ლურჯი ვერსია

როდის უნდა დაიმატო სტარტაპში გუნდის ახალი წევრები?

30 ივლისი 2021

სტარტაპსამყაროში არასაკმარისი თანამშრომლების ყოლა, ლამის, სტანდარტადაა ქცეული.

ფულის დაზოგვა ამ სტანდარტის ერთადერთი მიზეზი არაა. პატარა გუნდის წევრები ერთმანეთთან კარგად არიან შეთამაშებული, სწრაფად რეაგირებენ და, დღის ბოლოს, უსიტყვოდაც ესმით ერთმანეთის. თუმცა, სტარტაპის მასშტაბების ზრდასთან ერთად, თანამშრომლების დამატება სასურველი კი არა, აუცილებელი ხდება.

ამ ნაბიჯის გადადგმა არც თუ ისე მარტივია. ხშირად, სტარტაპის დამფუძნებლები ზედმეტად გვიან აცნობიერებენ გუნდის გაზრდის აუცილებლობას. როგორ უნდა მიხვდე, როდისაა ახალი თანამშრომლის ასაყვანად სწორი დრო?


1. შენი თანამშრომლები ზედმეტად ბევრს მუშაობენ

დატვირთული გუნდი კარგია, მაგრამ გადატვირთული – გადაწვის წინაპირობაა.

თუ შენი თანამშრომლები საქმეს ვერ აუდიან, ბევრი უინტერესო, ე.წ. შავი სამუშაოს შესრულება უწევთ და რეალურად მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო ამოცანებისთვის საკმარისი დრო არ რჩებათ, მალე ისინი, უბრალოდ, დაგტოვებენ.

დაფიქრდი სტაჟიორის აყვანაზე, რომელიც ძირითადი გუნდისთვის ასისტენტის ფუნქციას შეასრულებს, მარტივ საქმეებს გადაიბარებს და ამ პროცესში თავადაც განვითარდება. ასეთი სამუშაოსთვის სტუდენტები ყველაზე კარგი ვარიანტია. მათი ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისია, ხოლო მოტივაცია – საოცრად მაღალი.


2. შენი თანამშრომლები ზედმეტად ბევრ შეცდომას უშვებენ

ამას სხვა მიზეზიც შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, ის, რომ შენი თანამშრომლები არაკვალიფიციურები არიან. თუმცა, თუ მათი მუშაობის ხარისხი მოულოდნელად დაეცა და მიზეზის თავი და ბოლო ვერ გაგიგია, ეს ან მოტივაციის, ან დროის ნაკლებობის ბრალია.

სტარტაპის მთავარი სამი უჩინარი საფრთხიდან ერთ-ერთი გუნდის წევრებში როლების არასწორი გადანაწილებაა. კომპანიის განვითარების საწყის ეტაპზე რომ ყველა ყველაფერს აკეთებს, ეს ნორმაა. თუმცა, კომპანიის ზრდასთან ერთად, იცვლება ფუნქცია-მოვალეობებიც და მათ შესაბამისი შემსრულებელი სჭირდება. ამ პროცესში როლები შეიძლება აირიოს და გუნდის წევრები ისეთ პოზიციებზე დაგრჩნენ, რომლებიც მათ აღარ შეესაბამებათ.


3. გაკლია კონკრეტული უნარების მქონე გუნდის წევრი

სტარტაპის ზრდასთან ერთად, მატულობს პასუხისმგებლობები და საჭირო უნარების სიაც.

თავიდან ერთი დეველოპერი MVP-ის ასაწყობად სრულებით საკმარისი შეიძლება იყოს. მაგრამ, როცა პირველად მომხმარებლებს სცდები და ნელ-ნელა ისინი უფრო მომთხოვნები ხდებიან საჭირო ხდება UX/UI დიზაინში ფულის ჩადებაც. კლიენტების რაოდენობის ზრდასთან ერთად უფრო გამძლე სისტემის აწყობაც აუცილებელია, რათა სერვერები არ გადაიტვირთოს.

