ ჩამჯდარი, მაგრამ უძრავი ცხოვრების წესის დანერგვას, არ გირჩევ.

მუდმივი წამოწოლილობა წონის მატების გარდა. გონების მოდუნებასაც იწვევს. კარგი კონცენტრაციის უნარის შენარჩუნებისთვის კი ფიზიკური აქტივობა გადამწვეტია.

სამუშაოს დაწყებამდე ჰაერზე გასეირნებაც კი საკმარისია, რომ საქმეს განსაკუთრებული შემართებით შეუდგე.


შეჯამება

სახლიდან მუშაობა ერთგვარი გამოწვევაა, ამიტომაც შეიძლება, დროდადრო საქმეზე ფოკუსირება გაგიჭირდეს. ამის გამო, საკუთარ თავს ნუ გაუბრაზდები, ყველა ერთ ნავში ვართ.

მცირედი მონდომება და ზემოთ ჩამოთვლილი რჩევების გონიერი იმპლემენტირება დაკარგულ კონცენტრაციას დაგიბრუნებს.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ელენე ჯანელიძე

რეკომენდაციები

06 ნოემბერი

3 გაკვეთილი ყველაზე ამბიციური მიზნების მისაღწევად – სტივ ჯობსის, ილონ მასკის და პოლ გრაჰამის რჩევები

სტარტაპინდუსტრიაში გვყავს ადამიანები, რომელთა ისტორიები და გამონათქვამები ყველგან გვხვდება.