გამოცდილი კადრის დამატების აუცილებლობა, ხშირად, მარკეტინგული მიმართულებით ეპარებათ ხოლმე. ამ პროფესიას, ძირითადად, გუნდის სხვადასხვა წევრები ითავსებენ და თავიდან ეს სრულებით საკმარისიცაა. პოლ გრემს თუ დავუჯერებთ, პირველი მომხმარებლები არამასშტაბირებადი გზებით უნდა მოიყვანო და ამ ეტაპზე დიდი მარკეტოლოგები არაფერში გჭირდება. თუმცა, როცა ამ ვიწრო აუდიტორიას ამოწურავ, მარკეტინგი მნიშვნელოვანი დეტალი ხდება შენს ბიზნეს სტრატეგიაში. ნუ დაზოგავ ფულსა და რესურსებს ამ მიმართულებით.


4. ვერ ახერხებ გაფართოვებას

თუ თანამშრომლების სიმცირე ხელს გიშლის სტარტაპის გაფართოვებაში, ახალი კადრების ასაყვანად ამაზე აშკარა ნიშანს ვერ იპოვი.

ბიზნესის ტიპიდან გამომდინარე, შეიძლება მომხმარებლების მომსახურებას ვეღარ აუდიოდე, ან ვერ ხსნიდე ახალ მაღაზიას, ან ვერ ამატებდე ახალ ფუნქციასა თუ სერვისს. სტარტაპისთვის სახასიათო სწრაფად მზარდი ტემპის გამო, კადრების სიმცირე ყველაზე უსაფუძვლო მიზეზია, რის გამოც შენელება ღირს.


5. შეგიძლია პოტენციური კადრის მოვალეობების დეტალური გაწერა

ბოლო და ყველაზე უტყუარი ნიშანი კი ის ფაქტია, რომ ზუსტად იცი, რას დაავალებდი ახალ თანამშრომელს და თან ეს მოვალეობები სავსებით საკმარისია სრული სამუშაო განაკვეთის შესავსებად.

რაც უფრო პატარაა ახალბედა სტარტაპის გუნდი, მით უფრო შეთანხმებულად მუშაობენ ისინი. მაგრამ, თუ კომპანიის ზრდის ტემპს ადამიანური რესურსი ვერ დაეწია, მაშინ ძრავი მალე გადაიწვება.


რას უნდა ეძებდე გუნდის პოტენციურ წევრებში?

ახალი თანამშრომლების აყვანა ისეთივე მარტივი არაა, როგორც მათი საჭიროების შემჩნევა.

სტარტაპში თითოეული ადამიანი ერთნაირად მნიშვნელოვანია. აქ მხოლოდ საქმის კარგი ცოდნა არ კმარა. იმის გამო, რომ ინოვაციურ გადაწყვეტებზე ექსტრემალურად სტრესულ გარემოში გიწევთ მუშაობა, საჭიროა სამი პუნქტის გათვალისწინება:

  • შესრულებული სამუშაოს ხარისხი;

  • იდეოლოგიური თავსებადობა;

  • პოტენციალი.

საათების მწარმოებელი სტარტაპის, Pebble-ის, თანადამფუძნებელი და YC-ის პარტნიორი, ერიკ მიჩიკოვსკი, გვიზიარებს სამ მთავარ მახასიათებელს, რომლებსაც დამწყები სტარტაპ დამფუძნებლები კადრებში ყურადღებას უნდა აქცევდნენ:


1. იდეების გენერირების უნარი

განსაკუთრებით სტარტაპის საწყის სტადიაზე, არც მოვალეობებია ზუსტად გაწერილი და არც – განვითარების სტრატეგია. თუ უკვე კომპანიის გაზრდაზე ფიქრობ, მაშინ შენთვის სიახლეს არ უნდა წარმოადგენდეს, რომ გუნდის ყველა წევრი ჩართული უნდა იყოს პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ახალ კადრებში ეს მახასიათებელი არანაკლებ მნიშვნელოვანია.


2. სანდოობა

სანდოობის მნიშვნელობას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება. თუმცა, ერიკი აქ ერთ პრაქტიკულ რჩევას გვიზიარებს: პირველ რიგში, სცადე შემოიერთო ის ადამიანები, ვისთან ერთადაც უკვე გიმუშავია. ეს შეიძლება სკოლაში ან უნივერსიტეტში ყოფილიყო რაიმე პროექტზე, ან სამსახურში, ან სულაც დამოუკიდებელ შეკვეთაზე თუ უბრალოდ გასართობად. თუ გახსენდება შესაბამისი კვალიფიკაციების ნაცნობი, რომელთან ერთად მუშაობაც სასიამოვნო და წარმატებული იყო, არ გაუშვა მათთან დაკავშირების შანსი ხელიდან.


3. მრავალფუნქციურობა

სანამ ჯერ კიდევ პროდუქტსა და ბაზზარს შორის თავსებადობას (product-market fit) ეძებ, ერთი ვიწრო სფეროს სპეციალისტი არაფერში გჭირდება.

ვინ იცის, რამდენჯერ და როგორ შეიცვლება შენი პროდუქტი დროთა განმავლობაში. სჯობს, ისეთი კადრი შეარჩიო, რომელსაც ცოტ-ცოტა ბევრი რამ ესმის და მარტივად გადავა ერთი სამუშაოდან მეორეზე, თუ ამის საჭიროება დადგება (და დამიჯერე, აუცილებლად დადგება).


აყვანის შემდეგ

სტარტაპში ახალი გუნდის წევრის პოვნა და მისი შემოერთება ერთდროული მოვლენები არაა.

შენ და შენს თანამშრომლებს ერთმანეთთან შეთანხმებული მუშაობის სტილი და პრიორიტეტები გაგაჩნიათ. ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია არც საჯაროა და არც ერთი შეხედვით ისწავლება.

ახალ კადრებს ერთგვარი ტრენინგები სჭირდებათ, რომლის განმავლობაშიც მათ გარკვევით აუხსნი:

  • პრობლემას, რომლის გადაწყვეტასაც წარმოადგენს თქვენი პროდუქტი;

  • კომპანიის მიზანს;

  • იმ ღირებულებებს, რომლებზეც კომპანია დგას;

  • რას ელი ახალი თანამშრომლისგან;

  • როგორი მუშაობის სტილი გაქვთ კომპანიაში;

  • რა არის წახალისებული და რა – დაუშვებელი.

რაც არ უნდა კარგი კადრი შეარჩიო, ამ პროცესის გარეშე, გაურკვევლობამ შეიძლება სულ სხვანაირად განავითაროს თქვენი ურთიერთობა.

ამიტომაა კარგი პრაქტიკა ორგანიზაციული სტრუქტურისა და სხვადასხვა ამოცანების მიმართ მიდგომის დოკუმენტირება. რა თქმა უნდა, ეს პირისპირ საუბარს არ ანაცვლებს. კომპანიის სამუშაო პროცესების დოკუმენტი გუნდის მომავალ წევრს გაუმარტივებს საქმისთვის ალღოს აღებას და არც ზედმეტი კითხვებით მოგაბეზრებს თავს. იმისათვის, რომ სტარტაპის განვითარებაში დაგეხმარონ, ჯერ შენ უნდა დაეხმარო მათ სტარტაპის გაგებაში.

საერთო ჯამში, შენი წამოწყება ერთ დიდ მანქანად უნდა წარმოიდგინო. რასაც ჩადებ ამ მანქანაში, იმ შედეგსაც მიიღებ. გუნდის წევრები მხოლოდ შენი კომპანიის სახე კი არა, მისი მამოძრავებელი ძალაა.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

06 ნოემბერი

3 გაკვეთილი ყველაზე ამბიციური მიზნების მისაღწევად – სტივ ჯობსის, ილონ მასკის და პოლ გრაჰამის რჩევები

სტარტაპინდუსტრიაში გვყავს ადამიანები, რომელთა ისტორიები და გამონათქვამები ყველგან გვხვდება.